მაკრონმა გერმანიის კანცლერობის ორ კანდიდატს უმასპინძლა

მიმდინარე კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერობის ორ კანდიდატს უმასპინძლა.

ორშაბათს, 6 სექტემბერს, მაკრონი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს და გერმანიის მოქმედ ვიცე-კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. ოთხშაბათს 8 სექტემბერს კი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს და კანცლერობის კანდიდატს არმინ ლაშეტს. 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები პრესისთვის დახურული იყო და მათი დასრულების შემდეგ მხარეებს ერთობლივი განცხადებებიც არ გაუვრცელებიათ, შეხვედრების დრომ გერმანულ პრესაში სხვადასხვა სპეკულაციები გამოიწვია, იმასთან დაკავშირებით თუ რომელი კანდიდატის გამარჯვება იქნება უფრო მისაღები საფრანგეთისთვის. 

მაკრონმა ოლაფ შოლს ლაშეტზე ორი დღით ადრე უმასპინძლა. საყურადღებოა ისიც, რომ მაკრონი საერთოდ არ შეხვედრია გერმანელი მწვანეების ლიდერს, ანალენა ბოერბოკს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ წინასაარჩევნო კამპანიის ფავორიტად მიიჩნეოდა. 

პარიზის ვიზიტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გერმანიის გენერალური არჩევნების მნიშვნელობას კონტინენტისთვის. გერმანიის არჩევნების ჩატარების და ახალი კოალიციის ფორმირების დრო მაკრონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია - საფრანგეთი 2022 წლის იანვარში ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება. ამ ასპექტში საფრანგეთისთვის გერმანიის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. 

მოსალოდნელია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ემანუელ მაკრონი ევროპის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის სტატუსს გადაიბარებს, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტობას თავისი ამბიციური ეკონომიკური გეგმების და დოქტრინის შესასრულებლად გამოიყენებს, რაც თავის მხრივ ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის ზრდას და აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობ.

აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების საკითხი ბოლო კვირებში ავღანეთში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

"მაკრონს სურს გაიგოს როგორ არიან განწყობილი გერმანიის პოტენციური ლიდერები და რა შესაძლებლებლობები არსებობს ფრანგული პროგრამის განსახორციელებლად",- ამბობს სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი და ფრანკო-გერმანული ურთიერთობების სპეციალისტი ჰელენ მიარდ-ლაკრუა. 

მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, შოლცმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვა საფრანგეთის და გერმანიის პარტნიორობის კრიტიკულ მნიშვნელობას კონტინენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონსა და მერკელს კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, იყო არაერთი უთანხმოებაც, რომელიც ძირითადად გერმანიის მკაცრ ფისკალურ მიდგომებთან იყო დაკავშირებული. შოლცის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთს იმედი აქვს, რომ გერმანია ბიუჯეტურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მოქნილი იქნება. 

მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა არმინ ლაშეტმაც, მისი თქმით ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით და ევროგაერთიანების თავისი ფედერალური საგამოძიებო ბიურო [FBI] სჭირდება. 

ბევრისთვის საყურადღებო აღმოჩნდა, რომ მაკრონის სტუმართა სიაში არ აღმოჩნდა გერმანელი მწვანეების ლიდერი ანალენა ბოერბოკი. საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბოერბოკს მაკრონთან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუხატავს. 

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ორმხრივი შეხვედრები კანცლერობის კანდიდატებს და მოქმედ პრეზიდენტს შორის და პირიქით, მიღებული დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია. თუმცა ამგვარი შეხვედრები მხარეთა პრეფერენციების გამოსაკვეთად კარგი შესაძლებლობაა - მაგალითად 2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ანგელა მერკელმა უმასპინძლა ფრანსუა ფიიონს და ემანუელ მაკრონს, თუმცა არ შეხვედრია მარინ ლე პენს.

2012 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ანგელა მერკელი არ შეხვდა ფრანსუა ოლანდს, რაც მისი მხრიდან ნიკოლა სარკოზის მხარდამჭერ ჟესტად აღიქვეს. 

გერმანიაში გენერალური არჩევნები მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები