-

მიმდინარე წლის 6 მაისს, შოტლანდიაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩეველი 129 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტს დააკომპლექტებს. ქვეყანაში არჩევნები ყოველ 5 წელიწადში იმართება და ეს ისტორიაში მეექვსე არჩევნებია.

შოტლანდიის პარლამენტი 1999 წელს შეიქმნა და ხშირად მოიხსენიება, როგორც ჰოლირუდი. ჰოლირუდი მიღებული კანონები შოტლანდიის ტერიტორიაზე მუშაობს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა და ტრანსპორტი. ჰოლირუდი ასევე აკონტროლებს გადასახადების ნაწილს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, საშემოსავლო გადასახადია.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაცვის, საგარეო პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებს ჰოლირუდში არ განიხილავენ, რადგანაც ბრიტანეთის პარლამენტის - ვესტმინსტერის უფლებამოსილებას შეადგენს.

 

შოტლანდიის პარლამენტის შენობა

 

შოტლანდიის საარჩევნო სისტემა

ყველას, ვინც შოტლანდიაში ცხოვრობს, არჩევნებზეა რეგისტრირებული და შეუსრულდა 16 წელი, აქვს უფლება ხმა მისცეს არჩევნებზე. გამონაკლისს წარმოადგენენ პატიმრები, რომლებსაც 12 თვეზე მეტი აქვთ მისჯილი.

ხმის მიცემის მსურველი ასევე აუცილებლად უნდა იყოს ბრიტანეთის ან ირლანდიის მოქალაქე, ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრიტანეთში ცხოვრების უფლება აქვს.

შოტლანდიაში საარჩევნო უბნებზე ადამიანებს ორ ბიულეტენი ხვდებათ - ერთი მაჟორიტარული და მეორე რეგიონულ-პროპორციული. 

ქვეყანაში სულ 73 მაჟორიტარული ოლქია და გამარჯვებული პირველივე ტურში, ხმების მარტივი უმრავლესობით ვლინდება, ხოლო რეგიონულ-პროპორციულ ბიულეტენში ადამიანები ხმას აძლევენ პარტიას.

თუ რომელიმე ოლქში პარტია ბევრ ან ყველა მაჟორიტარს გაიყვანს, საარჩევნო სისტემით ხმების ალოკაცია ხდება და მცირდება პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.

 

შოტლანდიაში სულ 8 ელექტორალური რეგიონია და რეგიონულ-პროპორციული სისტემით, თითოეული შვიდ დეპუტატს ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ შოტლანდიის პარლამენტში ადამიანებს წარმოადგენს 8 რეგიონულ-პროპოციული სისტემით არჩეული დეპუტატი და ერთი მაჟორიტარი.

 

შოტლანდიის მთავრობის ფორმირება შეუძლია პარტიას, რომელსაც აქვს ხმების უმრავლესობა. მთავრობას ხელმძღვანელობს პირველი მინისტრი, რომელიც ნიშნავს შოტლანდიის განათლების, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებს.

 

ასე გამოიყურებოდა 2007 წლის საარჩევნო ბიულეტენი

 

 

2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

 

2007 წელს შოტლანდიის ხელისუფლებაში ნაციონალისუტური პარტია SNP მოვიდა, რომლის მთავარ მიზანსაც, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენს. 2010 წელს კი ბრიტანეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვიდნენ და მათი ლიდერის - დევიდ კამერონის პოლიტიკის ნაწილს ხალხისთვის სენსიტიურ თემებზე რეფერენდუმების დანიშვნა წარმოადგენდა, რითიც პრობლემური საკითხების გადაჭრა სურდა (პირველი რეფერენდუმი 2011 წელს ჩატარდა ერთტურიანი მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით).

 

გაერთიანებულ სამეფოს კონსტიტუცია არ აქვს, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ვის უნდა დაენიშნა რეფერენდუმი. იურისტების უდიდესი ნაწილის აზრით, შოტლანდიის პარლამენტს და მთავრობას არ აქვს უფლება დანიშნოს რეფერენდუმი საკითხებზე, რომელსაც ეფექტი მთელ სამეფოზე ექნება.

 

საბოლოოდ, 2012 წელს, ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა ედინბურგის შეთანხმება გააფორმეს, რომლის საფუძველზეც შოტლანდიის პარლამენტს მიენიჭა შესაძლებლობა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრამდე რეფერენდუმი დაენიშნა. ხელისუფლებაში მყოფმა შოტლანდიელმა ნაციონალისტებმა ამ შანსით ისარგებლეს და 2014 წლის 18 სექტემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დანიშნეს, რამაც შემდგომში დიდწილად განსაზღვრა თანამედროვე შოტლანდიის პოლიტიკა.

რეფერენდუმზე მოსახლეობის 55.3%-მა მხარი შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა, ხოლო აქტივობამ ბრიტანეთისთვის რეკორდული, 84.6%-ს შეადგინა. დაფიქსირებულმა შედეგმა შოტლანდიურ პოლიტიკაში კონსერვატორული პარტიის, როგორც მთავარი უნიონისტური ძალის როლი გამოკვეთა.

2014 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიელებმა მხარი გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირეს

 

ძირითადი პარტიები

ქვეყნის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, შოტლანდიის ეროვნული პარტიაა (SNP), რომელიც იდეოლოგიურად სოციალ-დემოკრატიული, ნაციონალისტური, სეპარატისტული პარტიაა, რომლის ძირითად მიზანსაც შოტლანდიის დამოუკიდებლობა წარმოადგენს. პარტიას მკაცრად პრო-ევროპული პოზიციები აქვს და დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის მთავარ არგუმენტად Brexit-ის მიმართ შოტლანდიელების უარყოფით დამოკიდებულებას ასახელბენ. შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობის 62%-მა მხარი არ დაუჭირა.

მათი აზრით, ამ ფაქტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის საფუძველს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირში დაბრუნება იქნება.

 

1999 წლიდან შოტლანდიის ეროვნული პარტია პარლამენტში რიგით მეორე, ყველაზე დიდი და მთავარი ოპოზიციური ძალა იყო, 2007 წლიდან კი ისინი სხვადასხვა ფორმით ქვეყნის ხელისუფლებაში არიან (უმრავლესობით ან უმცირესობის მთავრობით). 2014 წლის რეფერენდუმის წაგების შემდეგ, პარტიის ლიდერი ალექს სალმონდი გადადგა და ის მისმა ახლანდელმა ლიდერმა, ნიკოლა სტერჯენმა ჩაანაცვლა.

 

2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტიის მთავარ საკითხს ახალი რეფერენდუმის ჩატარება წარმოადგენს. მათი ლიდერების განცხადებით, რეფერენდუმი კოვიდ პანდემიის დასრულებისთანავე შედგება, თუ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები უმრავლესობას მიიღებენ. რეფერენდუმს მხარს უჭერს შოტლანდიის მწვანეთა პარტიაც, მაგრამ შოტლანდიელი კონსერვატორები, ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ახალი რეფერენდუმის ნაცვლად, ქვეყანა პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენაზე უნდა კონცენტრირდეს.

 

ქვეყნის პირველმა მინისტრმა და პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ დებატებში მისი საოცნებო ოპონენტი ბორის ჯონსონია. ამით, მან კიდევ ერთხელ გამოკვეთა თავი, როგორც ლონდონთან დაპირისპირებულმა შოტლანდიის ლიდერმა და შოტლანდიური ფრთის პარტიების ლიდერებს მიანიშნა, რომ ის მათზე “მაღალ ლიგაში" თამაშობს.

 

ნიკოლა სტერჯენი Brexit-ის აქტიური მოწინააღმდეგეა

 

 

შოტლანდიელი კონსერვატორები

შოტლანდიაში კონსერვატორული პარტია დომინანტურ ძალას არასდროს წარმოადგენდა, თუმცა სიტუაცია 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა შეცვალა, როდესაც ლონდონიდან შოტლანდიის დამოუკიდებლობის მთავარ ოპონენტად ქვეყნის კონსერვატორი პრემიერი დევიდ კამერონი პოზიციონირებდა. რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, პარტიის იმდროინდელი ლიდერი რუთ დევიდსონი, შოტლანდიაში ძალიან პოპულარული იყო. 2017 წელს მისი ლიდერობით ბრიტანეთის პარლამენტში შოტლანდიიდან 13 (59-დან) კონსერვატორი დეპუტატი შევიდა, რაც მიმდინარე საუკუნის სარეკორდო მაჩვენებელს წარმოადგენს.

 

პარტიის ამჟამინდელი ლიდერი დაგლას როსია. ის ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 2017 წელს გახდა, როდესაც თავის მაჟორიტარულ ოლქში შოტლანდიელი ნაციონალისტების ლიდერის მოადგილე ანგუს რობერტსონი დაამარცხა. პოლიტიკური კარიერის პარალელურად, დაგლას როსი "უეფას" სერტიფიცირებული მსაჯის ასისტენტია, უფრო კონკრეტულად კი გვერდითი მსაჯია. მან სამსაჯო კარიერა პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგაც გააგრძელა, თუმცა ცხადია, რომ მის მიერ განსჯილი თამაშების რაოდენობა შემცირდა. 2020 წლის ოქტომბერში, იგი უელსი-ინგლისის მატჩის გვერდითი მსაჯი იყო, რომელიც ინგლისის გამარჯვებით დასრულდა.

