-

1999 წელს ნატო-ს მიერ იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშიდან 24 წელი გავიდა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვა დღემდე მიმდინარეობს.

ეს ოპერაცია განსაკუთრებულ „დაინტერესებას“ იწვევს კრემლთან დაკავშირებულ მედია ორგანიზაციებსა თუ პროპაგანდისტებში, გასაგები მიზეზების გამო - ის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რამაც შესაძლოა, მოქალაქეების დაბნევა ან შეცდომაში შეყვანა გამოიწვიოს.

სანამ დეტალებზე გადავალთ, იქამდე მოკლედ გადავავლოთ თვალი ნატო-ს „სამოკავშირეო ძალების ოპერაციის“ შესახებ გავრცელებულ ძირითად დეზინფორმაციულ ნარატივებს:

  • „ნატო სამიზნეში იღებდა სერბულ საავადმყოფოებს, უნარშეზღუდული ადამიანების სამედიცინო დაწესებულებებს, სამგზავრო მატარებლებს, საავტომობილო ქარხნებს, ელექტროენერგიის ბადეებს, სასურსათო ადგილებს, ლტოლვილთა კოლონებს და სატელევიზიო სადგურებს, უცხო ქვეყნის საელჩოებს“


  • „აშშ-მ და ნატო-მ წამოიწყეს აგრესიული ომი იუგოსლავიის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“

  • „ნატო-მ და აშშ-მ იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გენოციდი კი არ შეაჩერეს, თავად მოაწყვეს“


  •  „ნატო-მ მიზანმიმართული დანაშაული ჩაიდინა მართლმადიდებელი სერბეთის წინააღმდეგ“

  •  „ნატო-ს ქვეყნებს სერბეთის, რომელიც „პრივატიზაციას“ და „ღია საზოგადოების“ ფორმირებას ეწინააღმდეგებოდა, ეკონომიკის დაპყრობის სურვილი ამოძრავებდათ“

  •  „ნატო-მ იუგოსლავიაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მილოშევიჩი არ აღიარებდა, რომ აშშ ერთადერთი „ზესახელმწიფო“ და „გლობალური ჰეგემონი“ იყო“

  •  „ნატო ცდილობდა, რომ ცივსისხლიანი და აბსურდული სისასტიკის შემცველი ისტორიების შექმნით, გენოციდის მოწყობა სერბებს დაჰბრალებოდათ“
  • „აშშ-ს გეგმა იყო, რომ ალბანელი მუსლიმი სეპარატისტები სერბეთისგან ძალისმიერი მეთოდით გამოეყო, რათა ალბანელების სახით რთულად მართვად იუგოსლავიაში საკუთარი რწმუნებულები ჰყოლოდა“


  • „ნატო-მ 1999 წელს სამხედრო ინტერვენცია განახორციელა იუგოსლავიაში, რადგან სლობოდან მილოშევიჩმა ვერ გაიგო ბერლინის კედლის დაცემის პოლიტიკური მნიშვნელობა და სხვა კომუნისტი ლიდერებისგან განსხვავებით (რომლებმაც დასავლური მოდელი მიიღეს და საკუთარ ქვეყნებში დანერგეს) სხვა მიმართულებით წავიდა“


  •  „კოსოვო ყველაზე წმინდა მიწად ითვლებოდა, რომელზეც 1400-მდე მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტერი მდებარეობდა. ნატო-ს ავიაცია დამიზნებით ესროდა სერბეთის მართლმადიდებლურ ძეგლებს.“

ეს გზავნილები სხვადასხვა სახით და ფორმით, ხშირად ვრცელდება ამ ოპერაციის განხილვის დროს, თუმცა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის მიერ შექმნილი პლატფორმის, EuvsDisinfo-ის მიხედვით, ნატო-ს 1999 წლის ინტერვენციაზე სამი ყველაზე ხშირად განმეორებადი დეზინფორმაციული ნარატივია:

1.       „ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვას დაახლოებით 2000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა“ - ყველაზე ხშირად განმეორებადი პრო-რუსული დეზინფორმაციული ნარატივი. ამ დრომდე უცნობია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა, თუმცა „ჰუმანიტარული სამართლის ცენტრის - Humanitarian Law Center“ მონაცემებით, სერბეთსა (კოსოვოს გამოკლებით) და მონტენეგროში ნატოს დაბომბვისას 275 ადამიანი დაიღუპა: 180 მშვიდობიანი მოქალაქე, იუგოსლავიის არმიის 90 წევრი და სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (MUP) 5 წევრი. კოსოვოში დაიღუპა 484 ადამიანი: 267 მშვიდობიანი მოქალაქე (209 ალბანელი და 58 არაალბანელი), 171 იუგოსლავიის არმიის (YA), სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (MUP) 20 წევრი და კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის 26 წევრი. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, სამოკავშირეო ძალების ოპერაციის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 489-დან 528-მდე მერყეობს.

2.       „ნატო-ს ომი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ - ნატო-ს სამოკავშირეო ძალების ოპერაცია ადამიანის უფლებების მუდმივი და ფართომასშტაბიანი დარღვევის, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით დაიწყო. ნატო-ს სურვილი ძალადობის დასრულება და კოსოვოდან იუგოსლავიის სამხედრო ძალის გაყვანა იყო. 1999 წელს ნატო-ს საჰაერო ინტერვენციამდე გაერო და „საკონტაქტო ჯგუფი“რომლის შემადგენლობაშიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუსეთი შედიოდნენ, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობდნენ. გაეროს უშიშროების საბჭომ კოსოვოში განვითარებული მოვლენები რამდენიმე შემთხვევაში შეაფასა, როგორც ეთნიკური წმენდა და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ლტოლვილთა მზარდ რაოდენობა მოიხსენია, როგორც საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

3.       „1999 წელს ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა იყო გენოციდი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ეკოლოგიურად სახიფათო სამიზნეებს, რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მიზნით, არჩევდა“ - ნატო-ს საჰაერო ინტერვენციის მიზანი კოსოვოში ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება და უფრო მასშტაბური ომის თავიდან აცილება იყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტებით, გენოციდი განსაზღვრულია, როგორც საერთაშორისო დანაშაული, რომელიც გულისხმობს: ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით: ჯგუფის წევრთა მკვლელობა; ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება; ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას; ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა; ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.

იანიკ ბეჰრაკის ფოტო, რომელსაც დეზინფორმაციისთვის იყენებენ.

ცხადია, ეს არ გახლავთ დეზინფორმაციის გავრცელების ერთადერთი გზა. ნატო-ს „სამოკავშირეო ძალის ოპერაციის“ და ზოგადად, ალიანსის დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ე.წ. ინტერვენციის „მსხვერპლთა“ ფოტოები/ვიდეომასალა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითისთვის, წლებია პროპაგანდისტული სააგენტოები აქტიურად იყენებენ იანიჰ ბეჰრაკის მიერ გადაღებულ ფოტოსურათს, რომელიც სინამდვილეში არა ნატო-ს ინტერვენციის „მსხვერპლი“, არამედ სერბული ძალების მიერ მოკლული ეთნიკური ალბანელი ბავშვი.

მოკლე ისტორიული ექსკურსი 

კონტექსტის სრული აღქმა და ცხადი სურათის დანახვა ხშირად რთულდება, თუკი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ ისტორიას ცუდად ვიცნობთ. ეს განსაკუთრებით მძაფრად მაშინ იგრძნობა, როდესაც პროპაგანდა, აქტიურად ცდილობს რეალობის მოდელირებას და საკუთარი „ფაქტების“ შექმნას, შემდგომი გავრცელების მიზნით.

სწორად ამიტომ, მოკლე ისტორიული მიმოხილვის გაკეთება ამ შემთხვევაშიც გამოსადეგი იქნება. მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

1389 წლის კოსოვოს ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ოსმალეთის იმპერიის არმიამ სერბებისა და მისი მოკავშირეების ძალები დაამარცხა, ოსმალებმა მთელ სერბეთზე, მათ შორის კოსოვოზე, პირდაპირი მმართველობა დაამყარეს.

1912 წელს დაწყებულ ბალკანეთის პირველ ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, სერბეთის სამეფომ აღადგინა კოსოვოზე კონტროლი, თუმცა 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ისევ დაკარგა. 1918 წელს კოსოვო სერბეთის სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავიის სამეფო) შეუერთდა.

1941 წელს ღერძის ქვეყნების მიერ იუგოსლავიის დაპყრობის შემდეგ, კოსოვო იტალიის მიერ კონტროლირებად ალბანეთს გადაეცა. 1944 წელს, ღერძის სახელმწიფოების უკან დახევის შემდეგ, ეთნიკურმა ალბანელებმა კოსოვოს ალბანეთის შემადგენლობაში დარჩენის მიზნით, აჯანყება მოაწყვეს, თუმცა იუგოსლავიის არმიამ ამბოხი სასტიკად ჩაახშო.

1945 წელს კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური რეგიონი შეიქმნა, რომელსაც 1968 წელს ტერმინი „მეტოხია“ ჩამოშორდა და კოსოვოს სოციალისტური ავტონომიური პროვინცია ეწოდა. 1974 წლის იუგოსლავიის კონსტიტუციით, კოსოვოს ავტონომია გაფართოვდა, რაც საკუთარი ადმინისტრაციის, ასამბლეის, სასამართლო სისტემის ქონის, ასევე, კოლექტიურ პრეზიდიუმსა და იუგოსლავიის ფედერაციის პარლამენტში საკუთარი წევრის ყოლის უფლებას აძლევდა.

 

იოსიპ ბროზ ტიტო კოსოვოში - 1975 წელი

1979 წლის ნავთობის კრიზისმა იუგოსლავიის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და მასში შემავალ რესპუბლიკებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება გამოიწვია. კონფლიქტი განსაკუთრებულად გააღრმავა იუგოსლავიის განვითარებადი რეგიონების, მათ შორის კოსოვოს, დახმარების საკითხმა. კოსოვოს ეკონომიკურმა განუვითარებლობამ და იუგოსლავიისგან ე.წ. კულტურულმა იზოლაციამ 1981 წელს პრიშტინაში მასობრივი სტუდენტური პროტესტი გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ქუჩაში გამოსული ეთნიკური ალბანელების საპროტესტო გამოსვლები თანდათანობით უფრო მასშტაბური გახდა, სლობოდან მილოშევიჩმა კი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იუგოსლავიის ერთიანობისთვის საფრთხის შემცველ პროცესად აღიქვა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 1989 წელს, როდესაც მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა, რასაც კოსოვოელმა ალბანელებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს. 1990 წელს მილოშევიჩმა საპროტესტო მუხტის ჩახშობის მიზნით კოსოვოში იუგოსლავიის სამხედრო ძალები გაგზავნა, შემდეგ კი პროვინციის ასამბლეა დაშალა.

1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტად იბრაჰიმ რუგოვა აირჩიეს.

1996 წელს „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია“ გამოჩნდა, რომელმაც კოსოვოში სერბულ პოლიციასა და ოფიციალურ პირებზე თავდასხმები დაიწყო. სერბულ ძალებსა და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას შორის დაწყებული დაპირისპირება 1996-1998 წლების განმავლობაში თანდათანობით მასშტაბურ და დაუნდობელ სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა.

კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცები - სოფელი ტერდე 1998 წელი

1998 წლის მარტში „საკონტაქტო ჯგუფის“ ქვეყნები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და რუსეთი კოსოვოს საკითხის განსახილველად ლონდონში შეიკრიბნენ. პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია (1160), რომლითაც, კოსოვოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, იუგოსლავიის ფედერაციისთვის (მათ შორის კოსოვოსთვის) ყველა სახის იარაღისა და მასთან დაკავშირებული მასალის მიყიდვა და/ან მიწოდება აიკრძალა.

მაისში ამერიკელი დიპლომატის, დეიტონის შეთანხმების არქიტექტორის, რიჩარდ ჰოლბრუკის შუამავლობით ერთმანეთს სლობოდან მილოშევიჩი და იბრაჰიმ რუგოვა შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, ივნისის ბოლოს ჰოლბრუკი კიდევ ერთხელ შეხვდა მილოშევიჩს, შემდეგ კი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეთაურებს, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

 

სლობოდან მილოშევიჩის და იბრაჰიმ რუგოვას შეხვედრა - 1999 წლის 1 აპრილი

23 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა 
რეზოლუცია (1199), რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, კოსოვოს ტერიტორიიდან სერბული ძალების გასვლასა და ლტოლვილების დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა აღნიშნული რეზოლუცია 5 ოქტომბერს იუგოსლავიის ფედერაციამ დაარღვია.

ოქტომბრის ბოლოს, ნატო-ს უმაღლესი მეთაურის, გენერალ უესლი კლარკისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ კლაუს ნაუმანის ბელგრადში ვიზიტის შემდეგ, სლობოდან მილოშევიჩი კოსოვოში სერბული ძალების შემცირებაზე (1998 წლის მარტამდე არსებულ დონემდე) დათანხმდა. გარდა ამისა, 1199-ე რეზოლუციის პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით, კოსოვოში ეუთო-ს გადამოწმების მისია (Kosovo Verification Mission) განთავსდა.

23-27 დეკემბერს სერბულ ძალებსა და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას შორის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. 1999 წლის იანვარში კი რაჩაკის ხოცვა-ჟლეტის - სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 კოსოვოელი ალბანელის მკვლელობის შემდეგ, გენერალი უესლი კლარკი და გენერალი კლაუს ნაუმანი მილოშევიჩს შეხვდნენ, სადაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ რაჩაკი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მოწყობილი პროვოკაციაა.

29 იანვარს ლონდონში „საკონტაქტო ჯგუფის“ საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, სადაც სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში შეხვედრისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. კოსოვოელმა ალბანელებმა და კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის წევრებმა დიალოგში მონაწილეობა დაადასტურეს და 6 თებერვალს რამბუიეში სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიხსნა, თუმცა სლობოდან მილოშევიჩმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 23 თებერვალს ალბანური დელეგაცია კონსულტაციებისთვის კოსოვოში დაბრუნდა. პარალელურად რიჩარდ ჰოლბრუკი მილოშევიჩს შეხვდა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაში დაერწმუნებინა, თუმცა, ამაოდ.

19 მარტს წარუმატებელი მოლაპარაკებებისა და კოსოვოს საზღვარზე სერბული ჯარების მობილიზების შემდეგ, ბილ კლინტონი, ნატო-ს გეგმებისა და სტრატეგიის განხილვის მიზნით, საგარეო პოლიტიკის გუნდს შეხვდა. მომავალ დღეს ეუთო-ს გადამოწმების მისიამ (Kosovo Verification Mission) კოსოვო დატოვა. სერბულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ კოსოვოში შეტევები დაიწყეს.

რაჩაკის სასაკლაოს მსხვერპლთა დაკრძალვა

ნატო-ს საჰაერო იერიშის თავიდან ასაცილებლად, რიჩარდ ჰოლბრუკი საბოლოო ულტიმატუმისთვის მილოშევიჩთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმცა, ამერიკელი დიპლომატის უკანასკნელმა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა.

24 მარტს ნატო-მ ოპერაცია „სამოკავშირეო ძალა“ დაიწყო.

ნატო-ს თვალით დანახული ოპერაცია - „სამოკავშირეო ძალა“

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხედვით, კოსოვოს კრიზისი ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენდა დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის - იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ნატო დაარსების დღიდან იცავს.

კოსოვოში განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული ჩაგვრის, წმენდისა და ძალადობის კულმინაცია იყო, რომელსაც პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მიერ ხორციელდებოდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კი არ დაუშვებდა, რომ ამ ტერორის კამპანია წარმატებული ყოფილიყო.

დასავლეთის სურვილი მშვიდობიანი, მრავალეთნიკური და დემოკრატიული კოსოვოს ხილვა იყო, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ ცხოვრებისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე ადამიანის საყოველთაო უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის საშუალება ექნებოდა.

ამ ყველაფრის მისაღწევად კი ნატო მოითხოვდა: კოსოვოში დაუყოვნებლივ შემწყდარიყო სამხედრო მოქმედებები, სლობოდან მილოშევიჩს გაეყვანა სამხედრო, საპოლიციო და გასამხედროებული ძალები, ეს უკანასკნელი კოსოვოში ნატო-ს სამხედრო პერსონალის განთავსებაზე, ასევე ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უპირობო და უსაფრთხო დაბრუნებასა და მათთან ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების შეუფერხებელ წვდომაზე დათანხმებულიყო.

ნატო ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სამხედრო მოქმედებები არა სერბი ხალხის, არამედ ბელგრადის სასტიკი და დაუნდობელი რეჟიმის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რომელმაც კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე არაერთხელ თქვა უარი.

 

სანამ ბელგრადი არ დააკმაყოფილებს საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს და გააგრძელებს ადამიანთა ტანჯვას, ალიანსის საჰაერო ოპერაციები იუგოსლავიის წინააღმდეგ გაგრძელდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მილოშევიჩის, ბელგრადის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ჩვენ შევასრულებთ კოსოვოში მცხოვრები ადამიანებისთვის მიცემულ პირობას, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. ბელგრადზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ჩვენს სამხედრო მოქმედებებს უფრო ინტენსიურს გავხდით. მოკავშირე ძალების მთავრობები ბელგრადის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების (ეკონომიკური სანქციები და ნავთობპროდუქტების ემბარგო), დაწესებას გააგრძელებენ. ნატო მზადაასაჰაერო თავდასხმები შეაჩეროს მას შემდეგ, რაც ბელგრადი ზემოხსენებულ პირობებს დათანხმდება და კოსოვოდან ძალების შესაბამისი გრაფიკის მიხედვით გაყვანას დაიწყებს“, - ნატოს განცხადება, 1999 წელი.

ნატო-ს 1999 წლის საჰაერო იერიშის ლეგიტიმურობის საკითხი

გაეროს წესდების მიხედვით, დავების გადასაწყვეტად ძალის გამოყენება იკრძალება, მაგრამ არსებობს ორი გამონაკლისი:

1. გაეროს უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და წყვეტს ძალის გამოყენების, ან ძალის გამოყენებაზე მუქარის შემთხვევაში როგორი ზომები უნდა იქნეს მიღებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ზომები შესაძლებელია მოიცავდეს ეკონომიკურ ურთიერთობათა, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო, სატელეგრაფო, რადიო, ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებათა სრულ ან ნაწილობრივ გაწყვეტას, აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასაც. თუ უშიშროების საბჭო გადაწყვეტს, რომ ზემოხსენებული ზომები არ არის საკმარისი, იგი უფლებამოსილია, რომ განახორციელოს ისეთი საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ქმედებები, რომლებიც აუცილებელი იქნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ასეთი ქმედებები შესაძლებელია მოიცავდეს დემონსტრაციებს, ბლოკადას, ან ორგანიზაციის წევრების საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ძალების სხვა ოპერაციებს.

2. ძალის გამოყენების აკრძალვა არ ეხება ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის ხელშეუვალ უფლებას. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შესაბამისი ზომების განხორციელებამდე, სახელმწიფოები თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას ფლობენ.

1999 წელს ნატო-ს საჰაერო იერიშს გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა არ ჰქონია, რადგან იუგოსლავიაზე თავდასხმის გადაწყვეტილებას საბჭოს ორი წევრი - რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად ამისა, ალიანსმა „სამოკავშირეო ოპერაციის“ დაწყება მაინც გადაწყვიტა, რადგან:

ბოსნიის ომის გამოცდილების გათვალისწინებით, დღის წესრიგში არ დამდგარიყო საერთაშორისო საზოგადოების „დაგვიანებული რეაგირების“ საკითხი. ნატო-მ ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება სრებრენიცას გენოციდის შემდეგ მიიღო, რომელსაც ათასობით ეთნიკური ბოსნიელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხედვით, კოსოვოში კრიზისში დროული ჩარევა „უფრო ფართო ომისა და ტანჯვის“ თავიდან აცილების შესაძლებლობა იყო.

ამ მოსაზრებას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის სიტყვებიც, რომლის თანახმადაც „ბოსნიის ომის მიმდინარეობისას ბევრი ფიქრობდა, რომ სისხლისღვრის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება იყო შესაძლებელი, თუმცა როდესაც აგრესორების წინააღმდეგ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები გაბედულ ბოსნიელებთან გავერთიანდით, ომის დასრულებას დავეხმარეთ. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ბალკანეთის რეგიონში სისასტიკესთან მიმართებით უმოქმედობა სისასტიკეს იწვევს, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცედ დგომას არმიების შეჩერება და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.“

ეთნიკური ალბალენების გასვლა კოსოვოდან 1999 წელი 

ინტერვენციის ერთ-ერთი მიზანი იყო შეეჩერებინა „ბალკანიზაციის“ საფრთხე - სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების სისხლისმღვრელი დაპირისპირება რეგიონის პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა, რაც, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებში კონფლიქტების წარმოშობის შანსებს ზრდიდა.

„სარაევო, ბოსნიის დედაქალაქი, სადაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. შემდეგ რეგიონი მეორე მსოფლიო ომმა და ჰოლოკოსტმა მოიცვა. ორივე ომის მიმდინარეობისას ევროპამ დაგვიანებულად აღიქვა საფრთხე. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, მაშინდელ ლიდერებს რომ სწრაფად და გონივრულად ემოქმედათ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა? ომის შესაჩერებლად მსოფლიომ საკმარისად ადრე არ დაიწყო მოქმედება. უდანაშაულო ადამიანებმა საკონცენტრაციო ბანაკებში მოიყარეს თავი, სკოლისკენ მიმავალი ბავშვები სნაიპერთა ტყვიამ იმსხვერპლა, ფეხბურთის მოედნები და პარკები სასაფლაოებად იქცა. ადამიანები მოკლეს არა იმის გამო, თუ რას აკეთებდნენ, არამედ ვინ იყვნენ ისინი. ორი მილიონი ბოსნიელი ლტოლვილი გახდა. ეს იყო გენოციდი ევროპის შუაგულში, არა 1945-ში, არამედ 1995 წელს“, - ბილ კლინტონი, 24 მარტი, 1999.

ალიანსმა მიზნად დაისახა თავიდან აეცილებინა უფრო ფართო ომი, გაცილებით დიდი მსხვერპლი და ტანჯვა, რაც საბოლოო ჯამში, ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.

შეგვიძლია კვლავ პრეზიდენტ კლინტონის სიტყვები დავიმოწმოთ, რომლის თანახმადაც, არაერთ ლიდერს სჯეროდა, რომ ბოსნიაში სისხლისღვრის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც „ბალკანეთში სწორად ასეთი ხალხი ბინადრობს.“ თუმცა, რეალობამ ცხადყო, რომ სისასტიკის წინაშე უმოქმედობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ომის გაგრძელებს უწყობდა ხელს.

ნატო-ს საჰაერო დაბომბვის ლეგიტიმურობის გარდა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხიც არაერთხელ მოქცეულა კრიტიკის ქვეშ. სერბულ და პრო-რუსულ დეზინფორმაციულ წყაროებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნატო მიზანმიმართულად ანადგურებდა საავადმყოფოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, ლტოლვილთა კოლონებს, სატელევიზიო სადგურებს და ა.შ.

სინამდვილეში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზანი, იუგოსლავიის სამხედრო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებით და განადგურებით, კოსოვოში არსებული ჰუმანიტარული კრიზისისა და საომარი მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება იყო.

 

ნატოს ძალების შესვლა კოსოვოში 

რაც შეეხება დარღვევებს, „იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ ნატოს დაბომბვის კამპანიის განხილვის კომიტეტის (Committee to Review the NATO Bombing Campaign Against the Federal Republic of Yugoslavia)“ შეფასებით, საჰაერო იერიშისას ხუთ შემთხვევაში დაირღვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი:

  • 1999 წლის 12 აპრილს - გრდელიცას ხეობაში მატარებელზე თავდასხმისას;

  • 1999 წლის 14 აპრილს - ჯაკოვიცასთან კოლონაზე თავდასხმისას;

  • 1999 წლის 23 აპრილს - სერბეთის რადიო და სატელევიზიო სადგურზე თავდასხმისას;

  • 1999 წლის 5 მაისს - ჩინეთის საელჩოზე თავდასხმისას;

  • 1999 წლის 13 მაისს - სოფელ კორიშაზე თავდასხმისას.

პროპაგანდისტული ნარატივების მიღმა, ფაქტები ცხადყოფს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ნატოს ძალების მიზანს არ წარმოადგენდა და ყველა მსგავსი, იშვიათი შემთხვევა, დარღვევად იქნა მიჩნეული. 

რუსეთის ინტერესი 

შესაძლოა არაერთ ადამიანს გასჩენოდა კითხვა, თუ რატომ არის რუსეთი ამ კონფლიქტით ასე დაინტერესებული მაშინ, როდესაც თავად, ერთი შეხედვით, არც პირდაპირ და არც ირიბად, არანაირი კავშირი არ აქვს.

პასუხი საკმაოდ ტრივიალურია: რუსეთის ფედერაცია ნატო-ს გაფართოებას და ზოგადად, სამხედრო პოლიტიკური ალიანსებისა და ბლოკების შექმნა/გაძლიერებას, თავის საზღვრებთან ახლოს უცხოური სამხედრო ბაზებისა და შეიარაღებული ძალების კონტინგენტის გამოჩენას, უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად აღიქვამსშესაბამისადმოსკოვი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს, რომ აღნიშნულ პროცესს წინ აღუდგეს.  

მოსკოვის სტრატეგიაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით, რეგიონზე გავლენა განავრცოს და გრძელვადიან პერსპექტივაში თავისთვის სასურველ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კოსოვოში რუსი სამხედროების დაჯილდოვებაზე - 2001 წლის ივნისი

მოსკოვი „ბალკანელ თანამოძმეებს“ არწმუნებს, რომ თუ ადრე მათ ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა, ახლა აშშ-ს და ნატო-ს ჰეგემონიისგან იცავს. რუსეთი ე.წ. „მართლმადიდებლური ძმობის“ გამოყენებით და ხაზგასმით, რეგიონის მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესების შეფარვასა და შელამაზებას ცდილობს.

ფართოდ გავრცელებული რუსული ნარატივის მიხედვით, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებს, განსაკუთრებით სერბეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური და ისტორიული კავშირები არსებობს.

1999 წელს რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივმოქმედმა წევრმა, ნატო-ს მიერ იუგოსლავიის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო იერიშს მხარი არ დაუჭირა, რადგან ის „არ და ვერ დაუშვებდა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას“.

1999 წელს იუგოსლავიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერის გარეშე განხორციელებული ნატოს ინტერვენცია, რუსეთს, რომლის მიზანიც ალიანსის ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება, ასევე მისი სიმტკიცისა და ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაა, დისკრედიტაციის კარგ შესაძლებლობას აძლევს, დღემდე.

ყოველივე ზემოთ თქმული, ნათლად დაგვანახა პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ, რომლის დროსაც, სხვადასხვა, კარგად გათელილი დეზინფორმაციული ნარატივების აქტიური გავრცელება პროაქტიულად დაიწყო. მათ შორის, კრემლის კარზე მყოფი პროპაგანდისტები, აქტიურად „იხსენებენ“ ნატოს სამხედრო ოპერაციას, რაც შემდგომ, სხვადასხვა ფორმით, ქართულ პოლიტიკურ თუ მედია სივრცეშიც შემოედინება.

კოსოვოელი ალბანელები ემშვიდობებიან სერბ პოლიციელებს

ამ ქვეტექსტის ამოკითხვის ან ყურის მოკვრის შემხვევაში, შეგიძლიათ ავტომატურად მიიჩნიოთ, რომ თქვენ პროპაგანდისტების სამიზნე გახდით, რომელთა მიზანსაც ნატოს დისკრედიტაცია, თქვენი დაბნევა და რეალობის მოდელირება წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები