ზელენსკი: ენერგეტიკაზე დარტყმების შეწყვეტა მოლაპარაკებების დაწყებას დააჩქარებს
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე დარტყმების შეწყვეტა შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა - უკრაინელი პრეზიდენტის ციტატას Financial Times ავრცელებს.
"მშვიდობის ფორმულის პირველ სამიტზე ჩვენ დავინახეთ, რომ შესაძლოა შედგეს გადაწყვეტილება ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ჩვენ არ ვუტევთ მათ ენერგეტიკულ სისტემას, ისინი არ უტევენ ჩვენსას. შესაძლოა თუ არა ეს გადაიზარდოს ომის ცხელი ფაზის დასრულებაში? ვფიქრობ კი "- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვრითო გემებზე დარტყმების შეწყვეტა აღქმული იქნებოდა რუსეთის მზაობის სიგნალად დაასრულოს ომი.
აგვისტოში Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 23 აგვისტოს დოჰაში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს ხელი უნდა მოეწერათ შესაბამის შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებდა დარტყმებს ენერგეტიკულ ობიექტებზე.
ამავე წყაროს ცნობით, შეთანხმება კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დაწყების შემდეგ ჩაიშალა. გამოცემის წყაროები მიუთითებდნენ, რომ რუსეთს არ გააუქმებია მოლაპარაკებების ფორმატი და გადაწყვეტილებისთვის დამატებითი დრო ითხოვა.