პრესკონფერენციას, რომელიც ესტონეთის განათლების მინისტრმა მოიწვია, ყველა არხის ჟურნალისტი ესწრება. ამბავი მალევე მთელ ქვეყანას მოედო - PISA-ს 2018 წლის მონაცემებით, ესტონური განათლების სისტემა ევროპაში საუკეთესოა. საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ამის გაშუქებას 10 წუთზე მეტი ეთმობა. ჟურნალისტები ესაუბრებიან მოსწავლეებს და მასწავლებლებს ქვეყნის ყველა ნაწილიდან. ესტონეთი ზეიმობს და ყველა გრძნობს, რომ მათ ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
ყოველ სამ წელიწადში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელიც მსოფლიოს 38 ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს, მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების პროგრამის შედეგებს (PISA) აქვეყნებს.
PISA-ს ტესტი ნახევარ მილიონზე მეტ მე-9 კლასელ მოსწავლეს სამ დისციპლინაში - მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში ცდის, რითაც შესაბამისი ქვეყნების სასკოლო სისტემის შესახებ ქმნის სურათს.
ესტონეთის განათლების მინისტრის პრესკონფერენცია PISA-ს შედეგების გამოცხადების შემდეგ
ტესტის უკანასკნელი, 2018 წლის შედეგებით (კოვიდის პანდემიის გამო შემდეგი ჯერ არ ჩატარებულა), ესტონელი სკოლის მოსწავლეები მათემატიკაში მე-8 ადგილზე არიან, ხოლო მეცნიერებასა და კითხვაში - მე-5-ზე.
შედარებისთვის, თვალი გადავავლოთ ქართველი მოსწავლეების შედეგებს: მათემატიკაში 67-ე ადგილი, მეცნიერებაში 74-ე, ხოლო კითხვაში - 71-ე (PISA-ს კვლევა ჯამში 79 ქვეყანს ფარავს).
ესტონელებმა განათლების საერთაშორისო ტესტში მონაწილეობა პირველად 2003 წელს მიიღეს, როცა მათემატიკისა და მეცნიერების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS) მათმა შედეგებმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ერთჯერადი გამართლება იყო, მაგრამ როგორც გაირკვა, სწორედაც რომ მწარედ ცდებოდნენ - მომდევნო წლებში ჩატარებულ ყველა მსგავს ტესტში, ესტონელი მოსწავლეები მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ და თანაც, მათი შედეგები უფრო და უფრო უმჯობესდებოდა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მოახერხეს ესტონელებმა, საკუთარი განათლების სისტემა, ევროპაში მოწინავედ ექციათ.
განმანათლებლობის ისტორია
„ერთი, რისიც გვწამს, ისაა, რომ ესტონელები განათლებას დაწაფებული ხალხი ვართ“, - გვითხრა ესტონეთის პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრმა, მარკო შორინმა, როცა ვთხოვეთ, აეხსნა, რა იყო ესტონეთის წარმატების საიდუმლო განათლების სფეროში.
მარკო შორინი
იმას, თუ როგორ იქცნენ ესტონელები „განათლებას დაწაფებულ“ ხალხად, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მე-17 საუკუნის დასაწყისში, ესტონეთის დიდი ნაწილი შვედების მმართველობის ქვეშ მოექცა და შესაბამისად, ადგილობრივი მოწყობა, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობისა თუ განათლების კუთხით, შვედურ ყაიდაზე გადავიდა.
შვედების ინიციატივით, 1630 და 1631 წლებში ტალინსა და ტარტუში აკადემიური გიმნაზიები გახსნეს. სწორედ შვედებმა გახსნეს ესტონეთში პირველი, ტარტუს უნივერსიტეტი - 1632 წელს.
თანაც, ამ დროს ესტონელებს სწავლისთვის სტიმულიც არ აკლდათ - ლუთერანი შვედები წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებს ქორწინების უფლებას არ აძლევდნენ. ტალინში დღემდე არსებობს შვედი მეფის, გუსტავ ადოლფის სახელობის სკოლა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
შვედი მეფის, გუსტავ ადოლფის სახელობის სკოლა ტალინში
მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკლესიამ, რომელმაც გლეხ ბავშვებს წერა-კითხვა ასწავლა. რეფორმაციის შემდეგ კი, როდესაც ტალინი ჰანზის კავშირის ნაწილი გახდა, ესტონეთში იმდროინდელი ევროპის პროგრესულმა იდეებმა შეაღწია, მათ შორის განათლების სფეროშიც.
სამწუხაროდ, მე-18 საუკუნის დასაწყისში ესტონურმა საზოგადოებამ და განათლების სისტემამ დიდი უკუსვლა განიცადა - ჩრდილოეთის დიდი ომის შედეგად, ესტონეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიამ დაიპყრო. ომისა და გაჭირვების გამო, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაიხურა ესტონეთის ერთადერთი უნივერსიტეტი და უამრავი სკოლა.
საბედნიეროდ, ამ დროისთვის უკვე დაბეჭდილი იყო პირველი ესტონურენოვანი წიგნები. გარდა ამისა, ბალტიის ორდერით რუსეთის იმპერიამ ბალტიის სახელმწიფოებს გარკვეული ავტონომია შეუნარჩუნა. ამან შესაძლებელი გახადა, რომ მე-18 საუკუნეში ესტონური განათლების სისტემა ზედმეტი გარეგანი ჩარევის გარეშე განვითარებულიყო.
მოგვიანებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ესტონეთის ეკონომიკური კავშირი გერმანიასთან, რამაც მთლიან საზოგადოებაზე მოახდინა გავლენა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, სწორედ გერმანიაში განხორციელდა ისეთი იდეები, როგორიც იყო უფასო საჯარო სკოლები თუ კვლევითი უნივერსიტეტები. ამის პარალელურად, გერმანიასთან არსებული მჭიდრო სოციო-ეკონომიკური კავშირების გამო, ესტონეთიც ამ ყველაფრის ნაწილი გახდა.
შედეგად, 1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერით, ესტონელების 97% წერა-კითხვის მცოდნე იყო, მაშინ, როცა დანარჩენ იმპერიაში ეს რიცხვი საშუალოდ 30%-ს თუ აღწევდა.
რუსეთის იმპერიაში ყოფნის მიწურულს, ესტონეთში განათლება ეროვნულ მოძრაობასთან გადაჯაჭვულ საკითხად იქცა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ესტონელებმა რუსიფიკაციის საფრთხე დაინახეს, რის საპასუხოდაც, მათ ესტონური საბავშვო ბაღების სისტემა ჩამოაყალიბეს.
ამგვარად, ესტონელი ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეუფლებოდნენ მშობლიურ ენას, რაც მათ გარუსებისაგან იცავდა. პირველი ესტონური საბავშვო ბაღი 1905 წელს, ქალაქ ტარტუში გაიხსნა.
1918 წელს ესტონეთმა ბოლშევიკურ რუსეთს ომი მოუგო და დამოუკიდებელი გახდა. ამ პერიოდს ესტონელი მასწავლებლები მომზადებულები შეხვდნენ. მათ შეუერთდა უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც თავისუფალი თაობის აღზრდაში მონაწილეობის მიღება სურდათ.
სამწუხაროდ, ესტონეთში წითელი არმია მოგვიანებით მაინც შევიდა, კერძოდ კი 1940 წელს.
საბჭოთა პერიოდში მთავარ სასწავლო ენად კვლავაც ესტონური დარჩა. მიუხედავად ამისა, განათლების სისტემას სარეველასავით მოედო იდეოლოგიური ინდოქტრინაცია. ეს განსაკუთრებით შეეხო ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების სწავლებას. კომუნისტური დოქტრინა აღწევდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სახელმძღვანელოებშიც. მნიშვნელოვნად გაუარესდა უცხო ენების სწავლების ხარისხიც.
თუმცა, როგორც იმპერიის, ისევე საბჭოთა კავშირის ბოლო ეტაპზე, ესტონელებისთვის განათლება კვლავ ეროვნული მნიშვნელობის საკითხად იქცა.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე, 1987 წელს ჩატარებული ესტონელი მასწავლებლების კონგრესი, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა.
ესტონელმა მასწავლებლებმა მოითხოვეს ახალი, დამოუკიდებელი და მარქსიზმ-ლენინისგან თავისუფალი სასწავლო გეგმა საშუალო სკოლებისთვის.
ამაზე სამუშაოდ, მასწავლებლებმა, მეცნიერებმა და უნივერსიტეტების პროფესორებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური კომიტეტები.
ამ პროცესს ენთუზიაზმით შეხვდა ბევრი გადახვეწილი ესტონელი, რომელიც ქვეყანაში დაბრუნდა და ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში შეიტანა წვლილი.
1989 წელს, სსრკ-ს დაშლამდე ორი წლით ადრე, ახალი სასწავლო გეგმა ძალაში შევიდა. შედეგად, როცა 1991 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყნის განათლების სისტემა ახალ გამოწვევას მომზადებული შეხვდა.
ბუნებრივია, დამოუკიდებლობამ განათლების სისტემის გასავითარებლად ესტონელებს კიდევ უფრო მეტი შანსი გაუჩინა. ესტონელებმა შესაძლებლობა რამდენიმე მიმართულებით გამოიყენეს.
მოდერნიზაცია
90-იანების შუაში ესტონეთში ცენტრალიზებული გამოცდები დაინერგა. ამ დროიდან, სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ შეფასება მე-3 და მე-6 კლასის ბოლოს. მე-9 კლასის ბოლოს უტარდებათ ტესტირება, ხოლო საბოლოო, მე-12 კლასის შემდეგ კი გამოცდა, რომელიც ერთდროულად სკოლის დამამთავრებელიცაა და უნივერსიტეტში მისაღებიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ესტონურ სკოლებში 90-იან წლებში განხორციელდა, ვეფხვის ნახტომი იყო. ამ პროგრამის ფარგლებში, ყველა ესტონურ სკოლაში შეიყვანეს ინტერნეტი, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი კომპიუტერული განათლების კურსები ჩაუტარეს. ამან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რამდენიმე წელიწადში, ესტონეთი ევროპის ტექნოლოგიურ ლიდერად იქცა.
"სკაიპის" ოფისი ტალინში. "სკაიპი" ესტონეთის ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი სიმბოლოა.
„ბოლო წლებში, როცა ესტონურ სტარტაპებს ვსტუმრობდი, სულ ვეკითხებოდი, როგორ აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების სფეროში და მპასუხობდნენ, ვეფხვის ნახტომის ბავშვები ვართო. ის ხალხი, ვინც 14-15 წლისამ ინტერნეტი მიიღო, ახლა 35 წლისაა,“ - იხსენებდა მოგვიანებით პროგრამის თანაინიციატორი და ესტონეთის მე-4 პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი.
ამ პერიოდში სკოლებმა მეტი ავტონომიაც შეიძინეს. დეცენტრალიზაციის ფარგლებში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა გადაიბარეს სასკოლო განათლების მართვის სადავეები.
ახლა ესტონეთში სკოლის დირექტორს თავად შეუძლია აირჩიოს მასწავლებლები და აკონტროლოს სკოლის ბიუჯეტი, მასწავლებლებს კი შეუძლიათ, თავად აარჩიონ სახელმძღვანელო და სწავლების მეთოდი.
ამავდროულად, სკოლებს უფლება აქვთ, გარკვეულ მიმართულებებს მეტი ყურადღება დაუთმონ. მაგალითისთვის, ერთმა სკოლამ შეიძლება მეცნიერებაზე გადაწყვიტოს კონცენტრაცია, მეორემ - უცხო ენებზე.
სწავლა და სწავლება განათლებას დაწაფებულ საზოგადოებაში
ესტონური სკოლა მოსწავლეს ფართო განათლებას აძლევს. ძირითადი საგნების გარდა, ბევრ სკოლაში კოდირება და რობოტიკა პირველი კლასიდან ისწავლება. კურიკულუმი მოიცავს შემოქმედებით საგნებსაც, როგორიცაა მუსიკა და ხელოვნება. სავალდებულოა ფიზიკური განათლებაც.
პირველკასელი ესტონელები კოდირებას სწავლობენ
ყველა სკოლას აქვს სპეციალური სივრცე, სადაც მოსწავლეები ქსოვენ, სწავლობენ ხის საქმეს ან საჭმლის ერთად მომზადებას. ესტონელები მიიჩნევენ, რომ ამგვარი საქმიანობით, სკოლის მოსწავლეებს თვალსაწიერი უფართოვდებათ და ბევრ ისეთ რამეს სწავლობენ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
მოსწავლეებს საგაკვეთილო საათებს მიღმაც ბევრის მიღების საშუალება აქვთ - მათ შეუძლიათ, მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ მოამზადონ დავალებები და შეუერთდნენ სპორტულ ან სხვა სახის კლუბებს, რომლებსაც, უმეტესწილად, სკოლა მთლიანად უფინანსებთ.
სკოლები მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტშიც, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები და მასწავლებლები გაცვლითი პროგრამების საშუალებით საზღვარგარეთს სტუმრობენ.
მასწავლებლებისთვის უფასოა გადამზადების კურსები. ასევე, ისინი, იმავე საგნის მასწავლებელ კოლეგებთან ერთად, იმ ერთიანი ქსელის წევრები არიან, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს მოსაზრებებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
„პოლიტიკოსები და განსხვავებული პარტიები, როგორც მინიმუმ, ერთ მიზანს არ ეხებოდნენ - მასწავლებლის საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის 120% უნდა ყოფილიყო. ეს მასწავლებლებს უდასტურებს, რომ მათ ქვეყანა, პოლიტიკოსები და სახელმწიფო აფასებენ. ამიტომაც, თავადაც გრძნობენ მოტივაციას“, - გვითხრა პარლამენტარმა მარკო შორინმა.
მართლაც, იმისდა მიუხედავად, რომ სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ესტონეთში მასწავლებლების ხელფასები შედარებით დაბალია, მათი ზრდის ტემპი მართლაც შთამბეჭდავია - გასულ 10 წელიწადში OECD-ის ქვეყნებს შორის, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავეა მასწავლებელთა ხელფასების ზრდის სიჩქარით.
საერთოდაც, ესტონეთის განათლების სისტემის წარმატება იმით არ აიხსნება, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით ბევრ ფულს ხარჯავს. პირიქით - თუ OECD-ის ქვეყნების განათლების ბიუჯეტი საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 5.9%-ია, ესტონეთის შემთხვევაში ეს რიცხვი 4.9%-ს შეადგენს. ამდენად, საიდუმლო არა ბევრ ფულში, არამედ შედარებით ნაკლების ეფექტურად ხარჯვაშია.
ამისდა მიუხედავად, 2006 წლიდან ესტონელები მაინც ახერხებენ, რომ სკოლის ყველა მოსწავლის უფასო კვება უზრუნველყონ, ხოლო არაერთ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფენ საუზმესაც.
გარდა ამისა, მოსწავლეებს სრულად უფინანსდებათ სახელმძღვანელოები და ტრანსპორტი. ის მოსწავლეები კი, რომლებიც ღარიბ ოჯახებში იზრდებიან, სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას იღებენ.
შედეგად, ესტონელების მიღწევა შთამბეჭდავია იმ პრობლემის თვალსაზრისითაც, რაზეც ბევრ მდიდარ ქვეყანაში დღესაც თავს იმტვრევენ. კერძოდ, აკადემიურ მოსწრების თვალსაზრისით, ესტონეთში თითქმის წაშლილია ზღვარი შედარებით შეძლებული და ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ მოსწავლეებს შორის.
PISA-ს შედეგებით დგინდება, რომ ესტონეთში ყველაზე ღარიბი მოსწავლეები იმაზე უკეთ სწავლობენ, ვიდრე ბევრი განვითარებული ქვეყნის ყველაზე მდიდარი მეოთხედიდან წამოსული მოსწავლეები.
აქაც რუსეთი
PISA-ს შედეგებითვე დასტურდება, რომ ესტონეთის განათლების სისტემაში მაინც შემორჩენილია ერთი კომპონენტი, რომელშიც უთანასწორობა კვლავ აშკარაა - საუბარია რუსულენოვან სკოლებზე.
დღეს ესტონეთის მოსახლეობის 25% რუსულენოვანია. მათი უმეტესობა ესტონეთში საბჭოთა პერიოდში გადაასახლეს.
სწორედ ამ დროიდან გაჩნდა რუსულენოვანი სკოლები, რომლებიც რუსულენოვანი მოსახლეობის საბჭოთა სამყაროს ნაწილი იყო და დანარჩენ ესტონეთთან ინტეგრაციისგან ზღუდავდა. ისინი დღემდე ინარჩუნებენ სასკოლო სისტემას, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს.
სწორედ ამ სკოლების მოსწავლეები ჩამორჩებიან დანარჩენ ესტონელ თანატოლებს PISA-ს კრიტერიუმებში, იქნება ეს მათემატიკა, კითხვა თუ მეცნიერება. როგორც დგინდება, რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეებს კარგი ზოგადი უნარები და ცოდნა აქვთ, თუმცა დანარჩენებისგან განსხვავებით, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადმოტანა ნაკლები წარმატებით გამოსდით.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ესტონეთის მთავრობამ რუსულენოვან უმცირესობასთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და უფრო თამამ ნაბიჯებს დგამს. ეს განათლების სისტემასაც შეეხო.
ცოტა ხნის წინ, ესტონეთის პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 2024-25 სასწავლო წლიდან, ქვეყანა, მთლიანად ესტონურენოვან სასკოლო განათლებაზე გადავა.
მარკო შორინს და მის ცენტრის პარტიას მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ნაჩქარევია. თუმცა, ამას დიდი ხანია, ბევრი სხვა ესტონელი პოლიტიკოსი ითხოვს. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ხელი შეეწყობა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას, რომელიც დანარჩენი ქვეყნისგან კვლავ გაუცხოებული რჩება.