-

რატომ არის წლევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანი?

2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. გერმანელები საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, ბუნდესტაგის წევრებს და შესაბამისად, ქვეყნის ახალ მთავრობას აირჩევენ.

როგორც გერმანელი, ასევე უცხოელი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ 2021 წლის არჩევნები გერმანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველი ანგელა მერკელის ფაქტორია. 2021 წლის არჩევნების შემდეგ მისი ეპოქა სრულდება - 16 წლიანი უწყვეტი მმართველობის, ოთხი მოგებული არჩევნებისა და ოთხი კოალიციური მთავრობის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი კანცლერის პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს. 

67 წლის მერკელი თანამდებობის დატოვების შესახებ 2017 წლამდეც საუბრობდა, თუმცა პოსტზე კიდევ ოთხი წლით დარჩა. იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიის შედეგად მოქმედი კანცლერის დადებითი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა - რის შედეგადაც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება და კვლავაც რომ იყრიდეს კენჭს, დიდი ალბათობით, უპრობლემოდ შეინარჩუნებდა თანამდებობას - ანგელა მერკელის გადაწყვეტილება უკვე საბოლოოა.

ამგვარად, ამ არჩევნებით გადაწყდება, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად ხდება, რომ მოქმედი კანცლერი თავისი ნებით ამბობს უარს ხელახლა არჩევაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი არჩევნების შემდეგ მერკელი აქტიურად ცდილობდა თავისი მემკვიდრის არჩევას, მოვლენების განვითარება კანცლერისთვის სასურველ სცენარს არ დაემთხვა.

მარცხნიდან: არმინ ლაშეტი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, ანგელა მერკელი

2018 წელს მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობიდან გადადგა, მის შემცვლელად კი თავისთვის სასურველი კანდიდატი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს. 

კრამპ-კარენბაუერმა, რომელსაც კრიტიკოსები “მინი-მერკელად” მოიხსენიებდნენ, თანამდებობა 2021 წელს, რამდენიმე რეგიონულ არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგების ფონზე დატოვა. მისი შემცვლელი კი არმინ ლაშეტია, რომელიც თავისი წინამორბედის მსგავსად, მერკელის რჩეული იყო და 2017 წლიდან ქვეყნის ყველაზე დასახლებული მიწის მინისტრ-პრეზიდენტია. 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან ქრისტიან-დემოკრატები ყველა გამოკითხვაში დიდი უპირატესობით ლიდერობდნენ და რამდენიმე კვირის წინ არმინ ლაშეტის გაკანცლერება გარდაუვალი ჩანდა, დღეისათვის მდგომარეობა შეცვლილია - ქრისტიან-დემოკრატები უკანასკნელ გამოკითხვებში სოციალ-დემოკრატებს 5%-ით ჩამორჩებიან.

ამას წლევანდელი არჩევნების გამორჩეულობის მეორე მიზეზამდე მივყავართ - ძნელი გასახსენებელია, როდის იყო ბოლოს გერმანიაში ასეთი არაპროგნოზირებადი არჩევნები. 

ბოლო ოთხ თვის გამოკითხვებში სამი სხვადასხვა პარტია ლიდერობდა - თუ ქრისტიან-დემოკრატები პანდემიის შედეგად წინ გაიჭრნენ, მათი უპირატესობა 2021 წლის გაზაფხულზე შემცირდა, მას შემდეგ, რაც “მწვანეებმა” კანცლერობის კანდიდატად ანალენა ბერბოკი წარადგინეს და ერთი თვის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატებს გამოკითხვებში პირველობისთვის ეცილებოდნენ. 

ამის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებმა კვლავ გაიმყარეს უპირატესობა, სანამ აგვისტოს ბოლოს სოციალ-დემოკრატები ჯერ მწვანეებს, ხოლო შემდგომ ქრისტიან-დემოკრატებსაც გადაასწრებდნენ.

ამგვარი რყევების საფუძველი ებმის მესამე მიზეზს, რაც წლევანდელ არჩევნებს გამოარჩევს, კერძოდ კი პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციას.

 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარმა სამი პარტიის დომინაციაში განვლო - პირველობისთვის ერთმანეთს “სახალხო პარტიები”, ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ეცილებოდნენ და უმეტესად, ჯამში ხმების 85%-ზე მეტს აგროვებდნენ, თუმცა, როგორც წესი, მთავრობის ჩამოყალიბებას მარტო ვერ ახერხებდნენ და მესამე, შედარებით მცირე, თავისუფალი დემოკრატების პარტიის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. 

ამ სურათის შეცვლა 80-იანი წლებიდან დაიწყო, როცა მწვანეთა პარტია გამოჩნდა. 90-იანებში ბუნდესტაგში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომპარტიის მემკვიდრე, დემოკრატიული სოციალიზმის პარტიაც მოხვდა, რომელიც 2000-იანების შუაში სოციალ-დემოკრატებიდან წამოსულ მემარცხენეებს გაუერთიანდა და შედეგად, “მემარცხენე პარტია” შეიქმნა. 

2010-იან წლებში მსოფლიოს ეკონომიკური, ევროზონისა და მიგრანტების კრიზების ფონზე შეიქმნა მემარჯვენე-პოპულისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელმაც 2017 წლის არჩევნებზე მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, 2021 წელს ფრაგმენტაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. უკანასკნელი კვლევებიდან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ ბუნდესტაგში უმრავლესობის შესაქმნელად ორი პარტია საკმარისი იქნება. 

ამგვარად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, მომდევნო მთავრობა, დიდი ალბათობით, სამი პარტიისგან იქნება შემდგარი.

ცალკე საკითხია, რომელი იქნება ეს სამი პარტია. იმ პირობებში, როცა 25%-ს ვერცერთი პარტიის რეიტინგი ცდება და მათ შორის სხვაობა მცირეა, უამრავი შესაძლო კომბინაცია არსებობს, რაც არჩევნების საბოლოო შედეგს არაპროგნოზირებადს ხდის. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მთავრობის წევრ პარტიებს დიდ კომპრომისებზე მოუწევთ წასვლა. სხვაგვარად, ახალი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება.

როგორ ტარდება არჩევნები გერმანიაში?

საარჩევნო სისტემას, რომელიც გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებს, იმ ორი მთავარი გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა, რომლებიც ომების შუა პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობის საფუძველი იყო - პოლიტიკური სპექტრის დაქუცმაცება ვაიმარის რესპუბლიკის დროს და ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში კონცენტრაცია 1933 წლის შემდგომ.

იმისთვის რათა ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი არასტაბილურობა აცილებული ყოფილიყო, ამოქმედდა 5%-იანი ბარიერი. ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების არაპროპორციული კონცენტრაციის შესაზღუდად კი მანდატები პროპორციული წესით ნაწილდება.

ამისდა მიუხედავად, არჩევნები შერეული წესით ტარდება - ამომრჩევლები ერთ ბიულეტენზე ხმას აძლევენ პარტიას, ხოლო მეორეზე ინდივიდუალურ კანდიდატს თავიანთი ოლქიდან.

აქ კი გერმანული საარჩევნო სისტემის განთქმულ და ამავდროულად, ძალიან ჩახლართულ ნაწილს ვადგებით: ქვეყანა ჯამში 299 ერთმანდატიან ოლქადაა დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელები 299 მაჟორიტარს ირჩევენ. ამასთან, მინიმუმ 299 დეპუტატი პარტიული სიებიდან ირჩევა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, საარჩევნო სისტემა მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილი უნდა გაუტოლდეს პარტიული ხმების წილს.

ამის უზრუნველყოფა შემდეგნაირად ხდება: დავუშვათ, პარტია X-მა მოიგო მაჟორიტარული ოლქების 50%, ხოლო თავად პარტიას ამომრჩეველთა 20%-მა მისცა ხმა. რადგანაც მაჟორიტარები ბუნდესტაგის 50%-ს შეადგენენ, გამოვა, რომ პარტიამ მაჟორიტარებიდან მანდატების ნახევრის ნახევარი, ანუ 25% მოიპოვა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პარტიის მხარდაჭერა 20%-ია, ხოლო მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.

ასეთ შემთხვევაში, ეს პარტია ყველა მაჟორიტარს შეიყვანს, თუმცა პარტიული სიიდან ვეღარავის. საბოლოოდ, პარტიული სიებიდან შესულ მინიმუმ 299 დეპუტატს კიდევ იმდენი დაემატება, რამდენიც საჭირო იქნება საიმისოდ, რომ ყველა პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილი იყოს მათ მიერ მოპოვებული მხარდაჭერის პროპორციული. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, პარტია X-ის მანდატების წილი მთლიანის 20%-მდე უნდა ჩამოვიდეს, რადგან ხმების სწორედ ამხელა წილი მიიღო ამ პარტიამ.

სწორედ ამ მიზეზით და ბუნდესტაგში ექვსი პარტიის შესვლის გამო, ამჟამად გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას მინიმალური 598-ის ნაცვლად ისტორიაში ყველაზე მეტი, 709 წევრი ჰყავს.

რა მოხდა წინა არჩევნებზე?

2017 წლის არჩევნები, რომელიც ბოლო აღმოჩნდა ანგელა მერკელის ეპოქაში, პოლიტიკური სპექტრის რყევებით გახდა დასამახსოვრებელი, თუმცა როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რაც ოთხი წლის წინ არასტაბილურობის მანიშნებლად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ნორმად მკვიდრდება.

ამათგან, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი “სახალხო პარტიების” შესუსტება იყო: ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერა 41.5%-იდან 32.9%-მდე ჩამოვიდა, ხოლო სოციალ-დემოკრატებმა ისტორიაში ყველაზე ცოტა, ხმების 20.5% მიიღეს. 

თავის მხრივ, ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერის ჯამი (53.4%) ყველაზე დაბალი იყო ისტორიაში - რაც იმის ფონზე, რომ რამდენიმე ათწლეულით ადრე ეს ორი პარტია ჯამში დაახლოებით 90%-საც კი იღებდა - მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს.

მეორე, რამაც 2017 წლის არჩევნების შემდეგ გერმანული პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD), გაძლიერება იყო.

2013 წელს AfD-ს ხმების დაახლოებით 0.3% დააკლდა ბუნდესტაგში შესასვლელად. პარტია მომდევნო წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა მიგრანტების კრიზისის ფონზე, შედეგად კი 2017 წელს AfD არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა ხმების 12.6%-ით.

AfD-ს გამოჩენა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის თავის ტკივილია - ულტრა-მემარჯვენე პოზიციების გამო, მათთან თანამშრომლობას უკლებლივ ყველა პარტია გამორიცხავს. ამიტომაც, AfD-ს გამოჩენით, ტრადიციული ცენტრისტული-მემარჯვენე (ქრისტიან-დემოკრატების და თავისუფალი დემოკრატების) და ცენტრისტული-მემარცხენე (სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების) კოალიციები მთავრობის შექმნისათვის საჭირო რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებენ და ერთადერთი გამოსავალი მთავრობაში ერთდროულად მემარჯვენე-ცენტრისტების და მემარცხენე-ცენტრისტების ყოფნაა.

აგრეთვე, 2017 წელს ბუნდესტაგში დაბრუნდნენ თავისუფალი დემოკრატები, რომლებმაც 2013 წელს ისტორიაში პირველად ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ქარიზმატული ახალგაზრდა ლიდერის, კრისტიან ლინდნერის დამსახურებით, პარტიამ ხმების 10.7% მოიპოვა და კვლავ დაუბრუნდა აქტუალობა.

სწორედ კრისტიან ლინდნერი და მისი პარტია აღმოჩნდნენ არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების შუაგულში, რამაც, საბოლოოდ, თავისუფალი დემოკრატები მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დააზარალა.

2013-დან 2017 წლამდე გერმანიას ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიცია მართავდა. 2017 წელს ნაჩვენები დაბალი შედეგის ფონზე, სოციალ-დემოკრატებმა თავდაპირველად უარი თქვეს კოალიციურ მთავრობაში დარჩენაზე, რის გამოც დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს შორის სამი პარტიისგან შემდგარი კოალიციის თაობაზე. 

წინასწარი მოლაპარაკებების ბოლო ღამეს ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, კრისტიან ლინდნერი გამოვიდა, რომელმაც სიტყვა შემდეგი ფრაზით დაიწყო: “არასწორად მართვას სჯობს არ მართო”. ამით ლინდნერმა საზოგადოებას უთხრა, რომ მისი პარტიისთვის “იამაკის” (ასე მოიხსენიებენ ამ სამი პარტიის კოალიციას, რადგან მათი ფერები იამაკის დროშის ფერებს ემთხვევა) პირობები მიუღებელი იყო.

თავისუფალი დემოკრატების უარის შემდეგ, მერკელი იძულებული გახდა, სოციალ-დემოკრატებს მიბრუნებოდა. სოციალ-დემოკრატებმა, საბოლოოდ, მაინც დაუჭირეს მხარი მერკელთან კოალიციის განახლებას მნიშვნელოვანი დათმობის სანაცვლოდ - მათ მიიღეს კანცლერის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.

ფინანსთა მინისტრი კი ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი გახდა. დღეს სწორედ ოლაფ შოლცია სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი და მერკელის მემკვიდრეობის მთავარი ფავორიტი.

თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი თავდაპირველად შემცირდა, თუმცა ახლა იმაზე მაღალია, ვიდრე 2017 წელს. ამის საპირისპიროდ, 2017 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო “მწვანეების” რეიტინგის ზრდა, რომელიც ამჟამად დაღმავალია და თავისუფალი დემოკრატებისას უკვე მცირედით აღემატება. “მემარცხენე პარტიის” შემთხვევაში კი სათუოა, შეძლებენ თუ არა ისინი ბარიერის გადალახვას.

ამგვარად, გერმანია წლევანდელი არჩევნების შემდეგ ახალი ეპოქის დადგომას უჩვეულო არაპროგნოზირებადობით ელის. არჩევნების დღემდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა გასული ოთხი წლის გათვალისწინებით, დარჩენილ დროში კიდევ არაერთი ცვლილების მომსწრე შეიძლება გავხდეთ, იქამდე კი ერთადერთი სარწმუნო პროგნოზი მისი უქონლობაა.

 

 

მსგავსი სიახლეები