ზელენსკი: ყველა ის იარაღი რომ გვქონდეს, რომელიც გვჭირდება, უკვე დავასრულებდით ამ ომს
უკრაინასთან ომისთვის რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებზე თითქმის ყველა ბრძოლისუნარიანი ნაწილი გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
"ახლა საოკუპაციო ჯარის თითქმის მთელი საბრძოლო ნაწილი კონცენტრირებულია ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში, მათ თითქმის ყველა და თითქმის ყველაფერი ჩამოიყვანეს, რასაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ძალუძს. ამიტომ, ამ დაპირისპირებაში, ამ თავდაცვაში, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ჩვენ ნამდვილად ვეწინააღმდეგებით იმ არმიას, რომელსაც ძალით მეორედ თუ მესამედ თვლიდნენ. ის, თუ რამდენად მტკიცედ იცავს ქვეყანას ჩვენი შეიარაღებული ძალები, რამდენად მამაცურად იცავს თავს მთელი ჩვენი ხალხი, მეტყველებს იმაზე, რომ, მიუხედავად ამისა, გლობალური რეიტინგებისა, უკრაინის არმია უკვე დიდი ხანია იმსახურებს ამ რეიტინგებში რუსეთის არმიაზე მაღლა ყოფნას." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ უკრაინისთვის თანამედროვე, მძიმე შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"ყველა ის იარაღი რომ გვქონდეს, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც რუსეთის შეიარაღებას შეედრება, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს. აქამდე მშვიდობას დავუბრუნდებოდით და ჩვენს ტერიტორიებს გავათავისუფლებდით." - განაცხადა მან.