ბოლო რამდენიმე კვირაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შეიარაღებული ძალების შენაერთებს აგროვებს და ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანი კი სომხეთს 2020 წლის ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების შეუსრულებლობაში და სომხების მიერ კონტროლირებული სტეფანაკერტის ბლოკადაში ადანაშაულებს.
მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა და საერთაშორისო მედიაში ამას ჰუმანიტარულ კრიზისსაც უწოდებენ. სტეფანაკერტი აზერბაიჯანელი სამხედროების ალყაშია და მასსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას ე.წ. ლაჩინის კორიდორს რუსი სამხედროები იცავენ. სწორედ ამ გზით უნდა შედიოდეს სტეფანაკერტში ძირითადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები, ასევე ამ გზით უნდა გადიოდნენ მოქალაქეები სომხეთში სამედიცინო დახმარების მისაღებად ან სხვა მიზნებით. თუმცა, აზერბაიჯანმა ეს სატრანსპორტო დერეფანი მაქსიმალურად შეზღუდა, რამაც ქალაქში საკვები პროდუქტების დეფიციტი გააჩინა.
ამ პროცესების პარალელურად, განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა სომხეთსა და რუსეთს შორის. რუსული პროპაგანდისტული მედია ნიკოლ ფაშინიანის საგარეო პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს, განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება სომხეთში ამერიკასთან ერთად სამხედრო წვრთვნების დაწყებისა და 2 პრო-რუსი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი თვითგამოცხადებულ ყარაბაღში ახალი პრეზიდენტის არჩევაც გახდა, რასაც აზერბაიჯანი და საერთაშორისო საზოგადოება მკაცრი კრიტიკით შეხვდა.
რა სახეს მიიღებს კონფლიქტის ეს ფაზა თურქეთისა და რუსეთის პოზიციებზეც არის დამოკიდებული. ბევრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ეს ქმედებები შესაძლოა არა ომისთვის მზადება, არამედ სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაა, რათა ფაშინიანმა ხელი მოაწეროს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას, ოფიციალურად აღიაროს ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად და გახსნას ზაგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს მის ანკლავთან - ნახიჭევანთან აკავშირებს.
კონფლიქტის პრეისტორია
მთიანი ყარაბაღი (სომხური დასახელება არცახი) საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ მისი მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 120 000-ია. მათ საკუთარი სეპარატისტული მთავრობა ჰყავთ, რომელიც ფინანსურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით სომხეთზეა დამოკიდებული, მაგრამ ოფიციალურად სომხეთის ან სხვა ქვეყნის მიერ აღიარებული არ არის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყარაბაღის პირველ ომში (1988-1994) სომხეთმა რუსეთის მხარდაჭერით გაიმარჯვა. ომის შედეგად 30 000 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ სომხეთს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გარდა, ოკუპირებული ჰქონდა მის მიმდებარედ არსებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონი.
44-დღიანი ომი
ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები ხშირად მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთის ჩართულობით ეს საცეცხლე შეტაკებები სრულმასშტაბიან ომში არასდროს გადაზრდილა.
2020 წელს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც მალე ყარაბაღის მეორე ომში გადაიზარდა. 2000-იან წლებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასის ზრდის გამო, აზერბაიჯანის საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა სომხეთზე ბევრად დიდ რესურსებს ხარჯავდა თავდაცვაზე. აზერბაიჯანს განსაკუთრებით აქტიური სამხედრო თანამშრომლობა აქვს თურქეთთან და ისრაელთან, რაც მის შეიარაღებულ ძალებს სომხეთზე ტექნოლოგიურ უპირატესობას აძლევდა.
საჰაერო დომინაციის და სხვა ფაქტორების ერთობლიობით, აზერბაიჯანმა სომხეთი ომში დაამარცხა და ოკუპირებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ ომში სომხეთისთვის დახმარება არ აღმოუჩენია და სრულიად ნეიტრალურად ადევნებდა თვალს ამ დაპირისპირებას. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა სომხეთის მოსახლეობაში და ხელისუფლებაში პრო-რუსული კურსის ეჭვქვეშ დაყენება და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ, დასავლეთთან დაახლოებისკენ და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ ნაბიჯების გადადგმა.
საბოლოოდ 44 დღიანი ომი 2020 წლის 9 ნომებერს გაფორმებული შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც ხელი ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს.
მხარეები ტყვეების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ოკუპირებული ტერიტორიები სრულად დატოვა და ჯამში იქამდე ოკუპირებული ტერიტორიის 75% დაკარგა. ე.წ. ლაჩინის კორიდორის და ადგილობრივი სომხების უსაფრთხოების გარანტი კი 2000 რუსი სამშვიდობო გახდა, რომლებიც რეგიონში მინიმუმ 5 წლით დარჩებიან.
ამავდროულად, სომხეთმა აიღო ვალდებულება, რომ გახსნიდა გზას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჭევანს შორის - ე.წ. ზანგეზურის დერეფანს. შეთანხმების ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა, რაც კონფლიქტის ამჟამინდელი ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სამშვიდობო მოლაპარაკებები
ომის დასრულების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უფრო ფართო შეთანხმებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები, რამაც კონფლიქტის საბოლოო მოგვარება და ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება უნდა გამოიწვიოს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების რაუნდებისას, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შუამავლობით, ორივე მხარე სამშვიდობო ხელშეკრულებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს წლების განმავლობაში იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტა კვლავ შორს არის.
ყველაზე სენსიტიური საკითხი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ეთნიკური სომეხის სტატუსია, რომელთა უფლებები და უსაფრთხოება სომხეთის თქმით, გარანტირებული უნდა იყოს აზერბაიჯული სახელმწიფოს შიგნით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ბაქო საპასუხოდ აცხადებს, რომ სომხეთს არ ენდობა და კვლავ "სეპარატიზმის გაღვივებაში" ადანაშაულებს.
აზერბაიჯანელი სამხედროების საგუშაგო ლაჩინის კორიდორთან
ჰუმანიტარული კრიზისი სტეფანაკერტში
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანელმა სამოქალაქო პირებმა, რომლებიც თავს ეკოლოგიურ აქტივისტებად მოიხსენიებენ, ლაჩინის კორიდორის ბლოკირება დაიწყეს, ხოლო 2023 წლის აპრილში აზერბაიჯანმა მის გასწვრივ ახალი საგუშაგო შექმნა. ამის შემდეგ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მოქალაქეების მიმოსვლა და საქონლის შესვლა შეწყდა, გარდა სასწრაფო სამედიცინო აუცილებლობისა.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ეს ზომები სომხეთიდან ყარაბაღში იარაღის შესვლის პრევენციისთვის მიიღო.
თუმცა, რეგიონში ჰუმანიტარული ვითარება უმძიმესია. თვითგამოცხადებული მთიანი-ყარაბაღის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ საკვების ნაკლებობით პირველი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.
ყარაბაღში საერთაშორისო მედია შესვლას ვერ ახერხებს და ადგილობრივებთან კონტაქტი მხოლოდ დისტანციურად არის შესაძლებელი. ლაჩინის კორიდორს ადგილობრივები "სიცოცხლის გზასაც" უწოდებენ, რადგან სწორედ ამ გზით იღებდა რეგიონი საკვებსა და მედიკამენტებს.
რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ჰქონდა, თუმცა ორგანიზაცია სტეპანაკერტში ბოლოს 18 აგვისტოს შევიდა.
აგვისტოში გაეროს ექსპერტებმა აზერბაიჯანს მოუწოდეს შეაჩეროს "მწვავე ჰუმანიტარული" კრიზისი და მოხსნას ბლოკადა.
სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა პრეზიდენტმა არაიკ ჰარუტინიანმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიზანი სომეხი ხალხის გენოციდია.
საპასუხოდ, აზერბაიჯანი ბლოკადას უარყოფს და აცხადებს, რომ სომხეთის მიერ ლაჩინის გზის "ბოროტად გამოყენებამ" 2020 წლის კონფლიქტის დასრულების შემდეგ "აუცილებელი გახდა აზერბაიჯანის ლეგიტიმური და კანონიერი ქმედება - სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნა მის საზღვარზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად."
ყარაბაღის თვითგამოცხადებული ხელისუფლების თქმით, მაღაზიების დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების თაფლი და არაყი დარჩა, ხოლო სხვა ყველაფერი ცარიელია. ასევე ყარაბაღის დასახლებებში რიგებია პურზე. ვერ ფუნქციონირებენ მუნიციპალური სერვისები - ბენზინის დეფიციტის გამო ვერ ხერხდება ნაგვის გატანა. ამავე მიზეზით დღეში 8 საათით მოქალაქეებს ელექტროენერგია არ აქვთ.
ყარაბაღის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონის მოსახლეობის 95% საკვების ნაკლებობის და შიმშილის გამო ვერ იღებს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება აზერბაიჯანს დაეთანხმა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო.
12 სექტემბერს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული რუსული სატვირთო ავტომობილი შევიდა. რუსეთის წითელმა ჯვარმა სტეფანაკერტში საბნები, ჰიგიენის ნივთები და საკვები შეიტანა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 სექტემბრის დახმარების შეტანას "პოზიტიური ნაბიჯი" უწოდა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება "ხელს უშლის ამ შეთანხმების განხორციელებას."
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვიდან დახმარების გაგზავნა წარმოადგენს "პირველ ნაბიჯს" კრიზისის გადასაჭრელად იმ მოლოდინით, რომ ლაჩინის დერეფანი "უახლოეს მომავალში" განიბლოკება.
ამავდროულად, სომხეთმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ ვერ უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნის ფუნქციონირებას და ყარაბაღში სომხების დაცვას.
აფთიაქი სტეფანაკერტში, ბაგრამიანის ქუჩაზე
სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობის გაუარესება
ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის საფრთხის ზრდის და ჰუმანიტარული კრიზისის პარალელურად, განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და სომხეთს შორის.
სომხეთის ხელისუფლება ნათლად აცნობიერებს, რომ რუსეთს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია ან არ სურს. ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ სომხეთში უფროდაუფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლიან, რომ რუსეთზე უსაფრთხოების თვალსაზრისით დამოკიდებულება არ შეიძლება და ეს მათთვის არანაირ გარანტიას არ წარმოადგენს.
როგორც ჩანს, ეს განწყობა სომხეთის ხელისუფლებაშიც არსებობს, რაზეც მათი ნაბიჯები თუ განცხადებები მეტყველებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში თქვა, რომ უსაფრთხოებაზე რუსეთზე სრული დამოკიდებულება "სტრატეგიული შეცდომაა."
6 სექტემბერს კიევში სომხეთის პრემიერის მეუღლე ანა ჰაკობიანი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ჰაკობიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად ფოტო გადაიღო და კიევში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
ამასთანავე, სომხეთი რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესს იწყებს, რითაც ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარე გახდება. სასამართლომ კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სტატუტის რატიფიცირების შემდეგ სომხეთის ხელისუფლება ვალდებული იქნება, პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმროს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ესკალაციას ხელი შეუწყო 6 და 7 სექტმბერს, სომხეთში იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით Sputnik სომხეთის ჟურნალისტის აშოტ გევორქიანის და პრორუსი ბლოგერის მიკა ბადალიანის დაკავებამ.
ამ ამბავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია ერევანში გამართულ რუსულ-სომხურ მედიაფორუმთან დაკავშირებით. მათი პროვოკაცია, ვინც ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. დასავლეთმა კი ამაში დიდი ფული ჩადო. ცხადია, ამისკენ მიმართული ძალები ბოლო დროს გააქტიურდნენ." - დაწერა ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხზე.
8 სექტემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი დაიბარა. კრემლის თანახმად, ერევნის მიერ გადადგმული "არამეგობრული ნაბიჯების სერიისთვის" მას "მკაცრი გაფრთხილება მისცეს."
ხოლო ურთიერთობების გაუარესების ყველაზე დიდი მიზეზი 11 სექტმებერს სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დაწყება გახდა. ამერიკული მხრიდან წვრთნებში 85 სამხედრო მონაწილეობდა, სომხეთიდან კი - 175.
რუსეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა დონეზე გააკრიტიკა სომხეთის ეს გადაწყვეტილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კარგს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ "ნატოს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეაღწიოს."
პერსპექტივები
2020 წლის ნოემბრის შეთანხმებით ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები მინიმუმ 5 წლით უნდა დარჩნენ. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რეგიონში რუსი სამშვიდობების ყოფნის პერიოდში აზერბაიჯანი ახალი ომის დაწყებისგან თავს შეიკავებს. შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ კონფლიქტის ამ ტიპის ესკალაცია მიზნად სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას ისახავს, რათა ნიკოლ ფაშინიანი საბოლოოდ დათანხმდეს სამშვიდობო შეთახნმებას და გახსნას ზანგეზურის დერეფანი, რაც აზერბაიჯანისთვის ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესია.
ამასთანავე, ბევრი დასავლელი მიმომხილველი ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის და დასავლური სახელმწიფოების მიერ ყარაბაღში არსებულ კრიზისზე გამოთქმული კრიტიკა საკმაოდ ზომიერია. ამის მიზეზად კი ისინი ევროკავშირის მიერ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის ზრდის პერსპექტივებს ასახელებენ. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპული ქვეყნები რუსული გაზის ჩანაცლვებას ნაწილობრივ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით გეგმავენ.
კიდევ უფრო უცნაურია რუსეთის ხელისუფლების პასიურობა, რაც აშკარად ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მიუღებლობით აიხსნება. სომხეთის მთავრობის ანტი-რუსული განცხადებების ფონზე, რუსული პროპაგანდისტული მედია მთლიანად ფაშინიანის საწინააღმდეგო კამპანიითაა დაკავებული, რაც ერთი შეხედვით პარადოქსულია, რადგან სომხეთი ОДКБ-ს წევრი და გრძელვადიან პერსეპქტივაში რეგიონში რუსეთის ერთადერთი პარტნიორია. რუსეთის პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად მისი შეიარაღებული ძალების უკრაინაში მასშტაბურ ომში ჩართულობაც სახელდება, რაც მას არ აძლევს საშუალებას კავკასიაში უფრო აქტიურად იმოქმედოს.
სომხეთის პერსპექტივები კი ძალიან ბუნდოვანია. ნიკოლ ფაშინიანს ბოლო დღეებში რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტთანაც, მაგრამ მან არ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, რამაც რუსეთის ხელიუსფლებაში მის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა.
რთული სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები მთიან ყარაბაღში, თუმცა ყველაზე სავარაუდო რეგიონის ბლოკადის გაგრძელება და ეთნიკური სომხების იძულებაა, დატოვონ ეს ტერიტორია.
მეორე შესაძლო სცენარად ახალი ომი განიხილება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აზერბაიჯანის არმია რუს სამშვიდობოებთან დაპირისპირებაში არ შევა და მოსკოვთან ფარულ შეთანხმებას გააფორმებს.
არის მესამე, კიდევ უფრო სარისკო სცენარიც, როდესაც აზერბაიჯანი შეტევას არა ყარაბაღის სომხურ ნაწილზე, არამედ თავად სომხეთის ტერიტორიაზე, ზანგეზურის დერეფნის გასახსნელად იწყებს, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილებას სერიოზული რისკები ახლავს თან. ამით აზერბაიჯანი კონფლიქტის დაზარალებული მხარიდან აგრესორად იქცევა და ამ ტიპის გადაწყვეტილებას არანაირი საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება.