-

26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას დატოვებს. იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ ვინ შევა მის კაბინეტში, ისაა, თუ რომელი პარტიები აღმოჩდნებიან ახალ სამთავრობო კოალიციაში და როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, ასეთი, დიდი ალბათობით, სამი იქნება. 

ZDF-ის 23 სექტემბრის გამოკითხვით, პირველ ადგილს სოციალ-დემოკრატები (SPD) იკავებენ 25%-ით. მათ ქრისტიან-დემოკრატები (CDU/CSU) მოსდევენ 23%-ით, მესამეზე კი მწვანეები არიან 16.5%-ით. მეოთხე ადგილს ლიბერალი თავისუფალი დემოკრატები (FDP) იკავებენ 11%-ით, მათ შემდეგ მოდის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) 10%-ით. მემარცხენე პარტია 6%-ით მცირედით ლახავს ბარიერს.

თითოეულ ამ პარტიას თავისი ტრადიციული ფერი აქვს, რომელთა შეერთებითაც სავარაუდო ან რეგიონულ დონეზე მოქმედი კოალიციების მეტსახელები გამომდინარეობს. სოციალ-დემოკრატებისა და მემარცხენე პარტიის ფერი წითელია, ქრისტიან-დემოკრატების - შავი, თავისუფალი დემოკრატების კი ყვითელი. „ალტერნატივა გერმანიისთვის” ლურჯ ფერს იყენებს, თუმცა მათ ვერცერთ შესაძლო კონფიგურაციაში შეხვდებით, რადგან ამ პარტიასთან კოალიციას არავინ განიხილავს. 

გერმანიას სამპარტიული კოალიცია 1953 წლის შემდეგ არ ჰყოლია. პოლიტიკური სპექტრის ამჟამინდელი ფრაგმენტაციის შედეგად კი სამთავრობო კოალიციის არაერთი შესაძლო ვარიანტი წარმოიქმნება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, თუ როგორი შეიძლება იყოს გერმანიის მომავალი მმართველი კოალიცია. 

შუქნიშანი (სოციალ-დემოკრატები; მწვანეები; თავისუფალი დემოკრატები) 

გამოკითხვების თანახმად საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები სწორედ ეს ვარიანტია - მას გამოკითხულთა 37% დადებითად აფასებს, სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერებში კი - 60%. პარტიული რეიტინგების მიხედვით ამ კოალიციას დამაჯარებელი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება.  

იმის მიუხედავად, რომ ეს სამი პარტია გერმანიის მთავრობაში აქამდე ერთად არ ყოფილა, ამგვარი თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე უკვე დაცდილია - რაინლანდ-პფალცის მიწას 2016 წლიდან სწორედ შუქნიშნის კოალიცია მართავს. 

სოციალ-დემოკრატების და მწვანეების ლიდერები საჯაროდ ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე სასურველი ერთმანეთთან თანამშრომლობაა. მართლაც, ამ ორ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას საკმარისზე მეტი აქვს საერთო საიმისოდ, რომ კოალიციაზე შეთანხმება შედგეს. 

ამ ორ პარტიას შედარებით მეტი განასხვავებს ეკონომიკურად ლიბერალურ თავისუფალ-დემოკრატებისგან, რაც ამგვარი კოალიციის მთავარი შემაფერხებელია. ამის გამო, ორ მემარცხენე პარტიასთან კოალიციას ლიბერალები ძვირ ფასს დაადებენ.  

ძირითადი განმასხვავებელი ეკონომიკური ხედვებია - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კრისტიან ლინდნერი ამბობს, რომ მისი პარტია სამთავრობო კოალიციაში ორი პირობით შევა: თუ ახალი კოალიცია არ გაზრდის გადასახადებს და შენარჩუნდება ვალის კონსტიტუციური შემაკავებელი. ამის პირობა კი უნდა, თავად იყოს - ლინდენერი არ მალავს, რომ კანცლერის შემდეგ ყველაზე გავლენიანი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა სურს. 

თავისუფალ დემოკრატების პროგრამაში წერია, რომ პარტიას საშუალო და დაბალშემოსავლიანებისთვის გადასახადების შემცირება, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის მინიმალური მარჟის გაზრდა სურს. ამასთან, ლიბერალები დიდი ხანია ამბობენ, რომ სოლიდარობის გადასახადი (დამატებითი გადასახადი ყოფილ დასავლეთ გერმანიაში, რომელიც შემოერთებულ მხარეებს ერიცხება) უნდა გაუქმდეს. მათ ასევე სურთ, რომ შენარჩუნდეს ვალის შემაკავებელი კონსტიტუციური მექანიზმი და ქვეყანამ თავი აარიდოს დეფიციტურ ხარჯვას. 

