ზალუჟნი ყირიმის დაბრუნებაზე: არ მაინტერესებს, ვერავინ შემაჩერებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინას ექნება რესურსი, მას სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის განთავისუფლება. მან მიანიშნა, რომ დასავლელი ჩინოვნიკებიც კი, რომლებსაც პუტინის რეაქციის ეშინიათ, მას ვერ შეაჩერებენ.
ამის შესახებ ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს სურს 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი წუხს იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, თუ უკრაინული ძალები ოდესმე ამ ტერიტორიამდე მიაღწევენ.
"როგორც კი მექნება რესურსი, რაღაცას გავაკეთებ, არ მაინტერესებს - ვერავინ შემაჩერებს." - თქვა მან.
ზალუჟნი ჩივის, რომ უკრაინა საბრძოლო მასალის სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, რაც უფრო მეტს ისვრის უკრაინა, რუსულ ჯარებზე ზეწოლა გაიზრდება და მით ნაკლები ზარალი ექნება უკრაინას, მაგრამ ახლა ეს დასავლურ იარაღზე და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზეა დამოკიდებული.
ზალუჟნის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის დანაკარგების შესამცირებლად კონტრშეტევა საჭიროებს რესურსებს, რაც მას ჯერ კიდევ აკლია.
დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინას წარმატებისთვის საკმარისი რესურსი აქვს, მაგრამ ზალუჟნი მკვეთრად აკრიტიკებს კოლეგებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კიევს F-16-ები არ სჭირდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მისი დასავლელი კოლეგები ვერასოდეს იბრძოლებდნენ ასე.
"ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც მისვამენ არის: "როგორ გაუძლებ?". მომიწევს ამით ვიცხოვრო. ყოველდღე - ისინი ვიღაცას კლავენ. ყოველდღე - ვიღაც შეზღუდული შესაძლებლობების ხდება, ვიღაც იკარგება. ეს ცრემლებია." - აცხადებს ზალუჟნი.