-

 

რევიზიონისტული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე.

ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მკვეთრად ავიწროებს კონტინენტის სივრცეს მანევრისთვის, ასუსტებს მის პოზიციას და წარმოადგენს მის მთავარ სტრატეგიულ სისუსტეს მეტოქის წინაშე. 

გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული რუსეთი უკრაინის სახელმწიფო საზღვართან არმიის ნაწილებს აგროვებს, სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის ადგილზე 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა განთავსებული. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას, მაგრამ ამავდროულად აყენებს მოთხოვნებს. 

რუსეთი დასავლეთისგან და პირველ რიგში აშშ-სგან ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. გარდა ამისა რუსეთი ითხოვს ალიანსის სამხედრო აქტივობის შეზღუდვას მისი საზღვრის მახლობლად და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის რეზოლუციის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან. 

"ჩვენთვის მისაღები იქნება, თუ აშშ ცალმხრივად ხმას აღარ მისცემს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხს. ბუქარესტის ცნობილი ფორმულა უნდა შეიცვალოს იმით, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს არ გახდებიან ნატოს წევრები",- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. 

ამ კრიზისის და დიდი ომის მოლოდინის კონტექსტში, სულ უფრო საყურადღებო ხდება რუსეთის ენერგეტიკული დომინაცია ევროპაზე და ამისგან ნაწარმოები განსხვავებული პოზიციები დასავლური ბანაკის შიგნით. 

გაზი როგორც პოლიტიკური იარაღი

 

გასულ კვირას სენატში ჩავარდა რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც რუსულ გაზსადენ Nord Stream 2-ისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს 6 დემოკრატი სენატორის ხმა დააკლდა.

თავის მხრივ ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ რუსეთს გაზის ხელოვნური დეფიციტის შექმნაში. ევროპაში ფიქრობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირებით რუსეთი ცდილობს აიძულოს ევროპა, რაც შეიძლება სწრაფად შეიყვანოს ექსპლუატაციაში Nord Stream 2. 

საშუალო სტატისტიკურ წლებში ევროპა მისთვის საჭირო გაზის დაახლოებით 40%-ს სწორედ რუსეთისგან ყიდულობს. ევროპის ამ ხარისხის ენერგეტიკული დამოკიდებულება უკვე მიანიშნებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაშიც ისინი არ იფიქრებენ სანქციებზე რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. რუსეთის ეკონომიკის ძირითად და ყველაზე შემოსავლიან სექტორს კი სწორედ ენერგეტიკა წარმოადგენს. 

გარდა იმისა, რომ ევროპა ვერ გამოიყენებს სანქციების მუქარას რუსეთის შესაჩერებლად, საყურადღებაო ისიც, რომ ევროპაში შიშობენ, რომ სხვა სანქციების საპასუხოდაც კრემლმა შესაძლოა გაზის მიწოდება შეამციროს.  ამ შიშის ნათელი დადასტურებაა ბოლო დღეების განმავლობაში გაზსა და სხვა ენერგომატარებლებზე მკვეთრად მომატებული ფასები. რიტორიკის გამკაცრების მიუხედავად კვლავ უცნობია, რას მოიმოქმედებს გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-თან დაკავშირებით, თუ რუსეთი მართლაც შეიჭრება უკრაინაში. 

რუსეთის მიერ წარმოებული საომარი რიტორიკისა და გაზის მიწოდების მეთოდური შემცირების შედეგად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები ისედაც რეკორდულადაა გაზრდილი. ამან თავისი ეკონომიკური შედეგები უკვე გამოიღო დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, სადაც მოსახლეობას უკვე მკვეთრად გაძვირებული გათბობის ქვითრები მისდით. 

ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას მიმწოდებელზე, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. 

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე თავისი წილი გაზარდა - მხოლოდ გასულ წელს თურქეთის გამოკლებით და მხოლოდ გაზსადენებით რუსეთმა ევროპას 124 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიჰყიდა. შედარებისთვის ნორვეგიამ ევროპაში მხოლოდ 108 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. 

ამგვარად ევროპისთვის გაზსადენებით მიწოდებული ბუნებრივი აირის 29% სწორედ რუსულ გაზსადენებზე მოდის. ეს უფრო ნაკლებია ვიდრე 2018 წელს [34%] მაგრამ უფრო მეტია, ვიდრე 2014 წელს [27%]. ხაზგასასმელია, რომ რუსეთი გაზსადენების გარდა ევროპას ბუნებრივ აირს სხვა საშუალებებით აწვდის, მათ შორის დიდი ტანკერებითაც. 

ამგვარად, ვლადიმირ პუტინი ევროპასა და მსოფლიოს უჩვენებს, რომ გაზისა და ნავთობის ძველი გეოპოლიტიკა ჯერ კიდევ ცოცხალი და ეფექტურია. რთული წარმოსადგენია თუ რამ შეიძლება შეცვალოს ევროპის დამოკიდებულება უახლოეს მომავალში. 

ევროპაში დიდი ხანია ცდილობენ ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიცირებას, მათ შორის ბუნებრივი აირის შესყიდვას ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებისგან. ევროპაში დიდი ხანია ცდილობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლასაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, განახლებადი ენერგიის წყაროები არც ისე სტაბილურია - წარმოების მაჩვენებელი ხშირად ამინდებზეა დამოკიდებული. 

პოლიტიკურად გამყოფ საკითხად რჩება ბირთვული ენერგიის საკითხიც, ევროპაში ერთი მეორეს მიყოლებით იხურება ნახშირის მომპოვებელი საწარმოები და მკვეთრად მცირდება გაზის შიდა მოპოვება. ამ ვითარებაში ევროპას არ აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ შეისყიდოს რუსული გაზი, მაშინაც კი როცა ფასები რეკორდულად იზრდება. 

საქმე ის არის, რომ რუსულ გაზზე უარის შემთხვევაში ევროპას დიდი არჩევანი არ აქვს - აშშ-სა და სპრასეთის ყურის სახელმწიფოების გაზის საექსპორტო ტერმინალები გასულ თვეში ისედაც 99%-იანი დატვირთვით მუშაობდნენ. 

სავარაუდოა, რომ Nord Stream 2-ის მილსადენში გაზი კიდევ მინიმუმ რამდენიმე თვე არ ჩაეშვება, მაგრამ რა წამსაც გაზსადენი ექსპლუატაციაში შევა, ის ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილად გადაიქცევა. Nord Stream 2-ის მოცულობა გაუტოლდება Nord Stream 1-ის მოცულობას, რაც ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის 37%-ს შეადგენს. 

რუსეთი ევროპისთვის ენერგეტიკის ძირითად მიმწოდებლად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იქცა - დღევანდლისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი ნაკლებად აფასებდა ენერგეტიკის გეოპოლიტიკურ პოტენციალს და ძირითად მას როგორც ქვეყნის მთავარ ექსპორტს ისე უყურებდნენ. გაზისა და ნავთობის შეუფერხებელი მიწოდებით სსრკ ევროპასთან პრაგმატული კომერციული ურთიერთობების აწყობას ცდილობდა. 

ეს მოცემულობა მხარეებს შორის ურთიერთობის გაფუჭებასთან ერთად შეიცვალა - რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება ორჯერ 2006 და 2009 წელს შეაჩერა. ორივეჯერ ამის მიზეზი უკრაინასთან გაზის ტრანზიტის ტარიფზე შეუთანხმებლობა იყო. 

"2000-იან წლებში რუსეთმა გადაწყვიტა გაზი გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს",- ამბობს R.Politik-ის დირექტორი ტატიანა სტანოვაია. 

გასულ კვირას ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციამ დაასკვნა, რომ ევროპაში გაზის დეფიციტზე პასუხსიმგებელი რუსეთია. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფასების რეკორდული ზრდის პერიოდში, წლის მეოთხე კვარტალში რუსეთმა კიდევ უფრო შეამცირა ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა. 

მკვეთრად იზრდება ნედლი ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო ახურებს ინფლაციას, რომელიც ევროზონაში უკვე ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზეა. პირველად 2014 წლის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის ფასმა 90 დოლარს გადააჭარბა. რუსული ნავთობის ფასი მოსალოდნელზე მკვეთრად მეტი აღმოჩნდა გასულ 2020 წელსაც

აშშ-ის მიერ ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობების ზრდამ ვითარება მცირედით შეამსუბუქა, თუმცა ამის მიუხედავად ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის საბითუმო ფასები სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. 

ენერგეტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ცივი ამინდებისა და მცირე მარაგების ფონზე გაზის ფასი შესაძლოა რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გარეშეც გაიზარდოს. 

"ჩვენ არ გვაქვს საერთო ხედვა ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამას გვაზღვევინებენ",- ამბობს ბრიუსელში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გეორგ ზახმანი.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები