ზელენსკის თქმით, ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თავად ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე 7 ნოემბრის ღამეს დაწერა, რომ "მშვენიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და მას ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა."

"ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. აშშ-ის ძლიერი და მტკიცე ლიდერობა მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სამართლიანი სამყაროსთვის," - ვკითხულობთ პოსტში.

"რუსული აგრესიისგან დასაცავად, უკრაინა შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული," - წერს გერმანული dpa. "კიევში შიშობენ, რომ ტრამპმა შეიძლება შეწყვიტოს სამხედრო დახმარების მიწოდება და რესპუბლიკელებს ომის დასრულება ვლადიმერ პუტინის მიმართ დათმობებით სურთ."

გერმანული ტელევიზია ARD-ს საინფორმაციო გადაცემის კიევის კორესპონდენტმა რებეკა ბარტმა აღნიშნა, რომ ზელენსკი ამ განცხადებებს "აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით აკეთებს."

ამავდროულად, მისი თქმით, კიევში ბევრ პოლიტიკოსს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ, "ახალ დინამიკის" იმედი აქვს.

თავის მხრივ, ამერიკული ტელეარხი CNN წერს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს ათობით მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა იარაღისა და უკრაინის საბიუჯეტო დახმარების სახით.

"(ბაიდენის) ადმინისტრაცია გეგმავს მაქსიმალურად გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე," - აღნიშნავენ ამერიკელი ჟურნალისტები.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატმა ჯეიმს დევიდ ვენსმა არაერთხელ გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად მეტს ხარჯავს, ვიდრე ევროპის ქვეყნები.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა მკვეთრად შეამციროს უკრაინის დახმარება თანამდებობის დაკავების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები