-

რებეკა ჰარმსი გერმანელი პოლიტიკოსია. 2004-2019 წლამდე ის გერმანიის მწვანეთა პარტიიდან ევროპარლამენტის წევრი, 2009-2016 წლებში კი ევროპარლამენტის მწვანეთა-ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო. 2017-2019 წლებში კი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. ამჟამად ის ბერლინში "თანამედროვე ლიბერალური ცენტრის" უფროსი მრჩეველია". რებეკა ჰარმსი საქართველოს ხშირად სტუმრობს და აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს.

ზოგადი ვითარებით დავიწყოთ. ჩვენ ბოლოს სექტემბერში ვისაუბრეთ. თქვენ ხშირად სტუმრობთ საქართველოს და გარდა ამისა, დიდი ხანია აკვირდებით, რა ხდება აქ. რა შთაბეჭდილება გაქვთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე?

შერეული გრძნობები მაქვს. პირველყოვლისა, მართლაც საინტერესოა, თუ როგორ ინარჩუნებენ ქართველები იმედსა და რწმენას ევროპისა და ევროკავშირის მიმართ. ჩემთვის ეს ძალიან შთამბეჭდავია.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული პერსპექტივიდან ხედავდნენ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებისა და ევროპული მომავლის შესახებ უამრავი დეზინფორმაციის მიუხედავადაც კი, ქართველების 80%-ზე მეტს ევროკავშირის წევრობა სურს. ეს ჩემი მრავალი სტუმრობის განმავლობაში სულ სასიამოვნო სიურპრიზია.

მესმის მიზეზები და ვფიქრობ, შარშან რომ აქ ვიყავი, იმის მერე კიდევ უფრო აშკარაა, რომ ამ ქვეყანას დემოკრატიული, თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი სურს. ამდენად, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.

სინამდვილეში, ალტერნატივა ხომ კვლავაც ისაა, მოსკოვიდან მართული იმპერიის ნაწილი იყო. მე მწამს, რომ ქართველებს ეს სულაც არ სურთ.

თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ქართველებში ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა ძალიან მაღალია. თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა დასავლეთის შესახებ ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილებს. ცდილობენ, ევროკავშირს გადააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება. ხალხისა და მთავრობის ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულების ფონზე, ევროკავშირისგან მორიგ გადაწყვეტილებას ველით. თქვენი აზრით, რას ექნება უფრო დიდი გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე - ხალხის ძლიერ მხარდაჭერას თუ მთავრობის, როგორც მინიმუმ, პასიურობას?

მხოლოდ ან ერთი ან მეორე ვერ იქნება. ორივე მნიშვნელოვანია - საზოგადოების მაღალი მხარდაჭერის გარეშე წევრობის პერსპექტივა ალბათ, არც გაჩნდებოდა. რომ გქონოდათ იგივე პოლიტიკური სიტუაცია ევროკავშირის მიმართ სახალხო მხარდაჭერის გარეშე, არ ვიცი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მაგრამ მიიღეს.

უნდა აღვნიშნო, რომ იმ მიზეზების გარდა, რაც მათ ჰქონდათ, ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა საქართველოსთვის ევროკავშირის კარების ჩაკეტვა. ახლა კარი უკვე ფართოდაა ღია და მათი ჩაკეტვა უფრო რთულია. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რა არის საუკეთესო გზა წინსვლისთვის.

შარშანაც ვთქვი - ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა გვარამიას დაპატიმრება ისეთი ნიშანი იყო ევროინტეგრაციის წინააღმდეგ,  ისეთი სიმბოლური მნიშვნელობის ნაბიჯი იყო ევროკავშირისთვის, რომ ამის მერე რას იტყვი, მნიშვნელობა აღარ აქვს. იმედი მაქვს, რომ სანამ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს საქმე სამართლიანად გადაწყდება და ნიკა სახლში დაბრუნდება.

ამასთან, სხვა ტვირთიც უნდა მოიხსნას - თქვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშა სააკაშვილმა, საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა უნდა შეძლოს. სანამ ეს საქმეები გადაუწყვეტელია, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რთული იქნება.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბატონი გვარამიას საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული?

ის პოლიტიკური პატიმარია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დამკვირვებელი ამ სტატუსს ანიჭებს. და თუ პოლიტიკური პატიმრის ყოლას გადაწყვეტ და ამას მაშინ აკეთებ, როცა ბრიუსელი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას იღებს, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კი იმ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების ნაწილია, რაც თბილისიდან ბერლინსა თუ ბრიუსელში დასავლეთს მისდის.

ერთი მხრივ, ამბობენ, რომ [ევროკავშირში] გვინდაო, გზავნიან დელეგაციებს, ვინც ევროპულ ინტეგრაციას ადვოკატირებენ და მეგობრულად გველაპარაკებიან. მეორე მხრივ კი მედიაში თავს ესხმიან იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელში ევროპულ ინტეგრაციაზე მუშაობს.

ამდენად, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებია - როგორიცაა ბერლინიდან თბილისში დელეგაციის მიღება, ვისაც ევროინტეგრაციაზე ელაპარაკებიან, მერე კი პრემიერ-მინისტრის ბუდაპეშტში გაგზავნა ევროპიდან და დანარჩენი მსოფლიოდან ჩასულ ანტი-ევროპელებთან სალაპარაკოდ... ასევე იმ ადამიანებთან სალაპარაკოდ, ვინც დემოკრატიას არ იცავს.

მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად ევროკავშირის დაშანტაჟებას ცდილობს - თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემთ, საქართველო ევროპას დასცილდება და ეს თქვენი ბრალი იქნებაო. თითქოს, სურთ, ევროკავშირი აიძულონ, კანდიდატის სტატუსი გასცენ ისე, რომ თავად 12-ვე რეკომენდაცია არ შეასრულონ. თანაც, ეს ხომ მხოლოდ ტექნიკური საკითხები არაა - საქმე ეხება ევროკავშირის ძირეულ ღირებულებებს...

რთულია, ბრიუსელში დაადანაშაულო ვინმე უცხოეთის აგენტების კანონის გამო. ეს ამ მთავრობამ გააკეთა თბილისში. ეს სწორედ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების ნაწილი იყო.

როგორც შევიტყვე, თბილისში გამოსული მოქალაქეების პროტესტისა და ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოქმედების შედეგად უცხოელი აგენტების კანონის ჩავარდნის შემდეგ, ახლა ახალი კანონი მზადდება შეკრების თავისუფლების შესახებ. ეს კვლავაც ამის გაგრძელებაა - „ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვინდა, მაგრამ ჩვენი მოქმედებით ვაჩვენებთ, რომ პატივს არ ვცემთ ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს“.

ამდენად, ყველა ეს საკითხი - დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია - ან როგორც მინიმუმ, პლურალიზმი, რადგანაც აქ რთულია მთლიანად დამოუკიდებელ ტელეარხებზე საუბარი, იმიტომ, რომ აქ მედია პოლიტიკურ ბანაკებზეა დამოკიდებული, როგორც, სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც - და აზრის თავისუფლება - განსხვავებული აზრის გარეთ გამოსვლა, თავშეყრის თავისუფლება - ესენი დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტია.

ამ ყველაფერში მრავალგზის ეჭვის შეტანით და თანაც, მთავრობის საშუალებით, აჩვენებ, რომ მთლად დაინტერესებული არ ხარ ევროპისკენ სვლით.

როცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ბოლოს თბილისში ჩამოვიდა, მან თქვა, რომ როცა საქმე ევროპულ ღირებულებებს ეხება შეღავათები და გამონაკლისები არ იქნება. ფიქრობთ, რომ რეკომენდაციების ბოლომდე შეუსრულებლად საქართველომ მაინც შეიძლება, კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

ეს რეკომენდაციები არაა ზუსტი პირობები, რომლებსაც დააკმაყოფილებ და ადვილად შეგიძლია განსაჯო, რა შესრულდა. ეს პრიორიტეტები უფრო მეტად გამოკვეთს მოთხოვნებს რამდენიმე საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმართულებით, სადაც საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს სწორი მიმართულებით მოძრაობის მზაობა.

რასაც ამჟამად ვერ ხედავთ?

საელჩოებისგან გვესმის, რომ ზოგი მიმართულებით შეინიშნება მოძრაობა. მაგრამ მაგალითად, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხთან დაკავშირებით, სანამ ნიკა [გვარამია] ციხეშია, ეს დამაჯერებელი არაა. ამდენად, სასამართლოსა თუ  სხვა სფეროებში რეფორმის კუთხით, რათა სერიოზულად იყოს მიღებული  დამოუკიდებელი ინსტიტუტების იდეა, მე ვერ ვხედავ ნიშნებს.

ახლა კი მოსამართლეებს აშშ-მ სანქციები დაუწესა...

აშშ-მ და არა ევროკავშირმა. ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე და არა აშშ. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს ესმოდეთ - ბრიუსელის გადაწყვეტილებებს ვაშინგტონში არ იღებენ. ზოგჯერ ეს შანტაჟის სტრატეგიის ნაწილია.

ჩვენ ჯერჯერობით სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ ვხედავთ პრობლემას მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ნაკლებობის კუთხით, არამხოლოდ ნიკას [გვარამია] ბოლოდროინდელი საქმის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის საქმის მიმდინარეობისას იყო კამათი მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს წინაშე თანასწორნი არიან, ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული მიღწევაა.

და ბოლოს. მესმის, რომ შეიძლება სპეკულაცია იყოს, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ მაინც შეიძლება გამოიჩინოს ნება და გააკეთოს რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

მე თუ დავუჯერებ იმ სიტყვებს, რაც მთავრობის წარმომადგენლებისგან მესმის, მაშინ კი. ვნახავთ, რა გამოვა. ბრიუსელისთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ყველა ჩვენგანის ინტერესშია, საქართველო ჩვენთან გვყავდეს. არამხოლოდ ღირებულებებისა და დემოკრატიის გამო. ევროკავშირი უსაფრთხოების გარანტიისთვისაც შეიქმნა, ნატო-სთან ერთად რა თქმა უნდა. უმეტესობა ხომ ნატო-ს წევრიცაა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იმას მივხვდით, რომ თუ თავისუფლებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა გვსურს, უსაფრთხოება საკვანძო მნიშვნელობისაა. უსაფრთხოება ევროკავშირის ფუნდამენტია. ეს ხშირად ავიწყდებათ ღირებულებებზე ორიენტირებული დებატებისას, მაგრამ უსაფრთხოება შეუცვლელი სვეტია.

მსგავსი სიახლეები