22 ნოემბერს ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა უსიამოვნოდ გააოცა არამხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკური კლასი, არამედ ევროპის კავშირიც - კლუბი წლებია წევრ ქვეყნებში ცენტრისტული ძალების დახმარებას და მათ გაძლიერებას ცდილობს.
გამარჯვების ხარისხი მოულოდნელი იყო თავად ვილდერსისთვისაც. შვენინგენის ერთ-ერთ ბარში მხარდამჭერებთან საზეიმო შეხვედრისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მას სურს მომავალი მთავრობის წევრი იყოს - "ხალხმა მკაფიო სიგნალი გაგზავნა, ისინი გვერდს ვეღარ აგვივლიან",- განაცხადა ვილდერსმა.
წლების განმავლობაში ნიდერლანდების მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიები გამორიცხავდნენ მის ანტი-საემიგრაციო და ანტი-ისლამურ პარტიასთან კოალიციას, ბოლო ათწლეულში ე.წ. სანიტარული კორდონი ეფექტურად აკავებდა რადიკალურ მემარჯვენე პარტიას ხელისუფლებაში მოსვლისგან.
ვილდერსი, რომელმაც უკანასკნელი 20 წელი ამ ტიპის გამარჯვების დევნაში გაატარა შესაძლოა ამჯერად მართალი იყოს.
ამჯერად ვითარება განსხვავებულია, ქვეყნის მრავალფეროვანი და განსხვავებული პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით ვილდერსის პარტიის მიერ მოპოვებული 37 საპარლამენტო მანდატის გარეშე სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი პირველი პოპულისტი და ყველაზე დღეგრძელი დეპუტატი - ვინ არის ხეერტ ვილდერსი
ხეერტ ვილდერსის პოლიტიკური კარიერა 1997 წლიდან იწყება, როდესაც სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD) სიით, უტრეხტის მუნიციპალური საბჭოს წევრად აირჩიეს. ის 1998 წლიდან ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის სენატორი და ამგვარად ნიდერლანდების ყველაზე დღეგრძელი პარლამენტარია.
ხეერტ ვილდერსმა საზოგადოების ყურადღება 2002 წელს მიიპყრო, როდესაც VVD-ს სპიკერად დაინიშნა და ყურადღება ანტი-ისლამური განცხადებებით მიიპყრო. პარტიის მთავარი პოლიტიკური ხაზიდან გადახვევისა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად ულტრა-მემარჯვენე პოზიციის გამო, ის 2004 წელს პარტიიდან გარიცხეს. ჰომოფობიური, რასისტული და ანტი-ისლამური შეხედულებებისთვის, მას სიცოცხლის მოსპობით არაერთხელ დაემუქრნენ, რის გამოც წლებია ნიდერლანდების პოლიციის მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფება.
2006 წელს ხეერტ ვილდერსმა ულტრა-ნაციონალისტური, ანტი-ისლამური და ანტი-საიმიგრაციო თავისუფლების პარტია (PVV) შექმნა, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში ყურანის აკრძალვას, მეჩეთების დახურვას და მიგრაციის შეწყვეტას, ასევე, სურს, ევროკავშირიდან გასვლა.
ვილდერსი არ ყოფილა პირველი ნიდერლანდელი პოლიტიკოსი, რომელმაც ანტი-საემიგრაციო და ანტი-ისლამურ სენტიმენტებზე სცადა მანიპულაცია. წლების განმავლობაში ამ ნიშას პიმ ფორტოინის პარტია იკავებდა. 2002 წელს ქვეყანა 1672 წლის შემდეგ ყველაზე ხმაურიანმა პოლიტიკურმა მკვლელობამ შეძრა - პიმ ფორტოინი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ ჰილვერსუმის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოკლეს.
ფორტოინმა ანტი-ისლამურად და ევროსკეპტიკურად განწყობილი დიდი ელექტორალური ბლოკი დატოვა, რომელიც თავის ახალ ჩემპიონს ეძებდა - ვილდერსმა მათი მხარდაჭერა მარტივად მოიპოვა.
ხეერტ ვილდერსის აზრით, გარდა იმისა, რომ ევროპის კავშირში ყოფნას ჰოლანდიელი გადასახადების გადამხდელებისთვის სარგებელი არ მოაქვს, ბრიუსელი ნიდერლანდებს საკუთარი საზღვრების კონტროლში უშლის ხელს. ვილდერსის პარტია მხარს უჭერს "სუვერენულ ნიდერლანდებს". რომელიც თავად ადგენს წესებსა და კანონებს, ასევე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ვალუტასა და საზღვრების კონტროლზე.
ცხადია, ვილდერსის პარტია ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას, შესაბამისად სკეპტიკურად უყურებს ევროპული გაერთიანების კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას.
ევროპული რადიკალური მემარჯვენე პარტიების საუკეთესო ტრადიციებში ვილდერსის სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის მიმართაც - პოლიტიკოსს კიევის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და 'ნიდერლანდების პრობლემებზე ორიენტირება' სურს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნიდერლანდები კიევის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო პარტნიორია. მარკ რუტეს გადაწყვეტილებით, ჰოლანდია უკრაინისთვის დასავლური წარმოების F-16 ტიპის თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი დონორი უნდა გახდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ხეერტ ვილდერსი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობას დამოუკიდებლად არ ფლობს და ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად კოალიციის ჩამოყალიბება ესაჭიროება, უკრაინის სამხედრო დამხარების შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ხეერტ ვილდერსის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაშიც, ნიდერლანდების მიერ უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება არ შეწყდება, თუმცა შესაძლებელია შემცირდეს.
წინა კაბინეტი
ნიდერლანდებში საკანონმდებლო ორგანოს უკანასკნელი არჩევნები 2021 წლის მარტში ჩატარდა. სამთავრობო კოალიცია არჩევნებიდან 299 დღის შემდეგ ოთხმა პარტიამ ჩამოაყალიბა და ნიდერლანდებს სათავეში მარკ რუტეს რიგით მეოთხე კაბინეტი ჩაუდგა.
მარკ რუტემ, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს, 2021 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ბავშვთა შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ნიდერლანდების საგადასახადო ადმინისტრაციამ დაახლოებით 26 000 მშობელი ბავშვთა შემწეობის უკანონო გზით მიღებაში დაადანაშაულა და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც საბოლოო ჯამში ცრუ ბრალდება აღმოჩნდა.
რუტეს კაბინეტი, რომელსაც ნიდერლანდების ათასობით მოქალაქის თაღლითობაში შეცდომით დადანაშაულების მიუხედავად, 2021 წლის მარტში ამომრჩეველმა ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, 2023 წლის ივლისში კოალიციის წევრ პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო დაიშალა.
მთავარი პარტიები
ნიდერლანდების 22 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით, ტოპ ხუთეულში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებები იკავებდნენ ადგილს: „ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - (VVD) “ლეიბორისტული პარტია და მწვანეები (GroenLinks–PvdA), „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობა (BBB) და „თავისუფლების პარტია (PVV)
ბოლო ათწლეულში დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად ნიდერლანდების ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის შემცირებისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანებების მომრავლების ტენდენციაა.
როგორც წესი, პირველ ადგილზე გასული პარტია საშუალოდ ამომრჩეველთა ხმების 20%-ს აგროვებს და საკანონმდებლო ორგანოში საშუალოდ 12 პარტია ახერხებს გასვლას. (2010 წელი - 10 პარტია, 2012 წელი - 11 პარტია, 2017 წელი - 13 პარტია, 2021 წელი - 17 პარტია, 2023 წელი - 15 პარტია).
ახალი სოციალური კონტრაქტი - NSC - 2023 წლის აგვისტოში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა წევრმა, პიტერ ომციხტმა შექმნა. ეს უკანასკნელი 2003 წლიდან (2010 წლის ივნისი-ოქტომბრის გამოკლებით) ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა 2019 წლის შემდეგ მოიპოვა, როდესაც ბავშვთა შემწეობებთან დაკავშირებულ გამოძიებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ომციხტის პარტიის პრიორიტეტი „პოლიტიკის სხვაგვარად კეთება“, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური უსაფრთხოების გაუმჯობესება, იმიგრაციის შემცირება, საგადასახადო რეფორმა და პოლიტიკური კულტურის ცვლილებაა.
სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - VVD – 1948 წელს შექმნილი პოლიტიკური პარტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი თითქმის ყველა მმართველი კოალიცის წევრი იყო. რუტემ, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული პარტიის უცვლელი ლიდერი იყო, მისი ბოლო კაბინეტის დაშლის შემდეგ განაცხადა, რომ ახალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა.
VVD-ის ახალი ლიდერი, დილან იეშილგოზია. ის 2010 წლის იანვრიდან მარკ რუტეს მთავრობაში იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას იკავებს. დილან იეშილგოზი ეთნიკური ქურთია, რომლის ოჯახმაც თურქეთი 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დატოვა და ნიდერლანდებში დასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ დილან იეშილგოზი ნიდერლანდებში, ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა, იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ხისტი პოზიციით გამოირჩევა - მხარს უჭერს მიგრაციის ყველა ფორმის მკაცრ კონტროლსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაუქმებას.
ლეიბორისტული პარტია და მწვანეები - GroenLinks–PvdA – 1949 წელს შექმნილი „ლეიბორისტული პარტიისა (PvdA) და 1989 წელს დაფუძნებული მწვანეთა პოლიტიკური გაერთიანების (GroenLinks) ალიანსია. გაერთიანება კეთილდღეობის სახელმწიფოს ადამიანებს შორის შემოსავლის „სამართლიან“ გადანაწილებას და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის განმტკიცებას უჭერს მხარს. ზემოაღნიშნული პარტიების პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი კლიმატის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ფრანს ტიმერმანსია.
ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობა - BBB – 2019 წელს კაროლინ ვან დერ პლასმა შექმნა. ვან დერ პლასმა პოპულარობა, 2019 წლის ოქტომბერში ფერმერების მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ მოიპოვა. ფერმერების აღშოთება 2030 წლისთვის აზოტის ემისიის გასანახევრებლად, პირუტყვის საერთო რაოდენობის შემცირების ვალდებულებამ გამოიწვია, რომელსაც ევროპის მწვანე შეთანხმება ითვალისწინებს. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში მხოლოდ ერთი მანდატის მოპოვება მოახერხა. მიუხედავად ამისა, ფერმერების მასშტაბური პროტესტის შემდეგ, მთავრობაზე განაწყენებულმა მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და 2023 წლის მარტში ჯერ პროვინციული არჩევნები (572 წევრიანი პროვინციული საბჭოებში 137 მანდატი), შემდეგ კი მაისში სენატის არჩევნები (75 წევრიან სენატში 16 მანდატი) მოიგო.
ფერმერთა პარტია გამოირჩევა ევროსკეპტიციზმითაც და ნიდერლანდების ევროკავშირში მხოლოდ ვაჭრობის მიზნით ყოფნას უჭერს მხარს. პარტიის ლიდერი, კაროლინ ვან დერ პლასი პრემიერ-მინისტრობას გამორიცხავს, რადგან ფრენის ეშინია. ის აცხადებს, რომ ბრიუსელში პოლიტიკის კეთებას, ჰოლანდიელ ხალხთან საუბარი ურჩევნია.
ვილდერსის გზა
სხვადასხვა წინასაარჩევნო გამოკითხვით, ხეერტ ვილდერსის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მეოთხე ან მეხუთე ადგილი უნდა მოეპოვებინა, თუმცა, კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე, პარტიის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და პარტია გამოკითხვებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
კომენტატორები ვილდერსის წარმატების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ სურდა მხარი დაეჭირათ დილან იეშილგოზისთვის, რომლის პარტიაც უკანასკნელი 13 წელია ხელისუფლების სათავეშია და რომლის მიმართაც არერთი სამთავრობო სკანდალით გადაღლილ მოსახლეობას დაბალი ნდობა აქვს.
მომრჩეველი გაურკვევლობაში დატოვა ახალი სოციალური კონტრაქტისთვის ლიდერის პოზიციამ, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ-მინისტრობა არ სურს. პიტერ ომციხტის მხარდამჭერებისთვის გაუგებარი გამარჯვების შემთხვევაში ვინ გახდებოდა ქვეყნის მმართველი, შესაბამისად მათ ხმა არ მისცეს გაურკვევლობას.
სავარაუდოა, რომ ვილდერსმა თავისკენ გადაქაჩა ფერმერთა პარტიის მხარდაჭერების ნაწილიც, რომლის ლიდერსაც ასევე არ სურს პრემიერ-მინისტრობა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემების გარდა სხვა აქტუალურ საკითხებზე მისი დამოკიდებულება გაურკვეველია.
მარკ რუტეს ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში ხეერტ ვილდერსი მარგინალურ ფიგურად აღიქმებოდა, რომელსაც ნიდერლანდების პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა, თუმცა რუტეს პოლიტიკიდან წასვლით, ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა, რამაც ვილდერსს წარმატების შანსი მისცა, რომელსაც ის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ელოდა.
მარკ რუტეს 13 წლიანი მმართველობისას მისი პოლიტიკური გაერთიანება არაერთ სკანდალში გაეხვა და არაერთხელ დადგა ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციისა და კეთილსინდისიერად მუშაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ რუტეს მესამე კაბინეტი ბავშვთა შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის, ხოლო მეოთხე კაბინეტი იმიგრაციის თემაზე კოალიციის წევრებს შორის გაჩენილი უთანხმოების გამო დაიშალა.
მოქალაქეების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სიმცირემ, ასევე ეკონომიკურმა პრობლემებმა, მაღალმა ინფლაციამ, საცხოვრებლის დეფიციტმა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობამ, ამომრჩეველს ტრადიციული პოლიტიკური გაერთიანებების მიმართ უნდობლობა გაუჩინა. მაგალითისთვის, მარკ რუტეს მთავრობის დაპირების მიუხედავად, ბავშვთა შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალით დაზარალებულებს სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ბევრის აზრით, ხეერტ ვილდერსის გამარჯვება დემოკრატიის გრძელვადიანი ეროზიის შედეგია, რომელსაც ნიდერლანდები 2010 წლიდან განიცდის. სამთავრობო სკანდალების გარდა, ამომრჩევლის გადაღლა ნიდერლანდების არასტაბილურმა ვითარებამ და მყიფე სამთავრობო კოალიციებმაც გამოიწვია. ქვეყანაში საშუალოდ ყოველ 2-2.5 წელში ერთხელ საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შემდეგაც სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება და ხშირად ჩამოყალიბების შემთხვევაში, მალევე იშლება.
ნიდერლანდების მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ქვეყანაში არსებული საცხოვრებლის დეფიციტი, გაზრდილი ფასები, მიგრაცია, ჯანდაცვა და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს, რომელთა მოგვარებასთან დაკავშირებითაც ნიდერლანდების პარტიების უმრავლესობას დეტალური გეგმა და მიდგომა არ გააჩნია.
ხეერტ ვილდერსი კი წინასაარჩევნო დებატების დროს აღნიშნულ თემებზე საუბრისას, კონკურენტებთან შედარებით, გაცილებით თავდაჯერებული და მომზადებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, პრაგმატული მიდგომა აირჩია და კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ისლამზე, მიგრაციასა და ევროპის კავშირზე, საკუთარი ხისტი რიტორიკა შეარბილა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ნიდერლანდების ყველა მოქალაქის პრემიერი იქნება“.
ხეერტ ვილდერსმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია მიგრაციის საკითხზე ააგო და ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში არსებული მაღალი ფასებისა და საცხოვრებლის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი სწორედ უკონტროლო მიგრაციაა, რომელთან დაკავშირებითაც მომავალმა მთავრობამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს.
ვილდერსის გამარჯვებას ხელი კონკურენტების არათანმიმდევრულობამ და გაურკვეველმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი. თუ ხეერტ ვილდერსი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ნიდერლანდების ყველა მოქალაქის პრემიერი გახდებოდა, მისგან განსხვავებით, პიტერ ომციხტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება არ სურს და გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პოსტს სხვას დაუთმობდა. ასევე გამორიცხა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობის - BBB“ ლიდერმა, კაროლინ ვან დერ პლასმა, რომლის თქმითაც, მას ფრენის ეშინია და ბრიუსელში პოლიტიკის კეთებას, ჰოლანდიელ ხალხთან საუბარი ურჩევნია.
ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობას, რომელსაც სენატის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჯერ 22 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლას, შემდეგ კი მინიმუმ სამეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, ამომრჩეველთა ხმები პიტერ ომციხტის პარტიამ წაართვა. ომციხტს პირველი ადგილი კი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხეერტ ვილდერსის მიერ დაწყებულმა „ზომიერმა“ საუბარმა წაართვა.
ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას?
ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო სენატის (75 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისგან (150 წევრი) შედგება.
მთავრობის ფორმირებისთვის 150 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო. წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად ერთადერთი ბარიერი, რომელიც პარტიამ უნდა გადალახოს არის მიცემული ხმების საერთო რაოდენობა გაყოფილი 150-ზე.
ხეერტ ვილდერსმა "არასანდო პოლიტიკოსის" სახელი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიმკვიდრა, როდესაც მარკ რუტეს პირველ კაბინეტთან შეთანხმება დადო და 2 წლის შემდეგ დაარღვია, რამაც მთავრობის დამხობა და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამოწვია. შესაბამისად, მასთან თანამშრომლობას წლების განმავლობაში გაურბოდნენ ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიები. ახლა კი ნიდერლანდები იმ პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა, რომელშიც ხეერტ ვილდერსის პარტიის გარეშე სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ფაქტობირვად შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც ხეერტ ვილდერსმა არჩევნებში გაიმარჯვა და 37 მანდატი მოიპოვა, სამთავრობო კოალიციაში ყველა პოლიტიკური პარტია მიიპატიჟა.
არჩევნებამდე NSC-ის ლიდერი აცხადებდა, რომ ვილდერსთან თანამშრომლობას გამორიცხავდა, თუმცა არჩევნების შემდეგ რიტორიკა შეცვალა. VVD-ის ლიდერი, დილან იეშილგოზისთვის, უზარმაზარი განსხვავებების მიუხედავად, ულტრა-მემარჯვენე ძალებთან, მათ შორის ხეერტ ვილდერსთან, თანამშრომლობა შესაძლებელი იყო თუმცა კენჭისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ „თავისუფლების პარტიის“ მიერ ჩამოყალიბებული სამთავრობო კოალიციის წევრი არ იქნება.
ლეიბორისტული პარტიისა და მწვანეების ალიანსი მზად არის, როგორც დილან იეშილგოზთან, ისე პიტერ ომციხტთან თანამშრომლობაზე, თუმცა ხეერტ ვილდერსთან კოალიციას გამორიცხავს. რაც შეეხება „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობას“ მისმა ლიდერმა „თავისუფლების პარტიასთან“ ერთად სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვა.
„თავისუფლების პარტიას“ და „ახალ სოციალურ კონტრაქტს“ ჯამში 57 მანდატი აქვთ. „ფერმერ მოქალაქეთა მოძრაობის“ მათთან გაერთიანების შემთხვევაშიც (+7) კი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 76 მანდატს ვერ აგროვებენ და დამატებით პარლამენტში შესული სხვა პატარ-პატარა პარტიების მიმხრობაც ესაჭიროებათ.
არსებობს სამთავრობო კოალიციის ხეერტ ვილდერსის პარტიის გარეშე ჩამოყალიბების შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის VVD-ს, ლეიბორისტების, NSC-ისა და დემოკრატებისგან შემდგარი რთული და კომპლექსური კოალიციური კონსტრუქცია იქნება საჭირო.
მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი გამონაკლისი დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის („ლეიბორისტული პარტიის“) გარეშე ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხეერტ ვილდერსის პარტიის გარეშე, სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების თეორიული შანსი ნამდვილად არსებობს, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანების მმართველ კოალიციაში არყოფნა გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობად აღიქმება, ახალი მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. ლეგიტიმაციის კრიზისი კი ნიდერლანდებისთვის დამახასიათებელ არასტაბილურ სამთავრობო კოალიციას კიდევ უფრო მყიფეს გახდის.