-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

მოკლე წინაისტორია

ყარაბაღის მეორე ომი (პირველი 1988-1994 წლები) 44 დღე გრძელდებოდა და 2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. საომარი მოქმედებები რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა. 

საომარი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიები ყარაბაღის ირგვლივ, რომელიც პირველი ომიდან მოყოლებული სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა რეგიონის ისტორიული დედაქალაქი, შუშა. შეთანხმების მიხედვით რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი შევიდა. 

საომარი მოქმედებების დასრულების მიუხედავად, საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებები და სროლები პერიოდულად ხდებოდა. 

ბოლო თვეებში ვითარება რეგიონში განსაკუთრებით დაიძაბა. გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა ე.წ. ლაჩინის კორიდორზე, რომელიც სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა. მხარეები ერთმანეთს პერიოდულად ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში. 

 

რა ხდება ახლა 

  • "მიუღებელი სამხედრო მოქმედებები",- ყარაბაღში განახლებულ შეიარაღებულ კონფლიქტის პირველად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის მოქმედებებს მიუღებელი უწოდა - "ამან შესაძლოა გააუარესოს ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში. მოვუწოდებთ მხარეებს დეესკალაციისკენ და დიალოგის განახლებისკენ."

  • "ერევანში დემონტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკეები დაიწყო"- რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობს. ადგილიდან გავრცელებულ ვიდეო კადრებზე ჩანს, რომ პოლიცია ვითარების სტაბილიზაციისთვის სპეც-საშუალებებს იყენებს. სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში მასობრივი არეულობების დაწყების საფრთხის შესახებ ავრცელებს განცხადებას.


  • "დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება"- თვითაღიარებული ყარაბაღის მთავრობის ომბუცმენის ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად დაღუპულია 25 და დაჭრილია 225-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. 

    რეალპოლიტიკას რედაქცია ომის პირობებში ვერ ახერხებს მხარეების მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმებას.

  • "ოპერაცია წარმატებით გრძელდება",- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ანტი-ტერორისტული ოპერაცია წარმატებით გრძელდება. უწყების წარმომადგენლის ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა სომხური დანაყოფების 60 პოზიცია, განადგურებულია 20 სამხედრო ავტომობილი, 40 საარტილერიო დანადგარი, 2 საზენიტო კომპლექსი და 6 რადიო-ლოკაციური სადგური


  • "ცეცხლი სრული ინტენსივობით განახლდა",- თვითაღიარებული ყარაბაღის მთავრობის ცნობით, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლი შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე განახლდა. ე.წ. მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს არტილერიას, უპილიტო საფრენ აპარატებს და საბრძოლო ავიაციას.


  • "მზად ვარ ყარაბაღის წარმომადგენლებს შევხვდეთ",- აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოხატეს მზაობა შეხვდნენ ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ანტი-ტერორისტული ოპერაციის დასასრულებლად აუცილებელია "უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღი დაყარონ. 

  • "საპროტესტო აქციები ერევანში",- სომხეთის დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები იმართება. ადგილზე მყოფი დემონტრანტები ე.წ. არცახის (ყარაბაღის სომხური დასახელება) დროშებს აფრიალებენ და მთავრობისგან მკაცრ ნაბიჯებს ითხოვენ. დემონსტრანტების ნაწილი უპირისპირდება სამართალდამცვლებს და პარლამენტში შეჭრას ცდილობენ.

  • "დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ყარაბაღის არაღიარებული ე.წ. მთავრობამ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართა. "ყარაბაღის მთავრობა მიმართავს აზერბაიჯანს წინადადებით შეწყვიტონ ცეცხლი და დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან",- ნათქვამია განცხადებაში. მანამდე არაღიარებული მთავრობის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ცეცხლის ინტენსივობა შემცირდა. 

