-

ედვარდ ლუკასი ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსია. ის სხვადასხვა დროს წერდა "ეკონომისტისთვის", "ტაიმზისთვის" და "დეილი მეილისთვის". ბრიტანეთის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან იყრის კენჭს ცენტრალურ ლონდონში. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა CEPA-ს ვებ-გვერდზე.

როგორც იქნა, NATO-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უკრაინელი პილოტები F-16-ებზე გაწვრთნან. აშშ-მ ნიდერლანდებს და დანიას მწვანე შუქი აუნთო, ავიაგამანადგურებლები უკრაინას გადასცენ.

ეს სიახლე იმდენად მისაღებია, რამდენადაც აღმაშფოთებელია დაყოვნება. წვრთნებს თვეები დაჭირდება, გადაწყვეტილება კი 18 თვის წინაც შეიძლებოდა მიღებულიყო, ან სულაც უფრო ადრე. ისეთივე სამწუხარო ამბის მოწმეები გავხდით, როგორიც ტანკების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტყვია-წამლისა და სხვა შეიარაღების შემთხვევაში ვიხილეთ. სანამ დასავლური ქვეყნები ორჭოფობდნენ, რუსებმა ტერიტორია დანაღმეს და უკრაინელები დაიღუპნენ.

ცოტა ხნის წინ გამოჟონილი ამერიკული შეფასებით, ომში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. რუსების მხარეს 120 000 დაღუპულია, 170 000 - 180 000 კი დაშავებული. უკრაინელების მხარეს 70 000 დაიღუპა და 100 000 - 120 000 დაშავდა. ეს შემაძრწუნებელი რიცხვებია, გაცილებით უარესი, ვიდრე იუგოსლავიის დაშლის შემდგომი ათწლიანი ბრძოლის. მართალია, რომ ყველას სიკვდილში ვლადიმირ პუტინია დამნაშავე. მაგრამ ასევე დამნაშავეები არიან დასავლელი ლიდერები, რომლებმაც ის ვერ შეაკავეს.

ამ საშინელი საზღაურის მიუხედავად, უკრაინელები ომს არ დაუღლია. მათ იციან, რას ნიშნავს ცხოვრება რუსების ხელში. მაგრამ დასავლეთი იღლება. ინფორმაციის გამუდმებული გამოჟონვა და საჯარო სპეკულაცია მიუთითებს, რომ იზრდება სკეპტიციზმი უკრაინის მიერ მიმდინარე კონტრ-შეტევისას მტრის ხაზის გარღვევასთან დაკავშირებით. არც იმას მოასწავებს რამე, რომ სამხედრო წარუმატებლობა (მითუმეტეს დაღუპულთა რაოდენობა) მოსკოვში პოლიტიკურ ცვლილებებს მოიტანს. ზოგიერთი შიშობს, რომ ომი ასე კიდევ ერთ წელიწადს, ან უფრო დიდხანსაც გასტანს. უკეთესი არ იქნება, სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიწყოს მუშაობა?

როგორც მინიმუმ, მათ გონებაში მონახაზი ნათელია. უკრაინა მიიღებს NATO-ს წევრობას ან ეკვივალენტურ უსაფრთხოების გარანტიებს იმის სანაცვლოდ, რომ ამ ეტაპზე მიატოვონ რუსეთის ოკუპაციაში არსებული ტერიტორია.

ასეთმა შეთანხმებამ შეიძლება იმუშაოს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, უკრაინას ხელები გადაგრეხილი ჰქონდეს და დათანხმება მოუწიოს. მაგრამ ფართო თვალსაზრისით, ეს მაინც ვერ იმუშავებს. რუსეთი ამას გამარჯვებად მიიჩნევს - სხვა ქვეყანაში შეიჭრნენ და ტერიტორია მიიტაცეს. დასავლეთმა პირველმა დახუჭა თვალები. პუტინი თავის დაძვრენის საბაბი ექნება. დასავლეთმა შესაძლოა უკრაინის პრობლემა დროებით გადაწყვიტოს, მაგრამ ეს არ უშველის გაცილებით დიდ პრობლემას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. 1990-იანი წლებიდან, დასავლეთს ჰქონდა არჩევანი, ახლავე დაჰპირისპირებოდა რუსეთს თუ მოგვიანებით. ყოველთვის გადადებას ამჯობინებდნენ და შედეგად, ბევრად უარეს საფრთხეს აწყდებოდნენ.

სხვანაირად არც ახლა იქნება. რატომ დაიჯერებს კრემლი, რომ NATO მართლა აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უკრაინის დაცვას? თუ დასავლურ ალიანსს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერით (წვრთნა და იარაღის მიწოდება) ესკალაცია არ სურს, პირდაპირი კონფრონტაცია რატომ ენდომება? მართლაც, პუტინმა შეიძლება სრულიად სამართლიანად იეჭვოს, რომ NATO სინამდვილეში შეიძლება არც აპირებდეს რომელიმე წევრის დაცვას.

დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთს 3-5 წელი დასჭირდება ბრძოლის დასრულების შემდეგ (ევროპას, ოპტიმისტური შეფასებით - 10). ამის შემდეგ, კრემლი ახალი სამიზნის ძებნას დაიწყებს - შეიძლება უკრაინის სხვა ნაწილის, ან საერთოდაც ბალტიის ქვეყნების.

დასავლეთი, დიდი ალბათობით, უფრო სუსტი იქნება და არა უფრო ძლიერი, როცა ეს ტესტი მოვა. უკრაინა ტრავმირებული იქნება და შეიძლება განრისხებულიც მეგობრების ღალატით. ბევრმა ევროპელმა შეიძლება დაასკვნას, რომ რუსეთის პროვოცირება არაგონივრული იყო. თავის მხრივ, აშშ მხრებს აიჩეჩავს და ყურადღებას ჩინეთს მიაპყრობს.

ამ არასახარბიელო სცენარის საუკეთესო ალტერნატივა მარტივია: უკრაინისთვის იმ იარაღის მიცემა, რაც რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება, ამავდროულად კი წნეხი კრემლზე. გამარჯვება კვლავ მიღწევადია, მაგრამ ჩვენც ისე ძალიან უნდა გვინდოდეს, როგორც უკრაინელებს.

მსგავსი სიახლეები