ამ იდეების დიდ ნაწილს ეწინააღმდეგება სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების პოზიციები, რომელთაც მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდა და დამატებითი - ქონების გადასახადის შემოღება სურთ. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თავისუფალი დემოკრატებისთვის ამ საკითხების განხილვაც მიუღებელია. 

სოციალ-დემოკრატები, რომლებიც, დიდი ალბათობით, არჩევნებზე პირველ ადგილზე გავლენ და შუქნიშნის კოალიციის შემთხვევაში კანცლერის თანამდებობა შეხვდებათ, საკუთარ წითელ ხაზებად ორ საკითხს  აყენებენ: მინიმალური ხელფასი, რომლის გაზრდაც მათ 12 ევრომდე სურთ და სტაბილური პენსიები. 

დანარჩენი ორი პარტიისგან განსხვავებით, მწვანეებს კოალიციაში შესვლის პირობებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. თუმცა, ბუნებრივია, მათთვის მთავარი საკითხი მომავალ მთავრობაში გარემოს დაცვის პოლიტიკა იქნება. ამასთან დაკავშირებით მათ სოციალ-დემოკრატებთან ბევრი წინააღმდეგობა არ ექნებათ, თუმცა თავისუფალ დემოკრატებთან იდეურ კონფლიქტს აწყდებიან - მწვანეების ლიდერი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ “ყველა აკრძალვა ინოვაციას ბადებს” და “ბაზრისთვის ადამიანები სულ ერთია.” ამასთან, პარტია თვლის, რომ მწვანე ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად დამატებითი ვალების აღება გამორიცხული არ უნდა იყოს, ხოლო ვალის კონსტიტუციური მუხრუჭი არასაჭირო ბარიერია. 

ლიბერალებისთვის ამგვარი მიდგომები სრულიად მიუღებელია. მათი აზრით, საზოგადოების პროგრესი, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით, საბაზრო ინოვაციებიდან უნდა მომდინარეობდეს. ისინი ასევე არ ეთანხმებიან მწვანეების მოთხოვნებს დიზელის ძრავიანი მანქანებისა და 2030 წლიდან საწვავის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ. სხვა მხრივ, სამივე პარტია თანხმდებდა ორ მნიშნველოვან თემაზე: გამონაბოლქვის მნიშნველოვანი შემცირება და ქვანახშირის ენერგიის წარმოების შეწყვეტა. 

მიუხედავად საგნობრივი უთანხმოებებისა, ამ სამ პარტიას შორის კომპრომისის სივრცე მაინც არსებობს - სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი იზიარებს თავისუფალი დემოკრატების ხედვას ვალების მუხრუჭისა და დაბალანსებული ბიუჯეტის შესახებ. კანცლერობის მთავარი პრეტენდენტი იმასაც ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკა “კეთილდღეობის საფუძველია” - ეს გამონათქვამი კი სწორედ თავისუფალი დემოკრატებისთვის გაწვდილ ხელად აღიქმება. გარდა ამისა, სამივე პარტია თანხმდება მცირე და საშუალო შემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საგადასახდო ტვირთის შემცირებაზე. 

ჟურნალი FOCUS იმასაც იტყობინება, რომ სოციალ-დემოკრატები და მწვანეები გეგმავენ, თავისუფალ დემოკრატებს მხარდაჭერის სანაცვლოდ სოლიდარობის გადასახადის გაუქმება და ქონების გადასახადის შემოღებისგან თავის შეკავება შესთავაზონ. 

ამ კოალიციის კიდევ ერთი წინაღობა, შესაძლოა, პარტიების წევრები იყვნენ. სოციალ-დემოკრატებმა კოალიციურ შეთანხმებას პარტიის ყველა წევრის მონაწილეობით კენჭი უნდა უყარონ. როგორც სოციალ-დემოკრატების ლიდერის ბოლო არჩევნებმა აჩვენა, წევრები კანცლერობის ამჟამინდელ კანდიდატზე მარცხნივ არიან, ამიტომ, არსებობს რისკი, რომ ლიბერალებთან კოალიციას მათ მხარი არ დაუჭირონ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოციალ-დემოკრატები პირველ ადგილზე გავლენ, პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცს ზურგი აქციონ - აშკარაა, რომ მათი ბოლოდროინდელი წარმატება ყველაზე მეტად პირადად მისი დამსახურებაა. 

