2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაზე მოახდინა გავლენა. რეგიონი დიდი კონფლიქტის ზღვარზეა, თუმცა ამჟამად კონფლიქტის ყველაზე ცხელი ფაზა ღაზას სექტორის ტერიტორიაზეა.
ტერორისტული თავდასხმის დროს "ჰამასის" მებრძოლებმა დაახლოებით 1200 ისრაელელი მოკლეს (მათი 70% მშვიდობიანი მოქალაქეა) და დაახლოებით 240 მძევალი აიყვანეს. "ჰამასმა" 100-ზე მეტი მძევალი ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიანი შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა ჯერ კიდევ ტყვეობაშია 136 ადამიანი. სხვადახვა ცნობებით, მათგან 32 ცოცხალი აღარ არის.
"ჰამასის" ქმედებების საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია.
ომის დაწყებისთანავე, ისრაელმა სექტორს ელექტროენერგიის საწვავის, წყლის მიწოდება შეუწყვიტა და მასიური დაბომბვის კამპანია დაიწყო. ომის მხოლოდ პირველ კვირაში ისრაელმა 6000 ბომბი ჩამოაგდო და გაეროს სატელიტური ცენტრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან მეხუთე თვეს, ღაზაში შენობების 60% დანგრეული ან დაზიანებულია. ღაზაში მყოფი პალესტინელების 85%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 1.9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა და მათი უმრავლესობა ამჟამად სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაში კარვებში ან ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სექტორში 32 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 12 ათასზე მეტი ბავშვი და 8 ათასზე მეტი ქალია. კიდევ რამდენიმე ათასი დაკარგულად ითვლება, რადგან მათი ცხედრები ნანგრევებშია. ამასთანვე, დაშავდა დაახლოებით 75 ათასი ადამიანი. (ამ რიცხვების გადამოწმება შეუძლებელია, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროებიც დაახლოებით მსგავს რიცხვებს ასახელებენ. - რედ).
უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ისრაელის მთავრობა დასავლური და არაბული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
3 მარტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ღაზაში დაუყონებლივ, დროებით ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა, რათა გამარტივდეს მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის და ისრაელს მოუწოდა მეტი გაეკეთებინა ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გასაზრდელად პალესტინელებს შორის "ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის" შესამსუბუქებლად.
"ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ ღაზაში, გამანადგურებელია. ჩვენ ვნახეთ ცნობები ოჯახების შესახებ, რომლებიც ჭამენ ფოთლებს ან ცხოველის საკვებს, ქალები მშობიარობენ სამედიცინო დახმარების გარეშე და ბავშვები იღუპებიან არასრულფასოვანი კვებისა და უწყლოების გამო," - თქვა ჰარისმა. "ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი მოკლეს."
ისრაელისა და მისი ხელისუფლების მიმართ მზარდი საერთაშორისო ზეწოლის საუკეთესო გამოხატულება აშშ-ის სენატის უმრავლეოსბის ლიდერის, ჩაკ შუმერის გამოსვლა იყო.
"როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში ისრაელის მხარდამჭერი, ჩემთვის ნათელი გახდა: ნეთანიაჰუს კოალიცია აღარ შეესაბამება ისრაელის საჭიროებებს 7 ოქტომბრის შემდეგ. სამყარო რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ და ისრაელელი ხალხს ახლა ახშობს მმართველის ხედვა, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი," - თქვა შუმერმა, რომელიც თავად ეთნიკურად ებრაელია.
ისრაელის გაცხადებული მიზანი მძევლების გათავისუფლება და "ჰამასის" სამხედრო შესაძლებლობების სრულად განადგურებაა, ამიტომ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის. ამავდროულად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება, რაც ისრაელის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლას ზრდის, რომ ღაზას სამხრეთში, ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს.
ქალაქ ღაზადან სამხრეთისაკენ მიმავალი პალესტინელი დევნილები
საკვების დეფიციტი
ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი საკვების მკვეთრი ნაკლებობა. საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელს მუდმივად მოუწოდებენ, რომ ღაზას სექტორის ტერიტორიაზე უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იორდანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჰუმანიტარულ დახმარებას თვითმფრინავებიდან ყრიან, თუმცა, ეს მეთოდი ძვირი და არაეფექტურია და დიდი რაოდენობით დახმარების მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
სწორედ ამიტომ, 8 მარტს, კონგრესისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზასთან დროებით ნავმისადგომს ააშენებს მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევად.
ღაზაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე კი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები მეტყველებს.
2023 წლის დეკემბერში "მსოფლიო საკვების ორგანიზაციისა" და "გაეროს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში შინამეურნეობების უმეტესობა არასაკმარის საკვებს იღებდა და მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართავდა ექსტრემალურ ზომებს გადარჩენისთვის. Human Rights Watch-მა ისრაელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენებაში დაადანაშაულა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას.
სასურსათო უსაფრთხოების ინტეგრირებული ფაზის კლასიფიკაციის (IPC) მეთოდით ჩატარებული კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მწვავეა ვითარება სექტორის ჩრდილოეთში სადაც 300 ათასი ადამიანი უკვე მარტშივე იყო შიმშილის პირობებში, სექტორში მცხოვრებმა მილიონზე მეტმა ადამიანმა კი უკვე სრულად ამოწურა საკვების მარაგი.
ამგვარად, IPC-ის მეთოდით ჩატარებული კვლვების ისტორიაში შიმშილის პირას მყოფი ადამიანების მაქსიმალური რიცხვია.
"წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, 2.2 მილიონი ადამიანი განიცდის სურსათის ნაკლებობას კრიზისულ დონეზე ან ოდნავ ზემოთ და ღაზაში შემოსული დახმარება არასაკმარისია, ამიტომ ზოგიერთი ოჯახი ყოველ 48 საათში ერთხელ იღებს მხოლოდ ერთ ქილა საკვებს.
სასურსათო დეფიციტმა და ბლოკადამ გაზარდა ინფლაცია საკვებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ღაზას მცხოვრებლების ნაწილმა ფქვილი ცხოველთა საკვებით ჩაანაცვლა, მაგრამ მისი ფასიც ასტრონომიულად არის გაზრდილი.
"წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, ღაზას ზოგიერთ ნაწილში ინფლაცია 3000%-ით გაიზარდა. ვრცელდება ცნობები, რომ 25 კგ ფქვილის ღირებულება 10-დან 100 დოლარი გახდა.
IPC Global Initiative-ის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, ღაზას სექტორში მწვავე კვებითი დაუცველობის სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება: 677 ათასი ადამიანი - კატასტროფული ნაკლებობა, 876 ათასი - საგანგებო სიტუაციაში და 578 ათასი ათასი - კრიზისში.
წყლის მიწოდების შეწყვეტა
პალესტინური მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა წყლის მიწოდების შეწყვეტა და სუფთა სასმელი წყლის დეფიციტია, რაც დაავადებების და პანდემიის გავრცელების საფრთხესაც კი ქმნის.
პალესტინის გარემოს ხარისხის შეფასების დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრებთა 66%-ს აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა, ქრონიკული დიარეა და ნაწლავური დაავადებები.
ჯანდაცვის ეს კრიზისი გამოწვეულია სასმელი წყლის დეფიციტით და წყლის გამწმენდი ყველა ობიექტის გამორთვით.
7 ოქტომბრის სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოაცხადა და მასიური დაბომბვა დაიწყო. ამან ღაზაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა.
2023 წლის 12 ოქტომბერს "გაერომ" განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებმა წყლის დეფიციტი 650 000 ადამიანისთვის შექმნა.
ამავდროულად, მოსახლეობა სვამდა ზღვის წყალს და მლაშე წყალს ფერმის ჭებიდან, რაც აძლიერებდა დაავადებების გავრცელების რისკს. 17 ოქტომბრისთვის, გაერომ განაცხადა, რომ ღაზაში ბოლო ზღვის წყლის გამფილტრავი ქარხანა დაიხურა. მოგვიანებით Guardian-მა წერდა, რომ შესაძლოა ადამიანების დეჰიდრატაციით გარდაცვალება დაიწყო.
