-

 

ალბათ, ხშირად გაიგონებთ ცინიკურ გამოხმაურებებს დასავლეთის მიერ სანქციებით დამუქრებაზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გვხვდება ხოლმე.

ხშირ შემთხვევაში გამოხმაურებების ამგვარ ტონს პრორუსულ, ანდაც ძალიან ზედაპირულ პოზიციად ვაფასებთ, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკის ბოლო ოცდაათწლიანი მონაკვეთი ნამდვილად არ გამოიყურება ისე, როგორც ეს თუნდა „ცივი ომის“ მონაკვეთში იყო.

შეიძლება ითქვას, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დასრულებისა და მოჩვენებითი მშვიდობის წინასწარმეტყველები დღეს ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურებიან, რადგან მათ დაავიწყდათ ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ ადამიანები მანამ ვიქცევით ცხოველებივით, სანამ ჩვენ წინ ურყევი კედელი არ აღიმართება.

შეიძლება მკითხველი ადამიანის ამგვარ გაცხოველებულ წარმოსახვაში არ გამომყვეს და შემისწოროს, რომ ყველა ადამიანი ასეთი არაა, მაგრამ მაშინ ის მაინც უნდა ვთქვათ, რომ თუ ყველა არა - რუსული სახელმწიფოს მეთაურები მაინც არიან ასეთები. გაცოფებულ ჰიენას მხოლოდ იმ ლომთა ჯგუფი შეაჩერებს, რომელთაც შეუძლიათ ჰიენებზე მტკიცე ხასიათი და გამბედაობა გამოავლინონ.

საერთაშორისო პოლიტიკური სიახლეებით დატვირთული წინა წელი კიდევ უფრო მხურვალე 2022-მა ჩაანაცვლა. რუსეთ-ამერიკა-ნატოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა კვლავ გააცოცხლა საქართველოს საკითხი საერთაშორისო თუ რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში, რაც დასავლეთის დამსახურებით, ხოლო სამწუხაროდ საქართველოს მთავრობის სიჩუმის პირობებში მიმდინარეობს.

უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან ახლოს ჯერ წვრთნები ჩაატარა, ხოლო შემდეგ ათიათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი, ბუნებრივია, სამხედრო ტექნიკის მობილიზებითა და ლოჯისტიკის მოწყობით.

უკრაინის საზღვართან მიმდინარე სამხედრო გადაადგილებები ძალიან ჰგავდა თოთხმეტი წლის წინ ჩატარებულ „კავკაზ 2008“-ს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ინტერვენციის წინარე ეტაპი გახლდათ. მართალია, დღეს უფრო დიდია მოლოდინი, რომ დასავლეთი აღარ დაუშვებს რუსეთის მიერ კიდევ ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომის წარმოებას, მაგრამ ჯერჯერობით ამ იმედის საფუძველი მოლაპარაკებების პროცესს არ უჩვენებია.

იმისათვის, რათა დღეს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის კრიზისი მარტივ ენაზე გადმოითარგმნოს, 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას უნდა ჩავხედოთ. ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის 23-ე მუხლში ვკითხულობთ: „ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოში გაწევრიანებისათვის. ჩვენ, ნატოს წევრი სახელმწიფოები, ვთანხმდებით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები.“ 

ორივე სახელმწიფო, უკრაინა და საქართველო ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრ სახელმწიფოებს მიმართავდნენ წევრობის სამოქმედო გეგმის (Membership Action Plan) შესახებ, რაც მათი ნატოში გაწევრიანებისთვის პრაქტიკული მწვანე შუქი იქნებოდა.

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის - განსაკუთრებით კი გერმანიის პოზიციის გამო - ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა სამოქმედო გეგმის გადაცემის განხილვა 2008 წლის დეკემბრისათვის გადადო. ამავე პოზიციაზე გახლდათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ითხოვდა, რომ ნატოს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პროცესი არ დაეწყო.

როგორც აღმოჩნდა, რუსეთს უბრალოდ დროის მოგება სურდა, რათა აგვისტოს ომამდე საქართველოს მაპი არ მიეღო. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერი, როგორც აღმოჩნდა მინიმუმ თოთხმეტი წლით გადასწია - ნატომ საქართველოსთან მიმართებაში შეცდომა დაუშვა.

2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულებაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ უარის თქმის შემდეგ, გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა მოქალაქეებმა მაიდანის შედეგად ხელისუფლება შეცვალეს, რასაც მალევე მოჰყვა ყირიმის ანექსია, ფსევდო-დემოკრატიისა და რეფერენდუმის გათამაშება, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ფრონტის გახსნა. ნატოს უკრაინასთან მიმართებაში დაშვებულ შეცდომას შედეგები ექვსი წლის შემდეგ მოჰყვა.

მართალია, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების პოზიციები არ შეცვლილა, ამ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ თუ საკუთარ თავს არ მოვატყუებთ - რუსეთმა გაიმარჯვა, რადგანაც ნატო ევროპის აღმოსავლეთით ვეღარ გაფართოვდა.

რატომ იმარჯვებს რუსეთი?

შეიძლება პასუხი მარტივი იყოს: იმიტომ რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ვერ გახდნენ. მაგრამ მთავარი ისაა, თუ რატომ იქცევა რუსეთი საუკუნეების წინანდელი ძალთა ბალანსის მოტივებით და რატომ არ ჰგავს იგი დასავლეთს?

მეორე მსოფლიო ომისა და ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიისა და იმპერიული იაპონიის დამარცხების შემდგომ, არავისთვის იყო ახალი, რომ საერთაშორისო ძალთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე საბჭოთა კავშირი გახდებოდა, რომელსაც გააჩნდა ბირთვული არსენალი, სამხედრო შესაძლებლობები და რაც მთავარია, იმგვარი ცენტრალიზებული ეკონომიკა, რომელიც ომის პირობებში მოკლე დროსა და სივრცეში ომის წარმოებისათვის საჭირო ფუფუნების შესაძლებლობას იძლეოდა.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის შეკავება შესძლებოდა, ხოლო ეკონომიკური გაძლიერების, ომის შედეგების აღმოფხვრისა და ევროპული სახელმწიფოების დაახლოების საფუძვლით ევროკავშირის წინაპრები - ევრატომი და ევროპის ეკონომიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა.

ცივი ომის პირობებში, საბჭოთა კავშირის შეკავების გზა სწორედ ძალის დემონსტრირებაზე, დასავლური დემოკრატიული სამყაროს გაძლიერებასა და საჭიროებისამებრ დაპირისპირებაზეც კი გადიოდა. ბუნებრივიაამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში კარგად ესმოდათ, რომ საბჭოთა კავშირი არასანდო, ძალისმიერი და ინტერვენციონისტული პოლიტიკით გამოირჩეოდა, რისი შეკავებაც მხოლოდ ძალით შეიძლებოდა.

ამიტომაც, ნატო სულ უფრო ფართოვდებოდა ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთით და შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის კართანაც კი. 1952 წელს ნატოს შეუერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიასთან პირდაპირი მოსაზღვრე თურქეთის ნატოში გაერთიანება კომუნისტური რეჟიმისათვის არაფერი გახლდათ თუ არა პირდაპირი სამხედრო მუქარა. 1961 წელს კი, შეერთებულმა შტატებმა თურქეთსა და იტალიაში ბალისტიკური რაკეტები განათავსა, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში შეეძლო საბჭოთა კავშირზე თავდასხმა.

ამ ქმედებას საბჭოთა კავშირის მიერ კუბაზე ანალოგიური ქმედება მოჰყვა. ფლორიდაზე დამიზნებულ ბალისტიკურ რაკეტებს ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეეგუებოდა. საბოლოო ჯამში, კრიზისი განიმუხტა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთიდან და იტალიიდან, ხოლო საბჭოთა კავშირმა კუბიდან, ბალისტიკური რაკეტები გაიტანეს, მაგრამ 1961-62 წლების ამერიკისა და კომუნისტური რეჟიმის კრიზისი დღევანდელი მდგომარეობის აღსაწერად საინტერესო გამოცდილებას იძლევა.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდგომ, ამერიკისა და ნატოს საგარეო პოლიტიკა ძალაზე დამყარებული, ანარქიული საერთაშორისო ურთიერთობებიდან მეტწილად ლიბერალური ჰეგემონიის დოქტრინას დაეფუძნა.

ამერიკის შეერთებული შტატების უმთავრეს მისიად ახალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების დემოკრატიზაცია იქცა. სწორედ ლიბერალურ დემოკრატიას, ისეთს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია, უნდა ექცია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები პოლიტიკური დასავლეთის ნაწილად.

ცივი ომის დასრულებამ არნახული ოპტიმიზმით აღავსო დასავლელი მოაზროვნეები, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მქონე პოლიტიკოსებიც, რომლებმაც რუსეთის გაკეთილშობილება იწამეს. ფრენსის ფუკუიამა მის წიგნში, „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ საბჭოთა კავშირის დაშლას კაცობრიობის პროგრესის საწინდარს უწოდებს.

ეს მართლაც ასეა, ოღონდ დასავლური სახელმწიფოების - ყველაზე უფრო კი, ამერიკის შეერთებული შტატების - საგარეო პოლიტიკის ისთაბლიშმენტს გამორჩა, რომ რუსეთის მეთაურები „მოძველებული“ ძალთა ბალანსის რეალისტები არიან, ხოლო კლინტონი, ბუში და ობამა კი (ტრამპს არ გაუმართლა, ის არავინაა), ლიბერალური ჰეგემონიის სამარიტელები.

კი, ლიბერალური დემოკრატია, როგორც სახელმწიფოს მოწყობის პრაქტიკული და თეორიული დოქტრინა საუკეთესოა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში იგი სუსტი და არარეალისტურია. ახლა პოლიტიკოსებმა ვაშინგტონში იმაზე უნდა იმტვრიონ თავი თუ როგორ შეაკავონ მათთვის ახლო მომავალში რუსეთზე დიდი საფრთხე - სი ძინპინის ჩინეთი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან უკვე სამი ათეული წელია მარცხდება, რა შეიძლება იყოს ხვალ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვლადიმერ პუტინი მე-19 საუკუნის პოლიტიკოსია, რომელზეც, რაც არ უნდა საძულველი წარმოდგენა გვქონდეს, ერთი რამ ცხადია - ვერ აიტანს ნატოს მიერ მის კარზე დაკაკუნებას, რომლის ხმაც უკრაინიდან და საქართველოდან მოესმება, ისევე, როგორც ვერც ამერიკის შეერთებული შტატები აიტანდა, მიიღებდა „ტკბილად“ რუსეთის მიერ კუბაზე ან დღეს უკვე ვენესუელაში სამხედრო ბაზის განთავსებას. მაშინ რატომ იქცევა ამერიკა და ნატო ევროპაში ისე, როგორც არ მოიქცეოდა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ან ლათინურ ამერიკაში?

პასუხი ერთია: ამერიკის, როგორც ღირებულებითი მეჩირაღდნის საგარეო პოლიტიკა კრიზისშია და მას მხოლოდ ერთადერთი რამ გამოიყვანს ჩიხური მდგომარეობიდან - ძალის დემონსტრირება, გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება და პრინციპულობა.

როდესაც აშშ-მ ღიად დააფიქსირა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ამისათვის, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში პელოპონესის ომებიდან მოყოლებული არაფერი ყოფილა იმაზე ცხადი, რომ მოუთოკავ გველეშაპს მხოლოდ და მხოლოდ შუბითა და ისრით თუ შეაშინებ და უკან დაახევინებ.

მართალია, ამ ტექსტის ავტორის პოზიცია სუბიექტურია და საქართველოსა და უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეჭვი მაქვს, თავადვე ნატოსა და ამერიკის პრობლემაცაა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მხრებგაშლილი რუსეთის ჰეგემონია, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად კლებულობს ძალთაშორის ის განსხვავება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა „თითქმის“ Great Power-ებს რუსეთსა და ჩინეთს გააჩნიათ.

სტატიის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გაგა თუთარაშვილი.

მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.

მსგავსი სიახლეები