-

ახალი რუსული შპიონაჟი: პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონი, სტრატეგიულ ადგილად იქცა, სადაც რუსული საიდუმლო სამსახურები ცდილობენ, საქმიანობა განაგრძონ. ისინი იძულებულნი გახდნენ, ზოგიერთი მისია ქვეკონტრაქტორი არაპროფესიონალი „აგენტებისთვის“ მიენდოთ.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Le Monde-ზე.

უკუნი სიბნელის მიუხედავად, ძნელი იყო 19 თებერვალს ჯო ბაიდენის ბოინგი არ შეგემჩნია, როცა პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რზეჟოვ-იასიონკას აეროპორტში ჯდებოდა. თუმცა ის ცოტამ თუ შეამჩნია პროვინციულ გზატკეცილზე, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ჰაბი გახდა, საიდანაც მეზობელ ქვეყანაში სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების თითქმის 80% შედის. ბაიდენის მგზავრობა საიდუმლოდ დარჩა და ის მალევე გაემართა პოლონეთის ქალაქ პრზემისლისკენ. იქიდან კი მატარებლით გაუშურა კიევისკენ, სადაც უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდა.

ადგილობრივი მედია მომდევნო საღამომდე უცდიდა მის დაბრუნებას, რათა ბოინგში ასვლისა და ვარშავისკენ გამგზავრების მოკლე კადრები გადაეღოთ. არც ჟურნალისტებმა და არც დაზვერვის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ამ დროს აეროპორტის გარშემო საიდუმლო უჯრედის წევრებს, რომლებიც ФСБ-ს ბრძანებით მოქმედებდნენ, კამერები ჰქონდათ დამალული.

დიდი ალბათობით 2022 წელს შექმნილ უჯრედს ერთი სპეციალობა აქვს: უკრაინის დახმარების შესახებ ინფორმაციის მოგროვება. ФСБ-ს ოფიცრის მიერ შედგენილ პრიორიტეტულ მისიებს შორის ერთ-ერთი რზეჟოვ-იასიონკას აეროპორტის თვალთვალის იყო. ეს ადგილი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესისაა, რადგან სწორედ აქ განათავსა აშშ-მ 13 პატრიოტის რაკეტების ბატარეა. აქ ყოველდღე არაერთი სამოქალაქო და სამხედრო საფრენი საშუალება ჩერდება. მათ ჩამოაქვთ ეკიპირება, რომლებსაც შემდეგ სატვირთოებსა და მატარებლებში გადატვირთავენ და ერთი საათით დაშორებულ უკრაინის საზღვრისკენ წაიღებენ. აგრეთვე, აქ ჩერდებიან კიევისაკენ მიმავალი უცხოელი ლიდერები, რამდენადაც უკრაინის დაკეტილი ავიასივრცის გამო სხვა გზა არც აქვთ.

GPS-მდევრები და მინი-კამერები

აეროპორტის საფრენი ბილიკის გასწვრივ სამხედრო ინფრასტრუქტურაა, რომელსაც აშშ მართავს. ამერიკელი სამხედროები, რომლებსაც ბეჟი „ჰამერებით“ იცნობთ, შეიარაღებულ კერძო დაცვასთან ერთად ცხოვრობენ დიდ ლოგისტიკურ ბანაკში. იქვეა ოთხი „შავი ქორის“ ვერტმფრენი. ცდილობენ, ისინი ბრეზენტით დაიცვან ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებისგან, მაგრამ მაინც გაარჩევთ ჩვეულებრივ სატვირთოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეკიპირება გადააქვთ. ყველგან იგრძნობა, რომ ცდილობენ, ჩუმად იმოქმედონ და მოსკოვის ჯაშუშებს დაემალონ.

ФСБ-ს ჯგუფი დაინტერესებულია უკრაინისთვის გადაცემული ყველანაირი დახმარებით. ასევე, კოლონებს GPS-მდევრებს ამაგრებენ, ტრასებსა და რკინიგზაზე კი კამერებს აყენებენ, რათა ჩაიწერონ და გადასცენ გადაადგილების მონაცემები. თებერვალში, ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტისას, ათეულობით ასეთი კამერა უკვე მუშაობდა. ისინი პრზემისლისკენ მიმავალ A4 გზატკეცილზე დაამონტაჟეს, სადაც გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით დატვირთული ტრაილერები უკრაინისაკენ მიემართებოდნენ.

უჯრედის შესაქმნელად რუსეთის დაზვერვას იმპროვიზაცია დასჭირდა. სად უნდა ეპოვათ აგენტები, როცა მათი ტრადიციული ქსელები მოიშალა? ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, მხოლოდ პოლონეთმა გააბრუნა დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედი 45 დაზვერვის ოფიცერი. ანალოგიურად, „მოგზაური“ აგენტები, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ მაგრამ კონკრეტულ მისიებზე უცხოეთში მიდიან, სანქციებისა და სასაზღვრო კონტროლის გამო ძნელად გადაადგილდებიან. ასეთ ფორს-მაჟორულ ვითარებაში, რუსეთს იმპროვიზაცია და „მოყვარული“ აგენტების რეკრუტირება მოუხდა: 20-დან 62 წლამდე ასაკის. თორმეტიოდე კაცის.

ფინანსური სტიმული

ამ ყოვლად განსაკუთრებულ აგენტებს არ გააჩნიათ წინარე პოლიტიკური კავშირები. ისინი არც პრო-რუსები იყვნენ და არც რადიკალები - მათი მოტივაცია, პირველყოვლისა, ფინანსური იყო. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, ოჯახთან თუ ოჯახის გარეშე. მათ რიგებში რამდენიმე უკრაინელის არსებობის მიუხედავად, უმეტესობა ბელარუსული წარმოშობის იყო. ბევრი მათგანი წლები ცხოვრობდა რზეჟოვის რეგიონში, პოდკარპაცკის ვოივოდინაში, უკრაინის მოსაზღვრე პოლონურ რეგიონში. ზოგი ბელარუსი 2020 წლის საპროტესტო გამოსვლებამდე ჩავიდა, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმმა რეპრესიებში გაატარა. სხვები გამოსვლების მერე გადავიდნენ პოლონეთში.

როგორც ჩანს, ФСБ ჯგუფის ჩამოყალიბებისას ბელარუსის КГБ-ს დაეყრდნო. „როცა ФСБ სთხოვს КГБ-ს სამსახურის გაწევას, ეს ბრძანებაა“, - ამბობს სტანისლავ ზარინი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი და განსაკუთრებულ საქმეთა კოორდინაციის ვიცე-მინისტრი. შეგირდი ჯაშუშების გამოსაცდელად და მათი ერთგულების შესაფასებლად, ФСБ-მ მათთვის წვრილმანი დავალებების გაცემა დაიწყო: NATO-ს საწინააღმდეგო ან ანტი-ამერიკული ნახატები რზეჟოვსა და მიმდებარე არეალში, კრემლისტური პროპაგანდის გავრცელება სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით კი ტელეგრამზე. სანაცვლოდ, მათ მზარდ გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.

2023 წლის დასაწყისში, მათ გაავრცელეს კონსპირაციული თეორია - ამტკიცებდნენ, რომ პოლონეთი ძალის გამოყენებით აპირებდა უკრაინელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას. უკრაინაში საბრძოლო ასაკის კაცებს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ და ვალდებულნი არიან, ომში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ანალოგიურად დაუსაბუთებელი გზავნილები უკავშირდებოდა ვითომდა პოლონეთის გეგმას დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესახებ. თავის მხრივ, ეს უჯრედი ხელს უწყობდა პოლონეთში NATO-ს საწინააღმდეგო სენტიმენტის გაღვივებასა და მთავრობის პოლიტიკის ლანძღვას საზოგადოების დაყოფითა და მეზობელ უკრაინასთან დაძაბულობის გაღვივებით.

შეცდომები

ამგვარი დეზინფორმაცია ომის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რუსეთის დაზვერვა კი მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, აკვირდება რა გამუდმებით საზოგადოებრივი აზრის ევოლუციას. IFOP-ისა და „ფიგაროს“ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, „უკრაინაზე დადებითი აზრი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - საფრანგეთში 82%-იდან 64%-მდე და პოლონეთში 91%-იდან 79%-მდე.

ამგვარი საწყისი ნაბიჯების შემდეგ, ФСБ-მ რზეჟოვის ქსელი უფრო და უფრო ამბიციური მიზნებით მიმართა სადამკვირვებლო მისიისკენ, უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების და ეკიპირების მომარაგების ადგილების პოვნის, არაერთი სამძებრო ოპერაციისა და კამერების გადამალვის ჩათვლით. პოლონეთის კონტრ-დაზვერვის აგენტებმა ზუსტად იცოდნენ, ეს ყველაფერი რისთვის ხდებოდა. „კოლონების გზის რუკაზე მოხაზვა, ადგილმდებარეობის კოორდინატების გადაცემა: ამ ყველაფერს ერთ მიზანი ჰქონდა - განადგურება ან დაბომბვა“, - ამბობს ზარინი.

თებერვლის ბოლოს, როცა ბაიდენი კიევიდან დაბრუნდა და რზეჟოვიდან ვარშავისკენ გაემართა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტი ანდრჟეი დუდა ელოდა, უჯრედის საქმიანობა ერთი საფეხურით ზემოთ უნდა ასულიყო. ФСБ-მ მას დაავალა, განეხორციელებინა საბოტაჟური ოპერაციები, რომლებიც სამხედრო მომარაგებას იღებდა მიზანში. რასაკვირველია, ამას თან ახლდა უკეთესი გასამრჯელოს დაპირება. თუმცა ისინი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - ჯგუფის წევრები ასაფეთქებელ ნივთიერებებთან ან რთულ ტექნიკასთან მოპყრობაში გაწვრთნილი გამოცდილი ოფიცრები სულაც არ იყვნენ. თუ მატარებელი რკინიგზიდან უნდა გადაეყვანათ, ეს რკინიგზაზე ბარიერების განთავსებით უნდა მოეხერხებინათ.

ამ ოპერაციების მომზადებისას, შეგირდი აგენტები ФСБ-ს გამაფრთხილებელ ინსტრუქციებს ყოველ ჯერზე არ მიჰყოლიან და შედეგად, სერიოზული შეცდომები დაუშვეს, რამაც ის გამოიწვია, რომ ზედმეტი ყურადღება მიიპყრეს. „სადღაც თებერვალში“, - იხსენებს რზეჟოვის მერი კონრად ფიიოლეკი, - „ავტომობილებისა და ველოსიპედების გამქირავებელი კომპანიები ჩემთან მოვიდნენ მერიაში და მაცნობეს ზოგიერთი კლიენტის უცნაური ქცევის შესახებ, რომლებიც რეგულარულად ბრუნდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ბელარუსები, რომლებიც ჩვენს რეგიონში დასახლდნენ, მაგრამ არც ისე ადვილია, დისიდენტები და აგენტ-პროვოკატორები ერთმანეთისაგან გაარჩიო“. ანალოგიურად, ზოგიერთ შენიშნეს სამშენებლო მასალების მაღაზიებში, როცა მძიმე საგნებს უთუოდ ლიანდაგის შესაფერხებლად ეძებდნენ.

„უფრო შემსრულებელი, ვიდრე ჯაშუში“

მარტის დასაწყისში, ФСБ-ს მიერ სახელდახელოდ შეკრებილ ჯგუფს უბედურება დაატყდა. პოლონეთის დაზვერვამ რამდენიმე ეტაპიანი ოპერაციით მისი 12 წევრი დააპატიმრა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს GPS-მდევრები, მინი-კამერები და საეჭვო ფულადი გადარიცხვების მტკიცებულებები. „ჯგუფი სულ ახალი შექმნილი იყო“, - ამბობს ზარინი. „ზოგიერთმა აღიარა თავისი თანამონაწილეობა, ზოგმა უარყო, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რასაც სჩადიოდნენ და ჩვენ შევძელით, ნათელი მოგვეფინა მათი კავშირებისთვის რუსულ დაზვერვასთან“. თავის მხრივ, მათმა ოჯახებმა და ბელარუსულმა უწყებებმა გამოაცხადეს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ.

ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ შეცვალა უკრაინაში მიმდინარე ომმა შპიონაჟი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში. „გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 ბელარუსი და რუსი დავაპატიმრეთ, ვინც ჩვენთან ცხოვრობდა და მიიჩნევა, რომ უფრო შემსრულებლები არიან, ვიდრე პროფესიონალი ჯაშუშები, ხალხი, ვისაც ფულის სანაცვლოდ სთხოვენ, იჯაშუშონ და ინფორმაცია მიაწოდონ“, - დასძენს ზარინი. „ვიცით, რომ რუსები ინფილტრაციისთვის ნებისმიერი ხერხს მიმართავენ, იქნება ეს ჯაშუშების შემოგზავნა, კიბერ-შპიონაჟი, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების გამოყენება და აგრეთვე, თუ რამე უკეთესი სურთ, ადგილზე კოლაბორანტების გააქტიურება“. რზეჟოვის უჯრედის გამოძიებამ ჯერ კიდევ უნდა ახადოს ფარდა მის ყველა საიდუმლოს. პოლონეთის კონტრ-დაზვერვას სჯერა, რომ რუსეთიდან მომუშავე ФСБ-ს ოფიცერსა და ჯგუფის წევრებს შორის ერთი ან მეტი შუამავალი იყო. ივლისის დასაწყისისთვის, ეს კავშირი საიდუმლოდ რჩებოდა.

სანამ მეტს გაიგებენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის, რომ მათი რეგიონი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ჰაბი და თავშეყრის წერტილია. რზეჟოვი, 200 ათასიანი ქალაქი, 100 ათას უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობდა. ახლა ეს რიცხვი 30 ათასამდე შემცირდა. „უკრაინაში [რუსეთის] შეჭრამ ყველაფერი შეცვალა“, - ამბობს ფიიოლეკი, - „ეს რევოლუციაა! იქამდე, ჩვენ ყველაფრისგან შორს ვიყავით: ბრიუსელისგან, ვარშავისგან და ტურისტული გზებისგან. მხოლოდ ერთი საავიაციო ინდუსტრიული ცენტრი გვქონდა“. სანამ ბოინგის თანამონაწილეობით ახალი ქარხნის გახსნას დაესწრებოდა, მერმა თქვა: „უცბად, ჩვენი აეროპორტი საერთაშორისო ჰაბი გახდა, ჩვენი ქალაქი კი - გადაკვეთის წერტილი. ყველა ჩამოდის პატრიოტის რაკეტების სანახავად, სასტუმროები კი NATO-ს ოფიცრებითაა სავსე“.

მსგავსი სიახლეები