ზელენსკი: ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილს მოკვლა სურს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს მიხეილ სააკაშვილს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრამდე განაცხადა.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს სასამართლო ჩართვიდან მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები აჩვენა, რომელიც მისი თქმით, მას დავიდ არახამიამ გადასცა.
"ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს, თქვენ იცით, რომ ის (სააკაშვილი) მოწამლას, ახლა კი ნელ-ნელა კლავენ",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე დასვა კითხვა, თუ ვის მხარეს არის საქართველოს ხელისუფლება - "ისინი ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ზუსტად ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლება ეპყრობა უკვე უცხო პოლიტიკოსებს, უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხავ - ისინი ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთისკენ არიან, თუ უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ?",- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ის ამ საკითხს მხოლოდ უკრაინის მოქალაქის ჭრილში განიხილავს - "მინდა, რომ პრესა ხედავდეს რაც ხდება - უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ იმას თუ რისთვის დააპატიმრეს სააკაშვილი, არ განვიხილავ შედეგებს, რომელიც მის დაპატიმრებას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის ექნება, ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ",- თქვა ზელენსკიმ.