შუქნიშნის კოალიციის მთავარი პლუსი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი იქნება - ორი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტებთან გაერთიანება გერმანელი ამომრჩევლების აღქმაში კონსენსუსის მთავრობას განასახიერებს, რაც მათ გემოვნებას ემთხვევა. ამგვარი კონფიგურაცია ემთხვევა მომავალი სავარაუდო კანცლერის, ოლაფ შოლცის კურსსაც, რომელიც ამომრჩევლის სიმპათიას განგრძობითობის, კონსენსუსისა და სტაბილურობის განსახიერებით იმსახურებს. 

R2G (სოციალ-დემოკრატები; მწვანეები; მემარცხენე პარტია) 

ტაბუ, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის კომპარტიის მემკვიდრეებთან კავშირს გამორიცხავდა, სოციალ-დემოკრატებმა 23 წლის წინ უარყვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამპარტიული მემარცხენე კოალიცია ეროვნულ დონეზე აქამდე არ შემდგარა, ამჟამად გერმანიის სამ მხარეს - ბერლინს, ბრემენსა და თიურინგიას ამ პარტიებისგან შემდგარი კოალიციები მართავენ, თიურინგიაში კი საერთოდაც მინისტრ-პრეზიდენტის თანამდებობას მემარცხენე პარტიის წევრი იკავებს. 

შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ამ სამი პარტიის ხედვებს შორის ყველაზე მეტი მსგავსებაა. იქნება ეს გარემოს დაცვის, ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის თუ ენერგეტიკის პოლიტიკა, სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებს და მემარცხენეებს პოზიციების შეჯერება არ გაუჭირდებათ. 

მთავარი, რაც სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს შინაარსობრივად განასხვავებს მემარცხენე პარტიისგან, საგარეო პოლიტიკის ხედვებია. მემარცხენეები ეწინააღმდეგებიან გერმანიის NATO-ს წევრობას და ზოგადად, სამხედრო ძალის გამოყენებას. პარტიის თანათავმჯდომარემ, ჯანინ ვისლერმა, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ NATO უნდა დაიშალოს და შეიქმნას ახალი ბლოკი, რომლის წევრი რუსეთიც იქნება. კითხვაზე, „ბაიდენი თუ პუტინი?”, პასუხისგან თავი შეიკავა მემარცხენეების შედარებით ზომიერმა ლიდერმა, დიტმარ ბარჩმა. 

ამ საკითხის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ როგორც სოციალ-დემოკრატები, ისე - მწვანეები. სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი, რომელსაც მემარცხენეებთან კოალიცია ფორმალურად არ გამოურიცხავს, ამბობს, რომ NATO-ს და აშშ-სთან ურთიერთობის ერთგულება კოალიციის აუცილებელი პირობაა.  

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვების გამო მემარცხენეები საჯაროდ გააკრიტიკა მწვანეების ლიდერმა ანალენა ბერბოკმაც: „როცა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით უუნარო ხარ, ერთობლივი მართვის საფუძველი არ არსებობს”. ბერბოკის თქმით, მისთვის სასურველმა მთავრობამ “მსოლფიოს მასშტაბით პასუხისმგებლობის აღება” უნდა შეძლოს, „მემარცხენეებმა კი ამ მიმართულებით უკანასკნელ კვირებში თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი”. ბერბოკი, პირველყოვლისა, გულისხმობდა ცოტა ხნის წინანდელ კენჭისყრას ბუნდესტაგში, როცა მემარცხენეებმა მხარი არ დაუჭირეს ქაბულიდან ევაკუაციისთვის გერმანული სამხედრო მისიის გაგზავნას. 

მემარცხენეებს ესმით, რომ თავიანთი 6%-იანი მხარდაჭერით NATO-ს ვერ დაშლიან და მათი ლიდერები უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ NATO-დან გამოსვლას კოალიციაში შესვლის პირობად არ დააყენებენ. თანაც, სოციალ-დემოკრატები აქამდე უკვე ყოფილან კოალიციაში ისეთ პარტიასთან, რომელსაც პროგრამაში ეწერა, რომ გერმანია NATO-დან უნდა გამოსულიყო - საუბარია მწვანეებზე 1998 წელს, რასაც ერთი წლის შემდეგ NATO-ს კოსოვოს ოპერაცია მოჰყვა. 

მათი ღიაობის მიუხედავად, მემარცხენე კოალიციის მთავარი შემაკავებელი არა მემარცხენე პარტიის რადიკალური ხედვები, არამედ ამგვარი ერთობის დაბალი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ლეგიტიმაციაა. გამოკითხვების თანახმად, მომავალი კოალიციის შესაძლო ვარიანტებიდან, სამი მემარცხენე პარტიის კავშირი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია - R2G-ს დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 27%, უარყოფითად კი 56% აფასებს.  

ამგვარი კოალიცია არაპოპულარულია სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერებშიც, მათი კანცლერობის ცენტრისტ კანდიდატ ოლაფ შოლცს კი კარგად ესმის, რომ მემარცხენე პარტიის სამთავრობო კოალიციაში ყოფნას ეკონომიკა და გერმანიის საერთაშორისო პარტნიორები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდებიან, საშინაო არენაზე კი მისი მაკონსოლიდირებელი იმიჯი დაზიანდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცი მემარცხენე კოალიციას არ გამორიცხავს, ის ამ შესაძლებლობის მიმართ საჯაროდ დადებითად არ საუბრობს. უფრო სავარაუდოა, რომ ამ კარტის შენარჩუნება მას თავისუფალ დემოკრატებზე ზემოქმედებისთვის სურს. 

გამოკითხვებიდან კი დღესდღეისობით ის ჩანს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სამი პარტია ერთად უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების დაგროვებას შეძლებს, ეს უმრავლესობა მცირე და მყიფე იქნება - ბოლო გამოკითხვებით, ისინი ხმების 47,5%-ს დააგროვებდნენ. სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი რისკია. 

იამაიკა (ქრისტიან-დემოკრატები; მწვანეები; თავისუფალი დემოკრატები) 

თავდაპირველად სწორედ ეს ვარიანტი განიხილებოდა 2017 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სოციალ-დემოკრატებმა თქვეს, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციას არ განაახლდებდნენ. მაშინ ამ კონფიგურაციაზე უარი თავისუფალმა დემოკრატებმა თქვეს - „არასწორად მართვას სჯობს, არ მართო” - განაცხადა წინასწარი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ლიბერალების ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა. 

დღეს თავისუფალი დემოკრატებისთვის იამაიკა ყველაზე მისაღები ვარიანტია. კითხვაზე, თუ რა შეიცვალა 2017 წლის შემოდგომის შემდეგ, კრისტიან ლინდნერი პასუხობს - „ყველაფერი”. პირველ რიგში, საუბარია ანგელა მერკელზე, რომელთანაც ლინდნერს პოზიციების თანხვედრა არ გამოუვიდა.  

არმინ ლაშეტი ლიბერალების ლიდერისთვის კარგად ნაცნობი და უფრო მისაღები პარტნიორია - 2017 წლის გაზაფხულზე, როცა მშობლიური ნორდრაინ-ვესტფალიის არჩევნებში საკუთარ პარტიებს სწორედ ლაშეტი და ლინდნერი ედგნენ სათავეში, მათ ერთად მოაწერეს ხელი კოალიციის შეთანხმებას. ოთხი წლის თავზე ამ პარტნიორობით არც ერთი მათგანია უკმაყოფილო. 

ამასთან, ამ ორ პარტიას შორის იმაზე გაცილებით დიდი თანხვედრაა შინაარსობრივ საკითხებზე, ვიდრე სოციალ-დემოკრატებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის. 

რამდენადაც შუქნიშნის კოალიციის შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები იგრძნობენ თავს არაკომფორტულად ორ მემარცხენე პარტიასთან, იმდენადაა იამაიკა მეტად შეუთავსებელი მწვანეებისთვის. შინაარსობრივი განსხვავებები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკას - მწვანეებს დამატებითი ვალის აღების მეტი თავისუფლება და გადასახადების გაზრდა სურთ; ენერგოპოლიტიკას - მწვანეებს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტა დაგეგმილამდე რვა წლით ადრე, 2030 წელს სურთ და გარემოს დაცვის პოლიტიკას - ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატებისთვის მიუღებელია მწვანეების ისეთი იდეები, როგორებიცაა საწვავის ძრავიანი ავტომობილების წარმოების აკრძალვა 2030 წლიდან და ავტობანებზე სიჩქარის ზედა ზღვრის შემოღება. 

მიუხედავად ამისა, მწვანეებში არსებობს ის აზრიც, რომ თუ პარტია იამაიკის კონფიგურაციას დათანხმდება, კოალიციურ პარტნიორებს სანაცვლოდ ბევრს გამოსტყუებს, როგორც თავისუფალი დემოკრატები - შუქნიშნის შემთხვევაში. რეგიონულ დონეზე იამაიკა უკვე მოქმედებს შლეზვიგ-ჰოლშტაინში, სადაც მწვანეთა ადგილობრივი პარტიის ლიდერი ამჟამინდელი თანათავმჯდომარე, რობერტ ჰაბეკი იყო. 

თუმცა მთავარი ფაქტორი, რომელიც გადაწყვეტს, ქრისტიან-დემოკრატებისა თუ სოციალ-დემოკრატებისკენ გადაიხრება ვექტორი, მაინც ისაა, ვინ გავა 26 სექტემბერს პირველ ადგილზე. თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს გადაწყვეტილების მიღება ამის გათვალისწინებით მოუწევთ. 

დიდი კოალიცია (სოციალ-დემოკრატები; ქრისტიან-დემოკრატები) 

2013 წლიდან გერმანიას სწორედ ასეთი კოალიცია მართავს. ანგელა მერკელის ოთხი კოალიციური მთავრობიდან სამი სოციალ-დემოკრატებთან ერთად შედგა. 2017 წელს კოალიციის გაგრძელებაზე სოციალ-დემოკრატები თავიდან უარს ამბობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც იამაიკა ჩავარდა, შიდაპარტიიული უთანხმოების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის პორტფელის სანაცვლოდ კოალიციაში დარჩნენ. ამის გათვალისწინებით, თუ ამ ორ პარტიას ერთად საკმარისი მანდატები ექნება, 2021 წელს დიდი კოალიციის გაგრძელების შანსი ძალზე დაბალია. თუ სოციალ-დემოკრატები პირველ ადგილზე გავლენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქრისტიან-დემოკრატები მცირე პარტნიორად დათანხმდებიან კოალიციაში ყოფნას, ხოლო თუ ქრისტიან-დემოკრატები იქნებიან პირველზე, თითქმის გამორიცხულია, რვა წლიანი მმართველობის შემდეგ სოციალ-დემოკრატები კვლავ დარჩნენ მსგავსი კონფიგურაციის მთავრობაში. 

კენია (სოციალ-დემოკრატები; ქრისტიან-დემოკრატები; მწვანეები) / გერმანია (სოციალ-დემოკრატები; ქრისტიან-დემოკრატები; თავისუფალი დემოკრატები) 

არითმეტიკული სიმყარისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის  მიუხედავად, კოალიციის ამგვარი ვარიანტები ნაკლებად სავარაუდოა - რთული წარმოსადგენია, სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს კვლავ სურდეთ კოალიციაში ერთად ყოფნა. მითუმეტეს, თუ ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზე გავლენ და ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვლენ, მთავრობაში მათი დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა. 

რეგიონულ დონეზე ამ სახის კოალიციები, ანუ ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ დემოკრატების გაერთიანება მესამე პარტიასთან, ისეთ შემთხვევაში იქმნება, როცა სხვა ყველა შესაძლებლობა ამოწურულია. ასე კი, როგორც წესი, ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის მხარეებში ხდება, სადაც როგორც მემარცხენე პარტიის, ისევე ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია. დღეისათვის ასეთი მაგალითი ორია - ბრანდენბურგს სოციალ-დემოკრატების ლიდერობით ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიცია, ხოლო საქსონია-ანჰალტს ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად სოციალ-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები მართავენ.  

2021 წლის არჩევნების შემდეგ, ამგვარი კოალიციების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ ზემოხსენებული ვარიანტები პარტიებს შორის უთანხმოების გამო ვერ შედგება. იქამდე, კენიისა და გერმანიის ალბათობა დაბალია. 

უმცირესობის მთავრობა 

1994 წელს საქსონია-ანჰალტში ჩატარებული არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ვერ შედგა. სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს აწ უკვე ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის სახელგადარქმეულ კომპარტიასთან კოალიცია არ სურდათ. გამოსავალი, რასაც გერმანიაში მაგდებურგის მოდელი შეარქვეს, ასეთი იყო - სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების უმცირესობის მთავრობამ დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის მხარდაჭერა მიიღო. 

2021 წელს ამ სცენარის გამეორების შანსი იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ზემოთ ნახსენები ვარიანტები ვერ განხორციელდება. ასეთ შემთხვევაში სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს მემარცხენე პარტიის ექსტრავაგანტულ გამონათქვამებზე პასუხის გაცემა აღარ მოუწევთ. სხვა საკითხია, რამდენად უღირთ მემარცხენეებს ამგვარი შეთანხმება იმ პირობებში, როცა თავად მინისტრის პორტფელებს ვერ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები