1987 წელს ბერლინის კედელთან სიტყვით გამოსვლისას რონალდ რეიგანმა საყოველთაოდ ცნობილი სიტყვებით მიმართა თავის საბჭოთა კოლეგას - "ბატონო გორბაჩოვ დაანგრიეთ ეს კედელი". ამერიკელი პრეზიდენტის ეს სიტყვები ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა - სულ რაღაც 2 წელიწადში ბერლინის კედელთან ერთად დაინგრა საბჭოთა იმპერიაც.
რეიგანს დასავლეთის გარდაუვალი წარმატების სჯეროდა და თავის პოზიციას ასე ასაბუთებდა: "დასავლეთში დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალ მსოფლიოს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში სიმდიდრისა და ცხოვრების დონის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს მიაღწია. თავისუფლება გამარჯვებულია".
30 წლის წინანდელი ტრიუმფის მიუხედავად, ბოლო წლებში გლობალური დასავლეთი აშკარა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. ეჭვქვეშ დადგა დასავლეთის როგორც თავისუფლების იდეის მთავარი დამცველის ფუნქცია, ხოლო ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის დასავლური ინსტიტუტები როგორიცაა ნატო, იმავე დასავლელი ლიდერების მხრიდან ხშირად მკაცრი კრიტიკისა და სკეპტიკური დამოკიდებულების ობიექტი ხდება.
ნაციონალისტური პოპულიზმი მარჯვენა ფლანგიდან და იდენტობის პოლიტიკა მარცხნიდან საფრთხეს უქმნის ფართო კონსენსუსს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების უნივერსალურ ღირებულებებზე. საფრთხე ექმნება კონსენსუსს, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის ქარ-ცეცხლში დიდი შეცდომების გადააზრების შემდეგ ჩამოყალიბდა.
ავტოკრატიული კონსოლიდაცია
ამავე 30 წლის განმავლობაში ავტორიტარული ჩინეთის გამაოგნებელი ეკონომიკური აღმასვლა იძლევა იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ საზოგადოება და ქვეყანა შესაძლოა თავისუფლების გარეშეც გამდიდრდეს. ეს ახალი პარადიგმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოკალათებული ავტოკრატების ინსპირაციად იქცა. დემოკრატიების ეფექტურობის მიმართ სკეფსისი გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც - მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით ჩინეთმა პანდემია ეფექტურად და მძიმე დანაკარგების გარეშე მართა, მაშინ როდესაც დასავლეთში პანდემიის ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი სირთულეებით ხასიათდებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის წინაშე არ არის მხოლოდ საგარეო საფრთხეები - როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა - დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნდამენტური სამართლიანობა და ეფექტურობა სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა სარწმუნო. ეს კრიზისი კი ათწლეულების განმავლობაში არნახული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე ვითარდება, რაც ხშირად ველური კონსპირაციული თეორიების ექოს იმეორებს.
იმედგაცრუება და პოპულიზმი
ე.წ. QAnon-ის კონსპირაციის მემარჯვენე მომხრეებიდან, 2021 წლის გაზაფხულზე პორტლენდში გამაგრებულ ანარქისტებამდე, გერმანელი ე.წ. რეიხსბურგერებიდან, ფრანგ ყვითელ ჟილეტებამდე, არსებული სტატუს-კვოთი იმედგაცრუებამ და ბრაზმა დასავლური დემოკრატიების ბევრ მოქალაქეს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის ჩარჩოებიდან გასვლისკენ უბიძგა. სოციალური მედიების ალგორითმებმა, რომლებიც ხელს უწყობენ რადიკალური კონტენტის გავრცელებას ერთ დროს ფართოდ გაზიარებული სიმართლის და ტყუილის შეფასების პოლიტიზაცია გამოიწვია. ისეთი საბაზისო საკითხებიც, როგორიცაა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ტრაიბალისტური კუთვნილების საკითხი გახდა.
სამედიცინო ნიღბის ტარება ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური და იდეოლოგიური კუთვნილების მარკერად იქცა. "დასავლეთის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი დემოკრატიებს შიგნით მოკალათებული ბრაზიანი მემარჯვენე და მემარცხენე მკვეთრად არალიბერალური პოპულისტური ძალები არიან, რომლებიც ტერმიტებივით, შიგნიდან ღრღნიან ღია საზოგადოებას",- ამბობს მემარცხენე ორგანიზაციის, ამერიკის პროგრესის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ბრაიან კატულისი.
შიდა კრიზისს თან ახლავს სულ უფრო მზარდი უთანხმოება კოლექტიური დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს აშშ-ს და ევროპას შორის - იკარგება საერთო ღირებულებებისა და მიზნების განცდა, რაც ე.წ. თავისუფალი სამყაროს ფუნდამენტს წარმოადგენდა. ტრენდი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო მაქსიმუმამდე გამწვავდა ტრამპის პრეზიდენტობის წლებში. ჯერ კიდევ 2020 წელს ჩატარებული კვლევებში გამოკითხული ევროპელების მხოლოდ მესამედი აფიქსირებდა დადებით აზრს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ჩინეთსა და რუსეთზე.
"ჩემ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ასეთი კომპლექსური და რთული იქნებოდა. აშშ-ს და ევროპის კავშირები აპრიორი მჭიდრო და ეფექტური იყო, ახლა ამაში ისე დარწმუნებული აღარ ვარ". ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროპაში სულ უფრო ხშირად ისმოდა ხმები, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიასა და უსაფრთხოების ნაწილში ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებას ადვოკატირება.
ამ იდეამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულმა ქაოსმა კიდევ ერთხელ დააფიქრა ევროპელები სტრატეგიულ საკითხებზე.
"სინათლე, რომელიც ჩაქვრა"
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით "დასავლეთი" საკმაოდ ახალი კონსტრუქციაა და ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული დემოკრატიებისგან ჩამოყალიბდა. ამ დემოკრატიებმა დაამარცხეს ერთი ტოტალიტარული იდეოლოგია ნაციზმის სახით, ხოლო მეორე ტოტალიტარული რეჟიმთან ცივი ომი თითქმის 50 წელი გრძელდებოდა.
სწორედ ეს დემოკრატიული ღირებულებების იქცა ფუნდამენტად, რომელსაც დასავლეთის ინსტიტუტები დაეფუძნა. იგივე ღირებულებები გახდა ისეთი ორგანიზაციების პრეკურსორი როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი, ორგანიზაციები, რომლებში გაერთიანდნენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნები. ნატოს ფუძემდებლურ ჩანაწერში დაფიქსირდა ისეთი დემოკრატიული ღირებულებების და პრინციპების ერთგულებაა როგორიცაა ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ზუსტად ამ პრინციპებმა აქცია დასავლეთი ეს ოდენ მიმზიდველად რკინის ფარდის აქეთ მხარეს აღმოჩენილი მილიონობით ევროპელისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საბაზისო თავისუფლებები.
სწორედ ამ ღირებულებების მიმზიდველობამ განაპირობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ. სწორედ ამ დემოკრატიული ღირებულებებით განისაზღვრა დასავლეთის ახალი პოლიტიკური კონსენსუსი, თუმცა ეს არ ყოფილა დასავლეთის თანდაყოლილი მახასიათებელი. სწორედ დასავლეთში წარმოიშვა და გავრცელდა ორი ტოტალიტარული იდეოლოგია, რომელმაც ევროპული კონტინენტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უდიდესი ადამიანური ტრაგედიების ცენტრად აქცია. ეს იდეოლოგიები ინდივიდუალური თავისუფლების წინააღმდეგ რასობრივი თუ კლასობრივი საკითხების პრიმატს ქადაგებდნენ.
ეს ტოტალიტარული იდეოლოგიები იმავენაირადაა დასავლური კულტურისა და ისტორიის ნაყოფი, რამდენადაც დემოკრატიული იდეალები, რომლებმაც საბოლოოდ ორივეზე გაიმარჯვა. დემოკრატიის ზეიმის მიუხედავად, ეს ტოტალიტარული იდეოლოგიები ბოლომდე არ განადგურებულა - სწორედ ამ ტოტალიტარული იდეოლოგიის მუტირებული შთამომავლები ცდილობენ დღეს პოლიტიკურ ზედაპირზე ამოყვინთვას. "რამდენადაც ჩვენ ვშორდებით მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს სულ უფრო რთული ხდება იმის გარჩევა, რას ვიცავთ და რისთვის ვიბრძვით",- ამბობს დანიელე პლეტკა კონსერვატორული ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
ცივი ომის მიწურულს ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომის გამოქვეყნებიდან 10 წლის შემდეგ, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფს ეხებოდა, დასავლეთი ახალ კრიზისში იყო ჩაფლული - დასავლეთის ენერგია მიმართული იყო გასამხედროებული და ექსტრემისტული ისლამის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთს ჯერ ალ-ყაიდას, ხოლო შემდეგ ისლამური სახელმწიფოს ფორმით დაუპირისპირდება. ამავდროულად, გლობალური დასავლეთის მცდელობებმა ფუნდამენტურად გარდაექმნათ ავღანეთი და ერაყი ნათლად გამოაჩინა დასავლური ძალის ლიმიტები და წარმოშვა დიდი იმედგაცრუება.
შინ ნაზარდი ისლამისტების მიერ მოწყობილმა ტერაქტებმა დასავლურ საზოგადოებებში ახალი ბზარები შეიტანა. პარალელურად ვითარდებოდა მიგრანტების კრიზისიც, რამაც გლობალური დასავლეთი კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. ანტი-ისლამური და ანტი-საიმიგრაციო დროშებით აღჭურვილი პოპულისტები შეეცადნენ დასავლეთი თავისუფლებისა და ინკლუზიურობის მოდელის ნაცვლად, ქრისტიანობის და ტრადიციული ღირებულებების ბასტიონად წარმოეჩინათ. "დასავლეთი დაემხობა, ევროპა ვერ ხვდება, რომ უკვე ოკუპირებულია, ქრისტიანობა ჩვენი ბოლო იმედია",- ამბობდა უნგრეთის ავტოკრატი ლიდერი ვიქტორ ორბანი 2018 წელს.
დემოკრატიის უკუსვლა
წლიდან წლამდე მცირდება დასავლური დემოკრატიებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩეული მთავრობები მათ სასარგებლოდ მუშაობენ.
დასავლეთის შინაარსის შესახებ დებატებს დაემთხვა ეკონომიკური უთანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში. სწორედ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა დაარწმუნა ჩინეთის ლიდერები დასავლეთის სისუსტეში და უბიძგა ეჭვქვეშ დაეყენებინათ დასავლეთის გლობალური დომინაცია. "გლობალური ცვლილებები 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო - კრიზისის შემდეგ აღმოსავლეთში დაეჭვდნენ, რომ დასავლური კაპიტალისტური სისტემა კვლავ მმართველობის დომინანტური ფორმა იქნებოდა",- ამბობს ფინეთის ყოფილი პრემიერი ალექსანდრ სტუბი. ავტოკრატები გამოჩნდნენ და მოგვიანებით გამაგრდნენ დასავლური ბანაკშიც - წარმომადგენლობითი დემოკრატიის რწმენა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მკვეთრად მცირდებოდა.
2020 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, ამერიკელების მხოლოდ 46% მიიჩნევდა, რომ მთავრობა მათ სასარგებლოდ მუშაობდა. შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი 2002 წელს 65%-ს შეადგენდა. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი დროის იგივე მონაკვეთში 86-დან 48%-მდე შემცირდა, იტალიაში 88-დან 30%-მდე. ამერიკელების მხოლოდ 27% მიიჩნევს, რომ არჩეული მთავრობა ზრუნავს და ითვალისწინებს მათ ინტერესებს, იგივე მაჩვენებელი საფრანგეთში 23%-ია, ხოლო კანადაში 37%. მემარცხენე კრიტიკოსები ამ კრიზისის გამომწვევ პრობლემად კაპიტალიზმის დაუბალანსებელ სიხარბეს და კორპორაციული ლობისტების მიერ დასავლური ინსტიტუტების მიტაცებას ასახელებდნენ, რომელთა ერთადერთი საზრუნავი საკუთარი მოგების გაზრდაა.
მემარჯვენე ანალიტიკოსების აზრით, პრობლემის სათავე პროვინციებში მცხოვრებ ხალხს და ლიბერალურ-ტექნოკრატიულ ელიტებს შორის წარმოქმნილი უფსკრულია. საუბარია დეინდუსტრიალეზებულ ზონებზე, რომელთა მოსახლეობამაც გლობალიზაციის შედეგად ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. "ჩვენ საზოგადოებაში არსებობს საფრთხე როგორც თავისუფლების, ასევე ეროვნული იდენტობის მიმართ. ეს საფრთხეები მოდის ელიტებიდან, რომლებმაც საკუთარი საზოგადოების და უპირატესობის რწმენა დაკარგეს",- ამბობს მარგარეტ ტეტჩერის ყოფილი მრჩეველი ჯონ ო სალივანი.
ტეტჩერისა და რეიგანის მმართველობის წლებში დასავლეთის უპირატესობები თვითკმარად და ყოვლისმომცველად გამოიყურებოდა - სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის რიგში საათობით მდგარი მილიონობით აღმოსავლეთ ევროპელისთვის სიმდიდრე და ცხოვრების მაღალი დონე დასავლეთის განუყოფელ ნაწილად მოსჩანდა. დახვეწილი და ეფექტური თანამედროვე ეკონომიკა დიქტატურასთან შეუთავსებლად მიიჩნეოდა. დღეს ჩინეთის ეკონომიკურმა წარმატებამ და მოსახლეობის ეფექტურმა კონტროლმა დასავლეთის უპირატესობა ეჭვქვეშ დააყენა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიღარიბეს თავი დააღწია მილიონობით ჩინელმა. გარდა ამისა ჩინეთმა შექმნა ტექნოლოგიები და კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ ბაზარზეც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩინეთმა ეს ყველაფერი დემოკრატიზაციის გარეშე რეპრესიული-ავტორიტარული სისტემის ფარგლებში მოახერხა. "ჩინეთისგან მომავალი საფრთხე არ ჰგავს საბჭოთა კავშირის საფრთხეს, ჩინეთი ეკონომიკურად წარმატებული საზოგადოებაა",- ამბობს პროფესორი პიტერ რობინსონი, რომელიც რონალდ რეიგანის ბერლინის სიტყვის ავტორიცაა.
ბრძოლა მომავლისთვის
ჩინეთის და ზოგადად ავტორიტარული რეჟიმების უპირატესობაზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა პანდემიის პერიოდში - საწყის ეტაპზე ავტოკრატიების მიერ პანდემიის შედარებით წარმატებულმა მართვამ გლობალურ დასავლეთს დაფიქრების საფუძველი მისცა.
საქმე ის არის, რომ დასავლეთის გარდაუვალ აღსასრულისა და კრახის წინასწარმეტყველება უკვე საუკუნეზეა მეტია სარფიან და პოპულარულ საქმიანობად იქცა. "დასავლური ერები თავიანთ გარდაუვალ აღსასრულს უახლოვდებიან, დაავადებები, რომლებითაც ეს ერები იტანჯებიან უკვე ტერმინალურ სტადიაშია და არ ექვემდებარება მკურნალობას",- წერდა ბრიტანელი მწერალი ჯეიმს სტენლი, 1907 წელს გამოცემულ წიგნში "დასავლური ცივილიზაციის განკითხვის დღე". წიგნში ავტორი აზიური სახელმწიფოების სავაჭრო უპირატესობებზე და ევროპელი ქალების გარყვნილ მორალზე საუბროდა.
1920-იანი წლებში ბესტსელერად იქცა ოსვალდ შპრენგლერის ნაშრომი "დასავლეთის დაღმასვლა", რომელშიც ავტორი დემოკრატიისა და თავისუფალი პრესის დამღუპველ გავლენაზე საუბრობდა. ამავე ჟანრის ბოლო ბესტსელერი 2002 წელს გამოცემული პიტ ბუჩანანის წიგნი დასავლეთის სიკვდილი იყო. ბუჩანანი იმიგრანტების მაღალ შობადობასა და დასავლეთისთვის წარმოქმნილ საფრთხეებზე წერდა. მაგრამ კრიზისებისა და უმძიმესი გამოცდების გავლით საუკუნეების განმავლობაში გლობალურმა დასავლეთმა გამოავლინა განახლებისა და ცვლილების არანორმალური უნარი.
უნარი, რომელიც არასდროს ჰქონია 19-ე საუკუნის ჩინეთს, 17-ე საუკუნის ოსმალურ იმპერიას თუ სხვა გაცილებით უფრო დიდ იმპერიებს. 1950-60-იან წლებში ბევრი დასავლელი მოაზროვნე მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებიც საუბრობდნენ საბჭოთა მოდელის ფუნდამენტურ უპირატესობებზე დასავლურ კაპიტალიზმთან შედარებით და წინასწარმეტყველებდნენ საბჭოთა ბლოკის ტრიუმფს. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც საბჭოთა წარმოსახვითი უპირატესობისგან მხოლოდ მირაჟი დარჩა.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დასავლეთის გარდაცვალების შესახებ ხმები ძალიან გაზვიადებული აღმოჩნდა. 24 თებერვლის შემდეგ არსებობს ახალი ცივი ომის დაწყების ალბათობა და წინასგან განსხვავებით მიმდინარე დაპირისპირებაში გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ეკონომიკურ შინაარსს და ამ დაპირისპირებაში ეკონომიკური ბალანსი კვლავ აშშ-ს მხარესაა. 2021 წელს ჩინეთის წილმა გლობალურ ეკონომიკაში 18% შეადგინა, რუსეთთან ერთად ეს მაჩვენებელი 20%-ს უტოლდება. მაშინ, როდესაც მხოლოდ აშშ-ს წილი მსოფლიო ეკონომიკაში 24%-ს აღემატება, ხოლო თავის ევროპელ და აზიურ მოკავშირეებთან ერთად, კოლექტიურ დასავლეთზე გლობალური ეკონომიკის 59% მოდის.
მაშინ როდესაც რუსეთის ძლიერ მხარეს ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს, ხოლო ჩინეთისას უზარმაზარი შრომითი ბაზარი, კოლექტიური დასავლეთის ფუნდამენტური უპირატესობა ცოდნაშია. მაშინ როდესაც ჩინეთი და რუსეთი მეცნიერულ კვლევებსა და მომავლის ტექნოლოგიების კვლევაში ჯამურად 570 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, აშშ-ს და მოკავშირეები იგივე მიზნებზე ყოველწლიურად 1.5 ტრილიონ დოლარს გამოყოფენ. დროთა განმავლობაში სწორედ ეკონომიკური ძლიერება განსაზღვრავს ქვეყნების სამხედრო პოტენციალსაც და სტრატეგიულ უპირატესობას ტექნოლოგიებში.
დასავლეთის ეკონომიკური წარმატება თანდაყოლილი არ არის ეს დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის შედეგია. ორი რევიზიონისტული ავტოკრატიის მიზანია შეიქმნას მსოფლიო წესრიგი, რომელშიც არავინ მოსთხოვს მათ ადამიანების უფლებების დაცვას, სადაც დემოკრატია არ დაექვემდებარება ერთ უნივერსალურ სტანდარტს, არამედ როგორც ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ მანიფესტშია ნათქვამია ეს ქვეყნები თვითონ განსაზღვრავენ არიან თუ არა დემოკრატიულები. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულია უცნობია, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების მსურველი სახელმწიფოები ისეთივე ერთიანები იქნებიან მომავალში როგორც დღეს არიან.
ლიბერალური წესრიგის ბედი კი სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მზად იქნება დასავლეთი შეინარჩუნოს ერთობა, გაწიოს ძალისხმევა რეფორმებისთვის და გადაიხადოს ამის საფასური. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაყოფილი და დასუსტებული დემოკრატიების ფონზე ასეთი პროექტი წარმოუდგენლად გამოიყურებოდა და ავტორიტარული კონსოლიდაცია გარდაუვალ მომავლად ისახებოდა. დღეს ვითარება საპირისპიროა. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც დღეს იბადება ძალიან განსხვავებულია იმ წესრიგისგან, რომლის მიღწევაც ვლადიმირ პუტინს ამ ომით სურდა.