წინასწარი მონაცემების მიხედვით, პოლონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია იმარჯვებს.
პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიას, იაროსლავ კაჩინსკის „კანონსა და სამართალს“, სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად, დიდი ალბათობით, მანდატები არ ეყოფა. არც იმ შემთხვევაში, თუ ულტრამემარჯვენე პარტია „კონფედერაციასთან“ შეეცდება კოალიციის შექმნას.
სავარაუდოდ, ახალი პოლონური სამთავრობო კოალიცია სამპარტიული იქნება. მასში შევლენ ლიბერალური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“, ცენტრისტული ალიანსი „მესამე გზა“ და „მემარცხენე პარტია“.
ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრი კი წესით დონალდ ტუსკი იქნება, რომელიც ამ თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა.
სისხლიანი ხულიგანი
დონალდ ტუსკი 1957 წელს გდანსკში დაიბადა, ადგილობრივი კაშუბების ოჯახში, სადაც სამ ენაზე ლაპარაკობდნენ - პოლონურად, კაშუბურად და გერმანულად.
ახალგაზრდობის წლები მან კომუნისტურ პოლონეთში გაატარა და პოლიტიკურ აქტივობებში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო.
"ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჩვეულებრივი ხულიგანი ვიყავი“, - იხსენებს ტუსკი Financial Times-თან და ამბობს, რომ სახლში ხშირად ჩხუბისგან და ფეხბურთის თამაშისგან დასისხლიანებული ბრუნდებოდა.
„კომუნიზმში ჩვენი ცხოვრება უიმედო იყო. არა ტერორის ან სიღარიბის გამო. ჩვენ რაც გვტანჯავდა მონოტონურობა და მოწყენილობა იყო. არავითარი იმედი, რომ რაიმე შეიცვლებოდა. ამ მონოტონურობის გარღვევა იყო ჩემი სურვილი და ცდუნება“.
1977 წელს ტუსკმა მეგობრებთან ერთად სტუდენტური კომიტეტი დააფუძნა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს გდანსკში მოქმედ ანტი-კომუნისტურ პროფკავშირ „სოლიდარობას“.
„სოლიდარობის“ მხარდაჭერა მან მოგვიანებითაც გააგრძელა, როცა გდანსკის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობდა და გდანსკის გემთსაშენის გაფიცული მუშებისთვის საჭმელი და წყალი მიჰქონდა.
კომუნისტურ პოლონეთში ჟურნალისტად მუშაობისას თავი ციხეშიც ამოყო - მას შემდეგ, რაც თანამოაზრეებთან ერთად ლიბერალური გაზეთი დააარსა, სადაც ფსევდონიმებით წერდა.
„იღბლიანი ოხერი ვარ“, - გაიხსენებს მოგვიანებით ტუსკი, - „ჩემი დაჭერიდან სამ დღეში იარუზელსკიმ (პოლონეთის კომპარტიის მაშინდელი პირველი მდივანი) იარუზელსკიმ პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოაცხადა. ჩემთვის საუკეთესო სიტუაცია იყო. მაქვს ციხის საკუთარი გამოცდილება, ვიცი იქ ყოფნა რას ნიშნავს, ოღონდ სერიოზული ტანჯვის გარეშე“.
არც მარცხნივ და არც მარჯვნივ
კომუნიზმის დაცემის შემდეგ „სოლიდარობის“ მოძრაობა გაიყო. მისი ლიდერი, ლეხ ვალესა პოლონეთის პრეზიდენტი გახდა, დონალდ ტუსკმა კი თანამოაზრეებთან ერთად „ლიბერალური და დემოკრატიული კონგრესის პარტია“ დააფუძნა.
პარტიის ძირითადი იდეები თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის, პრივატიზების, მოქალაქეების ინდივიდუალური თავისუფლებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გარშემო ტრიალებდა.
მათ სლოგანი იყო „არც მარცხნივ, არც მარჯვნივ - პირდაპირ ევროპისკენ“.
1991 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 37 მანდატი აიღო და დონალდ ტუსკი პირველად მოხვდა საპარლამენტო ორგანოში. მოგვიანებით, „ლიბერალური და დემოკრატიული კონგრესის პარტია“ უფრო მსხვილ „დემოკრატიულ კავშირს“ შეერწყა და ჩამოყალიბდა „თავისუფლების კავშირი“, ტუსკი კი ამ უკანასკნელის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 1997 წელს მან საპარლამენტო მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო.
2001 წელს კი უკვე „სამოქალაქო პარტია“ ჩამოყალიბდა, დონალდ ტუსკის ამჟამინდელი პარტია, თავად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
2005 წელს დონალდ ტუსკმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და მეორე ტურში ლეხ კაჩინსკისთან დამარცხდა. იმავე წელს „პლატფორმამ“ კაჩინსკების პარტიასთან საპარლამენტო არჩევნებიც დათმო და პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის ტყუპისცალი, იაროსლავ კაჩინსკი გახდა.
სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს მწვავე დაპირისპირება 21-ე საუკუნის პოლონური პოლიტიკის ორ უმნიშვნელოვანეს ფიგურას - იაროსლავ კაჩინსკისა და დონალდ ტუსკს შორის. 2023 წლის არჩევნებიც ამ პაექრობის მორიგი რაუნდი იყო.
ცხელი წყალი ონკანში
სწორედ ამას ჰპირდებოდა დონალდ ტუსკი და „სამოქალაქო პლატფორმა“ ამომრჩეველს 2000-იანების მეორე ნახევარში, როცა ევროკავშირში შესული პოლონელები ცხოვრების სტანდარტების სწრაფ გაუმჯობესებას ელოდნენ.
ტუსკის უიღბლო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა - „პლატფორმამ“ 2007 წლის არჩევნებში ტყუპები დაამარცხა და დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
თუ მის ხელისუფლებაში მოსვლამდე პოსტ-კომუნისტური პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის ვადა საშუალოდ 13 თვე იყო, დონალდ ტუსკი შვიდი წლით დარჩა.
ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების პარალელურად (რაშიც ევროკავშირის ფონდებიდან გაწეული დახმარება მნიშვნელოვნად დაეხმარა), ტუსკის პრემიერობისას პოლონეთს მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაც მოუხდა. იმ წელს პოლონეთი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროკავშირში, რომლის ეკონომიკაც შემცირების ნაცვლად გაიზარდა.
დაწინაურება და მეორედ მოსვლა
დონალდ ტუსკი იღბალს მიაწერს იმასაც, რომ შვიდი წლის შემდეგ მისი პრემიერობა, როგორც თვითონ ამბობს, დაწინაურებით დასრულდა - 2014 წელს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროკავშირის მაღალი თანამდებობა ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნის წარმომადგენელს ერგო.
ბრიუსელში გატარებული ხუთი წელი მარტივი არ ყოფილა - ამ დროს ევროკავშირს მიგრანტების კრიზისთან, საბერძნეთის ეკონომიკურ პრობლემებთან და ბრექსიტთან უწევდა გამკლავება.
დონალდ ტუსკი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ევროპელ ლიდერებთან, განსაკუთრებით კი ანგელა მერკელთან. კაჩინსკი კი მუდამ ცდილობდა, ეს ტუსკის წინააღმდეგ გამოეყენებინა და მას ადანაშაულებდა, რომ გერმანიის მიმართ არასათანადოდ მკაცრი იყო.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ტუსკმა პოლონეთიდან დროულად გაასწრო - ერთი წლის შემდეგ კაჩინსკის პარტიამ „პლატფორმა“ ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. ამას მოჰყვა მარცხი 2019 წლის საპარლამენტო და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ტუსკის მანდატი ბრიუსელში 2019 წელს ამოიწურა, სამშობლოში კი მისი პარტიის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. „სამოქალაქო პლატფორმა“ არათუ კაჩინსკის პარტიას ვეღარ ჯაბნიდა, არამედ უკვე მეორე ადგილას შენარჩუნებაც უჭირდა - გამოკითხვებში „პლატფორმას“ სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ჟურნალისტ სიმონ ჰოლოვნიას ლიბერალური პარტია „პოლონეთი 2050“.
ამ ფონზე დონალდ ტუსკმა 2021 წელს გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, თავის პარტიას კიდევ ერთხელ ჩასდგომოდა სათავეში და იაროსლავ კაჩინსკისთან ბრძოლის მორიგ რაუნდზე შესულიყო.
რა მოხდება ახლა?
ტუსკის დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა. მისი პარტიის რეიტინგი თითქმის გაორმაგდა, „პოლონეთი 2050“-ს გადაასწრო და „კანონსა და სამართალს“ მიუახლოვდა. წინასწარი შედეგებიც დაახლოებით ისეთია, როგორი პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები იძლეოდა. კაჩინსკის პარტია პირველზეა, მაგრამ კოალიცია, დიდი ალბათობით, ტუსკის გარშემო ჩამოყალიბდება.
მომდევნო თვეები და წლები ადვილი სულაც არ იქნება. სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას შესაძლოა თვეები დაჭირდეს. ჩამოყალიბების შემდეგ კი ახალ მთავრობას აუცილებლად გაურთულებს ცხოვრებას პრეზიდენტი დუდა, რომელიც კაჩინსკის პარტიას წარმოადგენს და კიდევ ორი წელი უნდა იყოს თანამდებობაზე.
ამისდა მიუხედავად, პოლონეთისთვის ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანი გარდატეხის მომასწავებელია, რაც უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან ურთიერთობას უკავშირდება.
მმართველობის რვა წლის განმავლობაში, „კანონმა და სამართალმა“ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ წევრად აქცია - ამ მხრივ კონკურენციას მხოლოდ ვიქტორ ორბანის უნგრეთი თუ გაუწევდა.
მთავრობის ცვლილების შემდეგ კი ევროკავშირთან ურთიერთობებში გარდატეხას უნდა ველოდოთ. დონალდ ტუსკის გავლენა და კავშირები პოლონეთს ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში უთუოდ დაეხმარება. ამას პირდაპირი, მატერიალური შედეგი ექნება - პოლონეთი, დიდი ალბათობით, შეძლებს ევროკავშირის მიერ გაყინული მილიარდობით ევრო მიიღოს.
ევროკავშირმა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება პოლონეთში კანონის უზენაესობასთან არსებული პრობლემების გამო მიიღო - ბრიუსელი უკმაყოფილო იყო მმართველი პარტიის მიერ სასამართლოების ლოიალური მოსამართლეებით დაკომპლექტებით.
ევროკავშირისგან პოლონეთის კუთვნილი თანხის მიღება დონალდ ტუსკის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან საუბარი, არც მეტი არც ნაკლები, 75 მილიარდ ევროზეა.