ზელენსკი: უკრაინა მზადაა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებისთვის

უკრაინა მზადაა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს, ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული ვიზიტის დროს მოხდება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, თურქეთის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაც არის ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენი შეთანხმების შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე არის წარმოდგენილი უკრაინაში. ჩვენი სახელმწიფო აფასებს ამას, ისევე როგორც დახმარებას და მხარდაჭერას, განსაკუთრებით ბაირაქტარების მიწოდებას," - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს "სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის დრონების წარმოებაში და თურქული კომპანიების მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში."
"ჩვენი სახელმწიფო თურქეთს განიხილავს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე ერთ-ერთ პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიებში და მზად არის თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მოახლოებული ვიზიტის დროს," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
2024 წლის აგვისტოში თურქეთმა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ითვალისწინებს თურქეთიდან იმპორტისთვის გადასახადების გაუქმებას სამრეწველო პროდუქციის თითქმის 93.4%-ზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციის 7.6%-ზე.