ზელენსკი ბრიტანეთში ევროპის უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთში უახლოეს დღეებში ჩასატარებელ სამიტში მიიღებს მონაწილეობას სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად.

ამის შესახებ მან 26 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ ისაუბრა ბრიტანეთში ვიზიტის გეგმებზე ევროპელ ლიდერებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის კონტექსტში.

"ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ - თუ წავალ - ვგეგმავ (ვიზიტს - რედ.) ლონდონში და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ შევხვდებით ევროპელებს იქ, (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან) კირ სტარმერთან," - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ შეხვედრაზე იყო საუბარი, თუმცა 2 მარტს დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს ევროპელი ლიდერების შეხვედრას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს.

ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში შესაძლოა 28 თებერვალს შედგეს, მაგრამ საბოლოო თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

ის ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს, რათა დონალდ ტრამპთან ერთად განიხილოს წიაღისეულზე შეთანხმება და შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიები.

მსგავსი სიახლეები