ზელენსკი: ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძვის რუსეთის ფედერაციის მხარეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძვის, მაგრამ შესაძლოა მათი რაოდენობა მეტიც იყოს.
State Of Play: "ჩინური საკითხი სერიოზულია, უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვის 155 ადამიანი, პასპორტის მონაცემებით - ჩინეთის 155 მოქალაქე. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, გვჯერა, რომ უფრო მეტია, ბევრად მეტი. ამ 155-ის პასპორტის მონაცემები არსებობს, საიდან არიან, ჩინური დოკუმენტები, ასაკი და ა.შ. ასევე შენაერთები: 70-ე, 71-ე, 255-ე მოტომსროლელი პოლკები და სხვა." - აღნიშნა ზელენსკიმ.
- უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები ჩინეთის მოქალაქეების რეკრუტირებას TikTok-ისა და სხვა ჩინური სოციალური ქსელების საშუალებით ახდენენ.
- "ოფიციალურმა პეკინმა იცის ამის შესახებ. რუსები ავრცელებენ რეკრუტირების რეკლამებს ჩინეთის სოციალური ქსელებში. ეს არ არის საიდუმლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მიმდინარეობს ასევე ფარული რეკრუტირება." - აღნიშნა მან.
- ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეკრუტირების შემდეგ ეს ადამიანები ჩადიან მოსკოვში, სადაც გადიან სამედიცინო გამოკვლევებს 3-4 დღე და სამხედრო წვრთნებს სასწავლო ცენტრებში 1-2 თვე.
- "ისინი იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, იღებენ მიგრაციის ბარათებს, ასევე მირის გადახდის სისტემის ბარათს, რომელზედაც ანაზღაურებას იღებენ." - თქვა უკრაინის ლიდერმა.
Big Picture: 8 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პეკინს და გაარკვიოს, როგორ აპირებს ჩინეთი ამაზე რეაგირებას.
- უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ხაზი გაუსვა ჩინეთის როლს რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაში.
Context: ჩინეთის მოქალაქემ, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბელოგოროვკას მახლობლად ბრძოლების დროს დაატყვევეს, თქვა, რომ იგი რუსეთის ჯარს შუამავლის მეშვეობით, ჩინეთში შეუერთდა და ამაში 300 ათასი რუბლი გადაიხადა. მას რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურდა და სამხედრო მომზადება ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში გაიარა - თარჯიმნის გარეშე, ჟესტებით და ტელეფონით.