"ბეღურა ფრინველია, რუსეთი ჩვენი მამულია, სიკვდილი გარდაუვალია",- სავარჯიშო რუსული გრამატიკის სახელმძღვანელოდან, რომელიც სასწავლო პროგრამაშია 1884 წლიდან.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ემიგრირდნენ. ქვეყნიდან წასული და არდაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობას რუსეთის სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავენ. ვითარების ანალიზს ართულებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში შემოსული და დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების ზუსტ რიცხვს არ ასაჯაროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2022 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 112 733 მოქალაქე დარჩა.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. მოსახლეობის ნაწილი რუს მიგრანტთა დიდ რაოდენობას პოზიტიურ ჭრილში ხედავს და აღნიშნულ ფაქტს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობად აღიქვამს, თუმცა, მეორე ნაწილი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავს.
კვლევის მიზანი საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეების პოლიტიკური განწყობილებებისა და სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის რუსეთში არსებულ რეჟიმთან, ვლადიმირ პუტინის ქმედებებთან, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების ხელისშემწყობ ფაქტორებთან და ა.შ. დაკავშირებით დამოკიდებულებების იდენტიფიცირებაა.
საქართველოსა და სომხეთში ემიგრირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სოციალური პორტრეტით დაინტერესდა სოციოლოგიური ჯგუფი „after 24“, რომელმაც 2022 წლის მარტიდან მაისამდე 1000-მდე ადამიანი გამოკითხა. ემიგრაციის მიზეზზე მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით (რუსეთის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის მიუღებლობა - 53%). კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ემიგრაციის პირველი ტალღა პოლიტიკური შინაარსის იყო და ძირითადად რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი ადამიანებისგან შედგებოდა.
განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა რუსეთის ფედერაციის 100-მა მოქალაქემ მიიღო.
ამგვარი აცდენა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული - მათ შორის კვლევის განსხვავებული მეთოდოლოგიით. ასევე იმ ფაქტორით, რომ after24-ის მიერ ჩატარებული კვლევა მხოლოდ პირველი ტალღის მიგრანტებს მოიცავდა, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ორივე ტალღის წარმომადგენლებმა მიიღეს
after 24-ის კვლევის შედეგებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება გამოკითხულთა 86%-მა სპონტანურად მიიღო, ამას გარდა, აღნიშნავენ, რომ სამშობლოში ყოფნის ბოლო კვირები მათთვის ძალიან სტრესული იყო და შფოთვით ხასიათდებოდა. კრიტიკული უმრავლესობისთვის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შფოთვა სიმშვიდის განცდამ შეცვალა.
after 24-ის კვლევის ავტორებს რუს მიგრანტთა სოციალურ უნარ-ჩვევებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის სურვილზე ვესაუბრეთ და მათი განცხადებით, კოლონიური მეტროპოლიის წარმომადგენლები ყოფილი კოლონიების სოციალურ სტრუქტურებში ნაკლებად ინტეგრირდებიან და უფრო მეტად საკუთარი სოციალური უჯრედის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანთა უმრავლესობა იგივეს ადასტურებს.
after 24-ის კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კატერინა ჩიგალეიჩიკის თქმით, საქართველო მკვეთრად განსხვავდება სომხეთისგან, რადგან ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვარვს რუსი მიგრანტების ქცევას საქართველოში - "ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მათი მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ქართველებისთვის გამაღიზიანებელი იქნება, ისინი ამბობენ, მათთვის ჩვენ ყველანი ოკუპანტები ვართ, ჯობია ჩვენთვის ვისხდეთ და ზედმეტად არ ვიაქტიუროთ."
რუსი სოციოლოგის ამგვარი შეფასება დასტურდება ჩვენი გამოკითხვითაც
გამოკითხვის შედეგად საქართველოში ემიგრირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პოლიტიკური პასიურობა და მოსკოვის ქმედებების არცოდნაც გამოიკვეთა. რესპოდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ რუსეთში დემოკრატიული რეჟიმია, გარდა ამისა, პასუხის გაცემა უჭირს, ან ამართლებს მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში და არ ფლობს ინფორმაციას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მიგრანტებს შორის ერთ-ერთი 25 წლის სტას გუჟვაა, რომელიც საქართველოში თითქმის ერთი წელია ცხოვრობს. მისი აზრით, რუს ემიგრანტებში საქართველოში გადმოცხოვრების ფაქტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტის აღქმა მნიშვნელოვნად შეცვალა. 2008 წლის ომზე საუბრისას სტას გუჟვა ამბობს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს დედასთან ერთად მატარებლით მგზავრობდა და იცოდა, რომ სადღაც რაღაც ომი მიმდინარეობდა - „მაშინ პატარა ვიყავი და ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ აქ ცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, რომ არსებობს მცოცავი ოკუპაცია, იტაცებენ ადამიანებს, კლავენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარიგეს რუსული პასპორტები, ეს საშინელებაა.“
აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე საუბრისას რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი მიგრანტი მოქალაქე, პოლინა ფროლოვა აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის დროს ისიც პატარა იყო და წლების განმავლობაში ომთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს იღებდა. დღეს ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია.
"როცა ჩამოვედით რუსეთის საწინააღმდეგო ბევრი გრაფიტი დაგვხვდა და ცოტა გვეშინოდა გარეთ გასვლის. ვფიქრობდით, რომ ძალიან ცუდი დამოკიდებულებას წავაწყდებოდით, მაგრამ ადგილობრივებთან ურთიერთობისას აგრესია არცერთხელ არ გვიგრძვნია და არც კონფლიქტური სიტუაცია გვქონია", - ამბობს 27 წლის პოლინა ფროლოვა, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად 2022 წლის შემოდგომაზე გადმოვიდა.
„რუსეთში ბევრი ადამიანია, რომლებსაც რაიმეს გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა არ უნდათ, რადგან “ტახტზე” მყოფი ხელისუფლების ეშინიათ. ეშინიათ სისხლის სამართლებრივი დევნის, დაპატიმრების. ალექსეი ნავალნის დაჭერის შემდეგ არ დარჩა ლიდერი, რომელიც რაიმე სახის პროტესტს დააორგანიზებდა. ახალგაზრდა თაობა არ უჭერს მხარს ახლანდელ ხელისუფლებას. უფროსი თაობა ისევ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. ეს ძირითადად პატარა ქალაქების მოსახლეობაა, სადაც ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებენ და საიდანაც მხოლოდ პროპაგანდა ესმით. ჩემთვის ძალიან რთულია ბებია და ბუბუასთან კომუნიკაცია. მათ არ აქვთ ინტერნეტი, მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და მართლა სჯერათ იმის, რასაც უყვებიან“, - პოლინა ფროლოვა.
რუსეთის დატოვების მიზეზებზე საუბრისას პოლინა ფროლოვამ აღნიშნა, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზი შეყვარებულის ომში გაწვევისა და სამართლებრივი დევნის საშიშროება გახდა - „არ დავუთმობ ომს მის თავს, ის არ წავა ამ ომში. რომ არ წამოვსულიყავით, ჩემს შეყვარებულს ციხე არ აცდებოდა, პატიმრობა გვემუქრებოდა ყველას, ვინც რომელიმე აქციაზე გავიდოდით. დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ და დამაპატიმრონ, რადგან საკმაოდ აქტიური სამოქალაქო პოზიცია მაქვს, დავდიოდი მიტინგებზე და ხელისუფლების მიმართ მწვავე დამოკიდებულებით გამოვირჩევი. ქვეყნის დატოვება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბევრ ახლობელს ვტოვებდით. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქ ბევრი ნაცნობი გვეგულებოდა.“
„7-9 მარტს ჩვენ ვნახეთ ქართველების პროტესტი [უცხოეთის აგენტების კანონპროექტის შესახებ], რაც ჯანსაღი ხალხის ჯანსაღი პროტესტის მაგალითი იყო. რუსეთში ყველას სჭირდება ფსიქოთერაპია. იქ არ არის განცდა, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი იყოს ეს ხმა. თითქოს ყველა თავისი ცხოვრებითაა დაკავებული და დანარჩენი სულერთია. ვისთვისაც ყველაფერი სულერთი არ იყო, ისინი ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ. რასაც ვუყურებთ, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ არის, ის გამქრალია“, - სტას გუჟვა.
after 24-ის კვლევის მიხედვით, სამშობლოში დაბრუნების გეგმებზე საუბრისას პირველი ტალღის წარმომადგენელები ფიქრობენ, რომ მათი ემიგრაცია გრძელვადიანი და სამშობლოში განხილვად მომავალში ვეღარ დაბრუნდებიან. "გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის დაბრუნებაზე ფიქრი მხოლოდ პუტინის სიკვდილის შემდეგ დაიწყოს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ სცენარშიც თავშეკავებულია"- აღნიშნავს კატერინა ჩიგალეიჩიკი.
"ჩემ წარმოსახვაში რუსეთი ოკეანეა უკვე, ჩემთვის ის არ არსებობს, მე იქ არ დავბრუნდები“ - სტას გუჟვა.
კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტიკური საკიხების მიმართ ინერტულია და საკუთარი კომფორტის ზონის დატოვებაზე უარს ამბობს, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს რუსულ საზოგადოებაზე აქამდე არსებულ გავრცელებულ აზრს, რომლის თანახმადაც, რუსების უმეტესობა საკუთარ მთავრობას ისე უყურებენ როგორც ცუდ ამინდს, რომელიც მათ კონტროლს მიღმაა - "უცნაური იქნება თუ წვიმა წამოვა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყებთ გეგმების დაწყობას იმ მიზნით რომ ამინდი შეიცვალოს. სწორედ ასეთი მიმართება აქვთ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას საკუთარი მთავრობის მიმართ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული და თითქმის ყველაფერს გარდაუვალი ხასიათი აქვს".
Data for Crisis-ის პორტალზე 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით არსებული პერიოდის მონაცემებით, რუსი მიგრანტების მიერ ტვიტერზე, ფეისბუქსა და ტელეგრამზე ყველაზე განხილვადი საკითხი პოლიტიკაა. სავიზო პოლიტიკაზე, ასევე ომსა და ოკუპაციაზე საუბრისას პოზიტიურ სენტიმენტებს ავლენენ. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გამოყენებულ თეგებს, ორი ყველაზე ხშირად განმეორებადი თეგი „ლარსი“ და „მთავრობაა“.
თუ after 24-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტები შედარებით მაღალშემოსავლიანი და რუსეთის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არიან, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უმრავლესობა:
-
არ ფლობს ინფორმაციას 2008 წლის აგვისტოს ომზე;
-
არ ფლობს ინფორმაციას აქვს თუ არა ოკუპირებული რუსეთს საქართველოს ტერიტორია;
-
ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდება;
-
საქართველოში დარჩენას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე აპირებს
-
დადებითი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ
-
ხედავს საქართველოში რუსული საზოგადოების შექმნის საჭიროებას
-
მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ კვების ობიექტების, ბარების, კინოთეატრების, საბავშვო ბაღების, სკოლების და ა.შ. გახსნის მიზეზი საქართველოში რუსული/რუსულენოვანი საზოგადოების (Russian Community) ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
მასალაში გამოყენებულია მონაცემები Data For Crisis პლატფორმიდან
ავტორები: ლანა კოკაია, ხატია დავლიანიძე, აკა ზარქუა.
შექმნილია ForSet-თან თანამშრომლობით, პროექტის, Data for Crisis Fellowship ფარგლებში"