ზელენსკის უკრაინელების 57% ენდობა - კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევა

უკრაინელების 57% ენდობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 37% არ ენდობა. ამის შესახებ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა განაცხადა.
კვლევა, რომელიც 4-9 თებერვალს ჩატარდა, ზელენსკის სავარაუდო დაბალი რეიტინგის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ გამოქვეყნდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: "ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა, იქ კი საომარი მდგომარეობაა. ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე შემცირდა."
"თებერვლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკრაინელების 57% ენდობა პრეზიდენტ ვ. ზელენსკის, 37% არ ენდობა მას, ნდობა-უნდობლობის ბალანსი +20%." - განახცადა ინსტიტუტმა.
КМІС-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნდობის მაჩვენებლები ოდნავ გაუმჯობესდა 2024 წლის დეკემბერში ჩატარებულ ბოლო კვლევასთან შედარებით, როდესაც ზელენსკის ენდობოდა 52%, უნდობლობას 39% გამოხატავდა, ხოლო ნდობა-უნდობლობის ბალანსი +13% იყო.
უკრაინის ყველა რეგიონში სიტუაცია საკმაოდ მსგავსია და ნდობისა და უნდობლობის ბალანსი დადებითია.
КМІС-მა განმარტა, რომ მათ ამ კვლევის შედეგები სამშვიდობო მოლაპარაკებების, პრეზიდენტის "ლეგიტიმურობის" და არჩევნების საჭიროების შესახებ დისკუსიების ფონზე გაავრცელეს.
"თუკი ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი შეშფოთებულია პრეზიდენტის ლეგიტიმურობით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში და მიზანშეწონილად მიაჩნია დაჟინებით მოითხოვოს არჩევნები, მაშინ თავად უკრაინის მოქალაქეების თვალსაზრისით, ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამჟამინდელი პრეზიდენტი და ხელისუფლება სრულიად ლეგიტიმურად აწარმოებენ კომპლექსურ მოლაპარაკებებს და არჩევნები უნდა ჩატარდეს ომის დასრულების შემდეგ, როცა მინიმუმ, უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს." - განაცხადა ანტონ გრუშეცკიმ.
Українська правда-სთვის მიცემულ კომენტარში მან განმარტა, რომ პრეზიდენტისადმი ნდობის შესახებ კვლევის მონაცემების გამოქვეყნებას ცოტა მოგვიანებით აპირებდნენ, მაგრამ ეს ახლა გააკეთეს მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.