-

გთავაზობთ  The Turkey Analyst-ზე გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს, რომლის ავტორიც ბარჩინ ინანჩია. 

გულუბრყვილოა იმის მოლოდინი, რომ თურქეთი რუსეთს დაშორდება. წარსულის მსგავსად, თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა კონკურენციის პარალელურად გაგრძელდება, რადგან ორი ლიდერი ურთიერთობის გაწყვეტას ვერ ახერხებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანი, პუტინისთვის ზურგის შექცევის ხარჯზე, დასავლეთისკენ შემობრუნდება.

სავარაუდოდ, ის გააგრძელებს თავის ფრთხილ ბალანსირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიზეზები, რომლებიც ერდოღანს აიძულებს, გააუმჯობესოს თურქეთის ურთიერთობები მის დასავლელ პარტნიორებთან, თურქეთის პრეზიდენტი, ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ გააღრმაოს რუსეთთან ურთიერთობა. ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას და პუტინთან კავშირს ევროკავშირზე ბერკეტად გამოიყენებს.

შესავალი

10 ივლისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პარლამენტში შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის "რაც შეიძლება სწრაფად" გაგზავნას დათანხმდა. ეს განცხადება სტოლტენბერგის, ერდოღანისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში, ნატოს სამიტის წინა დღეს გაკეთდა.

ახალი ამბავი სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რადგან ვილნიუსში წასვლის დღეს ერდოღანი უკომპრომისო ჩანდა. ფაქტობრივად, მან ბოლო წუთს დაამატა პირობა - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, რამაც შოკში ჩააგდო ევროპელი ლიდერები, რომლებმაც მას უპასუხეს, რომ არ არსებობს კავშირი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის. ერდოღანის შეურიგებლობა შვედეთის ალიანსში შესვლის თაობაზე შეუვალი ჩანდა ვაშინგტონის ზეწოლის მიუხედავად, რომელმაც თურქეთში არჩევნების დასრულებისთანავე ინტენსიური დიპლომატიური კამპანია დაიწყო.

ნატოს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრასა და სატელეფონო საუბარს მის თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან, სატელეფონო საუბარი მოჰყვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ერდოღანს შორის, რომელიც უკმაყოფილო იყო აშშ-ის კონგრესის უარზე თურქეთისთვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვასთან დაკავშირებით.

მოკლედ, რადგან ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი ვილნიუსში ერდოღანისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრი კრისტერსონის შეხვედრის პოზიტიურ შედეგზე, სტოლტენბერგის განცხადებამ უდიდესი შვება მოუტანა წევრ ქვეყნებს, რადგან ალიანსმა რუსეთისთვის ერთიანობის გზავნილის გაგზავნა შეძლო. სამიტზე ერდოღანი გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელმაც შოუ გადაარჩინა.

შვედეთის პრემიერი ულფ კრისტერსონი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სინამდვილეში, უფრო ადრე, ერდოღანმა ყველა გააოცა, როდესაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტის დროს, ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ კიდევ უფრო დამაბნეველი იყო ერდოღანის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ზელენსკისთან ერთად სახლში გაეშვა აზოვის პოლკის ხუთი მეთაური, რომლებიც ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

ერდოღანის ამ მოულოდნელი ნაბიჯების შემდეგ, დასავლური მედიის რამდენიმე კომენტატორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თურქეთის ლიდერმა რუსეთს ზურგს შეაქცია. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც მან ხელახალი ვადით არჩევა უზრუნველყო და იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ ახლა თავისი ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ კრიზისს უნდა გაუმკლავდეს, ერდოღანი დასავლეთისკენ შემობრუნდა. მართლაც, მეჰმედ შიმშეკის ფინანსთა მინისტრად დანიშვნა განიმარტა, როგორც სიგნალი, რომ ანკარა უფრო კონვენციურ ეკონომიკურ პოლიტიკას განაახლებს. შიმშეკის განცხადებამ, რომ თურქეთს ეკონომიკური პოლიტიკის რაციონალურ ნიადაგზე დაბრუნების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს, განაპირობა დასკვნა, რომ მსგავსი შემობრუნება შეიძლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაშიც იყოს მოსალოდნელი.

ეკონომიკურ პოლიტიკაში რაციონალურობის დაბრუნებაზე განცხადებით ხელისუფლებამ თითქოს მიანიშნა, რომ თურქეთი ასევე დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას ეცდება, რადგან ეს თურქეთს დასავლური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

მაგრამ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააოცა ყველა, როცა გაირკვა, რომ რეალურად შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი თურქეთის პარლამენტში "რაც შეიძლება სწრაფად" არ გაგზავნეს, რადგან თითქოს თურქეთის პარლამენტი აღარ მუშაობდა. ერდოღანის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საბოლოოდ, რატიფიკაცია ოქტომბრისთვის გადაიდო, როდესაც პარლამენტი ზაფხულის შესვენების შემდეგ კვლავ შეიკრიბება.

"თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას არ დასთანხმებია; ჩვენ ვთქვით, რომ გაწევრიანებისთვის გზას ვხსნით." - თქვა ომერ ჩელიკმა, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) სპიკერმა ვილნიუსის სამიტის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიზეზები, რომლებიც ერდოღანს აიძულებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, თურქეთის პრეზიდენტს ასევე რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა სჭირდება.

შედეგები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერდოღანს ხელახლა გამარჯვებაში დაეხმარა, განსაკუთრებით თურქეთისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გადასახადის ორჯერ გადავადებით. თუმცა, ცხადია, ახლა, როცა არჩევნები დასრულდა, რუსეთის ლიდერი აღარ არის საიმისოდ განწყობილი, რომ თურქეთის ლიდერს უანგარო სიკეთე გაუკეთოს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მარცვლეულის შეთანხმების ორი თვით გახანგრძლივების შემდეგ, რუსეთმა 17 ივლისს შეთანხმება შეაჩერა.

მანამდე რუსეთმა გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებას ვეტო დაადო, რომელიც საშუალებას იძლეოდა თურქეთიდან სირიაში, პრო-თურქი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო. ამ ნაბიჯმა შეიძლება ლტოლვილთა ახალი ნაკადის თურქეთისკენ წასვლა გამოიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ვიზიტი რუსეთის ბოლო ნაბიჯებთან ერთად შეიძლება ერდოღანსა და პუტინს შორის დაძაბულობის დამადასტურებელ ფაქტად განიმარტოს. 

მოკლევადიან პერსპექტივაში, ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს აშშ-სგან 40 F-16-სუ გამანადგურებლის შესაძენად და არსებული საბრძოლო თვითმფრინავების (80 ერთეული F-16) მოდერნიზაციისთვის გამოიყენებს. ვაშინგტონსა და ანკარაში თურქი ექსპერტები საკანონმდებლო ორგანოებში პროცესების ერთდროულად დაწყებას ელიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურქეთი ჯერ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის ოფიციალურ მიმართვას დაელოდება, შემდეგ კი შვედეთის განაცხადის რატიფიკაციას გააგრძელებს.

ერდოღანმა ასევე ცხადყო, რომ ბაიდენისგან ვაშინგტონში მიწვევას ელის. 2024 წელს თურქეთში ადგილობრივი არჩევნების წინ ამერიკის ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა ძალიან სასურველია, რადგან ეს გააძლიერებს ერდოღანის, როგორც გლობალური მნიშვნელობის ლიდერის იმიჯს.

იმავდროულად, ევროპულ ფრონტზე ერდოღანი შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები, როგორც ჩანს, მზად არიან უფრო მეტად ითანამშრომლონ ერდოღანთან. მას შემდეგ, რაც თურქეთის ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები გაყინულია, ჩართულობის ახალი გზების ძიება ახლა ორგანიზაციის მთავარი მოტივაციაა. გასული წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელსა და კომისიას მოუწოდეს, მოამზადონ "სტრატეგიული და შორსმჭვრეტელი" ანგარიში თურქეთთან ურთიერთობების შესახებ.

ერდოღანი ასევე ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ევროკავშირთან დეესკალაციას გეგმავს. თებერვლის მიწისძვრების შემდეგ, ათენთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე ერდოღანი ნატოს სამიტის ფარგლებში საბერძნეთის ხელახლა არჩეულ ლიდერს კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. ორმა ლიდერმა გადაწყვიტა, მოლაპარაკებები განაახლონ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრა

ის ფაქტი, რომ ერდოღანმა კვიპროსის თურქულ ნაწილში მისი ბოლო ვიზიტის დროს თავი აარიდა "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის" ხსენებას, ნიშნავს, რომ მისი პოზიცია შერბილებულია.

ამის საპირისპიროდ, მას ქვეყნის შიგნით დემოკრატიული რეფორმების გატარების განწყობა არ აქვს. ვილნიუსის სამიტზე დასმულ შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა ამ ფრონტზე გადასვლას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაჩქარება სურდა, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თურქეთში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრობლემა არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სურს თურქეთთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად გზები ეძებოს, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა 20 ივლისის შეხვედრაზე ხელახალი ჩართულობა გადაწყვიტეს.

"კვიპროსის საკითხის გადაწყვეტა, გაეროს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად, ხელახალი ჩართულობაში მთავარი იქნება." - თქვა ჟოზეპ ბორელმა და აღნიშნა, რომ "ძირითადი თავისუფლებებისა და ღირებულებების დაცვა აუცილებელია."

დასკვნები

გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ თურქეთი რუსეთს დაშორდება. ერდოღანი დასავლეთისკენ არ მიტრიალდება პუტინისთვის ზურგის შექცევის ხარჯზე. ის გააგრძელებს ფრთხილ ბალანსირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. ისევე, როგორც წარსულში, თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა კონკურენციის პარალელურად გაგრძელდება, რადგან ორი ლიდერი ურთიერთობის გაწყვეტას ვერ ახერხებს.

იმავდროულად, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ თურქეთთან ინსტიტუციური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანა მას თურქეთზე რაიმე ბერკეტის გარეშე ტოვებს. რამდენადაც მისი მოწოდებები დემოკრატიული რეფორმების შესახებ თურქეთის მხრიდან კვლავაც უარყოფილი იქნება, ბრიუსელი იძულებული იქნება, მოძებნოს კრეატიული გზები ანკარასთან ხელახლა დასაკავშირებლად ისე, რომ ავტორიტარული რეჟიმის მიმართ დაშოშმინების კურსზე არ აღმოჩნდეს.

რადგანაც ერდოღანს არ სურს დემოკრატიული რეფორმების გატარება, მან შესაძლოა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიკაცია და პუტინთან კავშირები ევროკავშირზე ბერკეტად გამოიყენოს. ამასთანავე მას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის იმედი აქვს. ერდოღანმა შესაძლოა მწვანე შუქიც კი აუნთოს კვიპროსზე მოლაპარაკებების განახლებას, სანამ ევროკავშირი მინიმუმამდე დაიყვანს თავის პრეტენზიებს თურქეთში დემოკრატიის დეფიციტთან დაკავშირებით.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწევთ, ურთიერთობა ჰქონდეთ უფრო ტრანზაქციულ ერდოღანთან, რომელიც გეოპოლიტიკურ ზღვარზე დაყრდნობას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები