-

ჩინეთში კომუნისტური პარტიის XX ყრილობა დასრულდა - ყრილობამ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტზე მესამე ვადით აირჩია სი ძინფინგი. 

ყრილობამ აირჩია პარტიის ცენტრალური კომიტეტი გაფართოებული შემადგენლობით, რომელიც 205 წევრისგან შედგება. 

პარალელურად დამტკიცდა პარტიის პოლიტბიუროს ახალი 25-წევრიანი შემადგენლობა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც პარტიის ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი სტრუქტურაა.

პარტიის უკლებლივ ყველა ეშელონში სი ძინფინგის ლოიალისტები დაწინაურდნენ - როგორც ცენტრალურ კომიტეტში, ასევე პოლიტბიუროსა და მუდმივმოქმედ კომიტეტში. მუდმივმოქმედი კომიტეტი დატოვა ოთხმა ძველმა წევრმა. 

ვინ ვინ არის განახლებულ მუდმივმოქმედ კომიტეტში?


სი ძინფინგი 

 

    

69 წლის სი მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერი გახდა - XX ყრილობამ სი მესამე უპრეცედენტო ვადით აირჩია კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. ამგვარად ჩინეთში დასრულდა ე.წ. კოლექტიური მმართველობის ერა, რომელიც 1980-იან წლებში დენ სიაპინმა დაიწყო. 

ამ მოდელის ფარგლებში პარტიის ცკ-ს მდივნის ძალაუფლება შეზღუდული იყო მუდმივმოქმედი კომიტეტითა და პოლიტბიუროს მეშვეობით. არსებობდა ახალი ლიდერის არჩევის მექანიზმი. 

 ამ მოდელის ფარგლებში პარტიის ცკ-ს მდივნის ძალაუფლება შეზღუდული იყო მუდმივმოქმედი კომიტეტითა და პოლიტბიუროს მეშვეობით. არსებობდა ახალი ლიდერის არჩევის მექანიზმი. 

ამგვარად ჩინეთი მაო ძედუნის მმართველობის წლებს უბრუნდება, როდესაც პარტიის ლიდერი განუსაზღვრელ ძალაუფლებას აკონტროლებდა. 

ყრილობის შედეგად სი ძინფინგის შეხედულებები და მეთოდები პრაქტიკულად პარტიის სახელმძღვანელო პრინციპებად გარდაისახა. ამ მოცემულებაში არ რჩება ადგილი განსხვავებული აზრისთვის. 

სავარაუდოა, რომ სი ძინფინგი ერთპიროვნულად და დაბრკოლების გარეშე მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის ნაწილში. 

ლი ქიანგი

63 წლის ლი ქიანგი სი ძინფინგის ძველი მეგობარია და ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. 2017 წლიდან ლი ქიანგი შანხაის პარტიულ უჯრედს ხელმძღვანელობდა. 

როგორც ქვეყნის ახალი N2 სავარაუდოა, რომ ლი მომდევნო წლის მარტში პრემიერ-მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. ლი ქიანგი სი ძინფინგის ყველაზე გავლენიან და სანდო პროტეჟედ მიიჩნევა - სწორედ ლი ხელმძღვანელობდა 2022 წლის დასაწყისში შანხაიში კოვიდის საწინააღმდეგო მასშტაბურ ზომებს, რომელიც თითქმის 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა და გააღრმავა ეკონომიკური პრობლემები. 

საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ლი ქიანგი სწორედ სი ძინფინგის მიერ დადგენილ ე.წ. კოვიდის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებდა. 

პარტიის წევრებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ლი ქიანგი ლიბერალური ეკონომიკური შეხედულებების პოლიტიკოსია, რომელსაც სავაჭრო შეთანხმებებზე და გარიგებებზე საუბარი უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე წმინდად პოლიტიკური საკითხები. 

ჭაო ლეძი

65 წლის ჭაო ლეძი სი ძინფინგის მმართველობაში მოსვლის შემდეგ კომპარტიის ორგანიზაციული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, რომელიც ჩინეთის მრავალმილიონიან ბიუროკრატიაში საკადრო პოლიტიკას განაგებს.

დეპარტამენტის უფროსად ყოფნის დროს ჭაოს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სის ბავშვობის მეგობართან და „მარჯვენა ხელთან“ - ვანგ ციშანთან - რომელიც სი ძინფინგის „ანტიკორუფციულ წმენდას“ ხელმძღვანელობდა.

„ანტიკორუფციულმა ტალღა“, რომელიც სის მმართველობის პირველ ვადაში მძვინვარებდა, მილიონ ოთხასი ათასამდე ჩინოვნიკს შეეხო. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჭაოს აღმასვლას ხელი შეუწყო სის მიმართ პერსონალურმა ერთგულებამ და ადმინისტრაციულმა გამოცდილებამ.

ჭაოსა და სის ოჯახური კავშირები აქვთ, ორივე მათგანი წარმოშობით შანქსის პროვინციიდანაა, ახლო მეგობრები იყვნენ მამებიც. სავარაუდოა, რომ მომდევნო წლის მარტში გასამართ საკანონმდებლო სესიაზე ჭაო საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. 

ვანგ ხუნინგი 

67 წლის ვანგ ხუნინგი პარტიის N1 პირველი თეორეტიკოსია, რომელიც მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი 2017 წლიდანაა. წარსულში აკადემიკოსი ვანგი კომუნისტურ პარტიას 1995 წელს შეუერთდა. 

ამ დროის განმავლობაში ის ჩინეთის სამი ლიდერის - ძიანგ წემინის, ხუ ძინთაოს და სი ძინფინგის მთავარ იდეოლოგად მსახურობდა. მას ცენტრალური კომიტეტის კვლევით ინსტიტუტში ორ ათწლეულზე მეტი აქვს გატარებული, მათ შორის ბოლო 15 - ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ვანგ ხუნინგი აკადემიურ წრეებში ჩინეთის ნეო-კონსერვატორების ფლანგის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევა, რომლებიც დასავლეთის გავლენის გასანეიტრალებლად ჩინეთს მკაცრ ცენტრალიზაციას ემხრობიან. 

სავარაუდოა, რომ ვანგ ხუნინგი მომდევნო წლის მარტში კომპარტიის უმაღლეს სათათბირო უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებს დაიკავებს. 

ცაი ცი

66 წლის ცაი ცი იმ რამდენიმე მოქმედ მაღალჩინოსანს შორისაა, ვისაც სი ძინფინგთან ერთად ფუძიანის და ჭეძიანგის პროვინციებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 1997 წელს, როცა სი ფუძიანში პარტიის შეფის მოადგილის პოსტს ითავსებდა, ცაი პატარა ქალაქ სიამინგის მერად დაინიშნა. 1999-ში ცაი ჭეძიანგის პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც - სის ზედამხედველობის ქვეშ - გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას მიაღწია.

ცაის რეალური კარიერული აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სიმ პარტიის სადავეები მოიპოვა. 2014 წელს ცაი ეროვნული უშიშროების კომისიის სამდივნოში მოადგილედ გადაჰყავთ. ეს ორგანო, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები, სის პერსონალურ კონტროლზე ჰყავს.

მოგვიანებით, სის პროტეჟე მინისტრის რანგში აამაღლეს, 2016 წელს კი ცაი პეკინის მერად დაინიშნა, რასაც პოლიტბიუროში ადგილის დაბევებაც მოჰყვა. ცაი მმართველობის ხისტი მიდგომითაა ცნობილი.

მოსალონდელია, რომ სწორედ ცაი ცი უხელმძღვანელებს ჩინეთის ცენზურას და პროპაგანდის პოლიტიკას. 

დინგ სუესიანგი 

60 წლის დინგი უკვე მრავალი წელის სი ძინფინგის აპარატის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. სწორედ დინგი ადგენს ჩინეთის ლიდერის დღის წესრიგს.

დინგს საინჟინრო-ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. 1999 წელს, შანხაის მასალათა კვლევის ინსტიტუტში გატარებული თოთხმეტი წლის შემდეგ, დინგმა სამოქალაქო ბიუროკრატიაში გადაინაცვლა და შანხაის მუნიციპალიტეტის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კომისიას ჩაუდგა სათავეში. 

2007 წელს, როცა სი ძინფინგი ჭეძიანგიდან ცოტა ხნით შანხაიში გადაიყვანეს, დინგი მომავალ ლიდერთან ერთად ქალაქის ფინანსური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდა. 2012 წელს, როცა სი ძინფინგი უმაღლეს თანამდებობას დაეუფლა, დინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც ის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნობასაც უთავსებს.

ცენტრალური კომიტეტის გენერალური სამდივნო პარტიის მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად მიიჩნევა, რაც დინგს შიდაპარტიულ საქმეებში მნიშვნელოვან წონას აძლევს. თუმცა, დინგს საჯარო ასპარეზზე მოქმედების მცირე გამოცდილება აქვს და იშვიათი გამონაკლისების გარდა ოფიციალურ შეხვედრებსაც არ მართავს  - 2018 წელს მან ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსს, ანტონ ვაინოს უმასპინძლა.

ლი სი

65 წლის ლი ჩინეთის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რეგიონში, გუანგდონგში პარტიის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ლის სი ძინფინგთან მჭიდრო ურთიერთობა არ აკავშირებს, პრეზიდენტის ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევა და მუდმივი კომიტეტის წევრობის ერთ-ერთ ყველაზე წონიან პრეტენდენტად მოიაზრება.

„ლი ყველა საკითხში ღრმადაა ჩახედული“, - ასე შეაფასა სი ძინფინგმა პროვინციის ლიდერის საქმიანობა წელს გუანგდონგის ყრილობის დროს მიმართვაში. ორი სის გზა 2007 წელს გადაიკვეთა, როცა ლი სი შაანსის პროვინციაში, ქალაქ იანანის პარტიულ შეფად მუშაობდა. ჩინეთის მომავალმა ლიდერმა შვიდი წელი შრომის ბანაკში სწორედ შაანსის პროვინციაში გაატარა. სი ხშირად ახსენებს, რომ შაანსის ერთ-ერთ სოფელში გატარებულმა წლებმა მის პიროვნულ ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

2011 წელს, ცინღუას უნივერსიტეტის (სის ალმა მატრეი) დასრულების შემდეგ ლი სი შანხაიში მუნიციპალური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ, წარმატებული ბიუროკრატი პარტიის ვიცე-მდივნად გადაიყვანეს. 2018 წელს ლი სიმ გუანგდონგის შეფობა ჩაიბარა, როცა ხუ ჭუნხუამ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ამჟამად ლი სამხრეთ ჩინეთის ეკონომიკური ზონის ერთ-ერთ კურატორად ითვლება და რეგიონში ორი ავტონომიური ერთეულის - ჰონგ-კონგის და მაკაოს - ინტეგრაციას ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები