-

3 ივლისს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში, ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ორმხრივ შეტაკებებში მინიმუმ 10 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ "ქალაქ ჯენინისა და ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ვრცელი კონტრტერორისტული ძალისხმევა დაიწყეს," რის ფარგლებშიც ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

გაეროს ჰუმანიტარული ოფისის განცხადებით, ლტლოვილთა ბანაკში რეიდის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბანაკებში დაშავებულთა სამკურნალოდ არ შედიოდა.

ორშაბათს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკი ათასობით ადამიანმა დატოვა.

ამ ყველაფრის ფონზე, ისრაელის არმიის ქმედებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და საზოგადოებაში.

დრონების თავდასხმის შემდეგ, ჯენინში შენობებიდან კვამლი ამოდის

ჯენინის ბანაკი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი ჯენინი, 1996 წლის შემდეგ, პალსტინური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ამის მიუხედავად, ისრაელის არმია, სპეცოპერაციებს, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე ატარებს. ქალაქ ჯენინის მოსახლეობა დაახლოებით 40 000-ია, საიდანაც დაახლოებით 14 000, სხვადასხვა პერიოდის სამხედრო კონფლიქტების შედეგად ლტოლვილად ქცეული პალესტინელები არიან.

ჯენინში, კომპაქტურად მცხოვრები ლტოლვილთა დასახლება, ანტი-ისრაელური ტერორისტული მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობები და ისრაელის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება, ჯენინელი ახალგაზრდების რადიკალიზაციის ხელშემწყობ მიზეზად მიიჩნევა.

ეს ქალაქი გასანკუთრებით მწვავე დაპირსიპირების ცენტრი 2000-იანი წლების დასაწყისში, მეორე ინტიფადის დროს გახდა, როდესაც ქალაქში არსებული ტერორისტული ქსელის საწინააღმდეგოდ, ისრაელმა სპეცოპერაცია დაიწყო, რასაც ჯამში, ორივე მხრიდან, დაახლოებით 80 ადამაინი ემსხვერპლა.

3 ივლისს დაწყებულ რეიდამდე, ისრაელმა ამ დასახლებაში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 26 იანვარს ჩაატარა, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშინ ისრაელის მთავრობა აცხადებდა, რომ მათი ძალები ჯენინში შევიდნენ, რათა დაეკავებინათ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" ტერორისტები, რომლებიც "ჩართული იყვნენ ისრაელის მოქალქეებსა და სამხედროებზე მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმების მზადებაში."

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჯენინის ლტოლვითა ბანაკში სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, რათა ჩაეშალათ ადგილობრივი ჯიჰადისტების ქსელის მიერ დაგეგმილი ტერაქტი.

მსგავსი სპეცოპერაცია ისრაელმა 20 ივნისსაც ჩაატარა, რასაც 7 პალესტინელი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, ისრაელმა, დასავლეთ სანაპიროზე, ბოლო წლების განმავლობაში, პირველად გამოიყენა ვერტმფრენი.

სპეცოპერაციის საპასუხოდ, მეორე დღეს, ჰამასის ორმა შეიარაღებულმა მებრძოლმა ისრაელის ოთხი მოქალაქე მოკლა.

ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ბოლო 20 წელიწადში

3 ივლისის სპეცოპერაცია დრონების იერიშით დაიწყო. უპილოტო საფრენი აპარატის პირველი თავდასხმის სამიზნე ის ბინა იყო, რომელიც ისრაელის თქმით, თავდასხმაში ბრალდებული პალესტინელების სამალავის ფუნქციას ასრულებდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ ბინაში ჯენინის ბრიგადების "ერთობლივი ოპერატიული მართვის ცენტრი" მდებარობდა, რომელშიც სხვადასვა პალესტინური დაჯგუფების მებრძოლები შეიდოდნენ. ცახალის ცნობით, მიზნის მისაღწევად "ზუსტი" დარტყმები გამოიყენეს.

თავდაპირველი საჰაერო თავდასხმებიდან სამი წუთის შემდეგ, ჯენინში 1000-მდე სამხედრო შევიდა და იმ შენობებში დაიწყო რეიდი, რომლებშიც, მათი ცნობით, ტერორისტების ლიდრები იმყოფებოდნენ და სადაც მათი შეიარაღების საცავები მდებარეობს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, გავრცელდა ჯენინის ბრიგადების განცხადება: "ჩვენ საოკუპაციო [ისრაელის - რედ.] ძალებთან ბოლო ამოსუნთქვამდე და ტყვიამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ყველა ფრაქცია და სამხედრო ფორმირება გავერთიანდებით."

ჯენინში მიმდინარე სპეცოპერაციისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ჯენინის მაცხოვრებლებს გაუგზავნეს ტექსტები, რომლებშიც სახლში დარჩენისკენ და ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, ორგანიზაციიის ეკიპაჟებმა ბანაკიდან საავადმყოფოებში 3000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის პაციენტებისა და მოხუცების.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ათობით ადამიანი ისრაელის ძალებმა ორშაბათს საკუთარ სახლებში, საკვებისა და სასმელის მიწოდების გარეშე გამოკეტეს.

ამასთანავე, ისრაელმა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში სატელოფონო კომუნიკაცია დაბლოკა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი მოქმედებდნენ ზუსტი სადაზვერვო ცნობების საფუძველზე და არ ცდილობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ბევრი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.

ორშაბათს ღამით, ისრაელმა 500-მდე პალესტინურ ოჯახს ბანაკის დატოვების უფლება მისცა. ზოგიერთმა პალესტინელმა ხელები ცისკენ აღაპრო ან იმპროვიზირებული თეთრი დროშები ააფრიალა, ნიშნად დანებებისა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის არმიის ოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში "მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილი იყო."

"გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენ მძიმე დარტყმა მივაყენეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს ჯენინში და მოვახერხეთ შთამბეჭდავი ოპერატიული მიღწევების დაფიქსირება," - თქვა გალანტმა ოპერაციის შეფასებისას.

მწვავე საერთაშორისო რეაქცია

ჯენინში ისრაელის სპეცოპერაციას განსაკუთრებით კრიტიკულად გამოეხმაურნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი სპიკერის თქმით, "ყველა სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემით უნდა ჩატარდეს."

იორდანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც "ისრაელის აგრესია" დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რომ შეწყვიტოს ოპერაცია, სანამ სიტუაცია "აფეთქდება."

იორდანიის ხელისუფლების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი ესაუბრა პალესტინის ხელისუფლების მაღალჩინოსანს ჰუსეინ ალ-შეიხს. მან ოპერაცია დაგმო და უწოდა "საშიში ესკალაცია, რომელიც ძალადობის ფართო ციკლებს გამოიწვევს."

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოთქვა პროტესტი "ისრაელის აგრესიაზე პალესტინის ქალაქებისა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ."

სამინისტრომ ისრაელი "სერიოზული საფრთხის" შესახებ გააფრთხილა, რასაც ისრაელის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის მუდმივი ესკალაცია ქმნის.

ეგვიპტელებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, რომ "დასრულდეს ეს სისასტიკე და უზრუნველყოს პალესტინელი ხალხის დაცვა, რომლის ტანჯვაც დღითიდღე იზრდება."

პალესტინელი მებრძოლებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების შეტაკება

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში, ლინ ჰასტინგსი "აღშფოთებულია" ოპერაციის მასშტაბით და თქვა, რომ "ავიაიერიშები მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკში გამოიყენეს."

ჯენინის რეიდზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს "ისრაელის უსაფრთხოებას და უფლებას დაიცვას თავისი ხალხი ჰამასის, პალესტინის ისლამური ჯიჰადისა და სხვა ტერორისტული ჯგუფებისგან." 

კონტექსტი

2022 წლის შემდოგომაზე ისრაელში ახალი, მემარჯვენე-რელიგიური კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების მოქმედება კიდევ უფრო აქტიური გახდა.

2023 წლის დასაწყისიდან, 140-ზე მეტი პალესტინელი (მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე - რედ.) დაიღუპა ისრაელის არმიისა და დასავლეთ სანაპიროზე უკანონოდ მცხოვრები ახალმოსახლეების თავდასხმების შედეგად. კიდევ 36 პალესტინელი კი ღაზას სექტორში გარდაიცვალა.

დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების თავდასხმების შედეგად, წლის დასაწყისიდან ისრაელის 25 მოქალაქე, 2 უცხოელი და ერთი პალესტინელი დაიღუპა.

სიტუაციის მკვეთრად გამწვავების გამო, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ისრაელის მმართველ კოალიციაში არიან პარტიები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ისრაელის მოსახლეობას ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიების ანექსიას ჰპირდებოდნენ.

ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ ისრაელის მოქმედი ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული ახალშენების მშენებლობის ნებართვების გაცემის მიმართულებით. ამ ტერიტორიაზე, ეთნიკური ებრალების ჩასახლება კი, კონფლიქტის გადაჭრას კიდევ უფრო ართულებს, რადგან პალესტინურ ტერიტორიებზე ეთნიკური ბალანსი იცვლება.

ჯენინში ჩატარებული რეიდის მსგავსი ინცინდენტები, ხელს უწყობს მეორე მხარის რადიკალიზაციას. 

პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან სხვადასხვა საკითხებზე კოორდინაციას წყვეტს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აბასის ადმინისტრაცია, პალესტინურ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, ყველაზე ზომიერ და მშვიდობიან ძალად მიიჩნევა. თუმცა, მას დიდი ხანია უკვე რიგითი პალესტინელების თვალში ავტორიტეტი დაკარგული აქვს და სწორედ ამიტომ, ყველა კანონის დარღვევით, ახალ არჩევნებს არ ატარებს, რათა გარდაუვალ მარცხს თავი აარიდოს.

მაჰმუდ აბასი 87 წლის არის და მისი გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ, რომელიმე რადიკალური პალესტინური დაჯგუფება, კონტროლს დასავლეთ სანაპიროზეც დაამყარებს, რაც ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები