საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 49 მილიონ ადამიანს, საკუთარი ქვეყნის ლიდერის არჩევა, შემდგომი 5 წლის ვადით შეეძლება.
ეკონომიკური პარამეტრებით, საფრანგეთი ევროკავშირის მეორე ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ხოლო ერთადერთია, ვისაც ამ გაერთიანებაში ბირთვული იარაღი გააჩნია.
პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 12-ს შეადგენს, ხოლო იდეოლოგიური ჭრილიდან, თითქმის ყველას შეხვდებით - კომუნისტით დაწყებული, პოპულისტი და ულტრამემარჯვენე კანდიდატებით დასრულებული.
საარჩევნო მარათონის ლიდერად მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოიაზრება, რომელიც ჟაკ შირაკის შემდეგ, შეიძლება პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელიც ზედიზედ მეორე ვადით იქნება ქვეყნის პირველ პირად არჩეული.
მეორე ტური 24 აპრილს ჩატარდება და მასში მონაწილეობას ის ორი კანდიდატი მიიღებს, რომელიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
ვინ არიან კანდიდატები?
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 12 კანდიდატიდან, შვიდი მათგანი კენჭს წინა არჩევნებზეც იყრიდა.
კანდიდატების ნახევარი რადიკალური მემარჯვენე ან მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენელია. ამავდროულად, 4 მათგანი ქალია, საიდანაც ერთს - მარინ ლე პენს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობს, მეორე ტურში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
მაკრონისა და ლე პენის გარდა, "ვეტერანი" კანდიდატების სიაში სამი მემარცხენე პოლიტიკოსი - ფილიპ პუტუ, ნატალი არტო და ჟან-ლუკ მელანშონი შედიან.
ხოლო რაც შეეხება მემარჯვენე ფლანგს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება ორ კანდიდატს - ჟან ლასალსა და ნიკოლა დუპონ-ეიანს გააჩნია. უკანასკნელი მათგანს, ხშირად ნაციონალისტადაც მიიჩნევენ.
საარჩევნო კანდიდატებად პირველად დარეგისტრირდნენ ერიკ ზემური (რადიკალი მემარჯვენე), ვალერი პეკრესი (რესპუბლიკური პარტია), ანა იდალგო (პარიზის მერი, სოციალისტური პარტია), იანიკ ჟადო (მწვანეები) და კომუნისტი ფაბიან რუსელი.
ვის შეუძლია ხმის მიცემა?
არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭიროა საფრანგეთის მოქალაქეობა და ასაკობრივი ცენზის გადალახვა, რომელიც მინიმუმ 18 წელს გულისხმობს.
ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის რეგისტრაციის ვადა 4 მარტს ამოიწურა, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები, რომელიც იმ ადამიანებს ეხება, ვინც არჩევნებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე დაასრულებს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას, ამავე ვადაში 18 წელი უსრულდება ან საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის.
არჩევნებში მონაწილე მოქალაქეები ხმას მათთვის წინასწარ განსაზღვრულ უბნებში მისცემენ, ხოლო ბიულეტენს ფოსტით, ან საარჩევნო უბანზე მიიღებენ, ამას თავად გადაწყვეტენ.
ძირითად შემთხვევაში, რეგისტრირებული ამომრჩევლები, არჩევნებამდე "ელექტრონულ ბარათს" იღებენ, რითაც საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. ასეთი ბარათის არარსებობის შემთხვევაში, მათ საიდენტიფიკაციო საბუთის წარდგენის შემდეგ, საკუთარი აზრის დაფიქსირება უბანზე მაინც შეუძლიათ.
როდის გვეცოდინება შედეგები?
საფრანგეთის საზღვრებს მიღმა არჩევნები შაბათს იწყება, რათა ხმების მიღებისთვისა და დათვლისთვის განსაზღვრული დროის კომპენსირება მოხერხდეს.
უშუალოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა 19:00 საათამდე ექნებათ, გარდა დიდი ქალაქებისა, სადაც საარჩევნო უბნები ერთი საათით გვიან დაიხურება.
ეგზიტპოლის პირველადი შედეგები 20:00 საათზე გამოქვეყნდება, მას შემდეგ რაც ხმის მიცემის პროცესი დასრულდება.
შედეგები, რომელიც ეგზიტპოლის მიხედვით გამოიკვეთება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს, როგორც ამას წარსული გამოცდილება ანახებს.
ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს.
რატომ არის საჭირო ორი ტურის გამართვა?
საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დამფუძნებლის, გენერალი შარლ დე გოლის სკეპტიკური დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ და მათი გავლენის შემცირების სურვილი, გარკვეულწილად, 1958 წლის კონსტიტუციაში გამოიხატა, სადაც პრეზიდენტის ასარჩევად ორი რაუნდის გადალახვაა განსაზღვრული.
თეორიულად, კანდიდატს პირველივე ტურში შეუძლია პრეზიდენტის პოსტის დაკავება, თუკი შეძლებს 50%-ის მიღებას, მაგრამ ასეთი შემთხვევა, აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასახასიათებლად, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ პირველ ტურში გაკეთებული არჩევანი გულიდან არის ნაკარნახები, ხოლო მეორე ტურში გადაწყვეტილებას თავით იღებენ.
შარლ დე გოლს მიაჩნდა, რომ ამ სისტემის მიხედვით, მოსახლეობა კონსესუალური კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას შეძლებდა.
თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, ზოგიერთი ცინიკურად აღწერს, როგორც არჩევანს "ცუდსა და უარეს" შორის.
რას ნიშნავს საარჩევნო სიჩუმე?
პარასკევი არის ბოლო დღე, რა დროსაც პრეზიდენტობის მსურველებს კამპანიის წარმოება, ხოლო ფრანგულ მედიას კანდიდატების ციტირება და გამოკითხვების გამოქვეყნება ეკრძალებათ, რათა მანიპულაცია არ მოახდინონ ამომრჩევლებზე.
ეს შეზღუდვა კვირა საღამომდე, ანუ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე მოქმედებს: უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეგულაცია ხმის მიცემამდე უკანასკნელი 44 საათის განმავლობაში მოქმედებს.
რატომ არის მსოფლიოსთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?
საფრანგეთი ეკონომიკური მაჩვენებლებით ევროკავშირის რიგით მეორე ქვეყანაა, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე არჩევნების მნიშვნელობა, მხოლოდ საფრანგეთის საზღვრებში არ არის მოქცეული.
ამავდროულად, საუბარი ეხება ქვეყანას, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გააჩნია.
უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთი მიზეზია, რაც ამ არჩევნების მნიშვნელობას ზრდის, რადგანაც საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია უმნიშვნელოვანესია - როგორც დამოუკიდებლად, ასევე ევროკავშირის კონტექსტში.
კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა აგრესიამ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც კანდიდატების მიერ საერთაშორისო პოლიტიკაზე ფოკუსის სრულად გადატანაში გამოიხატა.
ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ პრეზიდენტობის მსურველებს, ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ ნატოსთან მიმართებით.
ძირითადი საკითხები - რაზე საუბრობენ კანდიდატები?
ეკონომიკური, ფრანგული ოჯახების მსყიდველუნარიანობა, ინფლაცია, ენერგო პროდუქტებზე ფასების ზრდა და რასაკვირველია - უკრაინაში მიმდინარე ომი - ეს არის იმ საკითხების ნაწილი, რაზეც კანდიდატები ფოკუსირებულნი არიან.
ცალკე იმსახურებს ყურადღების გამახვილებას საემიგრაციო თემატიკა, რადგან ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურები ულტრამემარჯვენე კანდიდატები არიან.
მემარცხენე პოლიტიკოსები ფოკუსირებას ჯანდაცვის პოლიტიკასთან ერთად, "მწვანე" საკითხებზე აკეთებენ - იანიკ ჟადო ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. მაგალითისთვის, იგი აქტიურად იბრძვის ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური საკითხები ყველას აერთიანებს და ამ თვალსაზრისით, რომელიმე ჯგუფის გამოყოფა სწორი არ იქნება.
მიმომხილველების აზრით, წინასაარჩევნო კამპანიაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა, რადგანაც დღის წესრიგში საერთაშორისო პოლიტიკა და უსაფრთხოება მოექცა, ხოლო სხვა საკითხები უკანა პლანზე გადავიდა.
დაბალი აქტივობა - რამდენად რეალურია?
მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე შესაძლოა დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილების ნაკლებობით, პოლარიზაციითა და დემოკრატიის მიმართ "ეჭვით" შეიძლება იყო განპირობებული.
კვლევების თანახმად, 2017 წელს, ამომრჩეველთა 78% მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რაც 2007 წლის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ახლა შესაძლოა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიკავოს თავი. ახალგაზრდები და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები, ნაკლებად არიან დარწმუნებულები, რომ არჩევნებზე მივლენ, ვიდრე პენსიონერები და მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები.
სხვა არჩევნებთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოველთვის ყველაზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.
ამ კუთხით, ფრანგების ყველაზე დაბალი აქტივობა 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა, როდესაც მონაწილეთა მაჩვენებელმა 72%-ზე ნაკლები შეადგინა.
როგორია წინასწარი მოლოდინები?
გამოკითხვების თანახმად, პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონია, რომლის მაჩვენებელიც 26%-დან 30%-მდე მერყეობს.
მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ლიდერს - მარინ ლე პენს მოიაზრებენ, რომელსაც მაკრონთან, დაახლოებით 4-5 პროცენტიანი ჩამორჩენა აქვს.
სამეულშია გამოცდილი მემარცხენე პოლიტიკოსი - ჟან-ლუკ მელანშონი, რომელიც არსებული მონაცემებით, ერთადერთია, ვისაც მცირე შანსი აქვს, რომ მეორე ტურში მარინ ლე პენის ნაცვლად გადავიდეს.
სავარაუდოდ, სრული ფიასკოთი დაასრულებს არჩევნებს პარიზის მოქმედი მერი ან იდალგო, რომელიც სოციალისტური პარტიის კანდიდატია. მისი რეიტინგი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მცირდება და დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენს.
უკეთესის მოლოდინია კიდევ ერთი ტრადიციული გაერთიანების - რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მხრიდან. ვალერი პეკრესი სავარაუდოდ, არჩევნებს პირველ ხუთეულში დაასრულებს.
და ბოლოს, საინტერესო იქნება შედეგი, რომელსაც ერიკ ზემური დააფიქსირებს. ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა, რომელიც საკუთარ თავს "პოლიტიკოსად" არ მიიჩნევს, კამპანია მქუხარედ დაიწყო და მოლოდინისამებრ, არაერთი პროვოკაციული განცხადებაც გააკეთა.
იყო მოლოდინი, რომ იგი აქტიურ კონკურენციაში შევიდოდა მარინ ლე პენთან, თუმცა სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, მისი რეიტინგი 10%-ს არ აღემატება.
დარჩენილი კანდიდატებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას იანიკ ჟადო იმსახურებს. იგი სტაჟიანი ევროპარლამენტარია, აქტიურად ახმოვანებს ეკოლოგიურ საკითხებს, იბრძვის ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ და ყველაზე მკაფიოდ უჭერს მხარს მარიხუანის ლეგალიზებას. Le Parisien-ის მიერ დაკვეთილი კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, მას არჩევნებში 5%-იანი მხარდაჭერა შეხვდება.
უდიდესი ალბათობით, მეორე ტურში ნაცნობი სურათი - ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის ბრძოლა გვექნება.
მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა საკუთარი კამპანია ყველაზე გვიან დაიწყო და გასულ არჩევნებთან შედარებით, მთავარ მეტოქესთან უპირატესობაც ნაკლები აქვს, მოსალოდნელია, რომ ხალხის რჩეული კვლავაც ის გახდება.
მასალა მომზადებულია France 24-ის, Le Parisien-ის და Le Monde-ის სტატიებზე დაყრდნობით.