  • "ფაშინიანი ბლინკენს ესაუბრა" - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ესაუბრა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, საუბრის მთავარი თემა ყარაბაღში განახლებული კონფლიქტი იყო

  • "არალეგიტიმური რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურა",- ილჰამ ალიევის თანაშემწის თქმით, აზერბაიჯანის ახლოს არის ძირითადი ამოცანების შესრულებასთან, ხოლო მთავარი მიზანი არალეგიტიმური რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა


  • "ევროპის რეაქცია" - ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებას გამოეხმაურა ევროპული დიპლომატიის უფროსი ჟოზეპ ბორელი. "ეს ესკალაცია არ უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განდევნის წინაპირობად",- განაცხადა ბორელმა. 

    აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იქნას დიალოგის დაწყება"- განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.

    "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა მხარეებს" ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა. 

    მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც დაგმო აზერბაიჯანის მოქმედებები და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ჩანიშვნა მოიხთოვა. 


  • "მიმდინარეობს ეთნიკური წმენდის სამხედრო ოპერაცია"- სომხეთის უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერმა ფაშინიანმა პირველი განცხადებები გააავრცელა. ფაშინიანის თქმით, "აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით". პრემიერმა გაიმეორა სომხეთის საგარეო უწყების პოზიცია და განაცხადა, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალები არ არიან. გარდა ამისა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ელოდება რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებას ვითარების დასასტაბილურებლად

 

  • "დაჭრილები და სროლები - რა ხდება სტეპანაკერტში" - სომხური წყაროები იუწყებიან პირველი დაჭრილების შესახებ, რომლებიც სტეპანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყარაბაღის თვითაღიარებული მთავრობის ომბუცმენის ცნობით, გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი პირი, ხოლო დაჭრილებს შორის არიან ბავშვებიც. არსებული ინფორმაციით, რეგიონში შეფერხებით მუშაობს კავშირგაბმულობა, აქედან გამომდინარე ინფორმაციის გადამოწმება რთულია. ადგილობრივი ჟურნალისტის, მარუტ ვანიანის მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე ისმის სროლის ხმები და ჩანს კვამლი საავადმყოფოს შენობასთან ახლოს

 

  • "ჰუმანიტარული კორიდორები ღიაა" - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე და ასევე სხვა რაიონებში უკვე მოქმედებს ჰუმანიტარული კორიდორები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. "ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს გაუწევენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან სასმელი წყლითა და საკვებით."

  • "მოწოდება დეესკალაციისკენ",- რუსეთის საგარეო სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გამართულ ბრიფინგზე მხარეებს დეესკალაციისა და დიპლომატიური განხმუტვისკენ მოუწოდა. ზახაროვას თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ მათი სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება დაცული იქნება ორივე მხრიდან


  • "როგორც ყოველთვის" - აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის  მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქეთის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ "თურქეთი როგორც ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანს."
            
  • "სომხეთს ყარაბაღში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს",- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რესპუბლიკას ყარაბაღის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები არ ჰყავს

  • "სომხეთის არმიამ ყარაბაღი უნდა დატოვოს" -  მალევე გავრცელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული გასვლაა. 

 

  • ვითარება სტეპანაკერტში - პარალელურად სოციალურ ქსელებში ვრცელდება საომარი მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრები, რომელზეც აზერბიჯანული რესურსების ცნობით, ასახულია სომხეთის სამხედრო ტექნიკის განადგურება. საჰაერო განგაშისა და სროლების ხმა ისმის სომხეთის მიერ კონტროლირებად სტეფანაკერტშიც. 

 

  • "საზღვრებზე ვითარება შედარებით სტაბილურია" - აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტროც, რომელმაც ქვეყნის საზღვრებზე შექმნილ ვითარებას შედარებით სტაბილური უწოდა. ამასთანავე უწყებაში არაფერი უთქვამთ უშუალოდ ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე. 

 

---------------------------------------------------------------

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საიტზე ბაქოს დროით 12 საათსა და 25 წუთზე გამოქვეყნდა განცხადება "ყარაბაღის რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ."

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მათი 2 სამხედრო დაჭრა ყარაბაღში და სომხური შენაერთების მხრიდან გახსნილი ცეცხლი. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანი "რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა.  

 

მსგავსი სიახლეები