"ნუ ეცდებით, ამას აზრი აქვს"- ასეთი იყო უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდნენ ამოეხსნათ მისი ყოფილი უფროსის საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია.
ბოლტონის ყოფილი ბოსმა არაჩვეულებრივი პოლიტიკური ქამბეკი განახორციელა - დონალდ ტრამპი გახდა მეორე პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, რომელიც თეთრი სახლში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაამარცხა წინასაარჩევნო კვლევები, რომლებიც დაძაბულ რბოლას პროგნოზირებდნენ და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მათ შორის შვიდივე მერყევ შტატში. გარდა ამისა 71 მილიონი ხმით 65-ის წინააღმდეგ ტრამპი იმარჯვებს ე.წ. პოპულუს ვოუტში. ამგვარად ტრამპი 2004 წლის შემდეგ პირველი რესპუბლიკელია კანდიდატია, რომელმაც დემოკრატ კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.
ტრამპი მთელი გასული წლის განმავლობაში ინარჩუნებდა უპირატესობას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, საბოლოოდ კი მისი კანდიდატურა 27 ივნისს გამართულ დებატებზე ერთი ფრაზით გაანადგურა - "მე ვერ გავიგე მან (ბაიდენმა) რა თქვა და არ ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ გაიგო." ტრამპის გამარჯვება დებატებზე იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ დემოკრატიულმა პარტიამ სასწრაფო რეჟიმში ბაიდენის ჩამნაცვლებლის ძებნა დაიწყო.
ძიების პროცესი 48-საათით შეჩერდა დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თუმცა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე ლაზარედ მოვლენილი ტრამპის ელექტორალური ეფექტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შესახებ 1 კვირაში გამოაცხადა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1968 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე.
ამ დროისთვის მსოფლიო პრესა, პოლიტიკური კომენტატორები და ლიდერები ცდილობენ იპოვონ პასუხი კითხვაზე, რომელიც თავის დროზე ჯონ ბოლტონსა დაუსვეს - როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა?
ტრამპის მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის ფილოსოფიაზე განსხვავებული მოლოდინებია - ზოგი ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ცივი ომის დასაწყისზე საუბრობს, ზოგიც ახალ პრაგმატიზმსა და ამერიკული იზოლაციონიზმის საფრთხეზე.
განსხვავებული ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოლოდინები გასაკვირი არ არის - თეთრ სახლში ყოფნის დროსაც ტრამპს შეეძლო სრული განადგურებით დამუქრებოდა ჩრდილოეთ კორეას და ამავდროულად 3 სამიტი გაემართა კიმ ჩენ ინთან, ელაპარაკა ნატოდან გასვლის შესახებ და პარალელურად გაეძლიერებინა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი.
ტრამპის მომხრეები ხშირად წუწუნებენ იმაზე, რომ მედიას დაავიწყდა რამდენად "კარგი მდგომარეობა" იყო საგარეო ფრონტზე ტრამპის პრეზიდენტობის დროს: არ იყო დიდი ომები, შედგა 4 სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის, დაიდო განახლებული სავაჭრო ხელშეკრულება კანადასა და მექსიკასთან, ნაწილობრივი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, ხოლო ქვეყნის სამხრეთ საზღვარი უფრო დაცული იყო - ამბობენ ტრამპის მომხრეები.
2016 წელს საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვება მოულოდნელი იყო არამხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ თავად ტრამპისთვისაც. ამ ვითარებაში ანტი-ისტემბლიშმენტურ ტალღაზე მოსული ტრამპი იძულებული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი ინსტიქტის გარდა, რესპუბლიკური პარტიის გამოცდილ კადრებს დაყრდნობოდა.
ტრამპის პირველი ვადის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი დაკომპლექტდა ისეთი ფიგურებით როგორებიც იყვნენ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი, ჯიმ მეტისი, ჯონ ბოლტონი, ჯონ კელი - იმ პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლის წარმომადგენლები, რომლებსაც ქორებად მოიხსენიებენ. ქორები ხშირად ჩუმად და ხანდახან არც ისე ჩუმად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტით და მალევე მათ შორის ურთიერთობები უიმედოდ ფუჭდებოდა.
პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში ტრამპმა გამოიცვალა 4 მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, 1 სახელმწიფო მდივანი და ადმინისტრაციის 4 უფროსი. საგარეო პოლიტიკა ხშირად ქაოტურად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე ცუდი მოლოდინები არ გამართლდა.
ამჯერად ვითარება განსხვავებულია, როგორც მსოფლიოში, ასევე ტრამპის გარემოცვაში. ეჭვგარეშეა, რომ 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის დაკომპლექტების მთავარი პრინციპი არა პროფესიული თვისებები, არამედ პერსონალური ლოიალობა იქნება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მიმდინარეობს არამხოლოდ საარჩევნო ბრძოლა დემოკრატებთან, არამედ შიდა დაპირისპირება ტრამპის საგარეო პოლიტიკის მიდგომების ფორმირებისთვის.
ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კვლევის ტაქსონომიით შეგვიძლია ტრამპის ირვლივ მცურავი რესპუბლიკელები სამ პირობით ბანაკად დავყოთ: ქორებად, იზოლაციოსტებად და პრიორეტისტებად. სავარაუდოა, რომ სამივე ბანაკის წარმომადგენლები შევლენ ტრამპს გუნდში. იქ სადაც ამ ბანაკების წარმომადგენლების შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა მოლოდინები უფრო მკაფიოა, ხოლო იმ საკითხებში სადაც მათი აზრები განსხვავებულია, ან წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის პერსონალურ ინსტინქტებთან პროგნოზი გაცილებით უფრო რთულია.
ქორები, რომლებიც რონალდ რეიგანის პოლიტიკის მემკვიდრეებად პოზიციონირებენ სურთ ამერიკის გლობალური დომინაციის შენარჩუნება. ამ სკოლის ბევრ წარმომადგენლისა და ტრამპის ურთიერთობები უიმედოდ გაფუჭებულია, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შეძლო უფროსთან საერთო ენის პოვნა და მომდევნო ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობაზე დანიშვნის შანსსაც ინარჩუნებენ. ამ ბანაკში მოიაზრებენ ტრამპის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ბოლო მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო' ბრაიენს და ასევე გავლენიანი ხალხს კაპიტოლიუმიდან: ტომ კოტონს, ლინდსი გრემს, მარკო რუბიოსა და ბილ ჰაგერტის.
ამ ბანაკის მთავარი მოწინააღმდეგეებად ე.წ. შემკავებლები მიიჩნევიან, რომლებსაც ხშირად იზოლაციონისტებსაც უწოდობენ. ამ სკოლის მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ამერიკა უნდა შეეშვას "გლობალურ პოლიციელობას" და შიდა პრობლემებზე ფოკუსირდეს. მათ სურთ შეამცირონ აშშ-ს როლი მსოფლიოში, რადგანაც მიიჩნევენ, რომ სხვაგვარად ქვეყანას რესურსები არ ეყოფა. ამ ბანაკის წევრებად მოიაზრებიან, ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი, ათეულობით რესპუბლიკელი კონგრესმენი და რამდენიმე სენატორი. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ სწორედ ამ ბანაკს ეკუთვნის დონალდ ტრამპის ბირთვული ამომრჩევლები, პარტიის ე.წ. MAGA ფრთა, რაც ზრდის მათ გავლენას.
ქორებსა და შემკავებლებს შორის მოქცეულები არიან, ე.წ. პრიორიტისტები. ამ ბანაკის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მ უნდა შეამციროს საკუთარი როლი და ჩართულობა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში და მთელი თავისი რესურსი ჩინეთთან დაპირისპირებაზე მიმართოს. ამ ბანაკის წარმომადგენლებად მიიჩნევიან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წევრები, მეტ პოტინჯერი, ელდრიჯ კოლბი და რიჩარდ გრენელი, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩეველის პოსტზე ერთმანეთის კონკურენტებად განიხილებიან. ამ ბანაკში მიიჩნევენ, რომ ამერიკამ უნდამ შეცვალოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ბრიტანეთის იმპერიამ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ლონდონმა განმუხტა ურთიერთობები იაპონიასა და საფრანგეთთან და აღმავალ გერმანიასთან დაპირისპირებაზე გადაერთო.
ამ სამ პირობით ბანაკს შორისაა მოქცეული დონალდ ტრამპიც - წარსულში მას სამივე ბანაკისთვის დამახასიათებელი პოზიციები დაუფიქსირებია და სამივე მათგანსაც დაპირისპირებია. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის პერსონალური საგარეო პოლიტიკური ინსტინქტები ყველაზე მეტად თანხვედრაში ე.წ. იზოლაციონისტებისას ემთხვევა და ისინიც ყოფილ პრეზიდენტს თავისიანად მიიჩნევენ.
1987 წელს ჯერ კიდევ ბიზნესმენმა ტრამპმა ამერიკის წამყვანი გაზეთის მოსაზრების სვეტი იყიდა, რომელშიც ევროპას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ქვეყანა უაზროდ ბევრ ფულს ხარჯავდა სხვების დაცვაში. ტრამპის ინსტიქტი იმთავითვე შემკავებლური იყო, ის მიიჩნევდა, რომ ქვეყნის რესურსები უზომოდ იყო გადაჭიმულ სხვადასხვა რეგიონში, მაშინ როდესაც ამერიკა კარგავდა ეკონომიკურ ძლევამოსილებას - გეოპოლიტიკური დომინაციის მთავარ წყაროს. ამ წერილიდან 30 წელიწადში კი იმავე თემებზე აპელირებით ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც შეცდომა იქნება ვთქვათ, რომ სახეზეა ფუნდამენტური განსხვავებები საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზებს შორის - ტრამპსა და მის ირგვლივ შეკრებილ რესპუბლიკელებს შორის საგარეო ხედვებში სხვაობა პრინციპულზე მეტად, უფრო ინტუიციური ხასიათისაა. ტრამპის შემთხვევაში ხშირად პოლიტიკას თავად მისი პერსონა წარმოადგენს, მიდგომები კი უმთავრესად სხვადასხვა მოვლენებზე რეაქციებით ყალიბდება.
შეცდომა იქნება ვივარაუდოთ, რომ ვენსს - ყველაზე გამოხატულ იზოლაციონსტს ტრამპის წრეში, ზომაზე დიდი გავლენა ექნება საგარეო პოლიტიკაზე. ბოლოს და ბოლოს ვენსი ამ დონის პოლიტიკური თანამდებობისთვის ნეო-ფიტია და ის არ აურჩევიათ იმისთვის, რომ ტრამპისთვის ის ეთქვა რისიც უფროსს უკვე არ სჯერა. მეტიც, შესაძლოა ვენსი მისი ასაკის გამო ტრამპის მხრიდან ეჭვიანობის სუბიექტიც გახდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორი იყო მისი პოზიციები ტრამპზე საწყის წლებში.
ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებული აპოკალიპტიკური მოლოდინები გაუმართლებლად მოგვეჩვენება თუ დავაკვირდებით ამერიკის საგარეო პოლიტიკას ადმინისტრაციების ცვლილებების შემდეგ. ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ განსხვავებული რიტორიკის მიუხედავად, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში განხეთქილებაზე მეტად მემკვიდრეობითობა ჭარბობს. ასე მაგალითად, დონალდ ტრამპმა გააგრძელა ობამას დროს მიერ დაწყებული ფოკუსირება აზიაზე, ბაიდენმა შეინარჩუნა ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები და აბრაამის შეთანხმებები.
ამ კუთხით რაც არ უნდა უცნაური იყოს ბევრი მსგავსებაა დონალდ ტრამპსა და ობამას შორისაც - ორივე მათგანი საუბრობდა ამერიკული ძალის ლიმიტებსა და ინტერესების გადაჯგუფების აუცილებლობაზე. ეს მსგავსებები მათ შორის იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ამგვარი მიდგომა ღრმად ფესვგადგმულია ამერიკული საგარეო პოლიტიკის ტრადიციაში.
ტრამპი არასდროს ყოფილა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დიდი ფანი და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ინსტიტუტებს როგორიცაა გაერო, ან რაც უფრო საშიშია ნატოს. ტრამპი ამგვარ ინსტიტუციურ წესრიგს სხვა ძლევამოსილ ლიდერებთან ტრანზაქციულ შეთანხმებებს ამჯობინებს, ხოლო არაპროგნოზირებადი მოთამაშის რეპუტაცია საერთაშორისო საკითხებში მის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ აქტივად მიაჩნია.
ბევრი იქნება დამოკიდებული პერსონალიებზეც, თუ ვის დაიყენებს გვერდით დონალდ ტრამპი - ამ თვალსაზრისით მოკავშირეებისთვის ყველაზე სარისკო სცენარი ისეთი მარგინალების დაწინაურებაა როგორებიც სტივ ბენონი და მაიკ ფლინი არიან. ამგვარი სცენარი ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა და ტრამპის სახელით სხვა ფიგურები საუბრობენ.
უკრაინის საკითხზე ტრამპის შესაძლო გეგმა Wall Street Journal-ის ფურცლებიდან იწინასწარმეტყველა მაიკ პომპეომ, თუმცა ტრამპის საგარეო პოლიტიკის შესახებ ყველაზე ვრცლად რობერტ ო' ბრაიენმა ისაუბრა, რომელსაც ბევრი ჩრდილოვან სახელმწიფო მდივნადაც მიიჩნევს.
Foreign Affairs-ისთვის დაწერილ ვრცელ სტატიაში ო' ბრაიენი ცდილობს რესპუბლიკელთა კამპანიის ფუნდამენტური სლოგანი - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" წარმოადგინოს ნეო-კონსერვატიზმის შედარებით მსუბუქ ვერსიად. ო' ბრაიენის თქით, ტრამპის საგარეო და სავაჭრო პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა რეაქცია ნეო-ლიბერალურ ინტერნაციონალიზმზე, რომელსაც ქვეყანა 1990-იანი წლებიდან 2017 წლამდე პერიოდში მიჰყვებოდა.
ამ ვერსიაში მეორე ვადის ტრამპი უპირობოდ დაუჭერს მხარს ისრაელს, სამართლიანად გადაუნაწილებს ევროპას უკრაინის მხარდაჭერის ხარჯებსა და ტვირთს, გააჩაღებს ცივ ომს ჩინეთთან, ხოლო ირანში რეჟიმის დამხობას დაისახავს მიზნად.
ო' ბრაიენი წარმოადგენს ტრამპს, რომელიც რეიგანის მსგავსად შეეცდება ამერიკული ძალისა და პრესტიჟის აღდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალურად. ო' ბრაიენს არამხოლოდ მოსწონს რეიგანის ლოზუნგი - "მშვიდობა ძალის მეშვეობით" არამედ ამბობს, რომ სწორედ ეს იქნება ტრამპის ამოსავალი პრინციპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ო' ბრაიენის თქმით, არასწორია ტრამპის წმინდად ტრანზაქციულ მოთამაშედ განხილვა, რომ არაფერი ვთქვათ იზოლაციონიზმზე. აქ ავტორი ირწმუნება, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ ჯამში გაამყარა ნატო და ვაშინგტონის ალიანსები აზიაში - ამ არგუმენტთან დაპირისპირება რთულია.
"ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს მარტოობაში მყოფ ამერიკას"- გვახსენებს ო' ბრაიენი.
ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირება მისი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სრულიად ფუჭი აქტივობა იყოს, მათ შორის ეს ტექსტიც. კომენტატორების აზრით, პოზიტიური იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიწურულს ტრამპის რიტორიკაში პირველად გამოჩნდა სტრუქტურული საგარეო ხედვის ნიშნები. ტრამპი სულ უფრო ხშირად საუბრობს ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ღერძზე, რომელსაც მსოფლიო წესრიგის ამოყირავება სურს.
ამ დროისთვის დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ, საგრძნობლად გაიზრდება სავაჭრო ტარიფები ჩინურ ექსპორტზე ამერიკაში, მკვეთრად შეიცვლება კლიმატის პოლიტიკაც და ამერიკის ენერგეტიკული პოტენციალის გათავისუფლება ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ეს არის საკითხები, რომლებზეც ტრამპის ირგვლივ შეკრებილ რესპუბლიკელებში სრული თანხვედრაა. სხვა თემებზე კი ბრძოლა ტრამპის გულის მოსაგებად მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
ტრამპზე საუბრისას ყველაზე ხშირად მიუთითებენ, რომ ტრამპი პირველ რიგში შეთანხმების კაცია (Man of a deal), თუმცა როგორც წესი შეთანხმების ხელოვნება პერსონალურ დინამიკაზეა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ტრამპმა შესაძლოა თვითონაც არ იცოდეს რისი მიღწევა სურს, სანამ სი ძინფინგთან, ვლადიმირ პუტინთან და სხვებთან ერთად ერთ ოთახში არ აღმოჩნდება.