-

1983 წლის ზაფხულში საქართველოში სამი აღმოსავლეთ გერმანელი ტურისტი შემოვიდა. ერთ-ერთი მათგანი 22 წლის შემდეგ უკვე გაერთიანებული გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდება.

თავისი არსებობის 41 წლიანი ისტორიის განმავლობაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარი არ გასულა, ქვეყნის ლიდერებს კრემლში ირჩევდნენ, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოსულ სტუმრებს ცნობილი სოციალისტური ძმური კოცნით ეგებებოდნენ.

ამისდა მიუხედავად, საბჭოთა კავშირში ჩასვლა აღმოსავლეთ გერმანელებისთვის ისეთივე რთული იყო, როგორც დასავლელებისთვის.

ახალგაზრდა ფიზიკოსი ანგელა მერკელისთვის კი მოგზაურობა ყოველდღიური მოწყენილობისგან თავის დახსნის მცირე რაოდენობის საშუალებებიდან ერთ-ერთი იყო. უცხო ქვეყნების მოსანახულებლად ადრეული ასაკიდანვე ყველა შესაძლებლობას იყენებდა - 14 წლის რომ იყო, „მეგობრობის მატარებლით“ მოსკოვში გაემგზავრა, უნივერსიტეტში სწავლისას სამი კვირა ლენინგრადში გაატარა, უკრაინაში კი ენის კურსები გაიარა.

შედარებით მარტივი, მაგრამ მაინც რთული იყო არასაბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში მოგზაურობა. ბავშვობაში ანგელა კაზნერი მშობლებთან ერთად გაემგზავრა ჩეხოსლოვაკიაში, მოგვიანებით კი პრაღის ინსტიტუტში გაცვლითი პროგრამით ახერხებდა ჩასვლას. მერკელი ეწვია პოლონეთსაც, საიდანაც მისი ოჯახის ნაწილი მოდიოდა, ასევე რუმინეთსა და ბულგარეთს.

ანგელა მერკელს და მის მეგობრებს ამჯერად ახალი მიზანი ჰქონდათ - კავკასიის მონახულება. თუმცა მთავარი წინაღობა, ბუნებრივია, შესაბამისი ნებართვის მიღება იყო. ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს, საბჭოთა კავშირში აღმოსავლეთ გერმანელი მოგზაურებისთვის კარგად ნაცნობი ხრიკით შესულიყვნენ: თუ იტყოდნენ, რომ ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ, სსრკ-ს სამდღიან ტრანზიტულ ვიზას მიიღებდნენ, რომელიც საშუალებას მისცემდათ, უკრაინის გავლით ჩასულიყვნენ ბულგარეთში. სსრკ-ში მოხვედრილები კი იქ იმდენ ხანს დარჩებოდნენ, რამდენ ხანსაც ენდომებოდათ.

თავიდან ასეც მოიქცნენ - სატრანზიტო ვიზა მიიღეს და ოდესამდე ჩავიდნენ, საიდანაც, წესით, ბულგარეთისაკენ გემს უნდა გაჰყოლოდნენ. ნაცვლად ამისა, მატარებელში ავიდნენ და საქართველოსკენ გამოეშურნენ.

„არავითარი სასტუმრო, არავითარი ოფიციალური ბანაკი, არავითარი სადგური - ყველგან საბუთებს შეგვიმოწმებდნენ“, - გაიხსენებს მოგვიანებით მერკელი. აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩამოსულმა ტურისტებმა პირველი დღეები საქართველოს მთებში გაატარეს - გზას ადგილობრივებს ეკითხებოდნენ, ეძინათ კარვებში და გადაადგილდებოდნენ ავტოსტოპით.

სწორედ ავტოსტოპით გაჩერებულმა მანქანამ გახვია უნებართვო ტურისტები პირველ ხათაბალაში, როცა გორისკენ მიდიოდნენ - საჭესთან პოლიციელი იჯდა, რომელიც თვითონაც იმალებოდა, რადგან საბარგულში აზერბაიჯანიდან შემოტანილ მკვდარ ირემს მალავდა.

სიჩქარის გადაჭარბების გამო მანქანა საგზაო პოლიციამ გააჩერა. კოლეგა მარტივად გაუშვეს, თუმცა გერმანიის მომავალი კანცლერი მეგობრებთან ერთად მცხეთის პოლიციის განყოფილებაში მოხვდა.

სწორედ მისმა გამჭრიახმა ენამ იხსნა მეგობრები - როცა ჰკითხეს, რატომ დარჩნენ საბჭოთა კავშირში იმაზე დიდხანს, ვიდრე ნებართვა ჰქონდათ, მერკელმა უპასუხა, საქართველო ისეთი ლამაზია, სამ დღეში როგორ წავიდოდითო. მცხეთელი პოლიციელების გულის მოსაგებად ეს საკმარისი აღმოჩნდა - გაუშვეს და ურჩიეს, საქართველოდან თბილისის უნახავად ნუ წახვალთო.

როგორც ჟურნალისტი რალფ ბოლმანი მერკელის ბიოგრაფიაში წერს, ღამე თბილისის რკინიგზის სადგურთან, უსახლკაროთა თავშესაფარში გაათიეს, შემდეგ კი სოჭისაკენ გაეშურნენ, საიდანაც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ჯამში, ანგელა მერკელმა და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამი დღის ნაცვლად სამი კვირა გაატარეს. სამშობლოში დაბრუნებულებს კი სასჯელი არ ასცდათ - მათ დააწერინეს ესე სათაურით „რატომ დავარღვიე კანონი იმისდა მიუხედავად, რომ ის შესწავლილი მქონდა და ვიცოდი?“.

ანგელა მერკელის მოგზაურობაზე მის ბიოგრაფიაში ("კანცლერი და მისი დრო") წერს რალფ ბოლმანი და კატია ჰოიერი წიგნში "კედელს მიღმა: აღმოსავლეთ გერმანია 1949-1990 წლებში".

მსგავსი სიახლეები