ЗСУ-ს ზუსტი დარტყმის შედეგად ქერჩის სრუტეში მცურავი რუსული ტანკერი დაზიანდა
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ზუსტი დარტყმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის კომერციული ფლოტის შემადგენლობაში შემავალი ტანკერი.
დარტყმა ქერჩის სრუტეში, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელდა.
BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია იყო. წყაროს ცნობით, საზღვაო დრონი 450 კილოგრამი ტროტილით იყო დატვირთული.
ნავთობმიზიდის დაზიანებას ადასტურებენ რუსული წყაროებიც - შეტევიდან მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც გემზე მყოფი რუსი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ. რუსი მეზღვაურები ამბობენ, რომ გემს დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შეუძლია.
ამავე წყაროების ცნობით, გემის დაზიანება სერიოზულია და შეჯახების ადგილას გამჭოლი ნახვრეტია წარმოქმნილი.
კონტექსტი
ეს ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების უკვე მეორე წარმატებული შეტევაა. 4 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი წარმატებული შეტევა მიიტანეს ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე.
საზღვაო დრონის დარტყმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი, რომელიც უკვე გადაიყვანეს სარემონტო დოკში.
უკრაინის საზღვაო დრონების აქტიურობა შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.
ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე მეტყველებს - შემთხვევის ადგილიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად შავი ზღვის ზოლის უახლოეს მონაკვეთამდე მანძილი 500 კილომეტრს აღემატება.
30 ივლისს CNN-მა გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარია უკრაინის ახალ საზღვაო დრონებზე - მათი ნაწილი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ბოლო შეტევაშიც მონაწილეობდა.
ახალი საზღვაო დრონების მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრია, მათი წონა 1 ტონას არ აღემატება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს უტოლდება.