-

1991 წელს, როცა 51 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ესტონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია არ ყოფილა. თავიდან, სანამ ერის მთავარი გამოწვევა საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება იყო, ესტონელები გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში შესვლაზე იყვნენ გადართული, ხოლო როცა ქვეყანა, სამივე ამ ორგანიზაციის წევრი გახდა და ესტონეთის დამოუკიდებლობა დანარჩენმა სამყარომ საბოლოოდ გააფორმა, ესტონელების წინაშე ახალი ეტაპი დადგა, რომელმაც ახალი შეკითხვები მოიტანა.

 

სად იყო დამოუკიდებელი ესტონეთის ადგილი ცივი ომის შემდგომ ევროპაში? როგორ უნდა დაეცვა თავი მილიონნახევარ ესტონელს რუსეთისგან? როგორ უნდა განევითარებინა ქვეყანას საკუთარი ეკონომიკა ისე, რომ თან თავი დაეღწია რუსეთზე დამოკიდებულებისგანსაბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ?

 

ესტონეთის პოლიტიკურმა კლასმა, ქვეყნის წინაშე მდგარი ეგზისტენციალური შეკითხვების პასუხს იმ ორგანიზაციაში მიაგნო, რომელიც ესტონეთის დამოუკიდებლობის დაბრუნების კვალდაკვალ იბადებოდა - ევროპის კონტინენტზე სრულიად ახალი სახის პოლიტიკური ერთობა, ევროკავშირი იდგამდა ფეხს და თავისუფალ ესტონეთს სურდა, კვლავაც ევროპული ერების ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი გამხდარიყო.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გზა განვლო ესტონეთმა ევროკავშირამდე - რა გახდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საფუძველი და როგორ გადალახეს ესტონელებმა თითოეულ ეტაპზე არსებული გამოწვევები.

 

ესტონეთის გზა ევროკავშირის კანდიდატობამდე

 

„ევროკავშირში სანამ მიგიღებენ, გადამწყვეტია, რომ მაქსიმალურად გამოიყენო თანამშრომლობის ყველა ფორმა, რასაც ევროკავშირი გთავაზობს, იმისდა მიუხედავად, დამაკმაყოფილებელია თუ არა“, - კლიდე კული, ესტონეთის ელჩი ევროკავშირში 1992-97 წლებში.

 

ესტონეთსა და ევროკავშირს შორის ფორმალური ურთიერთობები მაასტრიხტის ხელშეკრულებამდე დაიწყო, როცა ევროკავშირს კლავაც ევროპული თანამეგობრობა ერქვა. 1992 წლის მაისში, ხელი მოეწერა ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში მომდევნო წლის თებერვალში შევიდა.

 

ეს საეტაპო ხელშეკრულება სამომავლოდ გაღრმავებულ ინტეგრაციას ითვალისწინებდა, რაც ასოცირების შეთანხმების გაფორმებით უნდა დასრულებულიყო. ამის პარალელურად, ევროპის თანამეგობრობაში ცივი ომის შემდგომ პირველ გაფართოებაზე დაიწყო საუბარი, თუმცაამჯერად,ფოკუსში ცენტრალური ევროპის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი იყო. 1993 წლის მაისში წარდგენილ ევროკომისიის დოკუმენტში,შესაძლო გაფართოებაზე საუბრისასბალტიის ქვეყნები და სლოვენია ნახსენები არ ყოფილა.

 

ამ დროს, ესტონელებს ყველაზე მეტად ის აშინებდათ, რომ ევროკავშირს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბლოკებად  არ დაეყო.

 

ასეთ შემთხვევაში, ზემოხსენებული ცენტრალური ევროპის ტრიო, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ბალტიის ქვეყნებზე ადრე მოაწერა ხელი, დაწინაურებულ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, ესტონეთი კი - ლიუტუვასა და ლატვიასთან ერთად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რიგში, უკანა ხაზებზე. ესტონელები თვლიდნენ, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, ისინი ბალტიის დანარჩენ ქვეყნებზე წინ იყვნენ. ამდენად, ბლოკებად დაყოფა მათ უსამართლოდ დაჩაგრავდა.

 

ამის მიუხედავად, ესტონეთისა და ევროპის ურთიერთობა მაინც წინ მიიწევდა. 1994 წლის თებერვალში, ესტონეთმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც იმავე წლის ივლისში წარმატებით დასრულდა. 1995 წლის ივნისში კი ესტონეთმა ბალტიის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

ასოცირების ხელშეკრულება ევროიენტეგრაციის გზაზე სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდა - შეთანხმება ვაჭრობის გარდა მოიცავდა თანამშრომლობას პოლიტიკურ, გარემოს დაცვით, კულტურულ და კრიმინალთან დაკავშირებულ საკითხებზე. წინსვლა იყო ეკონომიკური კავშირის თვალსაზრისითაც - ასოცირების ხელშეკრულებით გაიწერა, თუ როგორ დაუახლოვდებოდა ესტონეთის კანონმდებლობა ევროკავშირისას. ამასთან, დაწესდა კაპიტალისა და საქონლის თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი.

 

ამ დროს უკვე გამქრალი იყო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ბალტიის ქვეყნების მიღებას არ აპირებდა - ასოცირების ხელშეკრულებით გაფორმდა, რომ ესტონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის კარს იყო მიმდგარი. ევროკავშირმა ამგვარად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნები ევროპას ეკუთვნოდა და არა რუსული გავლენის სფეროს.

 

იმის მიუხედავად, რომ ესტონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ასოცირების შეთანხმება გარდამავალი პერიოდის გარეშე მიიღო, მათთვის მაინც მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა, რომ ლიუტუველებსა და ლატვიელებზე უფრო სწრაფად ევლოთ.

 

1995 წლის 28 ნოემბერს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, ესტონეთმა, ევროკავშირის წევრობაზე შეიტანა განაცხადი და ინტეგრაციისთვის მზადება დაიწყეს. ეს გულისხმობდა ადგილობრივი კანონმდებლობის მორგებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრისთვის (რასაც ხშირად „ჰარმონიზაციას“ ეძახიან).

 

ორ წელიწადში, 1997 წლის ბოლოს, ესტონეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა - ის იყო პირველი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირმა გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც ევროკომისიაში დღეს აღიარებენ, ესტონელებმა წარმატებით მოახერხეს, დაერწმუნებინათ ევროპელი კოლეგები, რომ მათი შემთხვევა დამოუკიდებლად, დამსახურების მიხედვით უნდა განხილულიყო.

 

 

თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც ესტონეთს არც ასოცირების ხელშეკრულების გარდამავალი პერიოდი დასჭირდა და კანდიდატობაც ლიეტუვასა და ლატვიაზე ადრე მიიღო, ეკონომიკური განვითარება გახლდათ - ევროკავშირი ხომ, პირველყოვლისა, ეკონომიკური ერთობაა. ესტონეთმა დროის უმოკლეს პერიოდში შეძლო, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისთვის თავი დაეღწია და ევროპას დაკავშირებოდა - 1992 წელს ესტონეთის ვაჭრობის 90% რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა სივრცეზე მოდიოდა. სავალუტო რეფორმამ (ეროვნული ვალუტის ჯერ გერმანულ მარკაზე, შემდეგ ევროზე მიბმამ), საგადასახადო რეფორმებმა და ეფექტურმა პრივატიზაციამ ესტონეთი ყველაზე სწრაფად მზარდ გარდამავალ ეკონომიკად აქცია. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას,ესტონეთის ვაჭრობის 60% უკვე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მოგვიანებით, რუსეთზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას 1998 წლის რუსეთის ეკონომიკურმა კრიზისმაც შეუწყო ხელი.

 

ქვეყნის გარდაქმნა მოლაპარაკების პროცესში

 

1998 წელს ევროკავშირმა მიღების მოლაპარაკებები ექვს ქვეყანასთან დაიწყო. მათ შორის იყო აღმოსავლეთ ბლოკის ოთხი ქვეყანა (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვენია), კვიპროსი და ერთადერთი პოსტ-საბჭოთა და ბალტიის ქვეყანა - ესტონეთი.

 

მართალია, ამ გადაწყვეტილებას თავიდან ლიეტუვასა და ლატვიაში გულისწყრომა მოჰყვა, თუმცა ევროკომისიამ ესტონეთის ობიექტური უპირატესობა კარგად დაასაბუთა, რამაც ბალტიის დანარჩენ ქვეყნებს ყურადღება შიდა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გადაატანინა.

 

ევროკავშირსა და ესტონეთს შორის გაწევრების მოლაპარაკებები ფორმალურად 1998 წლის 31 მარტს, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. სწორედ ამ დღეს შეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომ ესტონელები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლებას მიიღებდნენ, რაც იქამდე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.

 

ევროკავშირში გაწევრებისთვის, ესტონეთის მთავარი ამოცანა, საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო. მოლაპარაკებები 31 თემატურ ნაწილად იყოფოდა, ესტონეთს კი თითოეულ მათგანზე უნდა გაეწია სამუშაო. ესტონელებისთვის ეს ადვილი სულაც არ ყოფილა, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით, ესტონეთი, პრაქტიკულად, ნულიდან იწყებდა. საჯარო მოხელეთა რაოდენობა შეზღუდული იყო, მათ უმეტესობას კი, ახალგაზრდული ენერგიისა და გულმოდგინების მიუხედავად, ამ მასშტაბის საქმესთან შეჭიდების გამოცდილება არ გააჩნდა.

 

თანაც, იმისდა მიუხედავად, რომ 1996 წელს ესტონელებს უკვე ჰქონდათ ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური გეგმა, უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა.

 

ამდენად, მოლაპარაკებების ეტაპზე ესტონელებმა მიზნად დაისახეს, რაც შეიძლება მალე შეექმნათ შესაბამისი სტრუქტურები, ჩამოეყალიბებინათ მოლაპარაკებების მკაფიო მიზნები და ეფექტურად დაენაწილებინათ სამუშაო. საქმის ძირითადი ნაწილი სწორედ სახლში იქნებოდა გასაკეთებელი - ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად ათასობით ახალი კანონის მიღება სჭირდებოდა.

 

ესტონეთისთვის მოლაპარაკებებისას მთავარი საკითხები ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა იყო. სამივე მიმართულებით ესტონეთს მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ დათმობებზე წასვლა მოუხდა, რათა ევროკავშირის სტანდარტებს მორგებოდა. თუმცა, როგორც თავად ესტონელები აღნიშნავდნენ, დეტალები მუდამ მსჯელობის საგანი იყო და ქვეყანა თავისი ინტერესების დაცვას ახერხებდა.

 

რთულ მოლაპარაკებებსცოტა ხანშიევროკავშირის შიდა კრიზისი დაემატა, რამაც  ესტონეთის გაწევრების პროცესი შეანელა. ეს განსაკუთრებით ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც 1999 წელს,კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო,ევროკომისია სრული შემადგენლობით გადადგა. შედეგად, წევრი სახელმწიფოები გაფართოებას მეტი ეჭვით უყურებდნენ.

 

თუმცა, საბოლოოდ, ეს ეჭვები დროებითი გამოდგა. 2002 წლის 13 დეკემბერს, კოპენჰაგენის სამიტზე,ევროკავშირსა და ესტონეთს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. ალარ შტრაიმანი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ესტონეთის მთავარი მომლაპარაკებელი, მოგვიანებით დაწერს: „მიღების მოლაპარაკებების ხუთი წელიწადის განმავლობაში, ესტონეთმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა. მათი უმეტესობა,ევროკავშირში შესვლამ პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვია. ალბათ, ეს ცვლილებები მაინც მოხდებოდა, თუმცა ევროკავშირში მიღების პროცესმა ძლიერი იმპულსი შესძინა და რელსებზე დარჩენა გააადვილა. ყველაზე დიდი ცვლილებები კონკურენციის და გარემოს დაცვის პოლიტიკაში, სოფლის მეურნეობაში, საგარეო ვაჭრობასა და შიდა ბაზარში მოხდა. თუმცა,ამაზე დიდი ცვლილება, ალბათ, ის შეგრძნება იყო, რომ როგორც იქნა, ქვეყანა მენტალური კარჩაკეტილობიდან გამოდიოდა. მოლაპარაკებებიდან ესტონეთი სრულიად სხვანაირი ქვეყანა გამოვიდა - ევროპული სამართლის სისტემით და თანამედროვე, ეფექტური ადმინისტრაციით“.

 

როგორ დააფინანსა ევროკავშირმა ესტონეთის ტრანსფორმაცია

 

„რომ ეკითხათ, შევიდოდა თუ არა ესტონეთი ევროკავშირში PHARE-ს გარეშე, გიპასუხებდით, რომ კი, შევიდოდით, მაგრამ უფრო გვიან და ბევრი გართულებით (სასამართლო პროცესები, ჯარიმები და ა.შ.). გარდა ამისა, ჩვენი ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდული იქნებოდა“, - რენალდო მენდმეტსი, ევროკავშირთან მომლაპარაკებელი დელეგაციის წევრი, ესტონეთის ფინანსთა სამინისტროს მდივანი 2000-07 წლებში.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოსტ-საბჭოთა ესტონეთისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ადვილი საქმე არ ყოფილა. თუმცა, რამაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 13 წელიწადში,ევროკავშირში შესვლა შესაძლებელი გახადა, ესტონელების თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტები იყო. ბრიუსელში კარგად ხედავდნენ, განსაკუთრებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპების დროს, რომ პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, დასახული მიზნების დამოუკიდებლად შესრულებისთვის რესურსები არ ჰყოფნიდათ.

 

ამიტომაც, 1992 წლიდან 2004 წლამდეესტონეთმა ევროკავშირისგან 8.1 მილიარდი ესტონური კრონა მიიღო, რაც დღევანდელი საზომით, დაახლოებით 800 მილიონი ევროს ტოლია.

 

ამ დახმარების ყველაზე დიდი წილი, 5.1 მილიონი კრონა, ესტონეთმა PHARE-ს პროგრამის ფარგლებში მიიღო. პროგრამის ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებით, პრივატიზაციითა და საჯარო სამსახურის რეფორმით.

 

გარდა ამისა, PHARE-ს ფარგლებში განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავდა, რომ იმ მომენტში, როცა ესტონეთი ევროკავშირში შევიდოდა და ბრიუსელისგან დამატებით სახსრებს მიიღებდა, ახალი პროექტების განხორციელებისთვის უკვე მზად ყოფილიყო.

 

დანარჩენი თანხა ესტონეთმა SAPARD-ისა და ISPA-ს პროგრამების ფარგლებში მიიღო. აქედან პირველი ინფრასტრუქტურას აფინანსებდა, ხოლო მეორე - სოფლის მეურნეობას. ISPA-ს პროექტის ფარგლებში განაახლეს ქვეყნის მთავარი მაგისტრალები - ტალინი-ნარვა და ტალინი-პერნუ, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ტარტუში მიწისქვეშა კომუნიკაციების ძვირადღირებული პროექტი განახორციელეს, არაერთ სხვა ქალაქში კი წყლისა და ნარჩენების მართვის სისტემები გამართეს.

 

SAPARD-ით ესტონეთში დაფინანსდა სასოფლო-სამეურნეო დანადგარები. რძის პროდუქტების, ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ქარხნები კი ევროკავშირის სტანდარტებზე გადავიდა. ასევე, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო სასოფლო ტურიზმისა და სხვა ბიზნესების განვითარებაში.

 

შიდა ფრონტი: პარლამენტი და მედია

 

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მთელი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ესტონური მედია ძალიან სასარგებლო და სანდო იყო. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაზე გამოსადეგი, ალბათ, მათი კრიტიკა იყო,“ - ალარ შტრაიმანი.

 

ესტონეთის წარმატებულ ევროინტეგრაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის შიდა ერთიანობამ. რამდენადაც ევროკავშირში შესვლა დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე იქცა ესტონელების ერთ-ერთი უმთავრეს ამოცანად, პოლიტიკური სპექტრი, ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული იყო, პროცესში კი, თავიდანვე,ყველა პარტია იყო ჩართული.

 

ჯერ კიდევ 1993 წელს, ესტონეთის მთავრობამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ევროკავშირში შესვლის შესაძლო შედეგები უნდა გაეანალიზებინა. ჯგუფში შედიოდნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე საპარლამენტო ფრაქციები, სამინისტროები, სამთავრობო უწყებები და მეცნიერები. მოგვიანებით, სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით შეიქმნა ევროინტეგრაციის საკოორდინაციო სტრუქტურა.

 

როცა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყო, მთავარი მომლაპარაკებელი ყველაფერს დეტალურად განიხილავდა პარლამენტის ევროკავშირის საკითხების კომიტეტთან. იმისდა მიუხედავად, რომ პარლამენტს მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ვეტოს ფორმალური უფლება არ გააჩნდა, ეს პროცედურა ყველა პარტიას ჩართულობის განცდას უჩენდა. თავის მხრივ, პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა მომლაპარაკებლებს ფართო სახალხო მანდატს აძლევდა.

 

1997-2003 წლებში ევროკავშირის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ტუნე კელამი წერს, რომ კომიტეტი „მინი-პარლამენტი“ გახდა, რაც „დიდი პარლამენტისგან“ იმით განსხვავდებოდა, რომ ესტონეთის ეროვნული ინეტერესებისთვის საკითხის უზარმაზარი მნიშვნელობის გამო, პარტიული განსხვავებები მუდამ უკანა პლანზე გადადიოდა - ევროკავშირში შესვლა ყველა მათგანის საერთო მიზანი იყო.

 

საგარეო ფრონტი: ერთი საელჩოს მაგალითი

 

ქვეყნის შიგნით გაწეული სამუშაოს და ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების გარდა, ესტონეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, აქტიურად ემუშავა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში - საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ხომ სწორედ იქ უნდა მიეღოთ.

 

რიინა კიონკა, ესტონეთის ელჩი გერმანიაში (2000-04) დეტალურად აღწერს, თუ როგორ მუშაობდნენ ესტონელები საზღვარგარეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად. როგორც ის წერს, ევროკავშირში შესვლამდე, ესტონელებისთვის მთავარი საგარეო გამოწვევა ის იყო, რომ ქვეყანა,დასავლეთ ევროპელებისთვის გაეცნოთ - 50 წლიანი გახლეჩის შედეგად, ალბათ რამდენიმე გერმანელი თუ შეძლებდარუკაზე ესტონეთი მოეძებნა.

 

უმრავლესობამ არ იცოდა, ბალტიის სახელმწიფოებიდან ესტონეთი რომელი იყო და დანარჩენებისგან რითი განსხვავდებოდა. არც ის იცოდნენ, რომ ესტონელებს თავისი ენა ჰქონდათ და რუსულად არ ლაპარაკობდნენ. ესტონელებს გერმანელები უნდა დაერწმუნებინათ, რომ მათნაირები იყვნენ - მათი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში იყო. სწორედ ამას დაეფუძნა ესტონელი დიპლომატების საინფორმაციო კამპანია.

 

რიინა კიონკას თანახმად, თავიანთი გზავნილის გასავრცელებლად ესტონელები არცერთ შესაძლებლობას უშვებდნენ ხელიდან - ქვეყანას წარადგენდნენ საინფორმაციო გამოფენებზე, მედიას კი ყველა ინტერვიუზე თანხმდებოდნენ. როგორც ესტონეთის ყოფილი ელჩი იხსენებს, საელჩოსთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო, რომ ყველა დიპლომატს შეეძლო გამართული გერმანულით საუბარი. ეს ესტონელებს საშუალებას აძლევდა, შეზღუდული რესურსების პირობებში, მათი გზავნილი შორს წასულიყო, რაც მუდამ კოლეგების გაოცებას იწვევდა.

გარდა ამისა, ესტონელები საელჩოში მასპინძლობდნენ ჩვეულებრივ გერმანელებს - სკოლის მოსწავლეებიდან-პენსიონერებამდე. ხოლო, ევროკავშირში შესვლის წინა დღეებშიესტონელი დიპლომატები მთელი გერმანიის მასშტაბით გაიფანტნენ და საკუთარ ქვეყანას წარადგენდნენ.

 

რომელი კავშირი სჯობს: ევროსკეტიციზმი ესტონური ფერებში

 

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ესტონეთის ევროკავშირში შესვლას ერთადერთი რამ სჭირდებოდა - ესტონელი ხალხის თანხმობა. ესტონეთში ევროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო და ევროკავშირში გაწევრება მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი.

 

ეს კი ისეთი ადვილი ეტაპიც არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს - ესტონელებში ევროსკეპტიციზმი არცთუ იშვიათი იყო. ლატვიასთან ერთად, ევროკავშირში შესვლას ყველაზე დაბალი მხარდაჭერა ესტონეთში ჰქონდა.

 

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, ისტორიული გამოცდილებაა - დამოუკიდებლობის აღდენამდე,ესტონეთმა 51 წელი საბჭოთა „კავშირში“ გაატარა, ახლა კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მორიგ „კავშირში“, ამჯერად ევროკავშირში, გაწევრებას უფრთხოდა. ესტონეთშიძალაუფლების მქონე უცხოელების მიმართ უნდობლობით, თაობები აღიზარდა, იქ ჩასული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები კი დიდად თავს არ იწუხებდნენ იმის ახსნით, თუ რა განასხვავებდა ამ ორ „კავშირს“.

 

ესტონელთა ნაწილის ნაციონალისტურ სენტიმენტს ემატებოდა ქვეყნის ინდუსტრიული და აგრიკულტურული რეგიონების მაცხოვრებლების სოციო-ეკონომიკური პრობლემები. საბჭოთა კავშირის დროს, ესტონეთის ჩრდილო-დასავლეთით ინდუსტრიული დასახლებები გაჩნდა, სადაც ასიათასობით რუსი დასახლდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაქაურობამ მოსკოვის სუბსიდიებიც და რაც მთავარია, საექსპორტე ბაზარიც დაკარგა. იგივე მდგომარეობა იყო ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, სადაც წარსულში, საბჭოთა სუბსიდიების ხარჯზე, სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული.

 

ამ რეგიონებში შედარებით დიდი უკმაყოფილება იყო ესტონეთის მთავრობის და იმ ზომების მიმართ, რომელთა გატარებაც, ევროკავშირში შესასვლელად იყო საჭირო და რასაც ცხოვრების გაძვირება გამოიწვია. მართალია, საბოლოოდესტონეთი მაინც მოგებული დარჩებოდა, თუმცა რეფერენდუმის წინა პერიოდში ზიანი უფრო ხელშესახები იყო, სარგებელი კი შედარებით გრძელვადიან პერსპექტივას წარმოადგენდა. თანაც, დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებამ, ესტონეთის დანარჩენ ნაწილს ევროკავშირში შესვლამდეც არგო, ზმოთ დასახელებულ რეგიონებს კი ეს ყველაფერი დიდად არ შეხებია, რადგანაც საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველ ადგილებს წარმოადგენდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ესტონეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა, ეთნიკური რუსების ფაქტორი რეფერენდუმის ერთ-ერთი წინაღობა იყო. მათი უმეტესობა, სწორედ ამ ინდუსტრიულ დასახლებებში ცხოვრობდა, ესტონური კი ცოტამ თუ იცოდა, რამაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ,მათ ესტონურ შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრება გაურთულა.

 

საზღვრის მეორე მხარეს, ბევრ მათგანს ნათესავები ეგულებოდა, ბევრი ეთნიკურად რუსი კი ან საყიდლებზე დადიოდა, ან სულაც გადმოტანილ საქონელს ყიდდა. ევროკავშირში შესვლა, გამკაცრებული სავიზო რეგულაციებით და სასაზღვრო კონტროლით, მათთვის ამ სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების შესუსტებას ნიშნავდა, რაცბუნებრივია, დიდად არ ხიბლავდათ.

 

რეფერენდუმი

 

ევროსკეპტიკოსებს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ - არ არსებობდა პარტია, რომელიც მათ შეკრავდა. ყველა დიდი პარტია ევროკავშირში შესვლის მომხრე იყო. რეფერენდუმამდე რამდენიმე თვით ადრე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე,ევროსკეპტიკულმა პარტიებმა სავალალო შედეგი აჩვენეს. დიდი პარტიებიდან ერთადერთი, რომელიც ამ საკითხზე პოზიციას ცხადად არ გამოხატავდა, ეთნიკურად რუსებში პოპულარული ცენტრის პარტია იყო. საბოლოოდ, როცა 2002 წელს სამთავრობო კოალიციაშიც აღმოჩნდნენ, ევროკავშირის და გაწევრების პროცესის მიმართ კრიტიკა მათაც შეარბილეს.

 

 

მეორე მხარემ კი რეფერენდუმის კამპანია ერთიანობით დაიწყო - მას სათავეში ჩაუდგნენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. საინტერესოა, რომ ესტონეთის მაშინდელი პრეზიდენტი, არნოლდ რუიტელი, წარსულში საბჭოთა მაღალჩინოსანი იყო, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებლობის მოძრაობას შეუერთდა და პოლიტიკური მოღვაწეობა დამოუკიდებელ ესტონეთშიც განაგრძო. მოგვიანებით, კამპანიას მხარი დაუჭირა ყველა საპარლამენტო პარტიამ.

 

რეფერენდუმის ეროვნული საინფორმაციო კამპანია“ მიზნად ისახავდარომ ესტონელებისთვის ნეიტრალური და ზოგადი ინფორმაცია მიეწოდებინა ევოკრავშირისა და გაწევრების სარგებლის შესახებ. კამპანიამ წარმატებით შეძლო, ესტონელები დაერწმუნებინა, რომ ევროკავშირში გაწევრება,ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაეხმარებოდა. ცნობადი სახეების დახმარებით, ევროკავშირში შესვლის მომხრეებმა რეფერენდუმი ცივილიზაციურ არჩევნად წარმოადგინეს, სადაც ესტონელ ხალხს ისტორიული ხმა უნდა მიეცა.

 

ამის პარალელურად, ევროკავშირში შესვლის მოწინააღმდეგეებმა საკმარისი რაოდენობის ადამიანი ვერ დაარწმუნეს, რომ ესტონეთის ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხე ექმნდებოდა და ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან ბევრი არაფრით განსხვავდებოდა. მოსახლეობამ არც ის დაიჯერა, რომ ევროკავშირში შესვლა, ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევდა. ევროსკეპტიკოსებს არც რუსეთზე აპელირებამ უშველათ - შესვლის მომხრეებმა მოსახლეობა უკეთ დაარწმუნა, რომ ევროკავშირში შესვლა, ესტონეთს რუსეთისგან უფრო დაცულად აქცევდა.

 

საბოლოოდ, 2003 წლის 14 სექტემბერს,რეფერენდუმზე, ესტონელების 64% მივიდა და მათგან 67%-მა ხმა ევროკავშირში შესვლას მისცა. ესტონეთი 2004 წლის მაისს ესტონეთი ლიეტუვასთან, ლატვიასთან, პოლონეთთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, კვიპროსთან და მალტასთან ერთად ევროკავშირის წევრი გახდა.

 

 

როგორც დრომ გვიჩვენა - თავდაუზოგავმა მუშაობამ, რეალობის სწორად შეფასებამ და დასახული მიზნების შესრულებამ, ესტონეთი თანამედროვე, ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროპულ ქვეყანად აქცია, რომელსაც ევროკავშირში საკუთარი, გამოკვეთილი როლი აქვს, რაც ბევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, სამაგალითოდ მიიჩნევა.

 

რეალპოლიტიკა გააგრძელებს სტატიების ციკლს ესტონეთის შესახებ, სადაც უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ ესტონეთის ეკონომიკურ რეფორმებს და იმ ცვლილებებს, რაც ქვეყანამ უკვე ევროკავშირში შესვლის შემდეგ განიცადა.

მსგავსი სიახლეები