-

რომან აბრამოვიჩი - ნავთობის ბიზნესიდან კრემლის კორიდორებამდე, ლონდონიდან უკრაინამდე, პოსტ-საბჭოთა რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის მმართველობის განსახიერებაა. ოლიგარქი, რომელიც საყოველთაო ცნობადობის მიუხედავად, კვლავ იდუმალებით არის მოცული. 

რუსი ოლიგარქის, მისი წარსულისა და დღევანდელი საქმიანობის შესახებ ფრანგულმა Le Monde-მა ვრცელი მასალა მოამზადა.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

როგორც გვითხრეს, შეხვედრა ჰერცლიაში, თელ-ავივის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე Ritz Carlton-ის საპრეზიდენტო ოთახში უნდა შემდგარიყო. თუმცა პრობლემა შეიქმნა - როდესაც სასტუმროს თანამშრომელს ოთახის ნომერი ვუთხარი (1288), გვიპასუხეს, რომ ოთახი ამ ნომრით არ არსებობს. შემდეგ გვკითხეს, ხომ არ ვეძებდით პირადი დაცვით ჩამოსულ რუს ჯენტლმენს - ჩვენ სწორედ მას ვეძებდით. 

56 წლის რომან აბრამოვიჩი გავლენიანი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია. ამ მომენტში, კორიდორის ბოლოში თითქოს ჯადოსნურად გაიღო კარი. ოთახში ვერ აღმოვაჩინეთ მილიარდერის კვალი, რომელიც ისრაელის სანაპიროზე საკუთარ გარემოცვასთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ჩამოვიდა. აბრამოვიჩს დიდი ხანია არ უსაუბრია პრესასთან და ივნისის ეს საღამოც არ იყო გამონაკლისი. 

აბრამოვიჩის მაგივრად ზღვის ხედის მქონე თეთრი დეკორის ტერასაზე მისი ძველი თანაშემწეები, ჰენრი და ოლგა შეგვეგებნენ (სახელები მათი თხოვნით შეცვლილია). მაგიდაზე დიეტური კოლისა და სიგარეტის კოლოფის ფონზე, ოლგა თავისი რუსულ-შვედურ-ლიბანური წარმომავლობის შესახებ გვიყვებოდა. ოლგა მოგვიყვა თავისი მოძალადე მამისა და მისი ქალიშვილის შესახებ, რომელსაც მარტო ზრდის. ოლგა მოგვიყვა, როგორ ეხმარება მას უფროსი. 

"ჩემი ქალიშვილის დაბადება პანდემიას დაემთხვა. ამ დროს სტემფორდ ბრიჯთან, "ჩელსის" სტადიონთან მდებარე აპარტამენტებში ვცხოვრობდით", - გვეუბნება ოლგა. აბრამოვიჩი ლონდონურ საფეხბურთო კლუბს 2003-2022 წლებში ფლობდა. "რომანი მთხოვდა, რომ გამეგრძელებინა მასთან მუშაობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეხვედრაზე ბავშვით სიარულს ნიშნავდა. მას უყვარს იმ კოლეგების გარემოცვაში ყოფნა, რომლებმაც მის მსგავსად ბევრი რამ გაიარეს", - გვეუბნება ოლგა. 

ათამდე თანაშემწე და დამხმარე აბრამოვიჩს 1990-იანი წლებიდან მოჰყვება და მასთან ერთად იყვნენ მისი იმპერიის მშენებლობის ყველა ეტაპზე: ნავთობის ბიზნესში, მისი გუბერნატორობის დროს ჩუკოტკაში... ეს ხალხი აბრამოვიჩის გვერდით იყო მისი ლონდონური ცხოვრებისა და უძრავი ქონების ბიზნესის განვითარების ეტაპზე ისრაელში. კლანის არცერთ წევრს არასდროს არ უღალატია აბრამოვიჩისთვის, რომლის ქონებაც 9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

"სხვისთვის არასდროს ვიმუშავებ", - გვეუბნება ჰენრი, რომელიც წარსულში ამერიკული საინვესტიციო ბანკის თანამშრომელი იყო, მაგრამ უკვე ათწლეულებია, აბრამოვიჩთან მუშაობს. ჰენრი ხაზს უსვამს აბრამოვიჩის 
"მეექვსე გრძნობას" და ამბობს, რომ მისი უფროსი შეპყრობილია შედეგებით. ჰენრის თქმით, ოლიგარქი მუდმივად ცდილობს "პრობლემების მოგვარებას" და ამას ისე აკეთებს, რომ მაქსიმალურად გაურბის საჯარო ყურადღებას. 

მოუხელთებელი და გავლენიანი მომრიგებელი

ყურადღებიანი, მაგრამ თავად ყურადღებისგან მორბენალი - ასეთია მილიარდერის პარადოქსი. საკვანძო ფიგურა თანამედროვე რუსეთში, რომელმაც ცენტრალურ სცენაზე გამოსვლას კულისებში ყოფნა არჩია. მიუხედავად ამისა, აბრამოვიჩი ყველაზე ცნობილი და ერთდროულად იდუმალებით მოცული ადამიანია იმ წრიდან, რომელსაც ოლიგარქებს უწოდებენ - ანტერპრენერები, რომლებმაც აღმოსავლეთ ბლოკის დაშლის წლებში პრივატიზაციითა და კრემლთან ახლო კავშირებით ისარგებლეს. 

აბრამოვიჩის ცნობადობა მისი არაორდინალური კარიერის დამსახურებაა, რომლის ტრაექტორიაც რუსეთის ევოლუციას მიჰყვებოდა - პერესტროიკიდან პუტინის ავტორიტარულ მმართველობამდე. საბჭოთა ებრაელების ოჯახში დაბადებული აბრამოვიჩი 3 წლის ასაკში დაობლდა. მოგვიანებით ის ავანგარდული კულტურისა და ებრაელთა თემის მფარველი გახდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩმა ფარული დიპლომატის ფუნქციებიც შეითავსა. მან იცის, როგორ იყოს შეუცვლელი. 

ადამიანები, რომლებსაც აბრამოვიჩთან უმუშავიათ, მას ბუნებრივად უჩუმარ ადამიანად ახასიათებენ. ისინი აბრამოვიჩს აღწერენ როგორც თავშეკავებულ, ეფექტურ და ანგარიშიან ადამიანს, რომელიც არ არის დაცლილი გრძნობებისა და ფასეულობებისგან. ეს დახასიათება კონტრასტში მოდის ოლიგარქების უმეტესობასთან, რომლებიც, როგორც წესი, ამპარტავნებითა და სითავხედით გამოირჩევიან. 

56 წლის აბრამოვიჩი, როგორც წესი, 3-4 დღის წვერს ატარებს, ჩაცმის სტილი კი სადაა - ძირითადად, ჯინსები. ის მორცხვია და ერიდება მზერის გასწორებას. "მისი გენია იმაში მდგომარეობდა, რომ საყვარელი ძაღლივით იქცეოდა - სანამ სხვები ყეფდნენ, აბრამოვიჩს თავი დახრილი ჰქონდა, მორჩილი ძაღლივით", - გვითხრა ბილ ბრაუდერმა, ოდესღაც რუსეთის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, Hermitage Capital-ის ხელმძღვანელმა. ბრაუდერი აბრამოვიჩს პირველად 1990-იანი წლების პირველ ნახევარში შეხვდა. 

აბრამოვიჩის საქმიანმა პროფილმა ის ორგანულ "პატიოსან ბროკერად" გადააქცია - ამ ტერმინით საერთაშორისო ურთიერთობებში მხარეების მიერ მიუკერძოებლად აღქმულ პერსონას ახასიათებენ, რომელიც არ ივიწყებს საკუთარ ინტერესებს პოტენციურ გარიგებაში. 

ბრაუდერის ცნობით, უკვე 90-იან წლებში აბრამოვიჩს კონფლიქტების მომგვარებლის რეპუტაცია ჰქონდა - საინტერესოა, სწორედ მოუხელთებელი და გავლენიანი მომრიგებლის ნიჭის გამო ხომ არ არის აბრამოვიჩის სახელი დღემდე იდუმალებით მოცული. 

ბევრისთვის აბრამოვიჩი მხატვრული პერსონაჟივით მომხიბვლელია. 2004 წელს აბრამოვიჩის ბიოგრაფია საფუძვლად დაედო მუსიკალურ პიესას, რომლისთვისაც სიმღერები ელტონ ჯონმა დაწერა. 2010-იან წლებში ჰოლივუდის გიგანტი Warner Bros აბრამოვიჩის ბიოგრაფიულ სურათის გადაღებას გეგმავდა, რომელიც თავად ოლიგარქს უნდა დაეფინანსებინა. 

ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ Netflix-სთვის მომზადებული სერიალის The Crown-ის ავტორმა, პიტერ მორგანმა, დადგა პიესა სახელწოდებით "პატრიოტები". პიესა მოგვითხრობს კონფლიქტზე ვლადიმირ პუტინსა და ბორის ბერეზოვსკის შორის, რომელიც ოდესღაც აბრამოვიჩის მენტორად მიიჩნეოდა. 

უკრაინელი პროდიუსერი და აბრამოვიჩის მეგობარი ალექსანდრ როდნიანსკი გვეუბნება, რომ დიდი სიამოვნებით ნახავდა პიესის კინო ადაპტაციას. 

მცირე სიტყვების ადამიანი

მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქი გაურბის საჯარო ყურადღებას, აბრამოვიჩს უყვარს გართობისა და ხელოვნების ინდუსტრიაში დიდი სახელების გარემოცვაში ყოფნა. 2015 წელს მოსკოვში აბრამოვიჩის პატრონობით დაფუძნებული კულტურული ცენტრის გახსნის სტუმრებს შორის იყვნენ ჯორჯ ლუკასი, ჯეფ კუნსი და ვუდი ალენი. 

აბრამოვიჩის და ამ ადამიანების გზები ხშირად იკვეთებოდა კანის კინოფესტივალის მიმდინარეობისას, შატო დე ლა კროეში მდებარე მის ვილაზე. შესაძლოა, აბრამოვიჩში მისი ბიოგრაფიის ასოციაციას იწვევდეს ვუდი ალენის 1980-იან წლებში გადაღებული ფილმის, Zelig-ის პროტაგონისტი. რეჟისორის მიერ წარმოდგენილი "ადამიანი ქამელეონის" მსგავსად, აბრამოვიჩიც ისტორიის ლაბირინთებში იკარგება, იმ გარემოებებში, რომელიც განსაზღვრავს მის გზას. 

მისი მინიმალური საჯარო აქტივობით აბრამოვიჩი ელასტიკური და ენიგმატური პერსონის იმიჯის კულტივირებას უწყობს ხელს. აბრამოვიჩის სულ რამდენიმე ინტერვიუ არსებობს, რომელიც მან რუსულ და უცხოურ გამოცემებს 2000-იან წლების დასაწყისში, ჩუკოტკის გუბერნატორობის დროს მისცა. 

ერთ-ერთი ასეთ ინტერვიუში, საჯარო კომუნიკაციასთან საკუთარი დამოკიდებულების ასახსნელად, აბრამოვიჩმა Le Monde-ის კორესპონდენტს, ნატალი ნუგერს რუსული ხუმრობა მოუყვა - "რა განსხვავებაა ზაზუნასა და თაგვს შორის? - არანაირი, ეს უბრალოდ პიარის საკითხია."

პიარი ის სივრცე რომელშიც აბრამოვიჩი განსაკუთრებით ეფექტურია და რომლის ლოგიკაც ყველაზე უკეთ ესმის. აბრამოვიჩის ყველა თანამშრომელი ხელს აწერს გაუთქმელობის 25 წლიან ხელშეკრულებას, რომელიც მათ მედიასთან საუბარს უკრძალავს. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში კი ყოფილ თანამშრომლებს სასამართლო გარჩევები ემუქრებათ. 

სამართლებრივი რეაგირების საფრთხე ემუქრებათ იმ გაზეთებსაც, რომლებიც აბრამოვიჩის პერსონით დაინტერესდებიან. გასულ ზამთარს, მას შემდეგ, რაც აბრამოვიჩის შესახებ გამოძიება დავიწყეთ, რედაქციაში აბრამოვიჩის პრესსპიკერის წერილი მივიღეთ, რომელშიც ოლიგარქის წარმომადგენელი ჩვენი პროექტის დეტალების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას. 

ისეთ შემთხვევებში, როდესაც აბრამოვიჩს არ მოსწონს მის შესახებ გამოქვეყნებული მასალები, მისი წარმომადგენლები გამოცემებს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივიან. ინგლისში, სადაც სასამართლო ხშირად გასცემს სპეციალურ ორდერებს, აბრამოვიჩის იურისტები აგზავნიან წერილებს გარკვეული ფილმების ან მასალების გამოქვეყნების საწინააღმდეგოდ.

კეტრინ ბელტონის წიგნის, "პუტინის ადამიანების" გამოქვეყნების შემდეგ, აბრამოვიჩის იურისტებმა ავტორის წინააღმდეგ წიგნში მოყვანილი 26 პასაჟის გამო საჩივარი შეიტანეს. 

დღეს აბრამოვიჩი საჯარო ყურადღებისგან შორსაა - ოლიგარქი ისრაელში ცხოვრობს, სადაც მას ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული ვილა ეკუთვნის. აბრამოვიჩს აქვს პასპორტი, რომელიც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. 

2022 წლიდან მოყოლებული აბრამოვიჩი დროის დიდ ნაწილს დუბაიში ატარებს - მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ჰორიზონტი უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ტვირთმა დაავიწროვა. 

პუტინის კურიერი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე რომან აბრამოვიჩის ქონება დასავლეთის ქვეყნების სამიზნეში აღმოჩნდა. ოლიგარქი დაავალდებულეს, რამდენიმე თვის ვადაში გაეყიდა საფეხბურთო კლუბი "ჩელსი", მას მოუწია უარი ეთქვა ზოგ აქტივზე, ხოლო მისი საბანკო ანგარიშები ბრიტანული სასამართლოების გადაწყვეტილებით დაიბლოკა. 

ამ სირთულეების მიუხედავად, აბრამოვიჩმა შეძლო კაპიტალის დიდი ნაწილის გადარჩენა. კონფიდენციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც Le Monde-ის რედაქციამ მიაკვლია, ცნობილი ხდება, რომ მის მიერ დაარსებული საფინანსო ტრასტის გავლით, აბრამოვიჩმა თავისი 7 შვილისთვის 4 მილიარდი დოლარის გადაცემა შეძლო. 

რუსეთის ფინანსური ელიტის სხვა წევრების მსგავსად, რომელთა ქონებაც კრემლის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, აბრამოვიჩი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და კანადამ. აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა უკრაინის მთავრობამაც, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც აბრამოვიჩის გარდა ათობით რუსი ოლიგარქია, მას რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის სტატუსი აქვს. დოკუმენტში აბრამოვიჩს საგანგებო ქვეთავი ეძღვნება, რომელშიც ნათქვამია - "სანქციები არ იმოქმედებს მანამ, სანამ აბრამოვიჩი შუამავლის მისიას ასრულებს."

ეს დათქმა კარგად აჯამებს რომან აბრამოვიჩის პერსონის ამბივალენტურობას. "ჩემი მისია უსასრულოა", - ევროპელი დიპლომატის ცნობით, სწორედ ასე გამოეხმაურა აბრამოვიჩი უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს. 

საჯარო გაცხადების გარეშე, აბრამოვიჩი ორ ქვეყანას შორის სანდო მედიატორად ტრანსფორმირდა. ომის დაწყებისთანავე რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მყისიერად შეწყდა. ამ ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობდა, რა იქნებოდა საუკეთესო გზა ომის შესაჩერებლად რუსეთთან საკომუნიკაციოდ.

შეჭრის პირველივე დღეებში, უკრაინის პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ მრჩეველს ისეთი ადამიანის პოვნა სთხოვა, რომელიც შეძლებდა კრემლთან ინფორმაციის მიმოცვლას, მისი დამახინჯების გარეშე. აბრამოვიჩს, რომლის დედაც უკრაინელი იყო, მალევე დაუკავშირდა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის მამა, ალექსანდრ როდნიანსკი - ცნობილი უკრაინელი პროდიუსერი. როდნიანსკის ნამუშევარი ჰქონდა ზელენსკისთან მის რუსულ პროექტებზე, ხოლო აბრამოვიჩთან მისი ნაცნობობა 1990-იან წლების კინო ინდუსტრიიდან იღებდა სათავეს. 

"როდნიანსკის ზარის შემდეგ, რომანი მალევე მივიდა კრემლში ავტორიზაციის მისაღებად", - გვეუბნება პაველი, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით). პაველის თქმით, რომან აბრამოვიჩი ერთადერთი ბიზნესმენი იყო, რომელიც მოლაპარაკებებში ჩართვის თხოვნას დათანხმდა. "ის კომპრომისის ადამიანია", - გვეუბნება პაველი. მისი თქმით, აბრამოვიჩი ოფიციალური დელეგაციის მიღმა მოქმედებდა - "ის პუტინის პერსონალური კურიერია".

ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტი 

ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის ჩართულობის შესახებ ცნობილი თავდაპირველად 2022 წლის 28 თებერვალს გაზეთ Jerusalem Post-ის პუბლიკაციიდან გახდა ცნობილი - მილიარდერის ერთ-ერთი საყვარელი საკომუნიკაციო არხით. "ის ცდილობს დაეხმაროს მხარეებს", - ამბობდნენ გამოცემასთან საუბარში აბრამოვიჩის წარმომადგენლები, თუმცა დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებდნენ. 

ემისრები აღნიშნავდნენ აბრამოვიჩის განსაკუთრებულ ძალისხმევას მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპებზე. მათ შორის, ცნობილია, რომ გასული წლის მარტში აბრამოვიჩი შეხვდა გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს - იმ დროს შრიოდერი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას ფიქრობდა, თუმცა მალევე შეიცვალა აზრი. 

მედიატორის როლში აბრამოვიჩი ფოტოგრაფებმა სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზეც დააფიქსირეს. ფოტოებზე აბრამოვიჩი თურქეთის პრეზიდენტის, მისი მრჩევლისა და  საგარეო საქმეთა მინისტრის გარემოცვაში იყო აღბეჭდილი. "აბრამოვიჩმა მძიმე სამუშაო გასწია შეთანხმებისთვის", - გვეუბნება პაველი. მისი თქმით, ამ გარემოებამ უკრაინული დელეგაციის თვალში აბრამოვიჩს სანდოობა შესძინა. 

როგორც აღმოჩნდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა გარკვეულ რისკებსაც შეიცავდა. გასული წლის მარტში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აბრამოვიჩმა და ორმა უკრაინელმა დეპუტატმა უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნეს. მათ აღენიშნებოდათ გამონაყარი და წვა თვალის არეში. ერთ-ერთი დაზარალებული, რუსტემ უმეროვი გვეუბნება, რომ მათ თავიდანვე მოწამვლა იეჭვეს. 

აბრამოვიჩმა უარი თქვა დუბაიშივე გაევლო სამედიცინო შემოწმება და ამისთვის სასწრაფოდ თურქეთში გაფრინდა. "რამდენიმე დღის განმავლობაში აბრამოვიჩი კონტაქტზე არ გამოსულა", - გვითხრა უმეროვმა.

Bellingcat-ის ყოფილი დირექტორის, ხრისტო გროზევის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საუბარია "ბიოლოგიური ან ქიმიური აგენტის" მოქმედებაზე, თუმცა ვითარების სირთულის გამო, კონკრეტული ტოქსინების დადგენა ვერ მოხერხდა. 

არალეტალური დოზით მოწამვლის ფაქტი აბრამოვიჩის წრეში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ხელმძღვანელების მიერ ოლიგარქისთვის მიცემულ გაფრთხილებად აღიქვეს. "რომ შეეძლოთ, ისინი აბრამოვიჩს დიდი სიამოვნებით მოკლავდნენ, მაგრამ მას პუტინი იცავს", - გვითხრა ალექსანდრ როდნიანსკიმ. 

თავად აბრამოვიჩს ამ ეპიზოდზე კომენტარი არ გაუკეთებია. წყაროს ცნობით, რუს კოლეგასთან მიმოწერაში აბრამოვიჩი შემოიფარგლა სიტყვებით - "ყველაფერი რიგზეა."

ოლიგარქის გეოპოლიტიკურმა ფსონმა გაამართლა - დიპლომატიური საფარის ქვეშ აბრამოვიჩმა ქონება გადაარჩინა. ევროკავშირისა და კანადისგან განსხვავებით, აბრამოვიჩისთვის სანქციები არ დაუწესებია ამერიკის შეერთებულ შტატებს. გარდა ამისა, აბრამოვიჩი კვლავ სარგებლობს გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი დანი დაიანია - იერუსალიმის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრის პრეზიდენტი, რომელსაც აბრამოვიჩმა ცოტა ხნის წინ 8-ნიშნა თანხა შესწირა. 

2022 წლის დასაწყისში დაიანმა თანამოაზრეებთან ერთად საგანგებო წერილით მიმართა ისრაელში აშშ-ს ელჩს - წერილში ის სთხოვდა ამერიკის ადმინისტრაციას, არ დაეწესებინათ სანქციები რომან აბრამოვიჩისთვის. ზოგი წყაროს ცნობით, აბრამოვიჩისთვის სანქციების არ დაწესება ჯო ბაიდენს თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც სთხოვა. 

ბრძოლა გასაჭირში მყოფი უცხოელებისთვის 

აბრამოვიჩთან დაკავშირებული პარადოქსის კიდევ ერთი მაგალითი ზელენსკის პარტიის ლიდერის, დავიდ არახამიას წერილია, რომელშიც უკრაინელი პოლიტიკოსი "ძალიან დადებითად" აფასებს ოლიგარქის როლს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. 

რუსული არმიის მიერ კიევის შემოგარენში ჩადენილი ომის დანაშაულების გაცხადებასთან ერთად მშვიდობიანი მოლაპარაკების შანსი საბოლოოდ გადაიწურა. ამ ფონზე "ადამიანმა ქამელეონმა" კიდევ ერთხელ შეიცვალა პროფილი. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფში, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებს აგვარებს, რომან აბრამოვიჩმა ცენტრალური ფასილიტატორის ფუნქცია შეითავსა. 

საუდის არაბეთის დელეგაციასთან ერთად აბრამოვიჩს ცენტრალური როლი ჰქონდა გასული წლის სექტემბერში აზოვის პოლკის მეთაურების გათავისუფლებაში, რომლებიც რამდენიმე თვით ოკუპანტებმა მარიუპოლში დაატყვევეს. გარდა ამისა, რომან აბრამოვიჩის მონაწილეობით სამშობლოში დაბრუნდა დიდი ბრიტანეთის 5 მოქალაქე. ალექსანდრ როდნიანსკის თქმით, აბრამოვიჩმა საკუთარ მოვალეობად აქცია რუსეთის ფედერაციაში დატყვევებული უცხოელების გათავისუფლება. 

Le Monde-ის ცნობით, მათ შორის, ამ ფაქტორებით იყო განპირობებული აბრამოვიჩის მონაწილეობა ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის გათავისუფლების საკითხში. გრაინერი ცოტა ხნის წინ ამერიკაში დაპატიმრებულ იარაღის მოვაჭრეში, ვიქტორ ბუტში გაცვალეს. რამდენიმე წყარო მიუთითებს, რომ აბრამოვიჩი შესაძლოა ჩართული იყოს Wall Street Journal-ის დაპატიმრებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებშიც. 

აბრამოვიჩის მისია ჯერ არ დასრულებულა: კვლავ მიმდინარეობს საუბრები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და ახალი ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაზე. 

აბრამოვიჩი შეპყრობილია ერთი საკითხით: რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების გათავისუფლებით. გაეროს, ვატიკანისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა აბრამოვიჩმა აუხსნა ვლადიმირ პუტინს, თუ რატომ არის აუცილებელი უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც კრემლის მტკიცებით, ძალადობასა და დაბომბვებს გადაარჩინეს. 

"აბრამოვიჩის გარეშე ვერცერთი უკრაინელი ბავშვი ვერ დაბრუნდებოდა სამშობლოში", - გვეუბნება პაველი. 

არარსებული კითხვები 

წმინდა საყდრის დელეგაციის წევრმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა აბრამოვიჩის ჩართულობა ამ სენსიტიურ მოლაპარაკებებში - "აბრამოვიჩი ერთ-ერთი ისეთი პიროვნებაა, რომლის ნებაც გულწრფელია და რომელთან საუბარიც ღიად შეგვიძლია".

იანვრის მონაცემებით, ამ მოლაპარაკებების მეშვეობით სამშობლოში დაბრუნდა 2 ათასამდე ბავშვი. ამ საკითხზე უკრაინის მხრიდან უფროსი მომლაპარაკებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აბრამოვიჩის ჩართულობა ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე ომის დასაწყისში. ამავდროულად, უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, აბრამოვიჩი არამხოლოდ ცვლის ინფორმაციას მხარეებს შორის, არამედ მუშაობს პოზიციების დაახლოებაზეც. 

ამ ამოცანის შესასრულებლად აბრამოვიჩი ხშირად ჩადის კიევში. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ასეთი ვიზიტი გაზაფხულზე შედგა. აბრამოვიჩის ვიზიტები უფრო ხშირია მოსკოვში. აბრამოვიჩი მოსკოვში იმყოფებოდა ევგენი პრიგოჟინის მიერ ინიციირებული ამბოხის დროსაც. სხვადასხვა წყაროები მიანიშნებენ, რომ შესაძლოა, აბრამოვიჩი ჩართული იყო პრიგოჟინთან მოლაპარაკებებშიც, თუმცა ოლიგარქის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. 

რამდენი თოჯინაა რომან აბრამოვიჩის მატრიოშკაში? წარმატებული ბიზნესმენის ქვეშ კრემლის ლოიალური ვასალი იმალება. კრემლის ვასალის მიღმა ერთკაციანი ბენდია, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი კულტურაში, სპორტში და დიპლომატიაში. ერთკაციანი ბენდის მიღმა კიდევ ბევრი გამოგონილი თუ რეალური იდენტობაა - აქ არის Mensch-იც, ასე უწოდებენ ებრალები გულუხვ დონორებს, აქვეა მონანიე ძველი ბიჭიც, რომელსაც სურს, თავიანთ კაცად იყოს  მიღებული გლობალიზებულ ელიტებში. კიდევ რამდენი იდენტობა აქვს რომან აბრამოვიჩს?

თელ-ავივის სასტუმროში აბრამოვიჩის წარმომადგენელმა ოლგამ დისკუსია შეგვაწყვეტინა ფრაზით, რომელიც გაფრთხილებასავით ჟღერდა - "ისინი, ვინც მართლა იციან ბევრი რამ ბატონი აბრამოვიჩის შესახებ, ჩუმად დარჩებიან."

მსგავსი სიახლეები