-

მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს ყველაზე მდიდარი რუსი იყო. 2000-იანების დასაწყისში მას რუსეთის ხელისუფლებამ ქონების დიდი ნაწილი ჩამოართვა, 2005-2014 წლებში კი პატიმრობაში ჰყავდა. ხოდორკოვსკი ამჟამად გადასახლებაში, ლონდონში ცხოვრობს. წერილი თავდაპირველად The Economist-ში გამოქვეყნდა.

ევგენი პრიგოჟინის გადატრიალების მცდელობა, წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთისთვის სეისმური მომენტი იყო, რომელმაც ვლადიმირ პუტინის სისუსტე გამოააშკარავა. როდესაც დაუმორჩილებლობა მიმდინარეობდა, მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ რუსეთის დემოკრატიული, ომის მოწინააღმდეგე ოპოზიცია უნდა მისალმებოდა იმ შანსს, რაც ამ ყველაფერმა გააჩინა. არა იმიტომ, რომ პრიგოჟინი ჩვენი მეგობარი ან მოკავშირეა - როგორც ყაჩაღი და ომის დამნაშავე, ყველაფერია მაგის გარდა - არამედ იმიტომ, რომ პუტინის დაცემა მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი.

ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა პუტინი მართლაც რევოლუციური მომენტის წინაშე აღმოჩნდა. პირველი 2011-13 წლების გამოსვლები იყო, მაგრამ მაშინ დემოკრატიულმა ოპოზიციამ ეს ვერაფერში გადათარგმნა. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ პუტინის რეჟიმის დაცემა და უკეთესი რუსეთის შენება საარჩევნო ყუთით ან სხვა მშვიდობიანი საშუალებებით ვერ მოხდება - ამას შეიარაღებული ამბოხი დასჭირდება.

მხოლოდ შეიარაღებულ ხალხს შეუძლია ამ დიქტატურის დამხობა. გადატრიალების მცდელობის ბუნება მთლად არაპროგნოზირებადი არ ყოფილა. მართლაც, აქამდეც მისაუბრია იმ რისკის შესახებ, რასაც ვლადიმირ პუტინისთვის ათასობით გამწარებული რუსის გაჩენა წარმოშობდა. უკრაინაში პუტინის დანაშაულებრივი შეჭრის შედეგად, ისინი ახლა გაწვრთნილები არიან, აქვთ იარაღი და მისი გამოყენების გამოცდილება. ვამბობდი, რომ თუ და როცა უკრაინის არმია ფრონტს გაარღვევდა, რუსეთში დაბრუნებული მებრძოლების ურდო ისეთივე საფრთხეს შეუქმნიდა რეჟიმს, როგორიც პირველი მსოფლიო ომისას ფრონტიდან უკანდახეულმა არმიამ შექმნა, რამაც ბოლშევიკური გადატრიალება დააჩქარა.

პრიგოჟინს რომ წარმატებისთვის მიეღწია, რეალობისგან შორსაა იმაზე ფიქრი, რომ მისი გადატრიალება დემოკრატიზაციას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოიტანდა. თუ ჩვენ, დემოკრატიულ ოპოზიციას, ამ მიზნების მიღწევა გვსურს, მაშინ არამხოლოდ რეჟიმის ჩამოგდებას უნდა დავუჭიროთ მხარი, არამედ მზად უნდა ვიყოთ, რომ მისი დაცემის შემდეგ ჩვენი დემოკრატიული ინტერესები ძალის გამოყენებით დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენი თავისუფლება არჩევნებისთვის მომზადებით ვერ მოიპოვება.

თუმცა გადატრიალების მცდელობამ ის კი გამოააშკარავა, რომ პუტინი კოჭლი იხვია, რომლის დღეებიც დათვლილია. გადატრიალების მცდელობამ რეჟიმის ლეგიტიმაციას პოტენციურად სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, როგორც რუსული ელიტის, ისე ფართო საზოგადოების თვალში. გამოაშკარავდა, რომ პუტინი სუსტი ლიდერია, არ ძალუძს შიდა წრისა და შეიარაღებული ძალების კონტროლი და როცა საფრთხე ემუქრება, იზოლაციაში უკუიქცევა. ნაცვლად მის ქვეშ არსებული უთანხმოებებით ოსტატური მანიპულირებისგან, ის იმ რისკის წინაშეა, რომ ჩამოაგდონ ძალებმა, რომლებიც თვითონ შექმნა, მაგრამ ვეღარ აკონტროლებს.

იმან, თუ რა ადვილად აიღეს პრიგოჟინის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა როსტოვი, სამხრეთ რუსეთის ქალაქი, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების საკვანძო ლოგისტიკური პუნქტია, მოსახლეობაში გაანადგურა აზრი, რომ პუტინი საყოველთაო სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს. ამასობაში კი რუსული ელიტები მასში ვეღარ ხედავენ მათი სტატუსის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტიას.

პრეზიდენტი თავის ჯარს ვეღარ აკონტროლებს და მოსახლეობას აღარ სჯერა იმ მითების, რომლებსაც ის ამ უსარგებლო, დანაშაულებრივი ომის შესახებ ავრცელებს. პრიგოჟინი პუტინს სისუსტეს მიუხვდა, რაც მისი საომარი მანქანის სახიფათო მდგომარეობასა და ჯარის ჩამკვდარ მორალში მდგომარეობს. ის დაუმორჩილებლობას არ გამოაცხადებდა, რომ არ ჰგონებოდა, რომ წარმატების სერიოზული შანსი ჰქონდა.

ჩვენ ვიხილეთ, თუ რამხელაა რეჟიმის გარდაუვალი დაცემის ალბათობა და რომელი ძალები ეცდებიან ქვეყნის გადაბარებას - ე.წ. „ეროვნული პატრიოტები“, რომლებსაც მორიგი ავაზაკი მიუძღვის. დემოკრატიული, ომის მოწინააღმდეგე ოპოზიცია და ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები დასავლეთში უნდა მოვემზადოთ რეჟიმის ჩამოშლისათვის და არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის ბირთვულ არსენალს ამჟამად დაპატრონებული ერთი ბანდიტი მეორემ ჩაანაცვლოს.

დასავლეთი რუსეთის დემოკრატიულ ოპოზიციაზე უნდა ჩამოვიდეს ფსონს და ის გააძლიეროს, რათა როცა რეჟიმი აფეთქდება, სიტუაციით სარგებლობა შევძლოთ. დასავლურმა ძალებმა რუსული საზოგადოების ლეგიტიმურ წარმომადგენლებად უნდა სცნონ ჩვენი ოპოზიციური ინსტიტუტები, როგორიცაა „რუსეთის მოქმედების კომიტეტი“. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავუმკლავდეთ პრიგოჟინის ყაიდის შეიარაღებულ „ეროვნულ პატრიოტებს“.

ამავდროულად, დასავლეთმა უკრაინის დახმარება არ უნდა შეაფერხოს. უნდა გააგრძელოს უკრაინელების შეიარაღება იქამდე, სანამ გამარჯვებამდე მივლენ. პუტინის შეიარაღებული ძალები მოშლილია და უკრაინას სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს უპირატესობის ბოლომდე მისაყვანად.

რუსეთის შიგნით კი იმის აღიარების დროა, რომ პუტინის წარუმატებელმა ომმა მისი დაცემა გარდაუვალად აქცია. თუ დასავლეთს სურს, რომ რუსეთი ოდესმე იხილოს პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ აქტორად, მან მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ, ომის მოწინააღმდეგე ოპოზიციას. ამასობაში რუსეთის ოპოზიცია უნდა მოემზადოს იმისთვის, რაც შემდეგში მოხდება და იმ ცივი, მძიმე რეალობისთვის, რომ რუსეთის შემდეგი რევოლუცია ხავერდოვანი არ იქნება. რეჟიმი და ის ძალები, რომლებიც მას დაამხობენ, შეიარაღებულნი იქნებიან. შეიძლება პრიგოჟინი გვეზიზღებოდეს, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ მან გამოავლინა პუტინის მავნე რეჟიმის წინააღმდეგ წარმატებული საბოტაჟის პოტენციალი.

რეჟიმის ცვლილება მოდის. შეუძლებელია იმის თქმა, თუ ზუსტად როდის. მაგრამ ერთი რამ ცხადია - მისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მსგავსი სიახლეები