-

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში პირველად შეიცვალა თავდაცვის მინისტრი. სამინისტროში კორუფციული სკანდალების სერიის შემდეგ თანამდებობა დატოვა ალექსეი რეზნიკოვმა, რომელიც პოსტს 2021 წლის შემოდგომიდან იკავებდა. 

6 სექტემბერს უმაღლესმა რადამ მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა - ის პირველი ყირიმელი თათარია, რომელმაც უკრაინაში მინისტრის პოსტი დაიკავა. ამგვარად, რუსეთის მიერ ნაციზმში "მხილებულ" უკრაინას ებრაული წარმომავლობის პრეზიდენტის გარდა, მუსლიმი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ალექსეი რეზნიკოვი დასავლელი პარტნიორების აზროვნების პარადიგმის შეცვლას ასახელებს. მართლაც, პროგრესი ამ კუთხით აშკარაა - რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაშინგტონში Stinger-ების სათხოვნელად ჩასულ რეზნიკოვს ამერიკელი პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ეს შეუძლებელია. 

წელიწადნახევრის შემდეგ, უკრაინის არმიის კონტრიერიშში მონაწილეობენ დასავლური წარმოების ტანკები, ხოლო თვითმფრინავების გადაცემა დროის საკითხია. რეზნიკოვი იმ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის იყო, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ და უმძიმეს დღეებში კიევში დარჩნენ. რეზნიკოვს კარგი ურთიერთობები ჰქონდა დასავლელ კოლეგებთან, რომლებიც მას შარმიან და ეფექტურ მომლაპარაკებლად მიიჩნევდნენ.

საყურადღებოა, რომ სწორედ ამ პუნქტთან დაკავშირებით ისმოდა რეზნიკოვის კრიტიკა ბოლო თვეებში - დასავლური იარაღის მიწოდების სქემა და მარშრუტი ბოლომდე ჯერ კიდევ გაუმართავია და ეს არ არის მხოლოდ დასავლეთის ბრალი. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 550 დღის განმავლობაში ზელენსკი ხაზს უსვამდა თავდაცვის მინისტრის სიმამაცეს და ღიად უცხადებდა ნდობას, თუმცა ბოლო თვეებში რეზნიკოვსა და პრეზიდენტს ოფისს შორის ურთიერთდაღლილობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. რეზნიკოვი დიდი ხნის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ მზად იყო, თავდაცვის მინისტრის პორტფელი მისთვის უფრო გასაგებ იუსტიციის სამინისტროში გაეცვალა. 

რთულია რეზნიკოვის წასვლას ტექნიკური გადაადგილება ვუწოდოთ - პროცესი მის უწყებაში მორიგი კორუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად, საუბარია ზამთრის ქურთუკების გაძვირებულ შესყიდვებზე. რეზნიკოვის გადადგომაზე ბევრი იწერებოდა ზამთარში - მაშინ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის სურსათის გაძვირებულ შესყიდვებში ამხილეს. 

თავად რეზნიკოვი ყველა ბრალდებას თანმიმდევრულად უარყოფს და ამბობს, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. უკრაინული წყაროების ცნობით, თავად რეზნიკოვი და მის მიერ დანიშნული ჩინოვნიკები კორუფციულ სქემაში არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, რეზნიკოვის იმიჯი სკანდალების შედეგად საგრძნობლად შეილახა. პროცესი კიდევ უფრო გააღრმავა მინისტრის მიერ სკანდალების უხეირო მენეჯმენტმა - მან შეცდომებზე ღია საუბრის ნაცვლად ჟურნალისტებთან დაპირისპირება და მცირე დეტალებზე კამათი არჩია.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რეზნიკოვი შესაძლოა ბრიტანეთში ელჩად დანიშნონ, თუმცა ამის გაკეთება სამართალდამცავი უწყებების დასკვნამდე რთული იქნება. 

რაც არ უნდა იყოს, უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს - უკრაინის კონტრიერიშის სირთულეების, ზამთრის მოსალოდნელი პაუზისა და უკრაინის თემით საერთაშორისო დონეზე მზარდი დაღლილობის ნიშნების გათვალისწინებით, რუსტემ უმაროვის ამოცანას იოლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. 

ნიჭიერი ბავშვი 

ყირიმელი თათრები ერთ დროს ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს ქმნიდნენ, დღეს კი მათი წილი 12-15%-მდეა შემცირებული. მკვიდრი მოსახლეობის წილი ნახევარკუნძულზე რუსეთის მმართველების უცვლელი და მემკვიდრეობითი პოლიტიკის შედეგად იკლებდა - ეკატერინე დიდიდან ვლადიმირ პუტინამდე, რუსეთის თითოეული ლიდერი ყირიმელ თათრებს ავიწროვებდა. ამ საკითხში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება სტალინს უკავშირდება - 1944 წელს ყირიმელ თათრები კრემლმა უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმში. 

ბრალდებას მოჰყვა ამ ეთნიკური ჯგუფის თითქმის სრულად გადასახლება საბჭოთა კავშირის შორეულ პერიფერიებში. სტალინის მიერ გადასახლებულ ყირიმელთა შორის იყვნენ რუსტემ უმეროვის წინაპრებიც. უზბეკეთში გადასახლებული ყირიმელების ოჯახში დაბადებული უმეროვის ოჯახმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1991 წელს შეძლო. 

ყირიმში უმეროვმა ნიჭიერ ბავშვთა თურქული ლიცეუმი დაასრულა, ბოლო კლასები კი მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამის (FLEX) ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ამერიკაშივე მიიღო უმეროვმა პირველი უმაღლესი განათლება. უკვე 2000 წელს უმეროვი კიევის მართვის ეროვნულ აკადემიაში ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე აბარებს. 4 წლის შემდეგ უმეროვმა ეკონომიკის ბაკალავრის სტატუსი მიიღო, ხოლო 2006 წელს ფინანსების მაგისტრის ხარისხი დაიცვა. 

მოგვიანებით, უმეროვმა იმავე აკადემიაში ინფორმატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობაც აითვისა. სტუდენტობის პარალელურად, უმეროვი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ამერიკულ და ევროპულ ახალგაზრდულ პროგრამებში. 

ბიზნესი 

სწავლის დასრულების შემდეგ რუსტემ უმეროვის საქმიანობა ბიზნესს დაუკავშირდა. მისი კარიერა უკრაინაში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანია Lifecell-ში დაიწყო, თავად ეს კომპანია კი თურქეთის საკომუნიკაციო გიგანტის Turkcell-ის საკუთრებაა. კომპანიასა და მის შვილობილ სტრუქტურებში უმეროვი წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. 

უკვე 2010 წელს უმეროვი საინვესტიციო კომპანია ICG-ში მმართველ დირექტორის პოსტზე გადავიდა. 2013 წელს უმეროვმა ძმასთან ერთად საკუთარი საინვესტიციო კომპანია ASTEM-ი დააარსა. უმეროვების კომპანია აქტივებს მართავდა კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. 

2013 წელსვე რუსტემ უმეროვი აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის უკრაინული პროგრამის თანადამფუძნებელი და დამფინანსებელი გახდა. 

აქტივისტი 

წარმატებული ფინანსისტის გარდა, რუსტემ უმეროვი ცნობილი ყირიმელი თათარი აქტივისტია - ის არასდროს ყოფილა შორს პოლიტიკისგან. 2007 წელს უმეროვი ყირიმელ თათართა სამმართველოს თანადამფუძნებელიც გახდა. ორგანიზაცია უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმელ თათართა წარმომადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობდა. 

2007 წლიდან მოყოლებული უმეროვი ქურულთაის, ყირიმელ თათართა მეჯლისის დელეგატია. უმეროვი წლების განმავლობაში ყირიმელთა ლიდერის, მუსტაფა ჯემილოვის თანაშემწედაც მუშაობდა. 

2011-2013 წლებში ყირიმის განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი გახდა, რომელიც ძირითადად თურქეთიდან ფინანსდებოდა. 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიამ ყირიმელი თათრების დამატებითი გადინება გამოიწვა. ყირიმელ თათართა თემს პრაქტიკულად არ მიუღია მონაწილეობა კრემლის მიერ ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმში. 

ანექსირებულ ტერიტორიაზე მალევე დაიწყო ყირიმელი აქტივისტების დევნა და დაპატიმრება. მალევე მეჯლისი რუსეთმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა. საპატიმროში აღმოჩნდა არაერთი ყირიმელი აქტივისტი, სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მუშაობდა უმეროვი მომდევნო წლებში. 

აქტივისტური საქმიანობა უმეროვისთვის საჯარო პოლიტიკაში შესასვლელად კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა. 

პოლიტიკაში 

რუსტემ უმეროვი უკრაინის საჯარო პოლიტიკაში 2019 წელს სვიატოსლავ ვაკარჩუკის ოპოზიციური პარტია ГОЛОС-ის სიით შევიდა. რადაში უმეროვი საგარეო ფინანსური დახმარების სპეციალურ სამეთვალყურეო კომისიას ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, უმეროვი ევროპის საბჭოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

მალევე უმეროვი რადას ადამიანის უფლებათა და ოკუპირებულ ტერიტორიების კომიტეტის მდივანი გახდა. ამ პოსტზე ის ე.წ. ყირიმული პლატფორმის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მშვიდობიანი სტრატეგიის ერთ-ერთი თანაავტორია. 

სწორედ ამ სტრატეგიაზე ისაუბრა უმეროვმა ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებულ უკრაინის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. უმეროვი ხაზს უსვამდა ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის მკაფიო სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას. 

უმეროვის ფიგურა მჭიდროდ დაუკავშირდება ოკუპირებული ნახევარკუნძულის საკითხს და ამ თემის ირგვლივ მიღებული კანონების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და კომენტატორი გახდა. უმეროვი ღიად გამოვიდა რადაში გაჟღერებულ ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც ანექსირებული ნახევარკუნძულისთვის წყლის მიყიდვას ეხებოდა. 

გარდა ამისა, უმეროვი გახდა "ძირძველი მოსახლეობის" შესახებ მიღებული გახმაურებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელმაც ვლადიმირ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია. 

ომში 

რუსტემ უმეროვის ცნობადობის ზრდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. ომის პირველივე დღეებში უმეროვი ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინულ დელეგაციის წევრი იყო. თავად მოლაპარაკებები მალევე კრახით დასრულდა, თუმცა სწორედ ამ პროცესს დაუკავშირდა დასავლური პრესის უმეროვით დაინტერესება. 

გასული წლის მარტში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რომან აბრამოვიჩმა და ორმა უკრაინელმა დეპუტატმა უეცრად თავი შეუძლოდ იგრძნეს. მათ აღენიშნებოდათ გამონაყარი და წვა თვალის არეში. დაზარალებულთა შორის იყო რუსტემ უმეროვიც. წყაროების ცნობით, მათი მოწამვლა რუსეთის სპეცსამსახურებმა სცადეს. 

თურქეთთან კარგი კავშირების გამო, რუსტემ უმეროვი რუსეთთან ანკარის შუამავლობით მიღწეულ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში უკრაინის მხრიდან უფროსი მომლაპარაკებელი იყო. პროცესში მონაწილე პირები დადებითად ახასიათებდნენ უმეროვის დიპლომატიურ უნარებს.

მალევე ცნობილი გახდა ანდრეი ერმაკის გუნდის საქმიანობაში უმეროვის ჩართულობის შესახებ, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხზე მუშაობს. გუნდის ყველაზე დიდ მიღწევად აზოვის ბატალიონის მარიუპოლში დატყვევებული მეთაურების გაცვლა მიიჩნევა. კრემლის პროპაგანდა მრავალი თვის განმავლობაში ემზადებოდა აზოვის მეთაურების საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის და მათი გაცვლა თეორიულადაც გამოირიცხებოდა. მიუხედავად ამისა, გასული წლის სექტემბერში აზოვის მეთაურები მთავარ უკრაინელ პრორუსზე, ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვალეს.

გარიგების შედეგად გათავისუფლდნენ რუსეთის მიერ დატყვევებული უცხოეთის მოქალაქეებიც. შეთანხმებაში აქტიურად მონაწილეობდნენ რომან აბრამოვიჩი და რუსტემ უმეროვი. 

ჯერ კიდევ აზოვის მეთაურების გაცვლამდე უმეროვი უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის დირექტორად დაინიშნა. უწყების მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ინდუსტრიული და სამრეწველო აქტივების მომგებიანი პრივატიზაციაა. წლების განმავლობაში ფონდი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფო უწყებად მიიჩნეოდა. თითქმის ერთწლიანი მუშაობის პერიოდში კი უმეროვის საქმიანობაზე კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა - მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფონდმა რეკორდული შემოსავალი მიიღო.

"ის ნულოვანი პრობლემების მქონე პერსონაა",- ამბობს The Guardian-თან საუბარში უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

ამ ფონზე უმეროვსა და ზელენსკის ოფისს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდა - მიმდინარე წლის მარტში უმეროვი თან ახლდა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს. უკვე მაისში უმეროვი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად საუდის არაბეთში გამართულ არაბული ლიგის სხდომაზე იმყოფებოდა. 

მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობით იყო განპირობებული უმეროვის დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ The Economist-ის ცნობით, უმეროვის კანდიდატურა უალტერნატივო არ ყოფილა. 

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, დამკვირვებლები კიდევ ერთ ფაქტორს გამოყოფენ - ომის გაჭიანურებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში გაიზრდება დასავლელი პარტნიორების წნეხი რუსეთთან შესაძლო ტერიტორიული კომპრომისის საკითხზე.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყირიმელი თათრის დანიშვნა კი ცხადად აჩვენებს უკრაინული სახელმწიფოს პოზიციას ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები