ზალუჟნი: მტერს მის ტერიტორიაზე მოვკლავთ, მაგრამ ჩვენი იარაღით

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი წარმოების იარაღს გამოიყენებს.

ეს განცხადება ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში გააკეთა.

გამოცემა წერს, რომ ახლა ზალუჟნი სვამს კითხვას: "როგორ შევამციროთ ზარალი? როგორ შევამცირო ზარალი?"

ყოველ დილით, მთავარსარდალი იმის გარკვევას იწყებს, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა წინა დღით მის მიერ გაცემული ბრძანების შესრულებისას.

ხანდახან მობილურ ტელეფონზე ხვდება უკვე დაღუპული ადამიანების კონტაქტები. ის უარს ამბობს მათ წაშლაზე.

ზალუჟნი ამბობს, რომ ის მისამძიმრებას აყოვნებს, რათა ახლა გლოვამ არ გაუფანტოს ყურადღება მნიშვნელოვანი საქმისგან.

იარაღის ნაკლებობის, ახალი დასავლური ავიაციის არარსებობის და გრძელი რადიუსის რაკეტებისთვის მოკავშირეების მიერ დაყენებული პირობების გამო (ამ შეიარღების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება - რედ.), ზალუჟნის თქმით, "უკრაინა უკრაინული წარმოების იარაღს იყენებს საზღვრის მიღმა ხშირი დარტყმებისთვის, რასაც კიევი ოფიციალურად არ აღიარებს."

"ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ არაფრის კეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პუტინი... ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ...

ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვკლათ მტერი. ომში შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მტერი მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენ ჩვენი იარაღით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელი იქნება." - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მსგავსი სიახლეები