-

შაბათს, 7 ოქტომბრის დილით, პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე უპრეცედენტო მასშტაბის მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა: გაისროლეს ათასობით რაკეტა, მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მძევლები აიყვანეს.

მინიმუმ 100 (სტატიის დაწერის დროისათვის) ისრაელელი მოკვდა და 1400 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია. ისრაელის ძალების პასუხის შედეგად კი დაახლოებით 200 პალესტინელი მოკვდა და 1600 დაიჭრა.

მიმდინარე ამბების ისრაელისთვის, პალესტინელებისთვის და რეგიონისთვის არსებულ მნიშვნელობაში ჩასახედად Foreign Affairs ესაუბრა მარტინ ინდიკს, კვლევითი ორგანიზაცია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს აშშ-ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიის მკვლევარს.

ინდიკი ორჯერ იყო აშშ-ს ელჩი ისრაელში, ჯერ 1995-დან 1997 წლამდე, შემდეგ კი 2000-დან 2001-მდე. გარდა ამისა, ის მსახურობდა პრეზიდენტ ობამას განსაკუთრებულ წარმომადგენლად ისრაელისა და პალესტინის 2013-14 წლების მოლაპარაკებებისას. იქამდე ის ბილ კლინტონის განსაკუთრებული თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის საკითხების დირექტორი იყო, ისევე, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

არაერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ დღევანდელ მოვლენებს ისრაელელებზე იგივე ეფექტი აქვს, როგორიც 11 სექტემბრის ტერაქტს ჰქონდა ამერიკელებზე. მაგრამ ისრაელელებმა, რასაკვირველია, პალესტინელების მსგავსად, გასულ წლებში ძალადობის მრავალ გამოვლინებას გაუძლეს. რითაა ამჟამინდელი მოვლენები გამორჩეული?

ეს იყო სრული სისტემური ჩავარდნა ისრაელის მხრიდან. ისრაელელები მიჩვეულნი არიან, რომ თავიანთი დახვეწილი სადაზვერვო საშუალებებით ზუსტად, დეტალებში იციან, რას აკეთებენ პალესტინელები.

მათ ააშენეს ძალზედ ძვირადღირებული კედელი ღაზისა და ისრაელის მხარეს არსებულ დასახლებებს შორის. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰამასს მასშტაბური შეტევისაგან აკავებდნენ: ვერ უნდა გაებედათ, რადგან გაიჭყლიტებოდნენ, მორიგი ომის გამოწვევისთვის, პალესტინელები ჰამასს აუმხედრდებოდნენ. ისრაელელებს სჯეროდათ, რომ ჰამასი ახლა სხვა რეჟიმში იყო - გადართული გრძელვადიანი ზავის მდგომარეობაზე, რომლითაც ორივე მხარე ხეირობდა.

ყოველდღიურად, ღაზიდან ისრაელში 19 ათასი პალესტინელი მუშა გადადიოდა, რითიც, მათი ეკონომიკა იზრდებოდა და ბიუჯეტში ფული შედიოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დიდი ილუზია იყო.

ამდენად, ხალხი შოკშია და 11 სექტემბრის მსგავსად, გაჩნდა შეგრძნება - „რანაირად შეიძლებოდა, ჩანჩურა ტერორისტების ბანდას ეს გამოსვლოდა? როგორ მოხდა, რომ ისრაელის ძლევამოსილ დაზვერვასა და თავდაცვას აჯობეს?"

ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ნაწილობრივ ქედმაღლობის შედეგია - ისრაელელების რწმენის, რომ ჰამასს ძალის გამოყენებით შეაკავებდნენ და ისრაელს გრძელვადიან პრობლემებზე აღარ უნდა ეზრუნა.

რატომ გადაწყვიტა ჰამასმა, კონკრეტულად ამ სახის შეტევა ზუსტად ახლა განეხორციელებინა? რაშია სტრატეგიული ლოგიკა?

მხოლოდ სპეკულირება შემიძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ისევ შოკში ვარ. მაგრამ ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ამ მომენტის კონტექსტი. არაბული სამყარო ეგუება ისრაელს. საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ლაპარაკობს. პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, აშშ ისრაელზე ზეწოლას ახდენს, რომ დათმობებზე წავიდნენ პალესტინის ადმინისტრაციასთან - ჰამასის მტრებთან.

შესაბამისად, ჰამასისა და მისი ირანელი მხარდამჭერებისთვის ეს შესაძლებლობა იყო, მთელი ეს პროცესი აერიათ, რომელიც მგონია, რომ ორივეს ავნებდა. არ მიმაჩნია, რომ ჰამასს ირანიდან კარნახობენ, მაგრამ იმას კი ვფიქრობ, რომ კოორდინაციით მოქმედებენ და ჰქონდათ საერთო ინტერესი, ძირი გამოეთხარათ მიღწეული პროგრესისათვის, რომელიც არაბულ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.

იდეა იმაში იყო, რომ შეერცხვინათ ის არაბი ლიდერები, ვინც ისრაელთან მშვიდობას მიაღწია, ან შესაძლოა ეს ექნა, და დაემტკიცებინათ, რომ ჰამასს და ირანს, ისრაელის სამხედრო თვალსაზრისით დამარცხება შეუძლიათ.

მიდის საუბრები ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე, საუდის არაბეთისათვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებზე. დიდი ალბათობით, ჰამასისა და ირანის პირველადი მოტივაცია ამ შეთანხმების ჩაშლა იყო, რადგან ეს მათი იზოლაციის საფრთხეს შეიცავდა. ეს ყველაფერი კი მშვენიერი გზა იყო ამ პერსპექტივის გასანადგურებლად, მინიმუმ ახლო მომავალში. როგორც კი პალესტინის საკითხი წინა პლანზე დაბრუნდება და მთელს ახლო აღმოსავლეთში არაბები დაინახავენ, როგორ კლავენ ისრაელელები ამერიკული იარაღით პალესტინელებს, მათში ძლიერი რეაქცია წარმოიშობა.

მოჰამედ ბინ სალმანისნაირი ლიდერები კი დიდად იორჭოფებენ, რომ ამგვარ წნეხს წინ აღუდგნენ. საამისოდ საჭირო იქნება, რომ ადგნენ და თავიანთ ხალხს უთხრან: „ეს არაა სწორი გზა. ჩემი გზა პალესტინელებს იმაზე მეტს მისცემს, ვიდრე ჰამასის, რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს“. ამგვარი გამბედაობას კი, ჩემი აზრით, ზედმეტია, რომ რომელიმე არაბი ლიდერისგან ვიხილოთ.

რა ვარიანტები რჩება ახლა ისრაელის მთავრობას?

ასეთი რამ ხუთჯერ გამოიარეს და არსებობს მოქმედების ნათელი გეგმა. ახდენენ არმიის მობილიზაციას, უტევენ ჰაერიდან, ზიანს აყენებენ ღაზას. ცდილობენ, ჰამასის ხელმძღვანელობას თავი მოაჭრან. თუ ეს არ იმუშავებს იმ თვალსაზრისით, რომ ჰამასს რაკეტების სროლა შეაწყვეტინონ და ტყვეების გამოსაშვებად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ, მაშინ მგონია, რომ ღაზაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გველის.

თავის მხრივ, ეს ორ პრობლემას წარმოშობს. ერთი ისაა, რომ ისრაელს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მოუწევს ბრძოლა. უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული საერთაშორისო რეაქცია, რასაც ისრაელი გამოიწვევს მაღალტექნოლოგიური ამერიკული იარაღით, გადაერთვება აშშ-სა და ისრაელის დაგმობაზე და ისრაელი წნეხის ქვეშ მოექცევა, რომ გაჩერდეს.

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომში წარმატებას მიაღწევს, თუ ღაზას დაიკავებენ, შემდეგ უნდა უპასუხონ შეკითხვებს: როგორ უნდა გამოვიდეთ? როდის გამოვალთ? ვის ვუტოვებთ იქაურობას? არ დაგავიწყდეთ, ისრაელი უკვე გამოვიდა ღაზიდან 2005 წელს და უკან შებრუნება არ უნდათ.

წლებია, ნეთანიაჰუს იცნობთ და მასთან პირად და პროფესიულ დონეზე გქონდათ საქმე. როგორ გგონიათ, რა გზას აირჩევს?

პირველყოვლისა, ის უნდა ვიცოდეთ, რომ როცა საქმე ომს ეხება, ის თავს იწონებს საკუთარი სიფრთხილით. ძალიან ფრთხილობს, რომ სრულმასშტაბიანი ომი არ წამოიწყოს. ამდენად მგონია, მისი პირველი პრეფერენცია იქნება, რომ საჰაერო ძალები გამოიყენოს საიმისოდ, რათა ჰამასი რაც შეიძლება მეტად დასაჯოს, შემდეგ ზავზე შეთანხმდნენ და ტყვეების გაცვლაზე მოილაპარაკონ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტატუს-კვოსთან დაბრუნება: ამის მიღებას შეეცდება და ეცდება, აშშ-ს, ეგვიპტისა და კატარის გავლენა გამოიყენოს ჰამასის შესაკავებლად. თუ ეს არ გამოვა, და ეჭვი მეპარება, გამოვიდეს, მაშინ სხვა ვარიანტებზე უნდა დაფიქრდეს.

რატომ გეპარებათ ეჭვი?

რადგან ვშიშობ, ჰამასის მიზანია, ისრაელის მასშტაბური პასუხი და კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს, რამაც უნდა მოიცვას დასავლეთ ნაპირის ამბოხი, ჰეზბოლას თავდასხმები, აჯანყება იერუსალიმში...

ამდენად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰამასი არ გაჰყვება ისრაელის ისეთ პასუხს, რომელიც სტატუს-კვოს აღდგენას შეეცდება?

დიახ. ესკალაციის თვალსაზრისით კი მხარე, რომელსაც პირველ რიგში უნდა ვაკვირდებოდეთ, ჰეზბოლაა. თუ დაღუპული პალესტინელების რაოდენობა გაიზრდება, ჰეზბოლას მეტი ცდუნება ექნება, რომ კონფლიქტში ჩაერთოს. 150 000 რაკეტა აქვთ, რომლებიც შეუძლიათ, ისრაელის მთავარ ქალაქებს დაუშინონ, რაც სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს არამხოლოდ ღაზაში, არამედ ლიბანშიც. ასეთი ვითარება კი ყველას ჩაითრევს.

მეორე მხრივ, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, იორდანია და ქვეყნები, რომლებმაც ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს (არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი), ყველა დაინტერესებულია ვითარების ჩაწყნარებით და ცეცხლის შეწყვეტით, რადგანაც რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მით უფრო გაურთულდებათ მათ ისრაელთან ურთიერთობების შენარჩუნება.

ექნება თუ არა ისრაელის ამჟამინდელ პოლიტიკურ არასტაბილურობას გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე?

მგონია, ამ წუთას, ამ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ეს ჯერაც უცნობი პროპორციის, ღრმა კრიზისია. პრემიერ-მინისტრი რეალური პრობლემის წინაშეა, არამხოლოდ მოსახლეობის დაცვის, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ აირიდოს საკუთარი ბრალეულობა მომხდარში. ვერ ვხედავ, ამას როგორ შეძლებს. ამდენად, უნდა იპოვოს გზა, რომ კონფლიქტის საშუალებით საკუთარი თავი იხსნას. მას არ შეუძლია, მისმა ექსტრემისტმა, ულტრა-მემარჯვენე კოალიციურმა პარტნიორებმა უკარნახონ, რას იზამს - ეს ისრაელს კატასტროფამდე მიიყვანს.

ამიტომ, ან ისინი უნდა გააკონტროლოს, რაც აქამდე არ გამოსვლია, ან უნდა მოაშოროს. ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ვიწრო, საგანგებო მთავრობა, რომელიც მოიცავს ნეთანიაჰუს ლიკუდს, ლაპიდის პარტიას და ოპოზიციონერ ბენი განცის პარტიას. ნეთანიაჰუ შეიძლება ამას დათანხმდეს, როგორც ექსტრემისტების ჩაცოცების, პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ქვეყნის გაერთიანების გზას. [ შენიშნვა: ეროვნული თანხმობის მთავრობა, სადაც ოპოზიციონერი წევრები არიან, უკვე შეიქმნა, ინტერვიუს ჩაწერის დროს, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო]

აღსანიშნავია, რომ ეს 50 წლის მერე ხდება თითქმის ზუსტად იმ დღეს, როცა არაბული ქვეყნების ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმით 1973 წლის იომ კიპურის ომის დაიწყო.

აღსანიშნავია და დამთხვევა არაა. გავიხსენოთ, რომ არაბები იომ კიპურს გამარჯვებად მიიჩნევდნენ. ეგვიპტეს და სირიას გამოუვიდათ, ისრაელის ჯარს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს, გამოუვიდათ სუეცის არხის გადაკვეთა და გოლანის მაღლობებზე გადასვლა, იქამდე, რომ ბევრ ისრაელელს ეგონა, ისრაელის საქმე წასული იყო. იმისდა მიუხედავად, რომ ბოლოს ისრაელმა გაიმარჯვა ომში, არაბული სამყაროში პირველი დღეების გამარჯვება დღემდე აღინიშნება.

ამდენად, იმის ჩვენება, რომ 50 წლის თავზე იგივეს გაკეთება შეუძლიათ, დიდად აძლიერებს ჰამასის პოზიციებს არაბულ სამყაროში და დიდ გამოწვევას ქმნის იმ ქვეყნებისა და ლიდერებისათვის, რომლებმაც გასულ 50 წელიწადში ისრაელთან მშვიდობას მიაღწიეს.

ხაზგასასმელია, რომ ჰამასი სრულიად განსხვავებული მეტოქეა. 1973 წელს ეგვიპტის პრეზიდენტმა, ანვარ სადათმა, ისრაელთან ომი იმიტომ დაიწყო, რომ ისრაელთან მშვიდობისთვის მიეღწია. ჰამასმა კი იმიტომ წამოიწყო ომი, რომ ისრაელი გაანადგუროს, ან გააკეთოს ყველაფერი მის დასასუსტებლად, დასამცირებლად. ჰამასს საერთოდ არ აინტერესებს ისრაელთან მშვიდობა.

ასეთმა ქედმაღლობამ დააჯერა ისრაელი 1973 წელს, რომ დაუმარცხებლები და ახლო აღმოსავლეთის ზესახელმწიფო იყვნენ, რომ აღარ ჭირდებოდათ ეგვიპტიდან და სირიიდან წამოსული საფრთხისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ასეთი ძლევამოსილები იყვნენ.

იგივე ქედმაღლობამ იჩინა თავი ბოლო წლებში, იმისდა მიუხედავად, რომ ისრაელელებს ბევრი აფრთხილებდა, რომ პალესტინასთან ვითარება არამდგრადი იყო. ეგონათ, პრობლემას აკონტროლებდნენ. მაგრამ ახლა ყველა მათი წარმოდგენა ნაცარტუტად იქცა, ზუსტად ისე, როგორც 1973 წელს. მათ მოუწევთ, ამას თვალი გაუსწორონ.

მსგავსი სიახლეები