ზელენსკი: მზად ვართ ტრამპთან შეთანხმებისთვის, ინვესტიციებსა და უსაფრთხოებაზე

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებისთვის ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ. 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკი კელოგთან საუბარს სასარგებლოს უწოდებს და მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინას გაუწია. 

"ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა იგრძნობოდეს. დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარება და ასევე ის თუ როგორ დავიბრუნოთ ჩვენი სამხედრო ტყვეები, ასევე, უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები"- წერს ზელენსკი. 

რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ზელენსკი წერს, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და რომ აუცილებელი გრძელვადიანი, მტკიცე მშვიდობის დამყარება, რომ რუსეთი ვეღარასდროს დაბრუნდეს ომით. 

"უკრაინა მზად არის, ძლიერ, ნამდვილად სასარგებლო შეთანხმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ შევთაზავეთ ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა შედეგის მისაღებად. ჩვენი გუნდი მზად არის სამუშაოდ 24/7-ზე"- წერს ზელენსკი. 

პოსტის დასკვნით ნაწილში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გენერალ კელოგს ვიზიტისთვის და საუბრისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი შეთანხმებით დასრულდა. 

კონტექსტი 

ტრამპისა წარმომადგენლისა და უკრაინელი პრეზიდენტის შეხვედრა კიევსა და ვაშინგტონს შორს უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. 19 იანვარს დონალდ ტრამპმამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ კრიტიკულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." 

ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%. 

ტრამპის განცხადებებზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. 

აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები გასულ ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ დაიძაბა, რომელშიც მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

კეიტ კელოგი უკრაინაში უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიჰას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის. 

მსგავსი სიახლეები