2024 წლის იანვარში ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზას მთავარი რეზერვუარები, ალ-ბალადი და ალ-რიმალი გაანადგურა.
ღაზაში გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის დირექტორმა განაცხადა: "სუფთა სასმელი წყალით მოსახლეობის მხოლოდ მესამედით დაკმაყოფილება შეგვიძლია."
დაავადებების გავრცელება
საბრძოლო მოქმედებების შედეგად ათასობით ადამიანის დაღუპვის ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებობს შეშფოთება, რომ ჰუმანიტარულმა კრიზისმა შეიძლება ღაზაში სხვადასხვა დაავადებების ფართო გავრცელება გამოიწვიოს, რაც მსხვერპლს კიდევ უფრო გაზრდის.
Oxfam-ისა და "გაეროს" თანახმად, ღაზაში სუფთა წყლისა და სანიტარული სისტემის ნაკლებობა გამოიწვევს ქოლერისა და სხვა სასიკვდილო ინფექციური დაავადებების ზრდას. Oxfam-მა განაცხადა, რომ ღაზას კანალიზაციის სადგურებმა და ჩამდინარე წყლების გამწმენდმა ნაგებობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, ამიტომ მყარი ნარჩენებისა და დაუმარხავი ცხედრების დაგროვება, სავარაუდოდ, დაავადებების გავრცელებას გამოიწვევს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" საგანგებო სიტუაციების რეგიონულმა დირექტორმა რიჩარდ ბრენანმა 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა: "მომწიფებულია პირობები რიგი დიარეული და კანის დაავადებების გავრცელებისთვის."
ადგილობრივმა ექიმმა ნაჰედ აბუ თაემამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირებით გადატვირთული თავშესაფრები "დაავადების გავრცელების მთავარი ადგილია."
10 ნოემბერს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განცხადებით, ინფექციური დაავადებების, მათ შორის დიარეისა და ჩუტყვავილის შემთხვევების რაოდენობა იზრდებოდა. ამასთანავე, ქუჩებში დაგროვილი ნარჩენები მწერებისა და ვირთხების გავრცელების საფრთხეს ქმნის.
29 დეკემბერს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ ღაზაში ზედა სასუნთქი გზების ინფექციების 180 000, დიარეის - 136 400 და ჩუტყვავილას - 5 330 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქალაქ ღაზას მერმა იაჰია ალ-სარაჯმა განაცხადა, რომ ქალაქში 50 ათას ტონაზე მეტი ნაგავი იყო დაგროვილი, რამაც შემდგომში შეიძლება დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს.
პალესტინელები ლოცულობენ ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრებთან, ქალაქი ხან იუნისი, 22 ნოემბერი, 2023 წელი
მსხვერპლის რაოდენობა
"ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სექტორში 32 845 ადამიანი დაიღუპა და 75 392 დაშავდა. მათი განცხადებით, ბევრი გარდაცვლილი ნანგრევების ქვეშ რჩება და სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟები მათთან მიღწევას ვერ ახერხებენ.
სამინისტრო თავის მონაცემებში არ ასხვავებს ტერორისტებსა და სამოქალაქო პირებს.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაღუპულების ყოველდღიური მაჩვენებელი ეყრდნობა საავადმყოფოებში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის ერთობლიობას, რომლებიც ჯერ კიდევ ნაწილობრივ მუშაობენ და მედიის ცნობებს, ღაზას ჩრდილოეთით დაღუპულთა აღსარიცხად, რადგან სექტორის ამ ნაწილს ისრაელის ძალები აკონტროლებენ.
სამინისტროს ყოველდღიური მოხსენება აჩვენებს, რომ დაღუპულთა დათვლის ელექტრონული სისტემა 12 ნოემბერს შეფერხდა, როდესაც კომუნიკაცია დაიკარგა ჩრდილოეთის სამ მთავარ საავადმყოფოსთან, რასაც მალე მოჰყვა ღაზას სხვა ნაწილებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები.
სამინისტროს ცნობით, 17 ათასზე მეტი პალესტინელის სიკვდილი აღწერილია მსხვერპლის სახელით და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეყვანილი პერსონალური მონაცემებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
დანარჩენი 14 ათასი ადამიანის დაღუპვა დაფუძნებულია "სანდო მედიის წყაროების" ცნობებზე, თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რომელი წყაროებია ეს.
უპრეცედენტოდ მაღალ სამოქალაქო მსხვერპლსა და ნგრევაზე მეტყველებს დამოუკიდებელი ანალიზიც. გასული წლის დეკემბერში Washington Post შესწავლილ ათასობით ვიზუალურ მასალას, სატელიტურ გამოსახულებებს, გაეროს მონაცემებს, ღაზაში მომუშავე ათობით მედიკოსებსა და შეიარაღების საკითხებში გამოკითხული ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელის არმიის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანია ღაზის სექტორში სამოქალაქო მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბით 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ომია.
წყაროს ცნობით, საომარი მოქმედებების 3 თვის განმავლობაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში უფრო მეტი შენობა განადგურდა, ვიდრე ალეპოს კამპანიის დროს, რომელსაც ასადის რეჟიმი რუსეთის დახმარებით თითქმის 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა. ნგრევის მასშტაბი ღაზაში ასევე აღემატება კოალიციური ძალების სამხედრო კამპანიას ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ქალაქ რაყასა და მოსულში.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში 13 ათასზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა და კიდევ 1000 ისრაელის შიგნით 7 ოქტომბერს მოკლეს.
რაფა - დევნილების უკანასკნელი თავშესაფარი
ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილებიდან პალესტინელები მასობრივად გადავიდნენ სექტორის სამხრეთ ნაწილში. მოგვიანებით ისრაელმა სამხრეთ ღაზას ქალაქი ხან იუნისიც დაიკავა, რომელიც "ჰამასის" ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება და ამჟამად ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ქალაქი რაფა დევნილების და "ჰამასის" გადარჩენილი მებრძოლების უკანასკნელ თავშესაფრად იქცა.
რაფას შეფარებული ადამიანები სრულ ალყაში არიან. სამხრეთით ეგვიპტეა, რომელსაც საზღვარი სრულად აქვს ჩაკეტილი და მხოლოდ რამდენიმე ათეული მძიმედ დაჭრილი პალესტინელი მიიღო. ჩრდილოეთით კი, დაახლოეთი 10 კილომეტრში ხან იუნისი მდებარეობს, სადაც ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს, ხოლო დასავლეთით ხმელთაშუა ზღვა.
პალესტინელი ბავშვები საკვების რიგში, რაფა
ომამდე რაფაში დაახლოებით 275 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, პალესტინელების სამხრეთით ევაკუაციის შემდეგ კი მოსახლეობა სამნახევარჯერ გაიზარდა და 1 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა.
ეს ზრდა მით უფრო დრამატულია, როცა რაფას ტერიტორიულ განფენილობას დავაკვირდებით, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო ღაზას ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დასახლება იყო. რაფაში ახლა დაახლოებით იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც კალიფორნიის ქალაქებში - სან დიეგოსა (1.4 მილიონი) და სან ხოსეში (1 მილიონი). თუმცა არსებობს განსხვავება. სან-დიეგოში მოსახლეობა გადანაწილებულია რაფაზე თითქმის 15-ჯერ დიდ ტერიტორიაზე, სან ხოსეში კი - 7-ჯერ.
ქალაქში განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. დასახლებას არ ჰქონდა ამ რაოდენობის ადამიანის დაბინავების ინფრასტრუქტურული რესურსი, შესაბამისად, ბევრი ადამიანი ბრეზენტებში, კარვებში ან ნაგვის ნარჩენებისგან აწყობილ თავშესაფრებში ცხოვრობს.
