ჟოზეპ ბორელი: ორშაბათს ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესდება
საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ბრიუსელი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
ფრანგულ Journal du Dimanche-თან ინტერვიუში, ბორელმა თქვა, რომ სანქციებს ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო უნდა დაეთანხმოს.
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ერაყიდან, სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების შემოყვანაში და პოლონეთის საზღვართან კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. მისი ქმედებები ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს და "ჰიბრიდული შეტევა" უწოდეს.
ბორელმა აღნიშნა, რომ სანქციები შეეხებათ ბელარუსულ ავიაკომპანიებს და ტურისტულ კომპანიებს, რომლებსაც ქვეყანაში მიგრანტები ჩაჰყავთ. მათი მფლობელების და მენეჯმენტის აქტივები ევროპაში გაიყინება და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ.
გარდა ამისა, ახალი სანქციები ლუკაშენკოს ადმინისტრაციის 30 მაღალჩინოსანსაც შეეხება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიესალმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პიოტრ ვავრზიკი.
სანქციებს გაერთიანებული სამეფოც უერთდება.
"მხარში დავუდგებით ჩვენ მოკავშირეებს, რომლებიც თავისუფლების საზღვარზე არიან." - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ თრასმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პროცესებზე რუსეთს ღია პასუხისმგებლობა აქვს და ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა მიგრანტების კრიზისი დასრულდეს.