ზელენსკი: რუსეთი უკრაინის სამ რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი ახალი შეტევებისთვის ემზადება სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

პარზში მიმდინარე სამიტზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას ომის გაგრძელება სურს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა არ შეამსუბუქონ სანქციები.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი აპირებს შეერთებული შტატების ჩათრევას "გაუთავებელ დისკუსიებში" დროის მოსაგებად და შემდეგ უკრაინისთვის ახალი ტერიტორიების წართმევას.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ახლა კატასტროფა იქნება დიპლომატიისთვის," - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სანქციები არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ინსტრუმენტიდან, რომლითაც "მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში."

მანამდე, რუსეთის ფედერაციამ, უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ფონზე, მოითხოვა ზოგიერთი დასავლური სანქციის გაუქმება.

"პუტინს სურს მოლაპარაკება ტერიტორიებზე ძლიერი პოზიციიდან. ის მხოლოდ ომზე ფიქრობს," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და მოუწოდა სამიტის მონაწილეებს გააგრძელონ მისი ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერა, ასევე გაზარდონ ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და ამ სფეროში ერთობლივი პროექტები.

"ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას დაახლოებით 20 მილიარდი ევრო სჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს დეფიციტი შეიძლება დაიფაროს რუსული აქტივებით. და ეს უნდა გაკეთდეს,"- მოუწოდა ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოკავშირეებს უთხრა, რომ შეიმუშაონ ქვეყანაში სამშვიდობო ძალების დისლოცირების ერთიანი გეგმა და დაუსვა რამდენიმე კითხვა: "რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან უკრაინაში ადგილზე, ცაში და ზღვაში? კონკრეტულად სად განლაგდებიან ეს ძალები? როგორი იქნება ამ ძალების ზომა და სტრუქტურა? და როდის განათავსებს ჩვენი კოალიცია რეალურად ძალებს უკრაინაში - როდის დაიწყება ზავი ან როდის დასრულდება ომი?"

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზის ელისეის სასახლეში ჩატარებულ სამიტს 31 ქვეყნის ლიდერი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდნენ. სამ საათიანი კონსულტაციებისას მათ განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები