-

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

უკვე ასი დღეა, რაც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი მიმდინარეობს. მართალია, პროტესტმა რეჟიმი შეარყია, თუმცა მძიმე ადამიანური საფასურით.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების სააგენტოს თანახმად, დაღუპულია 500-ზე მეტი გამომსვლელი, მათ შორის, 69 ბავშვი. გარდა ამისა, ორი დემონსტრანტი სიკვდილით დასაჯეს და იგივე ბედს კიდევ 26 ელის.

ირანში ხანგრძლივი და მსხვილი გამოსვლები წინა წლებშიც ყოფილა - 2017 წლიდან 2018-ის დასაწყისამდე და 2019 წლის ნოემბერში - მაგრამ ამჟამინდელი საზოგადოების მეტი ჯგუფის ჩართულობითა და ქალების წინა პლანზე ყოფნით გამოირჩევა, სლოგანით „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

პროტესტს საჯაროდ დაუჭირა მხარი არაერთმა ცნობილმა ირანელმა, რასაც მათი დაპატიმრება ან გადასახლება მოჰყვა.

თანარეჰ ალიდუსტი, ცნობილი ირანელი მსახიობი, ამჟამად ციხეშია, რადგან ახალგაზრდა დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა დაგმო. იქამდე კი გააზიარა საკუთარი ფოტო, სადაც სავალდებულო თავსაბურავის გარეშე ჩანდა და გამომსვლელების სლოგანი ეჭირა.

„თანარეჰთან ერთად ოთხ ფილმზე ვიმუშავე და ახლა თავისი თანამემამულეების სამართლიანი მხარდაჭერისა და უსამართლო სასჯელების წინააღმდეგობის გამო ციხეშია“, - დაწერა რეჟისორმა ასღარ ფარჰადიმ, რომელმაც ალიდოოსტი ოსკაროსან ფილმ “გამყიდველში“ გადაიღო.

„თუ ასეთი მხარდაჭერის გამოხატვა დანაშაულია, მაშინ ამ ქვეყნის ათეულობით მილიონი მოქალაქე კრიმინალი ყოფილა“, - დასძინა ასღარ ფარჰადიმ.

კიდევ ერთმა ცნობილმა ირანელმა მსახიობმა, პეგაჰ აჰანგარანიმ, რომელმაც ქვეყანა დატოვა, სპარსულ BBC-ის უთხრა: „ორივე მხარემ რადიკალიზაცია განიცადა, რეჟიმმა დარბევაში და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა ამაზე პასუხში. ირანი მაჰსა ამინის ამბამდელ ხანაში ვეღარ დაბრუნდება“.

მაჰსა ამინი ქურთული წარმოშობის ქალი იყო, რომელიც ირანის მორალის პოლიციის საპყრობილეში 16 სექტემბერს, 23-ე დაბადების დღემდე ხუთი დღით ადრე მოკვდა.

ჰამიდ ფაროხდეჯადი, კიდევ ერთი ცნობილი ირანელი მსახიობი, დეკემბრის დასაწყისში აშშ-ში გადავიდა და ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის, მაშინვე დიქტატორი უწოდა და ის ფრანკოს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა.

პროტესტს მხარი დაუჭირა ალი ქარიმიმ, ირანის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა, რომელიც დუბაიში ცხოვრობს. მისი თქმით, ირანის უშიშროება მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც აშშ-ში მოუხდა გადასახლება.

ქარიმი ამჟამად ირანის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგეა - ინსტაგრამზე მას 14 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

კიდევ ერთ ცნობილ ირანელ ფეხბურთელს, ალი დაეის, ირანის სასამართლომ საყოველთაო გაფიცვის მხარდაჭერის შემდეგ სამკაულების მაღაზია და რესტორანი დაუხურა.

მიმდინარე პროტესტს წინებისგან ისიც გამოარჩევს, რომ დემონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილებს იყენებენ.
ირანის იმ თაობის წარმომადგენლები, რასაც Gen Z-ს ეძახიან, პროტესტის წინა ხაზზე არიან. ისინი უარს ამბობენ მკაცრ რელიგიურ კანონებზე და თავსაბურავებს საჯაროდ წვავენ.

ახალგაზრდა დემონსტრანტებში კიდევ ერთი გავრცელებული ქცევა ჩალმის მორღვევაა - მუსლიმ სასულიერო პირებს უკნიდან ეპარებიან, ჩალმას აძრობენ და გარბიან.

16 წლის ბიჭი, არშია ემამღოლიზადეჰი, ნოემბერში ქალაქ თაბრიზში ჩალმის მორღვევის ბრალდებით დააპატიმრეს.
10 დღე დაკავებული ჰყავდათ, შემდეგ კი გაუშვეს. ორი დღის მერე მან თავი მოიკლა, რასაც მისი მშობლები ციხეში არაადამიანურ მოპყრობას აბრალებენ. დაკავებულ არშიას ხელკეტით სცემდნენ და გაურკვეველ აბებს აძლევდნენ.

ირანელი სამართალდამცველები არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ მათ ცხედრებსაც სასტიკად უსწორდებიან. ზოგ შემთხვევაში კი გვამებს მოკლულთა ოჯახის წევრების დასაშანტაჟებლად იყენებენ.
ერთ-ერთი მოკლული დემონსტრანტის ძმამ მისი ცხედარი მორგიდან გაიტაცა და კვალის ასარევად ქალაქის გარშემო რამდენიმე საათი ატარებდა.

ქალაქ ბანდარ ანზალიში 27 წლის მეჰრან სამაკს თავში ესროლეს, რადგან ირანის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის აღსანიშნავად მანქანით დაასიგნალა.

კიდევ ერთ ოჯახში ამბობენ, რომ მათი 23 წლის შვილის, ჰამედ სალაჰშურის სხეულზე წამების შემაძრწუნებელი ნიშნები იპოვეს. ჰამედი ციხეში გარდაიცვალა და თავისი ქალაქიდან 30 კილომეტრში დამარხეს.

ამ დროისთვის პროტესტთან დაკავშირებული ბრალდების გამო ორი კაცი დაისაჯა სიკვდილით. ხოლო ისინი, ვინც სასჯელს ელოდებიან, ამბობენ, რომ აწამებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქურთისტანის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელში ამბობენ, რომ ირანელმა ქურთმა რეპერმა, სამან იასინმა, სამშაბათს თავის მოკვლა სცადა. ორგანიზაციის თანახმად, იასინს, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, საპატიმროში აწამებენ.
სპარსული BBC-ის მიერ მოპოვებულ აუდიო ფაილში 26 წლის მოყვარული ბოდიბილდერი, საჰანდ ნურმოჰამაძადეჰი ამბობს, რომ ციხეში რამდენიმეჯერ სიკვდილით დასჯის სიმულაციაში მიაღებინეს მონაწილეობა.

ნურმოჰამაძედეჰს „ღვთის მტრობის“ ბრალდებით სიკვდილით დასჯა ნოემბერში მიუსაჯეს. მას ბრალად პროტესტისას გზის გადაკეტვა ედებოდა.
სპარსულმა BBC-მ ასევე რენთგენის სურათებიც მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ დაპატიმრებულ რადიოლოგს სამი ნეკნი დამტვრეული ჰქონდა, რამაც ფილტვიც დაუზიანა. ექიმ ჰამიდ ღამე-ჰასანლუსაც სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი.

Amnesty International-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ ექიმ ღარე-ჰასანლუს იმისთვის აწამებენ, რათა „აღსარება“ დააწერინონ.

მსგავსი სიახლეები