-

8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოებასთან დაკავშირებით მოსაზრებას გამოაცხადებს. სწორედ ამ მოსაზრებაში იქნება საუბარი იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას არაა. ბოლო სიტყვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება - ისინი დეკემბერში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ყველა, 27-ივე მათგანის თანხმობა დასჭირდება.

თუმცა ევროკომისიის მოსაზრებას მაინც საკვანძო მნიშვნელობა აქვს - როგორც წესი, კომისია წევრ სახელმწიფოებთან კოორდინირებულად მუშაობს და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიის მოსაზრებას ემთხვევა.

დიდი შანსია, საქართველომ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ოღონდ დათქმებით.

იმის გასაგებად, თუ რა დათქმებზეა საუბარი და საერთოდაც, რაშია საქმე, სჯობს განვმარტოთ, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

პირობებზე დამყარებული სტატუსი

მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს, ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

ბუნებრივია, ამას თავისი წინაპირობები აქვს, რომელიც, ევროკავშირის აზრით, საქართველომ შარშან ვერ დააკმაყოფილა.

თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან დიდწილად სიმბოლური ნაბიჯია, რის მერეც რთული და მრავალწლიანი პროცესი - გაწევრების მოლაპარაკებები იწყება.

გაწევრების მოლაპარაკებები 35 ნაწილისგან შედგება. თითოეული ნაწილის, ან თითოეული „თავის“ გავლისას ევროკავშირი ამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებს. პარალელურად კანდიდატი ქვეყანა მუშაობს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს, ამ დროს კი ევროკავშირი მას საამისოდ ასეულობით მილიონი ევროთი ეხმარება.

შარშან, როცა საქართველოსგან განსხვავებით უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვეს, მათ ევროკავშირისგან შესაბამისი დათქმებიც მიიღეს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ დიდი ალბათობით, წელს საქართველო სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ანუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს შესაბამისი პირობებით. გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება კი ამ პირობების სათანადოდ შესრულების შემდეგ უნდა გახდეს შესაძლებელი. იგივე წყაროს ცნობით, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირი გაწევრების მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მარტიდან დაიწყებს.

რა დათქმები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ?

პირობები, რომლებიც ევროკავშირმა შარშან უკრაინასა და მოლდოვას წაუყენა მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოში კარგად ცნობილ 12 რეკომენდაციას ჰგავს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საქართველო ზემოხსენებულ ორ ქვეყანასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან მოექცა.

მოლდოვამ ევროკავშირისგან ცხრა პირობა მიიღო. ესენი ეხებოდა სასამართლო რეფორმას (ორი პირობა), კორუფციასთან ბრძოლას, დეოლიგარქიზაციას, ორგანიზებულ კრიმინალს, ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ადმინისტრირებას და სახელმწიფო შესყიდვებს.

საქართველოს მსგავსად, დეოლიგარქიზაციას მოლდოვაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ევროკავშირმა მოითხოვა, მოლდოვას გადაედგა ნაბიჯები ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში ოლიგარქების გადამეტებული ჩართულობის შესაზღუდად.

უკრაინამ ევროკავშირისგან ოდნავ ნაკლები - შვიდი პირობა მიიღო მოლაპარაკებების დასაწყებად. აქაც, ევროკავშირმა მოითხოვა შესაბამისი ნაბიჯების გატარება დეოლიგარქიზაციისა, სასამართლოს რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რასაც ემატებოდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, მედია ლანდშაფტის გაუმჯობესება და ეროვნული უმცირესობების დაცვა. ევროკომისიის 2023 წლის ივნისის ზეპირი ანგარიშის თანახმად, უკრაინამ შვიდიდან ორი რეკომენდაცია შეასრულა, ერთზე „კარგი პროგრესი“ ჰქონდა, დანარჩენ ოთხზე კი - „ნაწილობრივი პროგრესი“.

12 რეკომენდაცია: ნაწილი მეორე

კომისიის ზეპირი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ შარშან გაცემული 12 რეკომენდაციიდან სრულად სამი ჰქონდა შესრულებული. შვიდი მიმართულებით საქართველომ ნაწილობრივ პროგრესს მიაღწია, ხოლო ორი მიმართულებით წინსვლა მინიმალური იყო.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მაშინ ხაზი გაუსვა დეოლიგარქიზაციასა და მედიის პლურალიზმს, რა მხრივაც, მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მეტი ჰქონდა სამუშაო.

ამდენად, თუ საქართველო წლის ბოლოს პირობებზე დამყარებულ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, სწორედ ეს რეკომენდაციები დარჩება დიდწილად ძალაში. ასევე, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ამ ყველაფერს დაემატება დათქმა გაისად ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც:

„საუბარი იქნება პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ ლანდშაფტზე, სასამართლოზე, საგარეო პოლიტიკაზე, ახალი პირობა იქნება დაკავშირებული არჩევნებთან“, - ამბობს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი.

მსგავსი სიახლეები