ბოლო კვირების განმავლობაში, ავღანეთში თალიბანის ტერიტორიული ექსპანსია გაგრძელდა - სხვადასხვა მონაცემებით ორგანიზაცია ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს - თალიბანმა დაიკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაზღვრო მონაკვეთი, მათ განათავსეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგზაო მაგისტრალებზე.
ამ ფონზე თალიბანში დარწმუნებულები არიან, რომ მალე თავის კონტროლს მთელ ავღანეთს დაუქვემდებარებენ, თალიბანის გამარჯვება სულ უფრო გარდაუვალი მოჩანს გარე დამკვირვებლებისთვისაც.
სინამდვილეში, ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, თალიბანის გამარჯვებები ხშირად გაზვიადებულია და მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში მათ სულ უფრო გაუჭირდებათ წინსვლა. ქვეყანაში მოქმედ 12 სამხედრო დაჯგუფებას შორის არის 6 ანტი-თალიბანური ორგანიზაცია, რომლებიც გაცილებით უფრო დაბალანსებულები და კარგად ორგანიზებულები არიან, ვიდრე შეიძლება გარედან ჩანდეს.
ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, სავარაუდოა, რომ ავღანეთს განგრძობითი შეიარაღებული კონფლიქტი და პოლიტიკური კრიზისი მოიცავს, ამ პროცესში კი ასეთ დაჯგუფეფებს უმნიშვნელოვანესი როლი ექნებათ.
"გამორიცხულია თალიბანმა ქალაქი აიღოს"
გენერალი სამი სადათი, რომელმაც წვრთნის პროგრამა აშშ-ში გაიარა და ამჟამად ჰელმანდის პროვინციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, თალიბანის ექსპანსიის მიუხედავად გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში თავდაჯერებულად ამბობს, რომ თალიბანი დიდი ქალაქების აღებას ვერ მოახერხებს.
სადათი საუბრობს ავღანეთის არმიის უკეთეს შეიარაღებაზე და წვრთნაზე, რომელიც მისმა ჯარისკაცებმა ბოლო წლებში გაიარეს. გენერალი ასევე ხაზს უსვამს ჯარისკაცების მორალურ მდგომარეობას და მათში არსებულ მხედრული მოვალეობის განცდას - დაიცვან სამშობლო ველურებისგან.
"გამორიცხულია თალიბანმა ქალაქი [ჰელმანდი] აიღოს - ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციები გვაქვს, საშუალოდ ყოველ 24 საათში ჩვენთან ბრძოლებში 60-დან 70-მდე თალიბი იღუპება, ამავე დროში ჩვენ დაახლოებით 1 ჯარისკაცს ვკარგავთ".
თალიბანის ექსპანსიაზე საუბრისას სადათი ამბობს იმასაც, რომ თალიბები რეალურად ქვეყნის 80%-ზე გაცილებით უფრო ნაკლებს აკონტროლებენ. გენერლის თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული სპეციფიკის გამო, ტერორისტებს სოფლის ტიპის დასახლებებში გარკვეული უპირატესობა აქვთ, თუმცა "მომდევნო კვირებში მსოფლიო ავღანეთის არმიის კონტრშეტევებს იხილავს, რაც თალიბანის უპირობო მარცხით დასრულდება."
გენერლის თავდაჯერება იმედისმომცემია თალიბანის მობრუნებით შეშინებული მილიონობით ავღანელისთვის და ამავდროულად იძლევა იმედს, რომ აშშ-ის მიერ ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შესაქმნელად დახარჯული მილიარდობით დოლარი ფუჭად არ დახარჯულა.
ამავდროულად, თალიბანის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერები ხაზს უსვამენ აშშ-ის საჰაერო კამპანიას და ამბობენ, რომ ტერორისტების დამარცხების საქმეში საჰაერო მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა აშშ საჰაერო მხარდაჭერას თალიბანის წინააღმდეგ 31 აგვისტოს შემდეგ - სწორედ ამ დღეს სრულდება აშშ-ის სამხედრო მისია ავღანეთში.
თავის მხრივ, თალიბები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციამ დაიკავა უმნიშვნელოვანესი პუნქტები თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ირანის და პაკისტანის საზღვარზე. თალიბანმა ასევე დაიკავა, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზაც, რაც მათ ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს ახალი მებრძოლების შემოდინებას მეზობელი ქვეყნებიდან.
ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, რაჰმატულა ნაბილის თქმით, თალიბანის სტრატეგია არ ითვალისწინებს ქალაქებზე სწრაფი კონტროლის დამყარებას. ნაბილი ამბობს, რომ თალიბანი თავდაპირველად პატარა ქალაქების აღებას შეეცდება, სადაც მათი მმართველობის დამყარება უფრო ადვილი იქნება.
ამავდროულად, თალიბები თავდაპირველად მოერიდებიან მკაცრი მმართველობის დამყარებას - პირველ ეტაპზე ისინი არ აუკრძალავენ გოგონებს სკოლაში სიარულს, შეეცდებიან აჩვენონ, რომ ისინი გასულ წლებში შეიცვალნენ და ამით შეეცდებიან ავღანეთის ურბანულ მოსახლეობაში ნდობის მოპოვებას, თუმცა თალიბანს ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება - ავღანელებს კარგად ახსოვს ის უბედურება, რომელიც თალიბებმა სამოქალაქო გამარჯვების შემდეგ, 1990-იან წლებში დაატრიალეს.
სავარაუდოა, რომ ბოლო კვირებში თალიბანის წინსვლის შესახებ გავრცელებული ცნობები გადაჭარბებული, ხოლო მათი დანაკარგების შესახებ გავრცელებული ცნობები გამიზნულად შემცირებულია. გეოგრაფიული ექსპანსიის მიუხედავად, თალიბანი უკიდურესად არაპოპულურია ქალაქების მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.
ბოლო თვეების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია არაერთხელ შეეცადა პროვინციული დედაქალაქების დაკავებას, თუმცა ჯერჯერობით მათ არცერთი ბრძოლა არ მოუგიათ.
მოჯაჰედები თალიბანის წინააღმდეგ
ავღანეთში მცხოვრებ ეთნიკურ ტაჯიკებს, ხაზარებს და უზბეკებს თალიბანთან სასტიკი დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მათთვის თალიბანის შეჩერება ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ტერორისტები კვლავ დაუბრუნდებიან ეთნიკურ წმენდებს, როგორც ეს 90-იანებში ხდებოდა.
ბალხის პროვინციის ყოფილმა გუბერნატორმა ატა მოჰამად ნურმა გასულ კვირებში მოჯაჰედების დამოუკიდებელ ჯგუფებს თალიბანის წინააღმდეგ გაერთიანებისა და ავღანეთის არმიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ალ-ქაიდას მიერ მოკლული ლეგენდარული მეომრის, აჰმად შაჰ მასუდის 32 წლის შვილი, აჰმად მასუდი მამის პროექტის, ჩრდილოური ალიანსის გაცოცხლებას ცდილობს, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური შეიარაღებული ჯგუფების კონგლომერატს წარმოადგენდა. ჰერათში გამაგრებული, ავღანელი უზბეკების ლიდერები ისმაილ ხანი და რაშიდ დოსტუმი თავიანთ პროვინციაში უკვე ებრძვიან თალიბებს.
რაჰმატულა ნაბილის თქმით, ავღანეთის ცენტრალური მთავრობის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურებში ჯამურად 300-350 ათასი ჯარისკაცია მობილიზებული. დამოუკიდებელი გასამხედროებული ჯგუფებში ჯამურად 120 ათასს მებრძოლია თავმოყრილი. თალიბანის წევრთა რაოდენობა სეზონურად იცვლება და დამოკიდებულია პაკისტანიდან და რეგიონის სხვა ქვეყნების ექსტრემისტული ჯგუფებიდან შემომატებულ ბოევიკებზე, თუმცა ჯამურად თალიბანის შემადგენლობაში 100-დან 120 ათასამდე მებრძოლია.
რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს არ აქვთ საკმარისი რესურსი და თანამედროვე შეიარაღება, მათ ხშირად არ შეუძლიათ ხელფასის გადახდა თავიანთი მებრძოლებისთვის. ისინი აცნობიერებენ, რომ თალიბანის დასამარცხებლად მათ ავღანეთის ცენტრალური მთავრობის და აშშ-ის დახმარება სჭირდებათ, თუმცა ეს დახმარება ჯერჯერობით არსად ჩანს.
ამ ჯგუფებს და ავღანეთს ცენტრალურ მთავრობას ცუდი ურთიერთობები აქვთ. მხარეებს შორის არ არსებობს ნდობა. საეჭვოა მათ დახმარება მიიღონ აშშ-სგანაც, რადგან უკვე მრავალი წელია აშშ მკაცრად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი გასამხედროებული ჯგუფების ფენომენს.
ამავდროულად, ამ ჯგუფების ლიდერებისთვის კვლავ უცნობია თუ რას მიიღებენ ისინი თალიბანზე გამარჯვების შემთხვევაში - შეძლებენ თუ არა ისინი ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიიღონ დამსახურებული პოლიტიკური ძალაუფლების წილი.
უნდობლობა ანტი-თალიბანურ ფრონტზე
ნდობის ნაკლებობიდან გამომდინარე, სამხედრო კოორდინაცია არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფებს შორის თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯავზიანის პროვინციაში დოსტუმის მებრძოლები და ავღანეთის არმია ოფიციალურად თანამშრომლობენ, მათი კოორდინაცია მაინც ძალიან დაბალ ნიშნულზეა - ადგილზე უმეტესად დოსტუმის ჯგუფები იბრძვიან, ხოლო ავღანეთის არმიის საჰაერო შეტევები ხშირად დაგვიანებული და არაზუსტია - ავღანეთის მთავრობის ჯარისკაცები ხშირად უბრძოლველადაც კი ტოვებენ პოზიციებს ან სულაც ნებდებიან.
მსგავსი ფაქტები ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ეთნიკურ ლიდერებს შორის უნდობლობას ზრდის. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ აშრაფ ღანი თალიბების მსგავსად ეთნიკური პუშტუნია, რაც ადგილობრივ ლიდერებში აჩენს ეჭვს, რომ ღანის თალიბანის დახმარებით რეგიონებში ეთნიკური სურათის შეცვლა უნდა. თუნდაც ამ მიზნით ღანის მიერ სანქცირებული თალიბანის ექსპანსია წარმოუდგენელია, მაგრამ ადგილობრივ ლიდერებში ეს საკმაოდ პოპულარული აზრია.
ამ თვალსაზრისით, ღანის მკაცრი უარი, გაუყოს ძალაუფლება ეთნიკურ ლიდერებს რეგიონებში, ანტი-თალიბანურ ფრონტში დაძაბულობის მთავარი წყაროა. ადგილობრივი გასამხედროებული ორგანიზაციები თალიბანის წინააღმდეგ არსებული ყველაზე მოტივირებული ჯგუფები არიან, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ თავიანთი თემისთვის. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ხელისუფლება არ ცდილობს მათ გამოყენებას და მათ ჩართვას ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
ფაქტია ისიც, რომ მარტო ავღანეთის არმიას თალიბანთან გამკლავება გაუჭირდება. სპეციალური ჯგუფების დანაყოფების გამოკლებით ავღანური ჯარის მოდელი ამერიკული არმიის პრინციპზეა აგებული - ცენტრალიზებულ არმიაში თავს იყრიან ადამიანები მთელი ქვეყნიდან, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად და მუშაობენ ერთად - ეს პრინციპი მუშაობს აშშ-ში, თუმცა არ გამოდგება ავღანეთისთვის.
ავღანეთში ჯარისკაცები ეფექტურად იბრძვიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ პასუხისმგებლობას საკუთარი თემის მიმართ ატარებენ და მათ დასაცავად იბრძვიან. ავღანელი ჯარისკაცების უმეტესობა არ არის ლოიალური ავღანური არმიის მიმართ, არამედ ლოიალურია თავისი კლანისა და ტომის მიმართ. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული თალიბანი, რაც მათი წარმატებული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
თალიბანის წინსვლის შესაჩერებლად აუცილებელი იქნება აშრაფ ღანიმ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარგად გაიაზრონ არსებული ვითარება - რომ ავღანეთი ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ უახლოეს წლებში ვერ ჩამოყალიბდა. ცენტრალურმა მთავრობამ ანტი-თალიბანურ ფრონტში შემავალ სხვა ჯგუფებს უნდა გაუყონ ძალაუფლება და აქცენტი დეცენტრალიზაციაზე გააკეთონ.
რას უნდა ველოდოთ
ამ დროისთვის ნათელია ერთადერთი რამ: აშშ-ის გასვლამდე მხარეები ინკლუზიურ პოლიტიკურ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ავღანელი ხალხის ისედაც რთულ მდგომაროებას. ნათელია ასევე ისიც, რომ სანამ აშრაფ ღანი პრეზიდენტის პრეზიდენტია, თალიბანი არაფერს დათმობს და პირიქით - ღანი იბრძოლებს ბოლომდე, სანამ თალიბანი არ დათანხმდება ახალ არჩევნებს და არ მიიღებს ქვეყნის კონსტიტუციას.
ამასობაში კი ადგილობრივი გასამხედროებული ჯგუფების ლიდერები თალიბანისგან თავისი ხალხის დასაცავად მაქსიმალურად შეეცდებიან მოიპოვონ მხარდაჭერა ნებისმიერი ადგილიდან. თუ არცერთი მხარე არ გამოიჩენს კომპრომისის მზაობას, ეჭვგარეშეა ერთი რამ - ქვეყნის შემდგომი ფრაგმენტაციის პროცესი გარდაუვალია.