მაღალი ალბათობით, ისრაელის პრემიერი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნაფტალი ბენეტი იქნება - მემარჯვენე შეხედულებების პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკურ ქორწინებაში იყო ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ბენეტი - ყოფილი სპეცრაზმელი, წარმატებული ბიზნესმენი და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის კატეგორიული მოწინააღმდეგეა.
მარტის საპარლამენტო არჩევნებში ბენეტის პარტია იამინამ ქნესეთში სულ 7 მანდატი მოიპოვა, თუმცა იმ მოცემულობაში, როდესაც ორი დიდი პოლიტიკური ბანაკის ძალები დაახლოებით თანაბარია, სწორედ ბენეტის პარტიამ მიიღო გადამწყვეტი სიტყვა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბენეტს ბევრი ანალიტიკოსი ე.წ. Kingmaker-ად მიიჩნევდა - ძალად, რომელიც გადაწყვეტდა ვინ გახდებოდა ქვეყნის ახალი ლიდერი, თუმცა საბოლოოდ გვირგვინი თავად ბენეტმა დაიდგა.
ბენეტის პარტიამ ორი წლის წინ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, ხოლო თავად ბენეტი, რომელიც ერთ დროს ბიბი ნეთანიაჰუს პროტეჟედ და მასზე უფრო რადიკალური მემარჯვენე განწყობების პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, საბოლოოდ შეურთდა 8 პარტიისგან შემდგარ და იდეოლოგიურად უკიდურესად ეკლექტურ კოალიციას, რომლის ერთადერთი და მთავარი მიზანიც ბიბი ნეთანიაჰუს 12-წლიანი ზეობის დასრულებაა.
ვინ არის ნაფტალი ბენეტი?
ისრაელის მომავალი პრემიერი 49 წლის წინ ქალაქ ჰაიფაში, აშშ-დან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. ბენეტმა ბავშვობის ნაწილი აშშ-ში გაატარა, ის კარგად ფლობს ინგლისურ ენას და ხშირად იძლევა ინტერვიუებს სხვადასხვა გამოცემებისთვის. ბენეტის თქმით, მისი მშობლები არასდროს ყოფილან რელიგიური ორთოდოქსები და თავად სეკულარულ გარემოში იზრდებოდა, მიუხედავად ამისა, დღეს ბენეტი ორთოდოქსი ებრაელია.
ამგვარად, ბენეტის გაპრემიერების შემთხვევაში იგი ებრაული სახელმწიფოს პირველი რელიგიური პრემიერი გახდება, რომელიც მუდმივად ატარებს კიპას. ბენეტი ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად თელ-ავივის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ რაანანაში ცხოვრობს.
წლების განმავლობაში ბენეტი პროფესიონალი სამხედრო იყო, იგი ისრაელის არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი იყო, სწორედ ამ დანაყოფში მსახურობდა თავის დროზე ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი ნეთანიაჰუც. სპეცრაზმის შემადგენლობაში ბენეტი მონაწილეობდა ჯგუფის სპეცოპერაციებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ბენეტი სამხედრო სამსახურს გადიოდა სამხრეთ ლიბანშიც, რომელიც იმ დროს ისრაელის მიერ იყო ოკუპირებული.
ბენეტის დანაყოფი მონაწილეობდა ინციდენტში, რომლის დროს სამხრეთ ლიბანში მდებარე სოფელ ქაფრ ქანაში მდებარე ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის არტილერიის მიერ განხორციელებულ შეტევას 102 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ნაფტალი ბენეტმა იერუსალიმის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს ბენეტმა ტექნოლოგიურ სტარტაპ კომპანია დააარსა, რომელიც ფინანსური თაღლითობისგან დამცავ სერვისს ყიდდა. ბენეტი კომპანიის გაფართოების მიზნით მალევე საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 2005 წელს ნაფტალი ბენეტმა თავისი სტარტაპი ამერიკულ კომპანიას 145 მილიონ დოლარად მიჰყიდა, თავად კი ისრაელში დაბრუნება და პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა.
"ერთ დაჯდომაზე 17 სტეიკს ვჭამ, მე არ მყავს პირადი თვითმფრინავი ან იახტა, მე უბრალოდ ვიყიდე თავისუფლება მეკეთებინა, რაც მინდოდა",- ამბობს ბენეტი თავის წარსულ საქმიანობაზე.
პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში და ტოქსიკური ურთიერთობები ნეთანიაჰუსთან
ნაფტალი ბენეტი ისრაელის პოლიტიკურ სივრცეში პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ბენეტი პარტია ლიკუდში გაწევრიანდა, რომლის ლიდერიც ბენიამინ ნეთანიაჰუ იმ დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა. ბენეტმა ნეთანიაჰუს შტაბის უფროსის პოსტი დაიკავა.
ბენეტი თავიდანვე ნეთანიაჰუს პროტეჟედ და პოტენციურ მემკვიდრედ განიხილებოდა. ეს განპირობებული იყო ბენეტისა და ნეთანიაჰუს კარგი პირადი ურთიერთობებით და შეხედულებების სიახლოვით. მეტიც, ბენეტმა თავის უფროს შვილს ნეთანიაჰუს უფროსი ძმის პატივსაცემად, იონი დაარქვა, რომელიც 1976 წელს ენტებეში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციისას მოკლეს.
ამის მიუხედავად, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ბენეტსა და ნეთანიაჰუს ურთიერთობები გაუფუჭდათ და ახლო თანამშრომლობა სკანდალით დასრულდა. ბენეტსა და აილეტ შაკედს განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლთან, სარასთან. ებრაულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ნაფტალი ბენეტმა სარას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის უფლება არ მისცა და უთხრა: "მე შენი ქმრისთვის ვმუშაობ და არა შენთვის."
ნეთანიაჰუსგან წამოსვლის შემდეგ, ბენეტი სათავეში ჩაუდგა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული ახალშენების ერთ-ერთ ასოციაციას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბენეტი არასდროს ყოფილა ახალმოსახლე, იგი აქტიურად ადვოკატირებდა ახალშენების პოლიტიკას იმ ტერიტორიებზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ოკუპირებულად მიიჩნევს.
ნაფტალი ბენეტი აქტიურ პოლიტიკას 2013 წელს დაუბრუნდა, ამ დროს იგი კრიზისში მყოფ პარტიას ებრაულ სახლს შეუერთდა. ამ პარტიის მხარდამჭერები ძირითადად დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები, ნაციონალისტურად განწყობილი ებრაელი ახალმოსახლეები იყვნენ და პარტიის დღის წესრიგიც და დაპირებებიც სწორედ ახალშენების გაფართოებას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას უკავშირდებოდა.
ამგვარი პოზიციონირებით და განახლებული საარჩევნო კამპანიით ბენეტმა პარტიის წინა არჩევნების შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 12 მანდატი მოიპოვა. არჩევნების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ნეთანიაჰუ მყარ მემარჯვენე კოალიციას შექმნიდა მემარჯვენე ნაციონალისტურ, რელიგიურ და კონსერვატორულ პარტიებთან ერთად, თუმცა, ნაფტალი ბენეტმა მას ულტიმატუმი წაუყენა.
ბენეტი ითხოვდა ახალ კოალიციაში არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ახალი პარტიის, "იეშ ატიდის" შეყვანას და მის გარეშე ახალ მთავრობაში შესვლას გამორიცხავდა. "იეშ ატიდის" მკაცრი სეკულარული პოზიციების გამო ავტომატურად გამოირიცხებოდა ახალ კოალიციაში ნეთანიაჰუს ტრადიციული პარტნიორი, რელიგიური პარტიების შესვლა. საბოლოოდ, ნეთანიაჰუს საკმარისი მანდატების ნაკლებობის გამო მისთვის არასასურველი კოალიციის შექმნა მოუხდა, რომელშიც იაირ ლაპიდის პარტია "იეშ ატიდი", ნაფტალი ბენეტის "ებრაული სახლი" და კიდევ ორი სეკულარული პარტია შევიდნენ (ციპი ლივნის "ჰატნუა" და ავიგდორ ლიბერმანის "ისრაელ ბეითენუ").
სწორედ ამ დროიდან დაიწყო ბენეტისა და ნეთანიაჰუს კოალიციური პარტნიორობა - 2013-2015 წლებში ბენეტი ნეთანიაჰუს მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2015-2019 წლებში ის განათლების სამინისტროს, ხოლო 2019-2020 წლებში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
2018 წლის დეკემბერში ბენეტმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა აილეტ შაკედმა "ებრაული სახლი" დატოვეს და ახალია პარტია - ახალი მემარჯვენეები შექმნეს.
მათ "ებრაული სახლის" ნაციონალისტურ-რელიგიური ნიშიდან გამოსვლა და უფრო ფართო ელექტორატზე გასვლა სურდათ. განახლების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ბენეტის პარტიამ 2019 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რამაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი კოალიციის შესაძლებლობა არ მისცა. ქვეყანა კი ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში შევიდა და ბოლო 2 წელიწადში ისრაელში ოთხი არჩევნები ჩატარდა.
ბენეტის პარტიამ სხვადასხვა კონფიგურაციით და ბლოკებით მომდევნო სამ არჩევნებზე ბარიერის გადალახვა შეძლო. 2021 წლის არჩევნებზე ბენეტი გაცილებით უფრო მეტი მანდატის მიღებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ, მისი პარტია "იამინა" 7 სადეპუტატო მანდატს დასჯერდა. არჩევნების შემდეგ 7-დან ერთმა ქნესეთის წევრმა, ამიხაი ჩიკლიმ "იამინა" დატოვა, რადგან არაბულ და მემარცხენე პარტიებთან კოალიციაში შესვლა მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, 6 მანდატი საკმარისი აღმოჩნდა არამხოლოდ პარლამენტში შესასვლელად, არამედ პრემიერობისთვისაც.
"არ დავთმობ ებრაული მიწის არცერთ სანტიმეტრს"
ნაფტალი ბენეტს ხშირად ახასიათებენ როგორც ულტრანაციონალისტს, ხოლო თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ის უფრო მემარჯვენეა, ვიდრე ნეთანიაჰუ. ბენეტის აზრით, ისრაელი ებრაელების ეროვნული სახელმწიფო უნდა იყოს. მისი აზრით ებრაელებს სრული ისტორიული უფლება აქვთ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმზე და გოლანის მაღლობებზე.
უკვე მრავალი წელია, ბენეტი მხარს უჭერს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ებრაული ახალშენების შენარჩუნებას და გაფართოებას. ამ დროისთვის დასავლეთ ნაპირზე დაახლოებით 140 000 ებრაელი, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმში 600 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ებრაულ ახალშენებს ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციად მიიჩნევს, თუმცა ამ ფორმულირებას არ ეთანხმება ბევრი ებრაელი პოლიტიკოსი, მათ შორის არც ნაფტალი ბენეტი. ახალშენების საკითხი ებრაულ-პალესტინური კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხია, პალესტინელები ებრაული ახალშენების ლიკვიდაციას ითხოვენ, ნეთანიაჰუ ახალშენების შენარჩუნებას ემხრობა, თუმცა მიიჩნევა, რომ ამ საკითხში ბენეტი ნეთანიაჰუზე რადიკალურია.
საპირისპიროდ, ბენეტმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორიდან ებრაული ჯარების და ებრაული ახალმოსახლეების გამოყვანას 2005 წელს.
თავის სატელევიზიო გამოსვლებში ებრაულ-პალესტინურ კონფლიქტზე საუბრისას ბენეტი ხშირად სწორხაზოვანი და უხეშია. მაგალითად 2013 წელს ბენეტსა და ქნესეთის არაბ დეპუტატს შორის გამართული დებატებისას, ამ უკანასკნელის სიტყვებზე, რომ ებრაელებს არ აქვთ უფლება იცხოვრონ დასავლეთ სანაპიროზე, ბენეტმა უპასუხა "ამ ტერიტორიაზე ჩვენ ებრაული სახელმწიფო გვქონდა, მაშინ როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ხეებზე ისხედით."
ნაფტალი ბენეტი მხარს უჭერს პალესტინელი ტერორისტების სიკვდილით დასჯას. 2013 წელს ღაზას სექტორთან მორიგი დაძაბულობისას ბენეტმა განაცხადა: "ისრაელი არ უნდა ათავისუფლებდეს პალესტინელ ტერორისტებს, არამედ სიკვდილით უნდა სჯიდეს მათ". სიკვდილით დასჯას ისრაელში მხოლოდ ერთხელ, 1962 წელს მიმართეს, როდესაც სასიკვდილო განაჩენი ჰოლოკოსტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ადოლფ აიხმანს გამოუტანეს.
ბენეტის განათლების მინისტრობის პერიოდში, სკოლის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში შევიდა მოთხრობა არაბი გოგოსა და ებრაელი ბიჭის სასიყვარულო ისტორიაზე - ბენეტმა მხარი დაუჭირა მოთხრობის ამოღებას სასწავლო პროგრამიდან.
ყველაფერთან ერთად ბენეტი ყოფილ ბრიტანულ პალესტინაზე ორი სახელმწიფოს დაარსების მოწინააღმდეგეა. 2014 წელს ჰამასსა და ისრაელს შორის 50-დღიანი ომის შემდეგ, New York Times-ში ნაფტალი ბენეტის სვეტი გამოქვეყნდა. თავის სვეტში ბენეტი საუბრობდა, რომ ისრაელმა არ უნდა დაუშვას პალესტინური სახელმწიფოს დაარსება. ბენეტი ამტკიცებდა, რომ პალესტინური სახელმწიფოს შექმნა ისრაელისთვის სუიციდის ტოლფასი იქნებოდა.
პალესტინური სახელმწიფოს ნაცვლად ბენეტი არაბებისთვის ავტონომიის მიცემას და დასავლეთ ნაპირის ტერიტორიის 40%-ს გადაცემაზე საუბრობდა. "არ დავთმობ ებრაული მიწის ერთ სანტიმენტრსაც",- განაცხადა ბენეტმა მიმდინარე წლის თებერვალში, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. მისი აზრით, ისრაელმა პირიქით, უნდა გააფართოვოს თავისი იურისდიქცია იუდეასა და სამარიაზე [ეს არის იორდანეს დასავლეთ ნაპირის ბიბლიური სახელწოდებები].
2018 წელს ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირებების დროს ბენეტი ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიოდა. წინა თვეში მიმდინარე 11-დღიანი ომისას ბენეტი ამბობდა, რომ ვითარების გამწვავებასა და ღაზის სექტორში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში დამნაშავე ჰამასის ლიდერები არიან.
შიდა საკითხებში ბენეტი ორთოდოქს ებრაელებსა და სეკულარულად განწყობილ მოქალაქეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის გაღრმავებას ემხრობა. ამავდროულად ბენეტი, მცირე სახელმწიფოსა და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ინიციატორია.
მოწინააღმდეგე ბანაკში
თავისი შეხედულებების და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ნაფტალი ბენეტი საბოლოოდ უკიდურესად ეკლექტური და მრავალფეროვანი კოალიციის ლიდერი გახდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩამოყალიბებული სამთავრობო კოალიცია ქვეყნის ფრაგმენტირებული პოლიტიკური ძალების სრულ სპექტრს მოიცავს, მათ შორის მემარცხენე პარტიებს და ერთ ისლამისტურ, არაბულ პარტიასაც.
ბენეტმა და მისმა თანაგუნდელებმა წარსულში არაერთხელ უარყვეს მემარცხენე და არაბულ პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბების იდეა. ასევე წინასაარჩევნოდ ბენეტი კატეგორიულად გამორიცხავდა იაირ ლაპიდის პრემიერობის მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ბენეტის პარტიამ მხარი დაუჭირა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის იეშ ატიდის ლიდერის, მემარცხენე ცენტრისტის, იაირ ლაპიდის მიერ ინიცირებულ კოალიციას.
თავისი კონტრავერსიული გადაწყვეტილება ბენეტმა შემდეგნაირად ახსნა: "ოთხი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ ისრაელის პოლიტიკური კრიზისი უპრეცედენტოა, ჩვენ შეგვიძლია კიდევ 10 არჩევნები ჩავატაროთ და ეტაპობრივად გავანადგუროთ ჩვენი სახლი. ამ დროის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ვერ იარსებებს მემარჯვენე მთავრობა ნეთანიაჰუს მეთაურობით, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე კოალიციას, რათა თავიდან ავიცილოთ მეხუთე არჩევნები."
კოალიციის დასამტკიცებლად ქნესეთის სხდომა მომდევნო კვირას გაიმართება - მთავრობას 61 დეპუტატის მხარდაჭერა დაჭირდება. კოალიციური გარიგების მიხედვით, ნაფტალი ბენეტი პრემიერის პოსტს პირველი ორი წლის განმავლობაში დაიკავებს, ხოლო ორი წლის შემდეგ მას იაირ ლაპიდი შეცვლის.
ამ დროის მონაცემებით, კოალიციას ზუსტად 61 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს, რაც მართალია საკმარისია მთავრობის ფორმირებისთვის, მაგრამ სრულიად არასაკმარისია მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად. ამ კოალიციის მთავარი მიზანი ბიბი ნეთანიაჰუს პრემიერობის დასრულებაა.
კოალიციის სუსტი პოზიციებიდან და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე პრაქტიკულად გამორიცხულია ბენეტმა განახორციელოს დასავლეთ ნაპირის ანექსირება, რაზეც მრავალი წელია საუბრობს.
ასევე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ებრაულ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის კუთხით კოალიცია რაიმე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მაღალი ალბათობით, კოალიცია ფოკუსირებული იქნება შიდა პრობლემების გადაჭრაზე, რომლისთვის 61 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.
ნაფტალი ბენეტი ახალგაზრდა ებრაელი პოლიტიკოსების თაობას განეკუთვნება, გაპრემიერების შემთხვევაში იგი ისრაელის რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება. ბენეტზე ახალგაზრდა მხოლოდ ბიბი ნეთანიაჰუ იყო, რომელმაც პრემიერის პოსტი პირველად 1996 წელს, 47 წლის ასაკში დაიკავა.
ისრაელის პოლიტიკა, რომელშიც პარადოქსები საკმაოდ ხშირია, უცვლელია ერთი რამ - ქვეყანა კვლავაც უკიდურესად პოლარიზებულია ბენიამინ ნეთანიაჰუს მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებს შორის. მიმდინარე ბრძოლის წაგების მიუხედავად, წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნეთანიაჰუს ურთულესი ვითარებიდან გამოსვლისა და ძალაუფლების შენარჩუნების ან დაბრუნების არამიწიერი ტალანტი აქვს. ეჭვგარეშეა, რომ ბიბი უბრძოლველად არც ამჯერად დანებდება.