UNICEF-ის მონაცემებით, რაფაში მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვია - დაახლოებით 600 ათასი. გაეროს სააგენტოს ცნობით, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვების 5% ქალაქში მწვავედ არასრულფასოვნად იკვებება, ეს მათ იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც მათი საერთო დაავადებებისგან სიკვდილის რისკს ზრდის.
ისრაელის მოსალოდნელი შეტევა რაფაზე
ომის დაწყებისთანავე, ისრაელის მთავრობამ ორი ძირითადი მიზანი დაისახა: ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და "ჰამასის" სამხედრო შესაძლებლობების განადგურება.
ამ მიზნების მისაღწევად ისრაელი აუცილებლად მიიჩნევს ქალაქ რაფაზე შეტევის დაწყებას.
15 მარტს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უსაფრთოხების კაბინეტმა რაფაზე შეტევის სამხედრო ოპერაციული გეგმა დაამტკიცა.
ისრაელმა განაცხადა, რომ რაფა, სადაც "ჰამასის" ოთხი ბატალიონია განლაგებული, ტერორისტების ბოლო დიდ დასაყრდენად რჩება.
"ჰამასთან" მოლაპრაკებები კი დიდი ხანია ჩიხშია შესული. ტერორისტები ისრაელს ღაზას სექტორიდან ჯარის სრულად გაყვანას და ომის პერმანენტულად დასრულებას სთხოვდნენ. ისრაელის პირობა კი ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების ნაწილობრივ გაყვანა იყო. მოგვიანებით "ჰამასმა" პირობები შეარბილა და ექვსკვირიანი ზავის დროს ღაზას "ყველა ქალაქიდან და დასახლებული რაიონიდან" ჯარების გაყვანა და მეტი ჰუმანიტარული დახმარება, ასევე 40 ქალის, მოხუცის და მძიმედ დაავადებული ებრაელი ტყვის განთავისუფლების სანაცვლოდ, 500-1000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის, ამიტომ ისრაელის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ "ჰამასი" ძალიან ბევრ დათმობებს ითხოვს და სამხედრო ზეწოლის ზრდა ერთადერთი გამოსავალია.
ისრაელის ხელისუფლების ამ გეგმამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა რაფაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა
გარდა იმისა, რომ ქალაქს მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს, რაფა ასევე ლოჯისტიკური კვანძია, საიდანაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდება.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რაფაში შეჭრა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სათანადო ზომების გარეშე, "წითელი ხაზი" იქნება.
ისრაელმა განაცხადა, რომ შექმნის "ჰუმანიტარულ კუნძულებს," რათა არ დაშავდნენ ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ახლა კარავებში ან ხალხმრავალ თავშესაფრებში ცხოვრობენ. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თავდასხმის დროს ხაფანგში არ აღმოჩნდებიან.
მოგვიანებით, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა ისრაელს "კაცობრიობის სახელით" მოუწოდა, არ განაგრძოს შეტევა და გააფრთხილა, რომ "ჰუმანიტარული კატასტროფა არ უნდა გაუარესდეს."
თუმცა, ისრაელის საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში არსებული განწყობა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ერთმანეთს სრულად არის აცდენილი.
10 მარტს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ისრაელის ებრაული მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს თავდაცვის ძალების ოპერაციების გაფართოებას ღაზას უკიდურეს სამხრეთ ქალაქ რაფაში. ხოლო ისრაელელი არაბების ორი მესამედი ამ ოპერაციის დაწყებას არ ეთანხმება.
ამასთანავე, ცოტა ხნის წინ ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციაში ომისას შესული ბენი განცის გაერთიანება ნეთანიაჰუს პარტიის ყოფილმა წევრმა, გიდეონ საარმა მის გუნდთან ერთად დატოვა და ხელისუფლება რაფაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
როგორ განვითარდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია და რამდენად დამძიმდება ჰუმანიტარული კრიზისი ღაზას სექტორში, დიდწილად "ჰამასის" და ისრაელის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. მისი წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში კი, რაფაში სამხედრო ოპერაციის დაწყება და ტრაგიკული ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება გარდაუვალია.