ზელენსკი: უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

 

უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, რომელშიც უკრაინელი ოლიგარქი რინატ ახმეტოვია ჩართული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ პირველ დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში მოხდება სახელმწიფო გადატრიალება. მე ბურბა [თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოფილი უფროსი] არ ვარ, მე ვერ ვილაპარაკებ იმაზე, რისი საჯაროდ თქმის უფლებაც არ მაქვს. ჩვენ არამხოლოდ აგენტურული ცნობები გვაქვს, გვაქვს აუდიოჩანაწერებიც, სადაც, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთთან ერთად განიხილავენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას რინატ ახმეტოვის მონაწილეობით," - თქვა მან.

მისი თქმით, გადატრიალება მილიარდი დოლარით დაფინანსდება. 

"ჩემი აზრით, მას [ახმეტოვს] უკრაინის წინააღმდეგ ომში ითრევენ. ვთვლი, რომ ეს მას არ დაუწყია და ეს უდიდესი შეცდომა იქნება. საკუთარ სამშობლოს და ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ეომო", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ახმეტოვი ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად საკუთარ ადმინისტრაციაში მიიწვია.

"მე იანუკოვიჩი არ ვარ - არსად გაქცევას არ ვაპირებ. ამ დღეებში ყველას ველი, სიამოვნებით ვიმუშავებ ბანკოვაზე* მათთან ერთად. ვთვლი, რომ ახმეტოვს გარემოცვა უბიძგებს ამ ომისკენ და ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან დღეს უკრაინაში ხალხს პირველ რიგში სტაბილურობა სჭირდება," - თქვა მან.

ზელენსკიმ სახელმწიფო გადატრიალებაზე განცხადება ჟურნალისტის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც მას რუსეთთან ომის შესაძლებლობაზე ჰკითხა.

 

*კიევში, ბანკოვას ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები