-

 

It's not enough to be up to date,

you have to be up to tomorrow.

David Ben-Gurion

 

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ თითქმის ორთვენახევარი გავიდა, რასაც ჯერ კიდევ ომის დაწყებისას ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე არც თუ ისე მაღალი წარმოდგენა არსებობდა. ამ არგუმენტს თავისი გამართლებაც გააჩნდა, რადგანაც უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი ძალიან დიდი ხანია არ უწარმოებია თუ არ ჩავთვლით 2014 წლის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ადგილობრივი მარიონეტების ხელით, რომელიც გაცილებით მცირემასშტაბიანი გახლდათ. თებერვალში დაწყებული ომის პირველადი შოკი ქვეყანამ რამდენიმე დღეში გადაიარა და მტკიცე წინააღმდეგობის ბრძოლაში ჩაერთო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრას თვეების განმავლობაში მოელოდნენ. ჯერ კიდევ დეკემბერში, დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიჭრებოდა. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში უკრაინას ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკმარისი შეიარაღება რუსეთისაგან თავის დასაცავად, ნატოს და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით უკრაინელების შეიარაღების ზრდა მალევე დაიწყო.

საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი იარაღით კიევის მომარაგება ყოფილმა პოსტ-საბჭოთა, ვარშავის პაქტის ქვეყნებმა  იტვირთეს, რადგანაც უმოკლეს დროში არსებითად განსხვავებული დასავლური ტიპის შეიარაღების ათვისება უკრაინელებს გაუჭირდებოდათ, ამიტომაც პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საბჭოთა შეიარაღების გადაცემა ყველასთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

უკრაინელებმა მიიღეს მათთვის ნაცნობი იარაღი, ნატოს წევრი ქვეყნები კი, მათ ნაცვლად ამერიკულ იარაღს ელოდებიან. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო მხოლოდ საბჭოთა იარაღზე არ შეჩერებულან, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ საბჭოთა დროს შექმნილი იარაღი მიიღო, რუსეთმა მიუღწეველი ამოცანებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასისა და დონეცკის ადმინისტრაციული საზღვრების აღება გადაწყვიტა. დღემდე, უკრაინა იღებს ამერიკულ, ბრიტანულ და გერმანულ იარაღს, რაც გაცილებით აღემატება რუსეთის არმიის არსენალში არსებულ შეიარაღებას. რუსეთის უკრაინაში წარმოებული უსამართლო ომის შედეგი შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესებმა დიდწილად გადაწყვიტეს.

ამას ემატება ე.წ “Lend Lease” - ის კანონპროექტი, რომლის შედეგადაც პრეზიდენტ ბაიდენს ბიუროკრატიული პროცედურების დაჩქარებული წესით გადალახვა შეუძლია, რათა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და უკრაინას იარაღი მიაწოდოს. სიმბოლურია, რომ Lend Lease - ის პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის სამხედრო წარმატების საწინდარი გახდა ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლაში, ახლა კი, საბჭოთა მემკვიდრეობას გაუმკლავდება ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში.

ნატოს არაწევრი სახელმწიფოსთვის აშშ-ს და მის მოკავშირეებს ამ რაოდენობისა და ღირებულების, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი იარაღი არასდროს მიუწოდებია. აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიო წესრიგში უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც როგორც ზემოთაც ითქვა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, ოღონდ მაშინ არც ნატო არსებობდა და არც რაიმე სახის სამხედრო გაერთიანების ინსტიტუციონალიზებული ჩარჩო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ არაერთხელ გაისმა შფოთვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდებოდა და ეცდებოდა სამხედრო მოქმედებების მოლდოვასა და საქართველოში გადატანას. აღნიშნული მოსაზრება კიდევ უფრო რელევანტური გახდა მას შემდეგ, რაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსეთის ამოცანები უკრაინაში ვერ შესრულდება. მაშინ რა უნდა „გაყიდოს“ კრემლმა რუსული საზოგადოების იმ დიდ ნაწილში, რომელიც ომითა და მეზობლების გადაყლაპვით სიამოვნებას იღებს? ცხადია, ვერავინ იტყვის თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის მიზანი და “must do” უკრაინაში პირწმინდად დამარცხების შემდეგ, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას თუ რა უნდა გაკეთებულიყო უკრაინასთან ერთად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 31 წლის განმავლობაში, შესაძლებლობების ფანჯარა არასდროს გახსნილა იმ ზომაზე, რომ მასში იმდენი დასავლური შეიარაღება გამოტეულიყო, რაც საქართველოს კავკასიის ისრაელად აქცევდა. ცხადია, გადაჭარბებულია ისრაელზე შედარება, როდესაც საქმე გვაქვს ხელისუფლებაში მყოფ ჩემბერლენის მსგავს წინდაუხედავ პოლიტიკოსებთან, მაგრამ დავა არ ღირს იმ საკითხზე, რომ მხოლოდ ორი გზა არსებობს: ერთია ისრაელი, მეორე კი, მოლდოვა, რომელმაც ნეიტრალიტეტი კონსტიტუციაში ჩაწერა, 7 ათასამდე ჯარისკაცი შემორჩა, ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს და მაინც რუსეთისაგან მოელის საფრთხეს.

სამხედრო ექსპერტიზა ნამდვილად არაა საჭირო, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდის საჭიროება დავინახოთ, რადგანაც ტერიტორიით, მოსახლეობითა და თავდაცვის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ არათუ რუსეთის, არამედ მასზე ბევრად პატარა სამხედრო მანქანის გამკლავებაც კი გაჭირდებოდა ქვეყანაში, სადაც „ჯარი არ გვყავს და არც არასდროს გვეყოლება“.

კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული Lend Lease - ის აქტის საფუძველზე იარაღის მიწოდება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვისაა შესაძლებელი. შეხსენებისათვის, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს ნაწილში მდებარეობს.

მიუხედავად ამ ერთი მხრივ, საქართველოსთვის მომგებიანი შესაძლებლობისა, მმართველი პარტიიდან არავის დასცდენია, რომ სწორედ ახლაა დრო, როდესაც შეიძლება წარმოუდგენლად დიდი ოდენობის თანამედროვე დასავლური შეიარაღების მიღება. მართალია, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს შეხსენება არ სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“, თან როდესაც მამაცი უკრაინელების სიცოცხლის ფასად გაჩნდა შესაძლებლობა ქვეყანამ ნანატრი საზენიტო კომპლექსები, არტილერია, სამხედრო მანქანები და სხვა საჭირო აღჭურვილობა მიიღოს.

სამწუხაროდ, დღეს, როგორც არასდროს მმართველი პარტიისა და რუსული პროპაგანდისტული იდეების შედეგად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზეიმობს, რომ ქვეყანა ომში არაა, მაშინ, როდესაც თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე რუსეთის არმიის შენაერთები დგანან, მართალია ახლა უკვე მცირე ოდენობით, მაგრამ ეს არ ცვლის ქვეყნის ოკუპაციის სტატუსს.

დასასრულისთვის:

საქართველოს ხელისუფლება ნებითა თუ მითითებით, ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, რომელიც როგორც მოგახსენეთ არასდროს გვქონია. შესაძლებლობას, რომელზეც მხოლოდ თუ ვიოცნებებდით.

ხშირია ფინეთისა და ფინეთიზაციის გახსენების შემთხვევები, როდესაც საქართველოს ნეიტრალურობის გასამართლებლად ამ ქვეყანას გაიხსენებენ ხოლმე, მაგრამ რატომღაც გამიზნულად ივიწყებენ ფინეთის ტოტალურ შეიარაღებას, ჯარისა და მოქალაქეების საომარ მომზადებას და გამუდმებით საკუთარი თუ სხვისი წარმოების იარაღის შეძენას. ფინეთი არასდროს ყოფილა ნეიტრალური შეიარაღებისა და თავდაცვისუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით, პირიქით ჰელსინკიში ძალიან კარგად ესმოდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იარაღია ძალა დანარჩენი კი უძლურება.

ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ზემოთ ნახსენები ისრაელი არაბულ კოალიციას და მასზე მრავალჯერ დიდ არმიებს შიშით არ გამკლავებია. საქართველო უნდა იყოს დავითი გოლიათის წინააღმდეგ, მეტი იარაღით, მეტი თავდაცვით და თავისუფალი სახელმწიფოთი, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

სტატიის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გაგა თუთარაშვილი.

მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.

მსგავსი სიახლეები