 

2021 წლის არჩევნების წინ გამართულ პარტიის ლიდერების დებატებზე დაგლას როსი ხშირად იმეორებდა “არა რეფერენდუმს,” რადგან შოტლანდიელი კონსერვატორების ნიშა რადიკალური უნიონიზმი და დამოუკიდებლობის მოთხოვნის კრიტიკაა.

 

პარტიის მიზანია, რომ SNP-ს არ მისცეს საშუალება დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა, ხოლო თვითონ მთავარი და “ძლიერი” ოპოზიცია იყოს. დაგლას როსის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა შოტლანდიის ეროვნულ პარტიასთან ყველანაირ თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორის ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

 

შოტლანდიელი ლეიბორისტები

შოტლანდია წლების წინ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის მთავარ დასაყრდენად ითვლებოდა. პარტიას არაერთი შოტლანდიელი ლიდერი ჰყოლია, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები რემზი მაკდონალდი და გორდონ ბრაუნი. კიდევ ერთი ლეიბორისტი ტონი ბლერი ედინბურგში დაიბადა, თუმცა ცხოვრების უდიდესი ნაწილი ინგლისში გაატარა.

 

2000-იანი წლების მეორე ნახევარში შოტლანდიაში ნაციონალისტური განწყობების ზრდასთან ერთად, პარტიის რეიტინგი შემცირდა და მისი მხარდამჭერი მემარცხენე, დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები SNP-ის მხარდამჭერები გახდნენ. შოტლანდიაში პარტიის რეიტინგის კლებამ ლეიბორისტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბრიტანულ არჩევნებშიც, რადგან ადრე თუ ლეიბორისტები აქ სტაბილურად 40-ზე მეტ მანდატს იღებდნენ შესაძლო 59-დან, ამჟამად შოტლანდიიდან ლეიბორისტულ პარტიას ვესტმინსიტერში მხოლოდ 1 დეპუტატი, სამხრეთ ედინბურგის დეპუტატი იან მარი წარმოადგენს.

 

2021 წლის 27 თებერვალს შოტლანდიელი ლეიბორისტების ლიდერი პაკისტანური წარმოშობის მუსლიმი პოლიტიკოსი, შოტლანდიის პარლამენტის წევრი ანას სარვარი გახდა. მისი მამა მუჰამედ ჩოდრი სარვარი პაკისტანიდან ბრიტანეთში საცხოვრებლად 1976 წელს გადავიდა, ხოლო თავად ანასი გლაზგოში დაიბადა. ანას სარვარის ოჯახისთვის პოლიტიკა უცხო ნამდვილად არ გახლავთ, რადგანაც მამამისს შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერა აქვს გავლილი.

 

1997-2010 წლებში მუჰამედ სარვარი ლეიბორისტული პარტიის წევრი და ბრიტანულ პარლამენტში ცენტრალური გლაზგოს მაჟორიტარი იყო. ამავდროულად, იგი ბრიტანეთის პარლამენტის პირველი მუსლიმი წევრი იყო. 2010 წელს ამ ოლქში მისმა შვილმა, ანასმა გაიმარჯვა, ხოლო ჩოდრიმ 2013 წელს ბრიტანეთი დატოვა და ცხოვრება მშობლიურ პაკისტანში განაგრძო პოლიტიკური ცხოვრება. ის პაკისტანის ყველაზე დასახლებული პროვინციის პენჯაბის (Punjab) გუბერნატორი ორჯერ გახდა და ამჟამადაც ამ თანამდებობას იკავებს.

 

2021 წლის შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში ანას სარვარი ცდილობს, რომ მოსახლეობას შოტლანდიის დამოუკიდებლობის გარდა სხვა თემებზეც ესაუბროს, რადგან ამ საკითხით ძირითადად SNP და კონსერვატორები სარგებლობენ.

 

სატელევიზიო დებატებისას მან გაბრაზებით შემდეგი კითხვა დასვა: “რამე სხვაზე საუბარი არ გირჩევნიათ?”- ამ გზით ის ცდილობს, რომ ლეიბორისტული პარტია რაციონალურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ ალტერნატივად გამოკვეთოს.

 

მუჰამედ და ანას სარვარები

 

ალექს სალმონდის პოლიტიკაში დაბრუნება და პარტია “ალბა”

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნები წელს იმითაც არის გამორჩეული, რომ ტრადციული პარტიების გარდა, კამპანიას ახალი დამოუკიდებლობის მომხრე პარტია შეემატა. შოტლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა (2007-2014) და SNP-ის ყოფილმა ლიდერმა ალექს სალმონდმა პარტია “ალბა” დააფუძნა. სალმონდმა პოლიტიკა 2017 წელს, ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვა. 2018 წელს ის რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა შოტლანდიის პირველი მინისტრობისას სექსუალურ შევიწროებაში, რასაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოჰყვა. 2019 წელს შოტლანდიის პოლიციამ სალმონდი დააპატიმრა და 14 ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეებზე ბრალი წარუდგინა, მათ შორის ორი შემთხვევა გაუპატიურების მცდელობას ეხებოდა.

 

მძიმე ბრალდებების მიუხედავად, სალმონდი სასამართლომ გაამართლა და სრულად უდანაშაულოდ მიიჩნია. სასამართლოს პარალელურად, მისი შესაძლო დანაშაულის საქმეზე შოტლანდიის პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. კომისიის სხდომაზე თავად სალმონდმა განაცხდა, რომ შოტლანდიის მთავრობა და ეროვნული პარტია (SNP) ამ გამოძიებების გზით მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ცდილობდა.

 

ქვეყნის პირველმა მინისტრმა, წარსულში სალმონდის მოადგილემ ნიკოლა სტერჯენმა საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა, რომ პირველად სალმონდის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე 2018 წლის 2 აპრილს გაიგო. თუმცა, 18 თვის შემდეგ, მან პირველი განცხადება შეცვალა, და თქვა, რომ პირველად ამის შესახებ 2018 წლის 29 მარტს შეიტყო სალმონდის ყოფილი ადმინისტრაციის უფროსისგან.

 

კრიტიკოსების აზრით ეს “მინისტრების კოდექსის” დარღვევაა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შეცდომაში შეყვანის შემთხვევაში მინისტრი უნდა გადადგეს. სალმონდის განცხადებით “ეჭვგარეშეა", რომ სტერჯენმა მინისტრის კოდექსი დაარღვია, რასაც მისი გადადგომა უნდა მოჰყოლდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

 

2021 წლის 26 მარტს ალექს სალმონდმა ახალი პარტია “ალბა” დააფუძნა. ის აცხადებს, რომ “ალბა” SNP-ს საფრთხეს არ შეუქმნის, არამედ ის იქნება გარანტი, რომ ჰოლირუდში დამოუკიდებლობის მომხრეთა “სუპერუმრავლესობა” შეიქმნება. ზოგადი განცხადებების მიუხედავად, ყოფილ პირველ მინისტრს არ დაუზუსტებია, შევა თუ არა კოალიციაში თავის ყოფილ პარტიასთან.

 

ახალი პარტიის მიერ კანდიდატების ყველა ოლქში დაყენება მნიშვნელოვნად შეცვლიდა მაჟორიტარული არჩევნების შესაძლო შედეგებს, რადგან ოლქში გამარჯვებისთვის პირველ ადგილზე გასვლაა საკმარისი, ხმების ნებისმიერი რაოდენობით. თუმცა, სალმონდის პარტია მხოლოდ რეგიონულ-პორპორციულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის ლიდერი თვლის, რომ რადგან შოტლანდიაში მაჟორიტარების უმრავლესობას შოტლანდიის ეროვნული პარტია (SNP) იგებს, რეგიონულ-პროპორციული სისტემით მისი ხმები იკარგება, ახლა კი ამ ხმების ნაწილს დამოუკიდებლობის მომხრე კიდევ ერთი პარტია მიიღებს.

 

თუმცა SNP-ს პროპორციული სისტემითაც სჭირდება მანდატების მიღება უმრავლესობის მოსაპოვებლად. 2011 წელს, როდესაც სალმონდის მათ უმრავლესობა მიიღეს და ხელისუფლება მარტო დააკომპლექტეს, რეგიონულ პროპორციული სისტემით 16 დეპუტატი შეიყვანეს. შოტლანდიელი ნაციონალისტები ყველა მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებენ, ამიტომ მათი კამპანიის დევიზია “SNP -ორივე ბიულეტენში".

 

რას ამბობს საზოგადოებრივი აზრის კვლევები

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ჯამში 129-დან 79 მანდატს მიიღებენ, საიდანაც SNP-ს 65 საპარლამენტო ადგილი, მწვანეებს - 8 ადგილი, ხოლო ალბას - 6 ადგილი ექნება.

 

შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მომხრე პარტიების შედეგი კი ასე გამოიყურება: კონსერვატორები - 24 მანდატი, ლეიბორისტები - 20 და ლიბერალ დემოკრატები - 5.

 

შოტლანდიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვლებლად 65 მანდატია საჭირო.

მსგავსი სიახლეები