8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და მის შინაარსზე შეთანხმდნენ. ორივე სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ეუთოს "მინსკის ჯგუფის" დაშლას, სომხეთმა აიღო კონსტიტუციის შეცვლის ვალდებულება და აშშ-ის ჩართულობით, შემუშავდა ე.წ. "ზანგეზურის დერეფნის" გახსნის მოდელი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე "რეგიონული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელს, რიჩარდ გირაგოსიანს ვესაუბრეთ.
საუბარს დავიწყებ ვაშინგტონის შეხვედრით, რა არის ამ შეხვედრის მნიშვნელობა. ეს არ არის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია მშვიდობისკენ და როგორია რეაქციები სომხეთის შიგნით?
მე ვფიქრობ, ვაშინგტონში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ბოლო შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექქტი ის არის, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია ზოგადი დიპლომატიური “მომენტუმის”. ეს მოჰყვა კიდევ უფრო ისტორიულ შეხვედრას აბუ-დაბიში, რომელიც გასულ თვეს გაიმართა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ორმხრივი ჩართულობის მაგალითის წარმოადგენს.
ამასთანავე, შეხვედრის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში უმასპინძლა ორ ლიდერს.
სომხეთში რეაქცია, ძირითადად, მოსალოდნელზე ნაკლებია. ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ხელისუფლებას ქვეყნის გაყიდვაში, მაგრამ ალტერნატიული სტრატეგიის სახით, ვერაფერს სთავაზობს - უცნობია, რას გააკეთებდნენ განსხვაებულად. ამიტომ, მე ვფიქრობ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ასევე ვფიქრობ, უახლოესი თვეები გამოცდა იქნება ამ შეთანხმების შესრულებისთვის. გასარკვევია, რა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების როლი და რუსეთის რეაქცია, რომელიც ჯერჯერობით უცნაურად პასიურია.
ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა, აბუ-დაბი, 10 ივლისი
რაც შეეხება შეთანხმების პირობებს, არსებობს რამდენიმე წინაღობა, ერთ-ერთია სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა, რასაც რეფერენდუმი სჭირდება, რამდენად რეალისტურია ყველა ამ პირობის შესრულება?
ზუსტი რომ ვიყო, არსებობს ორი შეთანხმება. პირველი იყო ორმხრივი სამშვიდობი შეთანხმება, რომელსაც ხელი არ მოეწერა, მაგრამ ტექსტის პარაფირება მოხდა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ამ შეთანხმებას აქვს ორი პირობა, რომელსაც სომხეთის მთავრობა დაეთანხმა და ნაკლები წინაღობაა.
პირველი პირობა იყო ეუთოს “მინსკის ჯგუფის” გაუქმება, მთიანი ყარაბაღის დიპლომატიური შუამავლის, რაც ორივე მხარემ გაიაზიარა, რადგანაც “მინსკის ჯგუფი” აღარ არის რელევანტური.
მეორე პირობა არის აზერბაიჯანის მოთხოვნა, რაც დიდი ხანია ძალაშია, რომ სომხეთის მთავრობამ შეცვალოს კონსტიტუცია (აზერბაიჯანი წლებია აცხადებს, რომ სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არსებობს - რედ.). ამას არამხოლოდ დაეთანხმა სომხეთის მთავრობა, არამედ პროცესი უკვე დაწყებულია, დიდი შანსია, რომ ეროვნული რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე მომავალ არჩევნებთან ერთად ჩატარდება, 2026 წლის ივნისში.
საინტერესოა, რომ სხვა მოთხოვნები არ ყოფილა. ბაქო აღარ ითხოვს დაბრუნების უფლებას იმ აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც სომხეთში ცხოვრობდნენ, აღარ აქვს ტერიტორიული ამბიციები და ა.შ. ამ მოთხოვნებზე უარი თქვეს, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
მეორე შეთანხმება ძალიან განსხვავებულია და ის უმაღლეს დონეზეა შეთანხმებული, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის. ეს სარკინიზგო და მაგისტრალურ კავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ სომხეთის გავლეთ (ე.წ. ზანგეზურის დერეფანი - რედ.). ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან აზერბაიჯანი დათანხმდა, რომ ნებისმიერი დამაკავშირებელი ხაზი (გზა და რკინიგზა) იქნება მიჩნეული სომხეთის ტერიტორიად და ის აღარ ეწინააღმდეგება ამ გზების სომხეთის მიერ გაკონტროლებას.
კიდევ ერთი დათმობა არის ამ სატრანსპორტო კვანძების სომხეთის მიერ გამოყენების უფლება, თანაბრად. ასე რომ საქართველოს მსგავსად, სომხეთსაც აქვს პოტენციალი გახდეს სატრანზიტო ქვეყანა. რათქმაუნდა, ამ პირობების შესრულება შეთანხმების უფრო რთული ნაწილია და ჯერ არ ვიცი რა იქნება აშშ-ს როლი ან რუსეთის გათვლები. ეს უკანასკნელი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანააა, რაც გამოწვევაა სომხეთისთვის და ამავდროულად, რუსეთი ისევ აკონტროლებს სომხეთის რკინიგზას. ეს ორივე უპასუხო კითხვებია ვაშინგტონიდან.
რუსეთი იყო “მედიატორი”, რომელიც ცდილობდა გაეხანგრძლივებინა ეს კონფლიქტი და ახლა ის საერთოდ არ მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ რუსეთს უზარმაზარი გავლენა აქვს სომხეთის ეკონომიკაზე, აქვს სამხედრო ბაზა. როგორ შეიძლება რუსეთმა ეს ბერკეტები გამოიყენოს ფაშინიანის და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ?
მე თქვენს შეფასება არ დავეთანხმები, არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ეცდება ამ შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრას, უფრო მოსალოდნელია, რომ როდესაც რუსეთი აღარ იქნება დაკავებული უკრაინაში წარუმატებელი ინტერვენციით, და შეეცდება დაკარგული ძალისა და გავლენის აღდგენას რეგიონში, ის ეცდება გამოიყენოს უფრო ეფექტური ბერკეტები - ე.წ “ზანგეზურის კორიდორში” როლის შეძენით.
რუსეთმა შესაძლოა სცადოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გამოყენება ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ამავდროულად, რუსეთიც და აშშ-ც ამ პროექტს უყურებენ, როგორც რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ნაწილს. მაგრამ რუსეთი აშკრად გადატვირთულია უკრაინაში მისი დანაკარგებით და მე ვფიქრობ, რუსეთის მიერ გავლენის აღდგენა ძალიან რთული იქნება.
განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სომხეთი აცნობიერებს რამდენად საშიში დაა არასანდო “პარტნიორია” რუსეთი.
ცოტა ხნის წინ, სომხეთში IRI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ვკითხულობდი. ფაშინიანი პოპულარული არ არის, მაგრამ არ არსებობს რეალური ალტერნატივა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ძალაუფლებას ინარჩუნებს. შესაძლებელია ახალი ალტერნატივის გაჩენა უახლოეს მომვალში, არჩევნებამდე?
ჩვენ გვაქვს ორი დაკვირვება. პირველი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ალტერნატივის ნაკლებობა და დისკრედიტირებული და საშინლად არაპოპულარული ოპოზიცია. ამასთანავე, ეს არის ხელისუფლება, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს 2020 წლის ომში მარცხიდან მოკლე დროში და ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება ისევ გაიმარჯვებს მომავალი წლის ივნისში. მაგრამ არა იმიტომ რომ საზოგადოება მხარს უჭერს მთავრობას, არამედ უფრო მეტად ოპოზიციის შიშის და ზიზღის გამო. ამავდროულად, ძლიერი ოპოზიციის და ალტერნატივის არარსებობა ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ ასეთია რეალობა.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პოტენციური რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატი განწირულია მარცხისთვის, ეს იქნება სომეხი-რუსი სამველ კარაპეტიანი (მილიარდერი, რომელიც 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს - რედ.) თუ სხვა.
მე ვფიქრობ რუსეთის რეპუტაცია იმდენად შეილახა და დისკრედიტირდა სომხეთის მიმართ არსებული უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომ არანაირი იმედი და შანსი არ არსებობს პრო-რუსი კანდიდატისთვის.
ასე რომ, მოგვწონს თუ არა, სომხეთის მთავრობის პოლიტიკა გაგრძელდება. სამშვიდობო და სატრანსპორტო შეთანხმებას მთავრობა საარჩევნო კამპანიაში გამოიყენებს, ასევე თავს დაესხმება ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ალტერნატიული ხედვების არმქონეებს.
სამველ კარაპეტიანი, სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი
რას იტყვით თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შანსზე. საერთაშორისო მედიაში ვკითხულობთ, რომ თურქეთი იყო უფრო ზომიერი და კონსტრუქციული მოთამაშე ამ მოლაპარაკებებში. რა შესაძლებლობებს გახსნის ეს პროცესი სომხეთისთვის?
ორი მნიშვნელოვანი ასპექტი სომხეთისა და თურქეთის ნორმალიზების პროცესში. პირველი არის ის, რაც წინა წლის ივნისში ვნახეთ, პირველი ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორმალიზებისკენ.
მეორე დაკვირვება ის არის, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმების შემდეგ, თურქეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი დატოვოს. ამ შეთანხმებით თურქეთს აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია ურთიერთობის ლეგიტიმაციისთვის და ამავდროულად, თურქეთს სჭირდება სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება - ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად და ქურთებთან სამშვიდობო ინიციატივის გასაძლიერებლად. სომხეთთან საზღვრის გახსნა, ქურთებით დასახლებული აღმოსავლეთ თურქეთის სტაბილიზების საშუალებას იძლევა.
მაგრამ ასევე თურქეთს სურს რეგიონში დაკარგული როლის აღდგენა. ის აზერბაიჯანის ტყვე გახდა წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, თურქეთში მზარდი იმედგაცრუება და უთახმეობაა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ღაზა, ჰამასი, ირანი. ასე რომ, ველი თურქეთის და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, როცა შეთანხმების შესრულება დაიწყება.
და საქართველომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან საქართველო გაირიყება და დაკარგავს მონოპოლიას ვაჭრობაზე.
ჩემი შემდეგი შეკითხვა საქართველოზეა, რადგან ბევრი ქართველი დამწუხერებული იყო, რომ ვაშინგტონის შეხვედრაზე საქართველო არც კი უხსენებია არცერთ ლიდერს. სატრანზიტო როლის დაკარგვაც ბევრს აშინებს და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ აზერბაიჯანის და თურქეთის კავშირი, ამასთანავე საქართველოზე გადის სომხეთისკენ მიმავალი რუსული გაზი და პრეზიდენტმა ალიევმა და მოგვიანებით სომხეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადეს, რომ სომხეთმა შეიძლება აზერბიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყოს. მესმის, რომ ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება, მაგრამ ბევრს აქვს შიში, რომ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვკარგავთ.
გეთანხმებით, საქართველო უკვე კარგავდა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას დასავლეთისთვის ზურგის შექცევით და საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ, რომელიც რუსეთის მაამებლურია, დაასუსტა საქართველოს პოზიცია და შეამცირა მისი რეგიონალური როლი, მაგრამ უფრო საშიშია ქვეყნის შიგნით. არ ვფიქრობ, რომ ზედმეტად გვიანია რაღაც დონეზე ნორმალურობასთან დაბრუნება, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანები საფრთხის ქვეშ არიან საქართველოში.
გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ისევ აქვს პოზიცია, რომ ომის შემდგომ სტაბილურობაში როლი ითამაშოს.
საქართველოში ბევრ ადამიანს მოსწონს ფაშინიანი და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება, მაგრამ მათ არ ესმით, როგორ შეიძლება საქართველოს პრო-რუსულ ხელისუფლებას ჰქონდეს ასეთი კარგი ურთიერთობა მასთან. ასევე მინდა გავისხენო ბოლო პერიოდის სკანდალები თხევად გაზთან და საბაჟო პრობლემებთან დაკავშირებით.
კარგი კითხვაა: ერთის მხრივ, სომხეთის ხელისუფლება ძალიან ფრთხილი იყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ, მაგრამ ამავდროულად სომხეთისთვის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რათა აღედგინათ დაკარგული რეგიონული იდენტობა. ეს დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ქვეყნები მეზობლებს არ ირჩევენ და მათთან უნდა იმუშავონ.
მეორე დაკვირვება ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ გაართულა ურთიერთობები რუსეთთან დათმობებით, ვგულისხმობ სომხეთზე ზეწოლას, რუსეთის საამებლად. სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩარევას რუსეთის მიმართულებით სომხეთის ექსპორტზე, ასევე რუსეთიდან იმპორტზეც, ორივე შემთხვევაში, ლარსის საბაჟოს გამოყენებით.
საქართველომ ითამაშა როლი რუსეთის მიერ წარმოებულ ზეწოლაში სომხეთის ხელისუფლებაზე. ეს საშიშია საქართველოსთვისაც და სომხეთისთვისაც. მე ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მძევალი ხდება ბევრი მიმართულებით.
რას იტყვით სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე და მეორე მხრივ სომხეთის სურვლზე გახდეს “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრი? საქართველოში ხელისუფლების პროპაგანდა ამ საკითხს იყენებს იმის სათქმელად, რომ ქვეყანას შეიძლება სურდეს ევროკავშირის წევრობაც, მაგრამ ასევე რუსეთთან და ჩინეთთან. რა სტრატეგიული გათვლა არსებობს სომხეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების უკან?
მე ამ პოლიტიკას დავიცავდი. ეს არის დივერსიფიკაციის სტრატეგია. სომხეთი არ გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებას, არც ნატოში, ეს არ არის ჩვენს პრობლემებზე პასუხი, ამავდროულად, სომხეთს სურს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, ცდილობს იპოვოს ნატოსთან დაახლოების შანსი, მაგრამ ამავდროულად, ცდილობს შეუერთდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, BRICS-ს და იყოს ევრაზიის კავშირში, სომხეთი არ არის შავ-თეთრ ვითარებაში.
ჩვენ გვჭირდება დივერსიფიკაცია, იმდენი სტრატეგიული, უსაფრთხოების პარტნიორის პოვნა, რამდენიც შესაძლებელია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რუსეთის დაბალანსება და არა ჩანაცვლება. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, არამხოლოდ ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ფრანგული ან ამერიკული ჯარების შემოყვანას, ჩვენ სტრატეგიულად თვითკმარ პოზიციებს ვიქმნით. მე მხარს ვუჭერ ამას, გულწრელი რომ ვიყო, რადგან სომხეთი ძალიან შეზღუდული იყო დიდი ხნის განმავლობაში მისი პრო-რუსული ვექტორის გამო, რამაც გამოიწვია სისუტე და დამარცხება. ამიტომ არ ვიზიარებ კრიტიკას. ამან შეიძლება ყოველთვის არ იმუშავოს, მაგრამ სომხეთი ცდილობს იპოვოს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის გზები.
ბოლო შეკითხვა მინდა ირანის შესახებ დაგისვათ. პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებაზე ძალიან კონსტრუქციული განცხადება გააკეთა, მაგრამ აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლებს უფრო რადიკალური პოზიცია ჰქონდათ.
რა არის ირანის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, თქვენ უკვე ახსენეთ, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს განსხვავებული პოზიციები იქვთ ირანისა და ისრაელის საკითხზე. რა იქნება ირანის როლი ახალ სამხრეთ კავკასიაში და ზანგეზურის დერეფნის ოპერირებაში?
ამაზე პასუხი ისიც არის, რამდენი ვისაუბრეთ ირანზე აქამდე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვისაუბრია. ჩემი აზრით, ირანი არ არის რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშე, ირანმა დიდი ხანია უარი თქვა მის როლზე, რაც მას ისტორიულად ჰქონდა, როგორც რეგიონულმა მოთამაშემ თურქეთისა და რუსეთის დონეზე. რასაც ჩვენ ვხედავთ თეირანში, ეს არის შიდა აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და აიათოლას შორის.
ირანის ხელისუფლება კმაყოფილია ამ შეთანხმებით, ისინი ხედავენ, რომ ირანის ერთადერთი წითელი ხაზი, ერთადერთი მოთხოვნა - არანაირი ცვლილება არ მოხდეს სომხეთის საზღვარზე - შესრულდა. მათ ეროვნულ ინტერესებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.
ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ამ პროექტში (ე.წ “ზანგეზურის დერეფანი” - რედ.) ირანი რაიმე როლს ითამაშებს, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არ ეცდება საბოტაჟირებას.
თუმცა, დაძაბულობა ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამის მიზეზი არის აზერბაიჯანის ურთიერთობა ისრაელთან და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ეს ზრდის ესკალაციას ამ ქვეყნებს შორის. ამიტომ ირანი დაკავებული იქნება მისი რთული ურთიერთობებით აზერბაიჯანთან.
სომხეთი კი ბუნებრივი პარტნიორია, რადგან სომხეთი არის ერთადერთი სტაბილური და მეგობრული სახელმწიფო, რომელიც ირანს ესაზღვრება.